გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.10.2018
საქმის ნომერი
120210018002490251
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
22.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2490257-2/470-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 ოქტომბერი 2018 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე

მოსარჩელე - თ-------- ზ-----ე

წარმომადგენელი: ი----- ხ-------–---–ი

მოპასუხე - გ------- ზ-----ე

წარმომადგენელი - ნ-------- ს------–---–ი

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

შეგებებული სარჩელის მიხედვით:

მოსარჩელე - გ------- ზ-----ე

წარმომადგენელი - ნ-------- ს--------–---–ი

მოპასუხე - თ-------- ზ-----ე

წარმომადგენელი: ი----- ხ-------–---–ი

დავის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ძირითადი სარჩელით

 

მოპასუხე გ------- ზ-----ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ქონება მდებარე: ა---––--ე, კ-–----–---–ის ქუჩა N-- საკადასტრო კოდი 62.--.--.--- და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე - თ-------- ზ-----ეს

 

1.2. შეგებებული სარჩელით

31.01.2017წ. ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული გ------- ზ-----ესა და თ-------- ზ-----ეს შორის ჩაითვალოს ჩუქების ხელშეკრულებად, ბათილად იქნეს ცნობილი აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულება და კვლავ გადაეცეს მოსარჩელეს საკუთრებაში (იხ. CD დისკი, სხდომის ოქმი).

 

მოსარჩელის პოზიცია

 

1.1. ძირითადი სარჩელით მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

თ-------- ზ-----ე საკუთრების უფლებით ფლობს ქ. ა---––--ეში, კ-–----–---–ის ქ. N-- ში მდებარე უძრავ ქონებას. მოპასუხე გ------- ზ-----ე ყოველგვარი ნებართვისა და საფუძვლის გარეშე ცხოვრობს და სარგებლობს აღნიშნული უძრავი ქონებით.

 

1.2. შეგებებული სარჩელით გ------- ზ-----ემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

გ------- ზ-----ეს მშობლებისაგან მემკვიდრეობით მიღებული ქონდა ბინა მდებარე ქ. ა---––--ე, რ--------–-ს ქ. N----ში. 2013 წელს გაყიდა აღნიშნული ბინა და სანაცვლოდ შეიძინა ქ. ა---––--ე, კ-–----–---–ის ქ. N--ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც საჯარო რეესტრში დაარეგისტრირეს მისი მეუღლის - რ----- ზ-----ის სახელზე.

 

გ------- ზ-----ე მეუღლისაგან იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, რის გამოც აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე. იმ პირობით, რომ მოსარჩელეს პრეტენზია არ ექნებოდა რ----- ზ-----ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე, მეუღლემ ბინის ნახევარი 2016 წლის 5 მაისს აჩუქა გ------- ზ-----ეს, ხოლო მეორე ნახევარი აჩუქა შვილს თ-------- ზ-----ეს.

 

მეუღლის თხოვნით, ვიაიდან საცხოვრებელი სახლი ისედაც მათ შვილს უნდა დარჩენოდა, 2017 წლის 31 იანვარს სადავო ქონებაგ------- ზ-----ემ აჩუქა შვილს თ-------- ზ-----ეს, რომელიც გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულების სახით.

 

თ-------- ზ-----ემ სასამრთლოში აღძრა სარჩელი და ითხოვს გ------- ზ-----ის გამოსახლებას, რაც მას დიდ უმადურობად მიაჩნია, ვინაიდან წასასვლელი არ აქვს. რის გამოც მიჩნია, რომ ჩუქების ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ძირითადი სარჩელით მოპასუხე გ------- ზ-----ის მოსაზრება:

მოპასუხე გ------- ზ-----ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უძრავი ქონება შეძენილია მის მიერ, შესაბამისად თ-------- ზ-----ე ბოროტად სარგებლობს უფლებით და ითხოვს მის გამოსახლებას საცხოვრებელი სახლიდან.

 

2.2. შეგებებულ სარჩელზე მოპასუხე თ-------- ზ-----ის მოსაზრება

მოპასუხე თ-------- ზ-----ემ არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ ვინაიდან გ------- ზ-----ე აპირებდა მისი კუთვნილი ½ წილის გასხვისებას, გადაწყვიტა მას შეეძინა ქონება. ნასყიდობის თანხა სრულად იქნა ანაზღაურებული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 31 იანვარს გ------- ზ-----ეს, როგორც გამყიდველსა და თ-------- ზ-----ეს (წარმომადგენელი დედა რ----- ზ-----ე), როგორც მყიდველს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე, მდებარე მისამართზე ქ. ა---––--ე, კ-–----–---–ის ქ. N-- ს/კ 62.--.--.---. ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგნის ფასი განისაზღვრა 5 000 ლარად. ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის ფასი მყიდველის მიერ სრულად გადახდილია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 31.01.2017წ. ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

3.1.2. უძრავი ქოენება მდებარე ქ. ა---––--ე, კ-–----–---–ის ქ. N-- ს/კ 62.--.--.--- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თ-------- ზ-----ის სახელზე. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 2017 წლის 31 იანვრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და 2016 წლის 25 მაისის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 03.02.2017წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.3. თ-------- ზ-----ის კუთვნილ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე გ------- ზ-----ე, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 03.02.2017წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- 31.01.2017წ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება;

- მხარეთა -ახსნა-განმარტებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის 2017 წლის 31 იანვარს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულებას.

