გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.11.2018
საქმის ნომერი
330210017001901429
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
02.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/10942-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მაია სვიანაძე

სხდომის მდივანი - ხატია გაგელიძე

მოსარჩელე - თამ------–--–--–---–ი

წარმომადგენელი - და-------------–--ლი

მოპასუხეები - ზუ---------ია, მა---------------–--ლი,ეფ-------------------–--------–-----–-ვა

წარმომადგენლები - თეა----–--ვა, ელე----------–---–ი

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა თამ------–--–--–---–ს ნება დაერთოს ზუ---------იას, მა---------------–--ლისა და ეფ-------------------–--------–-----–-ვას თანხმობის გარეშე მიმართოს შესაბამის უფლებამოსილ სამსახურს, მის საკუთრებაში არსებულ ფართზე, მდებარე: ქა-–---------–------ა---------------–----------–-------№--, საკადასტრო კოდი: №01.1-.0--0--.0--- განხორციელებული მშენებლობის ლეგალიზაციის მოთხოვნით. მოსარჩელის განმარტებით, შვილთან - ლი-----–--–--–-ილთან ერთად ცხოვრობს მიქ--–----------ში 1987 წლიდან (სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა, რომ იგი აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 2001 წლიდან). 2002 წლის 25 აპრილს თბილისში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ გამოიწვია მისი სახლის ნგრევა-დაზიანება და სახლს მიენიჭა მე-2 კატეგორიის დაზიანება. მიუხედავად ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაწეული აღდგენითი სამუშაოებისა, დაზიანების სიძლიერიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა სახლის აღდგენა. შესაბამისად, თა------–--–--–--ლი აღნიშნავს, რომ იძულებული გახდა ძველი ამორტიზებული სახლის ნაცვლად აეშენებინა ახალი, სადაც დღესაც ცხოვრობს. მის მიერ აღნიშნული განხორციელდა შესაბამისი ნებართვის გარეშე, რის გამოც ახლა საჭიროებს შენობის ლეგალიზაციას, თუმცა აღნიშნულისთვის ესაჭიროება მოპასუხეთა თანხმობა, რაზეც უარი განუცხადეს. 2. მოპასუხის პოზიცია

2.1. წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხე მა---------------–--ლი არ ცნობს სარჩელს და მიუთითებს, რომ თანხმობის მიცემაზე უარის თქმის საფუძველია სალეგალიზაციო პროექტის მისთვის არ ცოდნა.

2.2. მოპასუხე ზუ---------იამაც სარჩელს არ ცნობს დამიუთითებს,, რომ მოთხოვნა კანონშეუსაბამოა და ლახავს თანამესაკუთრეების უფლებას. მოსარჩელემ უნებართვოდ ააშენა შენობა და დაიკავა მიწის ნაკვეთი იმგვარად, რომ დანარჩენ თანამესაკუთეებს ხელი ეშლებათ თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობაში. უფრო მეტიც, გარდა კუთვნილი ¼ ნაწილისა, მოსარჩელეს ფაქტობრივად დაკავებული აქვს ¾ ნაწილი.

2.3. მოპასუხე ეფ-------------------–--------–-----–-ვას შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომებზე გამოცხადებულა და მისი პოზიცია სასამართლოსთვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბ--–----------------------–----------–-------№--, საკადასტრო კოდით: №01.1-.0--0--.0--- თანასაკუთრების უფლებით ირიცხება ზუ---------იას (¼ ნაწილი), მა---------------–--ლისა (¼ ნაწილი) და თა------–--–--–--ლის (¼ ნაწილი) სახელზე. რაც შეეხება მოპასუხედ მითითებულ ეფ-------------------–-----------–--–--ას საკუთრების უფლებას, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით დასტურდება ¼ ნაწილზე მისი უფლება. უფლების დამდგენ დოკუმენტებს წარმოადგენს----------- წლის რ№------ (ნოტ. ჩი---ა) სამემკვიდრეო მოწმობა; 2----------–-–------------------ სახელობის რაისაბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილება №---------7 და სააღრიცხვო ბარათი (აღრიცხული 1950 წელს). 3.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ზუ---------იას და ან---–-----–---–ს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენდა მიჯნის (ღობის) დემონტაჟი, ამასთან სახლის იმ ნაწილის დემონტაჟი, რაც დაკავშირებულია საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთის მითვისებასთან და ზიანის ანაზღაურების ანგარიშში ახლად მშენებარე სახლის იმ პარამეტრებში დაბრუნება, რომელიც დამახასიათებელი იყო ძველი ნაგებობისთვის. სასამართლომ აღნიშნული დავის ფარგლებში ექსპერტიზის დასკვნაზე მითითებით დაადგინა, რომ ლ---- და თა------–--–--–--ლების წარმოებული ახალი მშენებლობა არ სცილდება მათ თანასაკუთრებაში არსებული იდეალური ნაწილის ფარგლებს და ახალი მშენებლობის მიერ დაკავებულია მხოლოდ 77.905 კვ.მ მიწის ფართი. ამავე გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ უძრავი ქონების წინამორბედი მესაკუთრების მიერ დადგენილ იქნა აღნიშნული სახით მიწის გაყოფისა და სარგებლობის წესი, რაც 232.99 კვ.მ მიჯნით გამოყოფილ მიწის ნაკვეთს დამოუკიდებელი საკუთრების ობიექტად აქცევდა და რაც გამყოფი ღობის დემონტაჟის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს გამორიცხავდა. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ზუ---------იას მხარემ ვერ დაადასტურა შესაბამისი მტკიცებულებებით, რომ მისი სახლის ოთახი გახდა ნესტიანი და ავარიული და რომ დადგა ზუ---------იას სახლის დაბნელების, თუ დანესტიანების ფაქტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. 3.2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის №2ბ/3420-15 განჩინებით თა------–--–--–--ლის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.05.2016წ. გადაწყვეტილებაზე არ დაკმაყოფილდა. თა------–--–--–--ლის მოთხოვნას წარმოადგენდა იდეალურ წილში თანასაკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილის - 232.99 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შეთანხმება მიწის ნაკვეთით სარგებლობის წესზე არ აუქმებს ან ცვლის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების რეჟიმს, შესაბამისად, უპირატესობა ენიჭება საჯარო რეესტრის ჩანაწერს. ამდენად, სასამართლოს მოცემულ საქმეშიც დადგენილად მიაჩნია, რომ მიწის ნაკვეთზე არ არსებობს საკუთრების უფლების დარეგისტრირების საფუძველი განსხვავებულად, ვიდრე წარმოდგენილ ამონაწერშია მოცემული წილობრივი მონაცემები. ამდენად, სასამართლო ამჯერადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის დანაწესზე მიუთითებს და პრეიუდიციას ანიჭებს ხსენებულ გადაწყვეტილებას და მასში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. 3.2.4. სასამართლოს მოსარჩელის ახსნა-განმარტების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის ხელშეკრულებით და თავად ზუ---------იას განმარტებით დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე თა------–--–--–--ლმა ქონება შეიძინა 2001 წელს და 2007 წლამდე, დაახლოებით 2004 წელში მოახდინა მან სადავო სახლის აშენება და ეს ფაქტი მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოდგენს. 3.2.5. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მიმართული აქვს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურისთვის უკანონო მიშენების ლეგალიზაციის მოთხოვნით და უძრავი ნივთის თანამესაკუთრეთა თანხმობის არქონის გამო ეთქვა უარი.

სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულება; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 172-ე მუხლები

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტებისა ან მათი ნაწილების მიმართ.

ლეგალიზება ემსახურება შენობის საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარებასა და მის ექსპლუატაციაში მიღებას, რაც საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად ხორციელდება.

6.2 „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულების მე-2 მუხლით, ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანო. ამავე ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განცხადებას ლეგალიზაციის მოთხოვნით უნდა დაერთოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის (სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) საკუთრებაშია, აგრეთვე განმცხადებელსა და მესაკუთრეს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულება ან თანხმობა.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები, ანუ კეთილსინდისიერება უკავშირდება პირისათვის დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და არა იმის შესრულებას, რაც მას, არც ხელშეკრულებით და არც სხვა სახით, მხარის წინაშე არ უკისრია.

პირის მიერ უფლებათა განხორციელებისას აუცილებლად უნდა იქნას დაცული კეთილსინდისიერება და მართლზომიერება. ამასთან, პირის მიერ მესაკუთრის უფლებების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა არა მარტო კანონმდებლობითაა აკრძალული, არამედ, მესაკუთრის ზნეობრივი მოვალეობაცაა. უფლების ბოროტად გამოყენებას უთანაბრდება ის მდგომარეობაც, როდესაც პირი უფლებას არ იყენებს მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას, როცა მისი უმოქმედობა მიზნად არ ისახავს უფლების განხორციელებისათვის აუცილებლობით ნაკარნახევი ინტერესის დაცვას.

განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ თანამესაკუთრეებმა არ გასცეს თანხმობები თა------–--–--–--ლზე, მოეხდინა უნებართვოდ აშენებული სახლის ლეგალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეთა მხრიდან ადგილი აქვს ხელშეშლის ფაქტს და უფლების ბოროტად გამოყენებას. სასამართლომ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე მითითებით დაადგინა, რომ სახლის აშენებას ზუ---------იასთვის ზიანი არ მიუყენებია, როგორც მინიმუმ, მან აღნიშნული ვერ დაადასტურა სათანადო მტკიცებულებებით. ასევე, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ დავა ეხება კონკრეტული საცხოვრებელი სახლის ლეგალიზებაზე თანხმობას და არა რაიმე ფართის, მათ შორის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას და ა.შ, რამდენადაც, აღნიშნულზე უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები და რაზეც აპელირებდა მოპასუხე მხარე. შესაბამისად, ვერ გაიზიარებს სასამართლო მოპასუხე მხარის პრეტენზიებს საკუთრების უფლებასთან და სადავო თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან ფაქტობრივად დაკავებულ ფართებთან დაკავშირებით, განსახილველი დავის ფარგლებში. ამდენად, უსაფუძვლოდ მიაჩნია მოპასუხის მხრიდან არსებული ხელის შეშლის ფაქტი და აღნიშნულს აფასებს უფლების ბოროტად გამოყენებად.

6.4 „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულების მე-8 მუხლით, შესაბამისი ორგანოს მიერ ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უნებართვოდ და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის მიმართ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

6.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხის უმოქმედობით - ლეგალიზაციაზე თანხმობის გაცემაზე უარით ხელი ეშლება მას მისი საკუთრების უფლების სრულყოფილად განხორციელებაში. სასამართლო მოიშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებას არაერთ საქმეზე, რომ საკუთრების უფლების სოციალური დატვირთვის გათვალისწინებით, „მესაკუთრე“ საზოგადოების ნაწილია და არა მხოლოდ უფლებამოსილია მიიღოს გარკვეული სიკეთეები საზოგადოებისაგან, არამედ ვალდებულიცაა, რომ თავისი საკუთრება საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიზნებისათვის გამოიყენოს. მესაკუთრემ უნდა გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას აქვს ინტერესები, არამედ ის იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში, რომელთაგანაც ის იზოლირებული არ არის და სადაც აუცილებელია ინტერესთა გონივრული ბალანსის დაცვა. ამ ფონზე კანონმდებელი უფლებამოსილია, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების დაცვით, დაადგინოს ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ საკუთრების შინაარსსა და ფარგლებს. საკუთრება არის კანონმდებლის მიერ დეფინირებადი უფლება. ამას მით უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, რაც უფრო დიდია საკუთრების ობიექტის სოციალური დატვირთვა, მისი ბუნებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე“.

სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მოპასუხეების მხრიდან ადგილი აქვს ხელშეშლას მოსარჩელის მიმართ, ისარგებლოს მისი, როგორც მესაკუთრის უფლებებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა დასაბუთებული და საფუძვლიანია. მოსარჩელე მხარეს უნდა მიეცეს უფლება მიმართოს შესაბამის სამსახურს საცხოვრებელი სახლის სალეგალიზაციოდ, მოპასუხეთა თანხმობის გარეშე.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრებათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244, 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. თამ------–--–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. თამ------–--–--–---–ს ნება დაერთოს ზუ---------იას, მა---------------–--ლისა და ეფ-------------------–--------–-----–-ვას თანხმობის გარეშე მიმართოს შესაბამის უფლებამოსილ სამსახურს, მის საკუთრებაში არსებულ ფართზე, მდებარე: ქა-–---------–------ა---------------–----------–-------№--, საკადასტრო კოდი: №01.1-.0--0--.0--- განხორციელებული მშენებლობის ლეგალიზაციის მოთხოვნით;

 

3. მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია სვიანაძე