გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.10.2018
საქმის ნომერი
330210017001790184
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
10.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე №2/3419-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი“

 

წარმომადგენელი - დ----- რ---–---–ი

 

მოპასუხეები - ე------ ფ--–------–---–ი, გ---- გ-----–---–ი

 

მოპასუხე ე------ ფ--–------–---–ის წარმომადგენელი - ნ------------–---–-

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ე------ ფ--–------–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 18 426,79 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა - 13 193,06 ლარი, სესხის საპროცენტო სარგებელი - 1619,53 ლარი, პირგასამტეხლო - 3527,43 ლარი, საკომისიო - 86,77 ლარი.

1.2. მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდეს მოპასუხე გ---- გ-----–---–ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე: თ---–---- წ-------------- ქ. N50, საკადასტრო კოდი N7-----------. იძულებითი რეალიზაცია.

1.3. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს პირველ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებულ თანხას, აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხე ე------ ფ--–------–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.

მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, ე------ ფ--–------–---–სა და სს ,,ს----------–--------ს“ შორის 2014 წლის 07 აგვისტოს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც გაიცა სესხი 17 710 ლარი, 60 თვის ვადით, წლიური 13.2%-ით და პირგასამტეხლოს 0.5%-ის დარიცხვით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. ხელშეკრულებას დართული აქვს ორი დანართი - ,,ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები“ და ,,სტანდარტული სახელშეკრულებო ინფორმაცია“, რომლებითაც განისაზღვრა საკომისიო გადასახდელები (ფინანსური ხარჯები) სხვადასხვა მომსახურებისთვის, როგორიცაა გაცემის საკომისიო, ბანკომატიდან განაღდების საკომისიო და დაზღვევის მართვის საკომისიო.

ხსენებული ხელშეკრულება უზრუნველყოფილ იქნა ე------ ფ--–------–---–თან გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებით, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება - 327 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობით მდებარე - ქ.თ---–---- წ-------------- ქ. N50, სარეგისტრაციო კოდით N7-----------, რომლის მესაკუტრეც ამჟამად არის გ---- გ-----–---–ი.

მოპასუხე მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც დასტურდება თანდართული ამონაწერით საბანკო ანგარიშიდან. ბოლო გადახდები სესხზე განხორციელდა 2016 წლის 23 მარტს. შესაბამისად, საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა მიმდინარეობს ბოლო გადახდის მომდევნო თვიდან - 2016 წლის აპრილიდან.

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ორივე მოპასუხეს ეცნობა და მიეწოდა ინფორმაცია საბანკო დავალიანებისა და ვალდებულების შესრულების შესახებ, კერძოდ, ე------ ფ--–------–---–მა 2016 წლის 07 სექტემბერს მიმართა ბანკს და აცნობა, რომ მისი კუთვნილი და იპოთეკით დატვირთული ბინა მეორადი იპოთეკარის მოთხოვნის საფუძველზე გაიყიდა და მოითხოვა დამატებითი სესხის გამოყოფა სტუდენტი შვილისთვის, რაზეც ბანკმა გასცა პასუხი, რომ ვიდრე არ დაიფარებოდა ვადაგადაცილებული დავალიანება, ბანკი ვერ განიხილავდა დამატებითი სესხის გაცემის საკითხს. ამავე წერილით ე------ ფ--–------–---–ს მიეწოდა ინფორმაცია დავალიანების შესახებ და მიეცა გონივრული ვადა ვალდებულების შესასრულებლად. მოგვიანებით ე------ ფ--–------–---–ს გაეგზავნა განმეორებითი შეტყობინება, რომელიც ჩაბარდა მას. ანალოგიურად შეტყობინება გაეგზავნა იპოთეკის საგნის მესაკუთრეს გ---- გ-----–---–ს, რომელიც მას ჩაბარდა გ------------------------–----–-------–--

2017 წლის 18 იანვარს, ე------ ფ--–------–---–მა წერილით მიმართა ბანკს და განაცხადა, რომ იგი ვერ იხდის თანხას და მოითხოვა, რომ ბანკს განეხორციელებინა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები დავალიანების დასაფარად.