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება თ-------- ზ-----ემ სადავოდ გახადა, გ------- ზ-----ემ კი ვერ შეძლო რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსთვის წარდგენა. მხარეებს შორის სადავოა ნასყიდობის საფასურის გადაცემის ფაქტიც. გ------- ზ-----ე განმარტავს, რომ თ-------- ზ-----ეს მისთვის თანხა არ გადაუხდია, შესაბამისად მათ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა. თ-------- ზ-----ე კი ამტკიცებს საწინააღმდეგოს, კერძოდ უთითებს, რომ გ------- ზ-----ე ჰყიდდა მის კუთვნილ წილს და შესაბამისად მან შეიძინა აღნიშნული წილი. ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე Nას-1206-1166-2016).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

 

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ სადავო გახადა მოპასუხის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების თანხის გადაცემა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ა---––--ე, კ-–----–---–ის ქ. N- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თ-------- ზ-----ის სახელზე. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 2017 წლის 31 იანვრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულბა დ 2016 წლის 25 მაისის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ნასყიდობის საგანზე (ქონებაზე) საკუთრების უფლება გადაცემულია, ანუ ქონებაზე (უძრავი ქონება) აღრიცხულია მყიდველის საკუთრების უფლება, არსებობს საფუძველი მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდის ვარაუდისთვის, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს მყიდველის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის მტკიცების ტვირთის გამყიდველისთვის დაკისრებას. თუმცა გამყიდველის მიერ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის არსებობისას, მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდის უარყოფის ვალდებულების გამყიდველისთვის ავტომატურ რეჟიმში დაკისრება, არასწორია. შესაბამისად, მტკიცების ტვირთის ამა თუ იმ მხარისთვის დაკისრების საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების (მათ შორის მხარეთა განმარტებების ერთობლიობაში შეფასების გზით) (იხ. სუსგ, საქმე Nას-1065-999-2012).

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მყიდველს ნასყიდობის ფასი სრულად აქვს გადახდილი ხელშეკრულების დადებისას. ხოლო გამყიდველს უნდა გადაეცა ნასყიდობის საგანი. შესაბამისად, მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს ნასყიდობის ფასის დაუყოვნებლივ გადახდის და ნასყიდობის საგნის გადაცემის ვალდებულება. ამდენად სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ნასყიდობის საგნის საფასური გადახდილია სრულად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ მოსარჩელის ზოგადი მითითება ვერ განიხილება სარწმუნო მტკიცებულებად მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადაუცემლობასთან მიმართებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ მითითებულ თითოეულ ფაქტს, სჭირდება სათანადო მტკიცება. მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, როგორც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. გ------- ზ-----ის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება შესაბამისი მტკიცებულებით არ იქნა დადასტურებული.

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი, მუხლი 1, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 115-ე, 158-ე, 170-ე, 172-ე, 312-ე, 477-ე, 524-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. "ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ", #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30) (იხ. სუსგ, საქმე N182-182-2018). შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს წინამდებარე გადაწყვეტილებაში იმსჯელოს განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან არსებითად გამოკვეთილ საფუძვლებზე. კერძოდ, აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ინტერესსა და მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

 

შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საფუძვლებიდან გამომდინარე. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე გ------- ზ-----ე მოითხოვს 2017 წლის 31 იანვარს მასსა და თ-------- ზ-----ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ჩაითვალოს ჩუქეის ხელშეკრულებად და გაუქმდეს აღიშნული ჩუქების ხელშეკრულება და უძრავ ქონებაზე აღდგეს გ------- ზ-----ის კანონიერი უფლებამოსილება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. რამდენადაც გარიგება ვლინდება პირის მიერ ნების გამოვლენაში, არსებობს ნამდვილი და ბათილი გარიგებები. ნამდვილად ითვლება ისეთი გარიგება, რომელიც იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას, ხოლო ბათილია გარიგება, თუ მას შედეგად არ მოჰყვება დასახული მიზანი იმის გამო, რომ მოქმედი სამართალი განხორციელებულ ქმედებას სამართლებრივად უვარგისად მიიჩნევს.

 

ამავე კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

ამავე კოდექსის 524-ე მუხლის მიხედვით, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 31 იანვარს გ------- ზ-----ეს და თ-------- ზ-----ეს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც თ-------- ზ-----ემ შეიძინა უძრავი ქონება მდებარე, ქ. ა---––--ე, კ-–----–---–ის ქ. N-- ს/კ 62.--.7.---. გ------- ზ-----ე უთითებს, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება არის თვალთმაქცური გარიგება, რეალურად მხარეებს შორის დადებული იქნა ჩუქების ხელშეკრულება, შესაბამისად ითხოვს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

გარიგების თვალთმაქცურად მისაჩნევად, უნდა დასტურდებოდეს თვალთმაქცური გარიგების დროს გამოვლენილი ნების თავისებურებები, რაც უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება სხვა გარიგების დაფარვის მიზნის არსებობაში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მხარეებს სურთ, მიაღწიონ სხვა შედეგს და არა იმ შედეგს, რასაც იძლევა მათ მიერ გარეგნულად გამოხატული ნება. ამდენად, თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობის არსებობაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ასეთ ვითარებაში კანონის მოთხოვნათა დაცვით დადებული გარიგების ბათილობის მოთხოვნისას, მოთხოვნის მქონე პირმა უნდა დაამტკიცოს გარიგების ბათილობის საფუძვლების არსებობა, კერძოდ ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს, რომელიც სინამდვილეში მიმართულია სხვა და არა სადავო გარიგების დადების შედეგად მიღწეული მიზნისაკენ.

თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა ემყარება სსკ-ის 56-ე მუხლს. მოსარჩელე განმარტავს, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 31 იანვარს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება თვალთმაქცური გარიგებაა, რომლის მიზანს არ წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო უძრავ ქონების მოპასუხისათვის საკუთრების უფლების გადაცემა. მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება მიმართული იყო ჩუქების ხელშეკრულების დადებისაკენ, რაც წარმოადგენს სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ-------- ზ-----ეს და გ------- ზ-----ეს შორის 2017 წლის 31 იანვარს დადებული იქნა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, ხელშეკრულების თანახმად თ-------- ზ-----ის მიერ გადახდილი იქნა ნასყიდობის საფასური სრულად, აღნიშნულს ადასტურებს თავად თ-------- ზ-----ეც. გ------- ზ-----ე უარყოფს აღნიშნულ ფაქტს და უთითებს, რომ რეალურად მას ნასყიდობის საფასურის არ მიუღია, ვინაიდან მან ქონება აჩუქა შვილს. თუმცა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებაში მხრეები უთითებენ, რომ ნასყიდობის საფასური სრულად გადახდილია. ამდენად გ------- ზ-----ემ ვერ შეძლო იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც სადავო გარიგების თვალთმაქცურად მიჩნევის საფუძველი გახდებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი, მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური, მეორე რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია, თუმცა ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია, მხარეთა რელური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში მხარეები ვერ ერკვევიან რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურდათ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თავლთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ. (სუსგ №ას-976-908-2017, 22.01.2018, # ას 871-821-2015, 05.02.2016წ;).

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით, ვერ დაასაბუთა ნასყიდობის თვალთმაქცური ხასიათი. სადავო გარიგების ბათილად ცნობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს. ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე უნდა დაამტკიცოს მან ვისაც მიაჩნია, რომ თვალთმაქცურად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო გარიგების დადებით მიღწეული სამართლებრივი შედეგი ლეგიტიმურია და არ არსებობს მისი თვალთმაქცურად მიჩნევის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი წინაპირობები.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. უფლების მართლზომიერად განხორციელება ნიშნავს სასამართლო დავაში მონაწილე პირთა უფლების თანაზომიერად დაცვას. დავის გადაწყვეტისას სამართლის ნორმათა შეფასებას ისე, რომ არ დაირღვეს რომელიმე მხარის კანონით დაცული უფლება.

 

ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.

განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ სადავო ნივთზე საკუთრების უფლება მოიპოვა და ასეთად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია თ-------- ზ-----ე.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი აბზაცის მიხედვით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის დანაწესის მიხედვით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი სარჩელი არის ვინდიკაციური, რომლითაც მესაკუთრე ახდენს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მისი საკუთრების ვინდიცირებას, მისი გამოთხოვის გზით. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს.

 

დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

 

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით დადგენილია, რომ ა---––--ე, კ-–----–---–ის ქუჩა N--ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი 62.--.--.---, 03.02.2017 წლიდან, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თ-------- ზ-----ის სახელზე.

 

თ-------- ზ-----ის კუთვნილ ნივთს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე - გ------- ზ-----ე.

 

სადავო ნივთზე თ-------- ზ-----ეს გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება, მოსარჩელე აღრიცხულია სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ.

 

ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ არ არსებობს მოპასუხის, სადავო ბინის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევის საფუძველი. ხოლო, სხვა დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ მას აქვს სადავო ნივთის ფლობის უფლება მოპოვებული, საქმის მასალებით ვერ დგინდება. საქმის მასალებით ვერ დასტურდება, რომ დღეის მდგომარეობით, მოპასუხეს აღნიშნული ნივთის მართლზომიერად ფლობის უფლება გადაეცა მესაკუთრისგან და არის ნაწარმოები თვით მესაკუთრის მფლობელობიდან (მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ნივთი მოპასუხისათვის მიქირავებით, ან განათხოვრებით).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა მისი საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისთვის ჩაბარების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხე გ------- ზ-----ეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. თ-------- ზ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე გ------- ზ-----ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას ა---––--ე, კ-–----–---–ის ქ. N--ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი 62.--.--.--- და უძრავი ნივთი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს – თ-------- ზ-----ე.

 

3. გ------- ზ-----ის შეგებებული სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ჩუქების ხელშეკრულებად ჩათვლის და აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მოპასუხე გ------- ზ-----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი