გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.10.2018
საქმის ნომერი
330210018002585520
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
09.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/23858-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

9 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე სს „უ---------–-------------–-----–-------“

წარმომადგენელი და-----------–--ე

მოპასუხე შპს „ თ---–-----------------------–-“

წარმომადგენელი თა-----------ია

დავის საგანი პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „თ---–-----------------------–ს“, სს „უ---------–-------------–-----–-------ს“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 16 250 ლარის გადახდა;

 

სარჩელის მიხედვით, 2016 წლის 5 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა სა-----–---- მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანია სათანადო მომართვის საფუძველზე მოსარჩელის მიერ მოპასუხის პაციენტებისათვის სხივური თერაპიის ჩატარება. ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხემ აიღო ვალდებულება დაეკვეთა მოსარჩელისთვის ყოველთვიურად არანაკლებ 5 პაციენტის მომსახურება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველ დაკლებულ დაკვეთაზე უპირობოდ უნდა გადაეხადა 250 ლარი. მოპასუხეს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არცერთი პაციენტი არ გაუგზავნია. მოსარჩელემ წერილობით აცნობა ვალდებულების შეუსრულებლობის და ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რომელსაც რეაგირება არ მოყოლია. უშედეგო გაფრთხილების შემდგომ მოსარჩელემ 2018 წლის 1 იანვრიდან ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა, ამავდროულად მოპასუხის შესასრულებელი ვალდებულება შეადგენს 16250 ლარს. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა ხელშეკრულების თარიღი და მიუთითა, რომ მასში დაშვებულია ტექნიკური ხასიათის შეცდომა, ვინაიდან გარიგება შედგა 2016 წლის 5 დეკემბერს და არა 2015 წლის 5 დეკემბერს (სხდომის ოქმი 10:36:22წთ)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. შპს „თ---–-----------------------–-ს“ წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან დაწესებულებამ გადაწყვიტა ონკოლოგიური პროფილით მუშაობა, წარმოიშვა სხივური თერაპიის განსახორციელებლად მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობა. სწორედ ამ მიზნით გაფორმდა მხარეებს შორის წინამდებარე გარიგება.

 

მოპასუხე სადავოდ მიიჩნევს ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტის შინაარსს და განმარტავს, რომ იგი ეწინააღმდეგება „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის „ე“ ქ/პუნქტს, რომლის მიხედვით აკრძალულია საზღაურის მიღება სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისათვის ან სხვა სა-----–---- დაწესებულებაში პაციენტის ან გამოსაკვლევი მასალის გაგზავნისათვის, აგრეთვე საზღაურის გაცემა იმ შემთხვევებში, როცა მას უგზავნიან პაციენტს ან გამოსაკვლევ მასალას. ამდენად, აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენს ბათილ პირობას და მისი გამოყენება დაუშვებელია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „თ---–-----------------------–ს“ (შემსყიდველი) და სს „უნ--------–----ი სა-----–---- ც------ს“ (მიმწოდებელი) შორის 2016 წლის 5 დეკემბერს გაფორმდა სა-----–---- მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შეთანხმების საგანს წარმოადგენდა მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის პაციენტებისთვის სხივური თერაპიით უზრუნველყოფა. მომსახურების განხორციელების ვადა შეადგენდა ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთ წელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ 15-17)

 

3.1.2. მხარეები არ უარყოფენ და ადასტურებენ, რომ „სა-----–---- მომსახურების გაწევის შესახებ“ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შპს „თ---–-----------------------–ს“ სს „უ---------–-------------–-----–-------სთვის“ პაციენტთა მომსახურება არ დაუკვეთია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება; (სარჩელი შესაგებელი, სხდომის ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტის მიხედვით, „შემსყიდველი“ ვალდებულია დაუკვეთოს „მიმწოდებელს“ ყოველთვიურად არანაკლებ 5 პაციენტის მომსახურება. ერთი თვის მანძილზე, 5-ზე ნაკლები დაკვეთის შემთხვევაში „შემსყიდველი“ გადაუხდის „მიმწოდებელს“ თითო დაკლებულ დაკვეთაზე 250 ლარს. გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს მიმდინარე თვის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

 

როგორც აღინიშნა, მხარეებმა დაადასტურეს, რომ „სა-----–---- მომსახურების გაწევის შესახებ“ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შპს „თ---–-----------------------–ს“ სს „უ---------–-------------–-----–-------სთვის“ პაციენტთა მომსახურება არ დაუკვეთია. ამავე გარემოების გათვალისწინებით სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ შპს „თ---–-----------------------–-ს“ მხრიდან სახელშეკრულებო პირობა დარღვეულია და წარმოქმნილია პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. პირგასამტეხლოს მოცულობა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდის განმავლობაში მთლიანობაში წარმოადგენს 16250 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ 15-17)

- 2017 წლის 14 დეკემბრის შეტყობინება (ს.ფ. 18)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ სს „უ---------–-------------–-----–-------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 55-ე, 361-ე, 629-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.