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, სარჩელის შემოტანის მომენტისთვის ანუ 2017 წლის 03 თებერვლის მდგომარეობით, მოპასუხე ე------ ფ--–------–---–ის ჯამური დავალიანება შეადგენს 18426,79 ლარს, საიდანაც 13193,06 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 1619,53 ლარი - სარგებელი, 3527,43 ლარი - პირსაგამტეხლო, ხოლო 86,77 ლარი - საკრედიტო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკომისიო (იხ. სარჩელი და მხარის ახსნა-განმარტება).

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ე------ ფ--–------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე მისგან შეუსაბამოდ მაღალ სარგებელსა და პირგასამტეხლოს ითხოვდა. მოსარჩელეს მის მიმართ არ უნდა გამოეყენებინა მოთხოვნები ბოროტად და მისთვის მიეყენებინა ზიანი. სწორედ კრედიტორის არასწორი მოქმედების შედეგად იგი მისული იყო მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობამდე.

სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ ვინაიდან ამჟამად იპოთეკის საგნის მესაკუთრე იყო სხვა პირი და არა თავად მოპასუხე ე------ ფ--–------–---–ი, შესაბამისად, არსებული დავალიანების დაფარვის ვალდებულება ბანკის მიმართ სწორედ იპოთეკის საგნის მესაკუთრეს უნდა წარმოშობოდა. მისივე განმარტებით, მათ დაკარგეს საცხოვრებელი სახლი და მათ აღარ უნდა დაკისრებოდათ ბანკის მიმართ რაიმე სახის ვალდებულების შესრულება (იხ. შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

მოპასუხე გ---- გ-----–---–მა წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მის საკუთრებას წარმოადგენდა ქ------–--–-- წ-------------- ქ. N---–- მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც მან კანონით დადგენილი წესით შეიძინა საჯარო აუქციონზე. მას შემდეგ, რაც ბანკის მიერ გამოგზავნილი წერილით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ე------ ფ--–------–---–მა ბანკის წინაშე დაარღვია შესასრულებეილ ვალდებულება, მანვე წერილითვე აცნობა ბანკს, რომ მზად იყო ახალი სახელშეკრულებო ურთიერთობისთვის, თუმცა აღნიშნულზე არანაირი პასუხი არ მოსვლია. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ ბანკს მოვალე ე------ ფ--–------–---–ის მიმართ არანაირი სახის ღონისძიება არ გამოუყენებია, რა დროსაც ეს უკანასკნელი დაფარავდა არსებულ დავალიანებას, მით უმეტეს, რომ ე------ ფ--–------–---–ი მუშაობდა საჯარო სამსახურში და სტაბილურად იღებდა ხელფასს. ბანკის მიერ ხელშეკრულების დარღვევიდან მხოლოდ ორი წლის შემდეგ იქნა სარჩელი შემოტანილი სასამართლოში. მოპასუხემ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ე------ ფ--–------–---–ი ამჟამადაც ცხოვრობდა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში და არ ახდენდა ქონების გამოთავისუფლებას, რაზეც მას მიმართული ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით. სწორედ ბანკს უნდა განეხორციელებინა მოქმედებები, რითაც შემცირდებოდა არსებული დავალიანება, რაც მხარემ არ განახორციელა (იხ. შესაგებელი).

მოპასუხე გ---- გ-----–---–ი სასამართლო სხდომებზე არ გამოცხადებულა.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ გამოვლენილა.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. ე------ ფ--–------–---–ს და სს ,,ს----------–--------ს“ შორის 2014 წლის 07 აგვისტოს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც გაიცა სესხი 17 710 ლარი, 60 თვის ვადით, წლიური 13.2 %-ით და პირგასამტეხლოს 0.5%-ის დარიცხვით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. ხელშეკრულებას დართული აქვს ორი დანართი - ,,ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები“ და ,,სტანდარტული სახელშეკრულებო ინფორმაცია“, რომლებითაც განისაზღვრა საკომისიო გადასახდელები (ფინანსური ხარჯები) სხვადასხვა მომსახურებისთვის, როგორიცაა გაცემის საკომისიო, ბანკომატიდან განაღდების საკომისიო და დაზღვევის მართვის საკომისიო.

წარმოდგენილი კრედიტის დაფარვის გრაფიკის მიხედვით, ვალდებულების შესრულება იწყებოდა 2014 წლის 01 სექტემბრიდან და სრულდებოდა 2019 წლის 01 აგვისტოს ყოველთვიურად 413,04 ლარის გადახდით სესხის ძირი თანხისა და სარგებლის დაფარვის პრინციპით.

სტანდარტული სახელშეკრულებო ინფორმაციის თანახმად, კრედიტის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 01 აგვისტომდე პერიოდი, პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის თანხების და მათზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის დაბრუნების ვადის გადაცილებისთვის 50 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 13,20%, კრედიტის ეფექტური განაკვეთი - 16,2%, გაცემის საკომისიო - 35,42 ლარი და დაზღვევის მართვის საკომისიო - 8 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამომხმარებლო სესხის განაცხადი (ს.ფ. 14)

- თანხმობა მონაცემების გადამოწმებაზე (ს.ფ. 15)

- 2014 წლის 07 აგვისტოს #1------ საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 16-17)

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 18-19)

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 20)

- სტანდარტული სახელშეკრულებო ინფორმაცია (ს.ფ. 21)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. 2014 წლის 07 აგვისტოს, სს ,,ს----------–--------ს“ და ე------ ფ--–------–---–ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ძირითადი საკრედიტო ხელშეკრულების N1------ უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ე------ ფ--–------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე - ქ.თ---–---- წ-------------- ქ--------- 327 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით N7-----------.

 

იპოთეკის ხელშეკრულების 7.3.5. პუნქტის თანახმად, ბანკს უფლება ჰქონდა განეხორციელებინა იპოთეკის საგნის გადახდევინებისთვის მიქცევა, მიუხედავად იმისა თუ ვის მფლობელობაში, სარგებლობაში ან საკუთრებაში იქნებოდა იპოთეკის საგანი.

 

იპოთეკის ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად კი, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად მესაკუთრე უფლებამოსილი იყო იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევის დასრულებამდე ნებისმიერ დროს დაეკმაყოფილებინა უზრუნველყოფილი მოთხოვნები (მათ შორის, დაკმაყოფილებამდე ბანკის მიერ გაწეული ხარჯები) და ამით შეწყვიტოს იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 07 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 23-32)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

4.3. სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, წ----------------, დაზუსტებული ფართობი: 327.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით N7----------- საკუთრების უფლებით 2016 წლიდან ეკუთვნის მოპასუხე გ---- გ-----–---–ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 31/01/2017 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 33-34)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

4.4. 2016 წლის 07 სექტემბერს ე------ი ფ--–------–---–მა განცხადებით მიმართა სს „ს----------–--------ს“ და აცნობა, რომ მას შვილის სწავლის გასაგრძელებლად სჭირდებოდა სესხი მიუხედავად არსებული დავალიანებისა, რაზეც ბანკმა 2016 წლის 19 სექტემბრის წერილით უარი განუცხადა სესხის გაცემაზე. ამავე წერილში ე------ ფ--–------–---–ს ეცნობა, რომ 2016 წლის 19 აგვისტოს მდგომარეობით არსებული დავალიანება შეადგენდა ჯამურად 15316,97 ლარს და ვიდრე არ დაიფარებოდა ვადაგადაცილებული სესხი, ბანკი ვერ განიხილავდა ახალი სესხის გაცემის საკითხს. მასვე შეტყობინების მიღებიდან განესაზღვრა 10 დღიანი ვადა არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 07 სექტემბრის განცხადება (ს.ფ. 66-67)

- 2016 წლის 19 სექტემბრის წერილი (ს.ფ. 68)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

4.5. მოპასუხეებს ე------ ფ--–------–---–სა და გ---- გ-----–---–ს გაეგზავნათ გაფრთხილებები სს ,,ს----------–--------ის“ მიმართ, საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ფულადი ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულებისა და დამატებითი ვადის მიცემის თაობაზე. მოპასუხეებს განემარტათ, რომ ხსენებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, სს ,,ს----------–--------ი“ შეწყვეტდა საკრედიტო ხელშეკრულებას და გამოიყენებდა ამავე ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა უფლებას და ზომას საკუთარი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაფრთხილებები, საფოსტო შეტყობინებები (ს.ფ. 68-72)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

4.6. 2017 წლის 18 იანვარის განცხადების მიხედვით, ე------ ფ--–------–---–მა სს „ს----------–--------ს“ აცნობა, რომ იპოთეკის საგანი სხვა ვალდებულების დაფარვის მიზნით გაყიდული იყო აუქციონზე და ამჟამად ნივთის მესაკუთრეს წარმოადგენდა გ---- გ-----–---–ი. იმის გათვალისწინებით, რომ იგი თავად ვერ უზრუნველყოფდა სესხის გადახდას, ბანკს უნდა გამოეყენებინა კანონით გათვალისწინებული პროცედურები და დადგენილი წესით მოეხდინა იპოთეკის საგნის რეალიზაცია არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 18 იანვრის წერილი (ს.ფ. 73)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

4.7. წარმოდგენილი დავალიანების ცნობის მიხედვით, მოპასუხე ე------ ფ--–------–---–მა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება და 2017 წლის 03 თებერვლის მდგომარეობით არსებული დავალიანება შეადგენს სესხის ძირი თანხა - 13 193.06 ლარი, დარიცხული სარგებელი - 1619.53 ლარი, პირგასამტეხლო - 3527.43 ლარი, საკომისიოს თანხა 86.77 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 65)

- ე------ ფ--–------–---–ის ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 35-64)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

4.8. მოსარჩელის მიერ საქმეზე დართული დაავადების მოწმობა N----- ასევე 2017 წლის 01 ნომბერს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობით თაობაზე იძლევა ინფორმაციას მხოლოდ მოპასუხე ე------ ფ--–------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და იგი სასამართლოს მიერ ვერ მიიჩნევა მოცემულ სამოქალაქო საქმეზე რაიმე გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად (ს.ფ. 124-125)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მხოლოდ ჯარიმის ნაწილში უნდა მოხდეს მოსარჩელის მოთხოვნა შემცირებული, ხოლო დანარჩენ ნაწილში კი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო 316-ე, 317-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 327-ე, 417-ე, 420-ე, 286-ე, 301-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--------ს” და მოპასუხე ე------ ფ--–------–---–ს შორის 2014 წლის 07 აგვისტოდან დაიდო კრედიტის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი 17710 ლარის ოდენობით 60 თვის ვადით წლიური 13,20%-იანი სარგებლით. ამავე ხელსეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს არსებობაც.

 

აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე ე------ ფ--–------–---–მა ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ე------ ფ--–------–---–ის დავალიანება სს „ს----------–--------ის“ წინაშე 2017 წლის 03 თებერვლის მდგომარეობით 2014 წლის 07 აგვიატოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს სესხის ძირი თანხა - 13 193.06 ლარს, დარიცხული სარგებელი - 1619.53 ლარს, პირგასამტეხლო - 3527.43 ლარსა და საკომისიოს თანხა 86.77 ლარს. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მოპასუხისგან ითხოვდა შეუსაბამოდ მაღალ სარგებელსა და პირგასამტეხლოს, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მხოლოდ მოპასუხის პოზიციაა, რომელიც რაიმე სახის არგუმენტებითა თუ მტკიცებულებებით არ არის გამყარებული, ხოლო სასამართლოსათვის მიმართვა არსებული დავალიანების მოპასუხეზე დაკისრების მოთხოვნით, არის მოსარჩელის კანონით მინიჭებული და კანონითვე გარანტირებული უფლება და არა უფლების ბოროტად გამოყენება, რაც მიუთითა მოპასუხე მხარემ. თითოეული პირისთვის განსაზღვრულია სასამართლოსადმი მომართვა და თუკი პირი ჩათვლის, რომ მას აქვს სადავო მოპასუხესთან უფლება აქვს მომართოს სასამართლოს თავისი უფლებების დაცვის მიზნით, რაც ვერ და არ ჩაითვლება უფლების ბოროტად გამოყენებად.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.

 

მხარეთა შორის არსებული 2014 წლის 07 აგვისტოს ხელშეკრულების 3.12. პუნქტით განსიაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობით, ასევე სტანდარტული და განსაკუთრებული პირობების მიხედვითაც, მხარეთა შორის განისაზღვრა პირგასამტეხლოს არსებობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სასესხო დავალიანების ძირი თანხის და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხის ოდენობა არ არის გონივრულ შესაბამისობაში ერთმანეთთან. შესაბამისად, სს ,,ს----------–--------ის“ მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა 3527.43 ლარი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე და მოპასუხე ე------ ფ--–------–---–ს უნდა დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მისი საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უდავოდაა დადგენილი ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, მოსარჩელე (იპოთეკარი) სს ,,საქართველოს ბანკი” უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

 

აღნიშულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ს----------–--------ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, უნდა განხორციელდეს, მოპასუხე გ---- გ-----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ.თბილისი, წ------------------, დაზუსტებული ფართობი: 327.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N7----------- იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

 

7.4. სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს 2014 წლის 07 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულების 8.4. პუნქტზე, რომლის თანახმად, თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა ვერ დაფარავდა არსებულ დავალიანებას, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით შესაძლებელი იყო გადახდევინების მიქცევა მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, აღნიშნული დანაწესი უნდა გავრცელდეს მხოლოდ მოპასუხე ე------ ფ--–------–---–ზე, ვინაიდან შეთანხმების მიხედვით, სხვა ქონებაზე მიქცევა მხოლოდ მოვალის ქონებას შეეხებოდა. წარმოდგენილი ხელშეკრულებების თანახმად კი, „მოვალე“ ე------ ფ--–------–---–ია და არა იპოთეკის საგნის ამჟამინდელი მესაკუთრე გ---- გ-----–---–ი. ამასთან, 2017 წლის 07 აგვისტოს დადებული ხელშეკრულებების თანახმად, როგორც მოვალე, ასევე იპოთეკის საგნის მესაკუთრე ერთი და იგივე პირი - ე------ ფ--–------–---–ი იყო, ამდენად, მითითებული დათქმა სად ჩაიწერებოდა საკრედიტო ხელშეკრულებაში თუ იპოთეკის ხელშეკრულებაში განმსაზღვრელი არ იყო, ვინაიდან „მოვალესთვის“ ანუ ემზხარ ფ--–------–---–ისთვის ორივე შემთხვევაში ცნობილი იქნებოდა აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებით.

 

ამდენად, მოპასუხე ე------ ფ--–------–---–ი, როგორც 2014 წლის 07 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებით „მოვალე“, მას უნდა დაეკისროს მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება სრულად და შემცირებული პირგასამტეხლო, ასევე იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა ვერ დაფარავს არსებულ დავალიანებას, აღსასრულებლად უნდა მიექცეს მოპასუხე ე------ ფ--–------–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება. რაც შეეხება მოპასუხე მხარის იმ ოპიზიციას, რომ ვინაიდან ამჟამად ისინი აღარ იყვნენ იპოთეკის საგნის მესაკუთრეები მათ აღარ უნდა დაკისრებოდათ ბანკის მიმართ დავალიანების გადახდა, აღნიშნული საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან იპოთეკის საგნის მესაკუთრის შეცვლა არ წარმოადგენს ბანკის წინაშე არსებული დავალიანებისაგან გათავისუფლების წინაპირობას.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟი 461,98 ლარის ოდენობით.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი ე------ ფ--–------–---–ისა და გ---- გ-----–---–ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე ე------ ფ--–------–---–ს (პ/ნ N0----------) მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 2014 წლის 07 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს სესხის ძირი თანხა - 13 193,06 ლარის, საპროცენტო სარგებელი - 1619,53 ლარის, შემცირებული პირგასამტეხლო - 500 ლარისა და საკომისიო - 86,77 ლარის ოდენობით გადახდა.

 

1.2. მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდეს მოპასუხე გ---- გ-----–---–ის (პ/ნ N5----------) საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე - ქ.თ---–---- წ-------------- ქ. N50, საკადასტრო კოდი N7----------- - იძულებით რეალიზაცია.

 

1.3. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს პირველ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებულ თანხას, აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხე ე------ ფ--–------–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.

2. მოსარჩელის მიერ 2017 წლის 03 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 553 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. მოპასუხეებს ე------ ფ--–------–---–სა და გ---- გ-----–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 461,98 ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თ---–---- გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თ---–---- დ----- აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე