გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.10.2018
საქმის ნომერი
820210018002408358
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820210018002408358

№2-222/18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23.10.2018 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი სოფია კობახიძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე: შპს მისო „ბ------–-“

მოსარჩელის წარმომადგენელი: მ-------- ქ-------ე

 

მოპასუხეები: შ------ ხ-----–ია, ზ----- ხ-----–ია, ნ-----–- რ-------, ს------- ხ-----–ია, მ---- ხ-----–ია

მოპასუხის წარმომადგენელი: ე---–--- მ--------

 

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია

 

აღწერილობითი ნაწილი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შ------ ხ-----–იას შპს მისო „ბ------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 7507,94 აშშ დოლარის გადახდა;

1.2. შ------ ხ-----–იას შპს მისო „ბ------–-ს“ სასარგებლოდ ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის 3331 აშშ დოლარის 3%-ის - 99,93 აშშ დოლარის გადახდა 13.04.2017 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე.

1.3. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო ძირი თანხის 3331 აშშ დოლარის 0,07 % აშშ დოლარის ოდენობით 13.04.2017 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე.

1.4. აღნიშნული ვალდებულების დაფარვის მიზნით მოხდეს იპოთეკით დატვირთული შ------ ხ-----–იას, ზ----- ხ-----–იას, ნ-----–- რ------ის, ს------- ხ-----–იას, მ---- ხ-----–იას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ხელვაჩაური, სოფელი მ------------ (ს/კ 2-----------) იძულებით რეალიზაცია.

1.5. ასევე, მოპასუხეს დაეკისროს შპს მისო „ბ------–-ს“ მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 980 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯი 500 ლარის გადახდა.

 

1.6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსრულებას.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლის 30 სექტემბერს, შპს მისო „ბერმელსა“ და შ------ ხ-----–იას შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება №23-#2/2013, რომლის მიხედვითაც, შპს მისო „ბერმელმა“ შ------ ხ-----–იას დაუმტკიცა საკრედიტო ხაზის ლიმიტი 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარზე.

 

2013 წლის 30 სექტემბერს, შპს მისო „ბერმელსა“ და მოპასუხეს შორის გაფორმდა №1976 სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შპს მისო „ბერმელმა“ სესხის სახით გადასცა 4000 აშშ დოლარი 3% სარგებლით. პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0,07 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

აღნიშნული ხელშეკრულებით შ------ ხ-----–იას მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეებს შორის 2013 წლის 24 სექტემბერს №24-N2 იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა შ------ ხ-----–ია, ზ----- ხ-----–ია, ნ-----–- რ-------, ს------- ხ-----–ია, მ---- ხ-----–იას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ხელვაჩაური, სოფელი მ------------ (ს/კ 2-----------).

 

აღნიშნული ხელშეკრულებებით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება სესხის ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად გადაიხდიდა ყოველთვიურად კლებადი გრაფიკის შესაბამისად, ან მინიმუმ ყოველთვიურად გადაიხდიდა სესხის ყოველთვიურ საპროცენტო სარგებელს მაინც. მოსარჩელემ მოპასუხეს არაერთხელ მიმართა თანხის დაბრუნების თხოვნით, მაგრამ სახელშეკრულებო ვალდებულება მოპასუხის მიერ არ შესრულებულა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი სცნო ნაწილობრივ, კერძოდ, ძირითადი თანხისა და სარგებლის გადახდის ნაწილში ცნო, ხოლო დარჩენილ ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 30 სექტემბერს, შპს მისო „ბერმელსა“ და შ------ ხ-----–იას შორის საკრედიტო ხაზის №23-№2/2013 ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, შ------ ხ-----–იას დაუმტკიცდა საკრედიტო ხაზის ლიმიტი 4000 აშშ დოლარზე.

 

3.1.2. 2013 წლის 30 სექტემბერს, შპს მისო „ბერმელსა“ და შ------ ხ-----–იას შორის გაფორმდა №1976 სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შპს მისო „ბერმელმა“ სესხის სახით გასცა 4000 აშშ დოლარი 3% სარგებლით. პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0,07 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.1.3. 2013 წლის 24 სექტემბერს, სესხის უზრუნველყოფის მიზნით, მხარეებს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხეების შ------ ხ-----–იას, ზ----- ხ-----–იას, ნ-----–- რ------ის, ს------- ხ-----–იას, მ---- ხ-----–იას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ხელვაჩაური, სოფელი მ------------ (ს/კ 2-----------).

 

3.1.4. შ------ ხ-----–იას არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულება სრულად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა შპს მისო „ბ------–-ს“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე მუხლები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი, აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მოპასუხემ სარჩელი სესხის ხელშეკრულების ძირითადი თანხის - 3331. 00 აშშ დოლარისა და სარგებელი - 1899.94 აშშ დოლარის ნაწილში ცნო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მისო „ბ------–-ს“ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია.

 

6.3. პირგასამტეხლო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ დაირღვა 2013 წლის 30 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც ამავე ხელშეკრულების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებს შპს მისო „ბერმელს“ გამოიყენოს მის მიმართ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. პირგასამტეხლოს თავისებურებიდან გამომდინარე, რომელიც მისი ოდენობის ზრდით ხასიათდება, სამოქალაქო კოდექსი უტოვებს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, რათა არ მოხდეს კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრება, რაც თავის მხრივ დაარღვევს მხარეთა შორის არსებულ დაბალანსებულ ურთიერთობას.

 

მოცემულ საქმესთან მიმართებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს მოცულობა არ შეესაბამება გონივრულობის სტანდარტს და უნდა შემცირდეს.

6.2. სასარჩელო მოთხოვნაზე, კერძოდ, შ------ ხ-----–იას, ზ----- ხ-----–იას, ნ-----–- რ-------ს, ს------- ხ-----–იას, მ---- ხ-----–იას შპს მისო „ბ------–-ს“ სასარგებლოდ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს ყოველთვიურად, ძირითად თანხაზე 3331 დოლარზე, აღსრულებამდე ყოველთვიური 3%-ის სარგებლის გადახდა, ასვე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო 0.07 % ოდენობით სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე, აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს შემდეგს: მოსარჩელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ამ მოთხოვნების ფარგლებში, არ არის წარმოდგენილი საკმარისი ფორმით, რომ განისაზღვროს მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მსგავსი შინაარსით უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსის როგორც 403-ე მუხლი, ისე ამავე კოდექსის 411-ე მუხლი. მოთხოვნის აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისადმი შესაბამისობას განსაზღვრას სარჩელის ფაქტობრივი ნაწილი. მოსარჩელე ვალდებულია, სასამართლოს მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომელიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას, რადგან მოთხოვნა არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოცემულია კანონით გათვალისწინებული წინაპირობები. შპს მისო „ბ------–-ს“ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას სავალდებულო წინაპირობების სახით, რაც შესაძლებლობას მისცემს სასამართლოს შეაფასოს მოთხოვნა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ შპს მისო „ბ------–-“ ცდილობს უფლების დაცვას სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის შინაარსით, მას სავალდებულო წესით უნდა მიეთითებინა ის აუცილებელი წინაპირობები რომლებიც ქმნიან აღნიშნული მუხლის ნორმატიულ შინაარს (მათ შორის შეთანხმება და ა.შ.). ანალოგიური ვითარებაა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლთან მიმართებით. ამის სანაცვლოდ, სარჩელი ამ ნაწილში, მხოლოდ მშრალი მოთხოვნის სახით არის დეკლარირებული.

გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომელიც მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას აწესრიგებს, განსაზღვრავს რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრვი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. შესაბამისად, დაუსაბუთებელია რატომ შეადგენს შპს მისო „ბ------–-ს“ დამატებითი მატერიალური სიკეთე ყოველთვიური 3%, რადგან იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე შეასრულებდა ვალდებულებას მოსარჩელე მაინც ვერ მიაქცევდა ამ ფულად სახსრებს ბრუნვაში სარგებლის იმავე მოცულობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

2013 წლის 30 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით მხარეებს შორის დადებულ იქნა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, იპოთეკით დაიტვირთა შ------ ხ-----–იას, ზ----- ხ-----–იას, ნ-----–- რ------ის, ს------- ხ-----–იას, მ---- ხ-----–იას საკუთრებაში არსებული ხელვაჩაური, სოფელი მახინჯაურში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი: 2-----------).

 

სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი და პირველი პრიმა ნაწილების თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

წინამდებარე გადაწყვეტილებით, დადგენილია, რა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, შპს მისო „ბ------–-ს“ შუამდგომლობა მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს: შ------ ხ-----–იას, ზ----- ხ-----–იას, ნ-----–- რ------ის, ს------- ხ-----–იას, მ---- ხ-----–იას საკუთრებაში არსებული ხელვაჩაური, სოფელი მახინჯაურში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი: 2-----------) უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეების მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, 3331 აშშ დოლარის და პროცენტის ნაწილში ცნო.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, რადგან შპს მისო „ბ------–-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შ------ ხ-----–იამაც სარჩელი სცნო ნაწილობრივ, მას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 207 ლარის ანაზღაურება, ხოლო 194 ლარი შპს მისო „ბერმელს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს მისო „ბ------–-ს“ სარჩელი შ------ ხ-----–იას, ზ----- ხ-----–იას, ნ-----–- რ------ის, ს------- ხ-----–იას, მ---- ხ-----–იას მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. შ------ ხ-----–იას შპს მისო „ბ------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 5600 აშშ დოლარის და 94 ცენტის გადახდა, საიდანაც, 3331 აშშ დოლარი წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად დავალიანებას, 1899,94 აშშ დოლარი წარმოადგენს დარიცხულ პროცენტს, დანარჩენი დარიცხულ პირგასამტეხლოს.

 

2. შპს მისო „ბ------–-ს“ სარჩელი შ------ ხ-----–იას მიმართ ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის 3331 აშშ დოლარის 3%, 99, 93 აშშ დოლარის გადახდა 13.04.2017 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე და პირგასამტეხლოს ძირი თანხის 3331 აშშ დოლარის 0.07 % ოდენობით 13.04.2017 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

3. შ------ ხ-----–იას დაეკისროს შპს მისო „ბ------–-ს“ სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 207 ლარის ანაზღაურება;

4. შპს მისო „ბერმელს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2017 წლის 19 აპრილს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 980 ლარიდან - 194 ლარი,5 შ------ ხ-----–იას შპს მისო „ბ------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურეობის საფასურის 250 ლარის გადახდა.

 

6. შპს მისო „ბ------–-ს“ სარჩელი შ------ ხ-----–იას მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს: შ------ ხ-----–იას, ზ----- ხ-----–იას, ნ-----–- რ------ის, ს------- ხ-----–იას, მ---- ხ-----–იას საკუთრებაში არსებული ხელვაჩაური, სოფელი მახინჯაურში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი: 2-----------) - დაკმაყოფილდეს.

ასევე სრულად დაუკმაყოფილების შემთხვევაში შ------ ხ-----–იას საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონება;

 

7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე:

ხვიჩა კიკილაშვილი