შპს „თ---–-----------------------–ს“ (შემსყიდველი) და სს „უნ--------–----ი სა-----–---- ც------ს“ (მიმწოდებელი) შორის 2016 წლის 5 დეკემბერს გაფორმდა სა-----–---- მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შეთანხმების საგანს წარმოადგენდა მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის პაციენტებისთვის სხივური თერაპიის ჩატარება. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული გარიგება უნდა შეფასდეს ნარდობის ხელშეკრულებად და მასზე უნდა გავრცელდეს ამავე სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები.

 

მოპასუხის განმარტებით, 2016 წლის 05 დეკემბრის ხელშეკრულება მოიცავს ბუნდოვან და კანონსაწინააღმდეგო პუნქტებს და ბათილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-55-ე მუხლების შინაარსის გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შინაარსით ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე.

 

მოპასუხე ასევე მიიჩნევს, რომ 2016 წლის 05 დეკემბრის ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტი ეწინააღმდეგება „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის „ე“ პუნქტს, რომლის შინაარსით აკრძალულია: საზღაურის მიღება სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისათვის ან სხვა სა-----–---- დაწესებულებაში პაციენტის ან გამოსაკვლევი მასალის გაგზავნისათვის, აგრეთვე საზღაურის გაცემა იმ შემთხვევებში, როცა მას უგზავნიან პაციენტს ან გამოსაკვლევ მასალას.

 

ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტის შინაარსი შეეხება მოსარჩელე მხარისთვის ერთი თვის განმავლობაში არანაკლებ 5 პაციენტის გაგზავნის ვალდებულებას, ხოლო ამავე პირობის დარღვევის შემთხვევაში „შემსყიდველს“ შესაძლოა დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება.

 

სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ხელშეკრულების დასახელებული პუნქტი არ ითვალისწინებს შეთანხმებას პაციენტის გაგზავნის ან მიღების შემთხვევაში რაიმე სახის საზღაურის გადაცემის შესახებ და ერთმნიშვნელოვნად უნდა დავასკვნათ, რომ მისი შინაარსი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის „ე“ პუნქტს არ ეწინააღმდეგება. ამავე მოსაზრების გათვალისწინებით, 2016 წლის 05 დეკემბრის ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტი კანონშესაბამისია და სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 55-ე მუხლებიდან გამომდინარე ბათილ გარიგებად ვერ მიიჩნევა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემსყიდველის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა დადასტურებულია.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტის მიხედვით, „შემსყიდველი“ ვალდებულია დაუკვეთოს „მიმწოდებელს“ ყოველთვიურად არანაკლებ 5 პაციენტის მომსახურება. ერთი თვის მანძილზე, 5-ზე ნაკლები დაკვეთის შემთხვევაში „შემსყიდველი“ გადაუხდის „მიმწოდებელს“ თითო დაკლებულ დაკვეთაზე 250 ლარს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. შესაბამისად, საქმესთან დაკავშირებით შეკრებილი მტკიცებულებანი და დადასტურებული ფაქტები წარმოადგენენ მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს, რომლის სრული მოცულობაა 16250 ლარი.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამავე კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

მართალია, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 16250 ლარის დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია, უნდა შემცირდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მხოლოდ 500 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხეს უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისი პროპორციის სახელმწიფო ბაჟი 14,62 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს „უ---------–-------------–-----–-------ს“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. შპს „თ---–-----------------------–ს“, სს „უ---------–-------------–-----–-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 500 ლარის გადახდა;

 

1.2 სს „უ---------–-------------–-----–-------ს“ სარჩელი მოპასუხისთვის 15750 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

2. შპს „თ---–-----------------------–ს“, სს „უ---------–-------------–-----–-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 14,62 ლარი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე