განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002513018
საქმე #1-563/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ ზ-----------–--–--ის
ბრალდებულის - გ---- რ-----–---–ის
ადვოკატის _ ი-----–-----–--ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171080518013 საქმე :
ბრალდებულ გ---- რ-----–---–ის მიმართ
მამის სახელი: ვ--–----
დაბადებული: 05.08.1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
დაბადების ადგილი: ტყიბული
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: მქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ქ---------------------–---–----------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ-------------------------------------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქ/პუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა :
1. 2018 წლის 08 მაისს, დღის საათებში, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით ნასამართლევმა გ---- რ-----–---–მა, ქ. ბათუმში, კ----------------------------ში, არაერთგზის, თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, თმების მოქაჩვით და ხელის სახესა და თავში დარტყმებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს - თ-------–---ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი :
2. საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა თ-------–---მ უარი განაცხადა მეუღლის - ბრალდებულ გ---- რ-----–---–ის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე.
3. მოწმე ზ------------მ სასამართლოში ჩვენების მიცემისას არ დაადასტურა გამომძიებლის მიერ მისი გამოკითხვის ოქმში ასახული გარემოებები, განმარტა, რომ არ შესწრებია მის შვილსა და სიძეს შორის მომხდარ კონფლიქტს და არაფერი იცის ასეთი ფაქტის შესახებ. გამომძიებელს ისე მოუწერა ხელი გამოკითვის ოქმზე, რომ მის შინაარსს არ გაცნობია.
4. სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად დაზარალებული გულიას მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა, ასევე მოწმე ბუკიას განმარტებებისა, ბრალდებულის მხრიდან თ-------–---ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი, დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების, მათ შორის დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ:
5. სსგს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული №----------- ქორწინების მოწმობით დასტურდება, რომ თ-------–--- და გ---- რ-----–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. აღნიშნული მოწმობა თავად თ-------–---მ წარუდგინა გამოძიებას მისი შეტყობინების საფუძველზე რ-----–---–ის მიმართ დაწყებული გამოძიების პროცესში.
6. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 06 ივნისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №003840218 დასკვნით დასტურდება, რომ პირადი შემოწმების მონაცემების შესაბამისად, თ-------–---ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი თავის არეში. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ამავე დასკვნის თანახმად, შესამოწმებელი პირის გადმოცემით 2018 წლის 8 მაისს დაახლოებით 14:00 საათზე ქ. ბათუმში, კ. გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარში გ---- რ-----–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, მოქაჩა თმები, რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის და სახის არეში.
7. აღნიშნული დასკვნის, მასში გადმოცემული გარემოებების სისწორე სრულად დაადასტურა საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - მ-----------------–მა, რომელმაც პირადად შეამოწმა თ-------–--- და მოისმინა მისი განმარტებები მიღებული დაზიანების წარმოშობასთან დაკავშირებით, რაც ასახა კიდევ დასკვნაში.
8. დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია შეტყობინება N1077035 და გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, რომელთა მიხედვით, სამართალდამცავებს ინფორმაცია მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის თაობაზე თავად თ-------–---მ მიაწოდა სატელეფონო შეტყობინებით და სწორედ მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე.
9. საქმეში წარმოდგენილია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 მარტის და 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენები გ---- რ-----–---–ის მიმართ, რომელიც ორივე შემთხვევაში მსჯავრდებულ იქნა მეუღლის - თ-------–---ს მიმართ ჩადენილი ოჯახური ძალადობისთვის, რაც კიდევ მეტად დამაჯერებელს და სარწმუნოს ხდის ზემოთმითითებულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, გ---- რ-----–---–ის მიმართ ისევ ოჯახის იმავე წევრის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის გამო წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობას.
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
11. როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, ბრალდებული გ---- რ-----–---–ი და დაზარალებული თ-------–--- რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეები არიან და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ითვლებიან ოჯახის წევრებად. ამდენად, სახეზეა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ქმედების ჩადენა არაერთგზის:
12. როგორც უკვე აღინიშნა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენით გ---- რ-----–---–ი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით თანახმად, პირობით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ.
14. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენით და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 მაისის წერილით დასტურდება, რომ გ---- რ-----–---–ი 2017 წლის 26 დეკემბრიდან აღრიცხვაზე იმყოფება პრობაციის ბიუროში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენის საფუძველზე, ანუ ის იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ.
15. საქართველოს სსკ-ის 15-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
16. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას არაერთგზის ჩადენილი ოჯახური ძალადობისათვის.
17. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ---- რ-----–---–მა არაერთგზის ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
18. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
19. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ-------–--- წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის ობიექტს. არ არსებობს ეჭვის შეტანის საფუძველი მისი მხრიდან პოლიციაში განხორციელებული შეტყობინების შინაარსში, როდესაც მან დახმარება და დაცვა თხოვა სახელმწიფოს მოძალადე მეუღლისგან, ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგში, რომლის თანახმად 2018 წლის 8 მაისს თ-------–---ს ნამდვილად აღენიშნებოდა ფიზიკური ძალადობის კვალი, რაც ცალსახად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ძალადობის მომენტში დაზარალებული ფიზიკურ ტკივილს განიცდიდა.
20. ფაქტი იმისა, რომ დაზარალებულმა უარი თქვა მეუღლის - ბრალდებულ გ---- რ-----–---–ის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე, მიუთითებს მის ლოიალურ დამოკიდებულებაზე ბრალდებულის მიმართ, რომლითაც სურდა ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდება.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წელი 20 თებერვლის №527აპ-17 გადაწყვეტილებაში უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ " ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს". შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს პალატამ ოჯახური დანაშაულის საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზის შედეგად, არ გაიზიარა დაზარალებულის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მიცემული ჩვენება, რაც ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდა როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში და გამამტყუნებელი განაჩენით შეცვალა ის.
22. ამდენად, ოჯახური დანაშაულების საქმეებზე დაზარალებულის და მოწმის მიერ სასამართლო განხილვისას გამოძიებაში მიცემული ჩვენებისგან განსხვავებული ჩვენების მიცემა, თუ სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი, არ იძლევა ასეთ განსხვავებულ ჩვენებაში დარწმუნების შესაძლებლობას, ვერ გახდება ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის პირობა. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ზემოთ უკვე განხილული, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ---- რ-----–---–მა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება.
23. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
24. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
25. სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
26. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
27. "ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას" (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
28. ამასთან, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის" მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
29. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
30. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
31. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ---- რ-----–---–ის მიერ სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქ/პუნქტით წარდგენილი ბრალდების დადასტურება.
სამართლებრივი შეფასება:
32. ამდენად, წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ---- რ-----–---–მა არაერთგზის, თავისი ოჯახის წევრის - მეუღლის თ-------–---ს მიმართ, ჩაიდინა ძალადობა - მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია; შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
33. გ---- რ-----–---–ის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება, სსკ-ის 531 მეორე ნაწილის თანახმად, თავად წარდგენილი ბრალდების არსში მდგომარეობს.
34. გ---- რ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ არის სახეზე.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
35. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
36. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
37. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
38. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
39. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
40. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
41. სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
42. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იყოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესი, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის პიროვნების მხედველობაში მიღებით, გათვალისწინებით იმისა, რომ დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს, რაც საფუძველი გახდა მისი მხრიდან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა მაქსიმალური - 400 (ოთხასი) საათის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული რ-----–---–ი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენით იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს აღნიშნული განაჩენით გ---- რ-----–---–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 11 თვისა და 04 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ---- რ-----–---–ს, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
44. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ პირობებში სასჯელის სწორედ აღნიშნული სახე და ზომა უნდა გახდეს საფუძველი მომავალში ბრალდებულმა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული: გ---- ვ--–----ს ძე რ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გ---- რ-----–---–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 11 (თერთმეტი) თვისა და 04 (ოთხი) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ---- რ-----–---–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ გ---- რ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 27 მაისიდან.
კონტროლი მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი