გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.10.2018
საქმის ნომერი
140210018002336780
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
26.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140210018002336780

№2/420-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

 

მოსარჩელეები - ე------------------–---–ი (მონაწილეობის გარეშე)

ლ------------–---–ი (მონაწილეობის გარეშე)

წარმომადგენელი - ი-----–-------ე

მოპასუხე - ე--------–---–---–ი (მონაწილეობის გარეშე)

წარმომადგენელი - ტ-------------ე

 

დავის საგანი - თანხის გადახდილად აღიარება და სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. 2014 წლის 05 სექტემბერს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ძირი თანხიდან 10 000 აშშ დოლარიდან 8 800 აშშ დოლარის გადახდილად აღიარება და შესაბამისი ცვლილების შეტანა ნოტარიუს ლ-----------–---–ის მიერ 2018 წლის 08 თებერვალს გაცემულ №180128182 სააღსრულებო ფურცელში იმგვარად, რომ სესხის ძირითად გადასახდელ თანხად მიეთითოს 1 200 აშშ დოლარი.

 

2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ლ------------–---–მა 2014 წლის 05 სექტემბერს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელისგან მიიღო 10 000 აშშ დოლარი ყოველთვიური 3,68%-იანი სარგებლით, თუმცა რეალურად მოსარჩელე იხდიდა 5%-ს. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელე ეკატერინე აბრამიშვლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: 66.45.22.094. მოსარჩელე ლ------------–---–მა მოპასუხეს გადაუხადა 8800 აშშ დოლარი ძირის სახით, ანუ დარჩენილი აქვს 1200 აშშ დოლარი. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მთლიან თანხაზე (10 000 აშშ დოლარი) და ნოტარიუსმა 2018 წლის 08 თებერვალს გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეებს დაეკისრათ 9 555 აშშ დოლარის და 124.36 ლარის გადახდა ისე, რომ სააღსრულებო ფურცელში არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადახდილი თანხები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ მხოლოდ ერთჯერადად, 2015 წლის მარტში ერთიანად გადაიხადა მხოლოდ 6800 აშშ დოლარი, საიდანაც ოთხივე იპოთეკარმა, კერძოდ: ე--------–---–---–მა, თამარ ტლაშაძემ, ნინო შახპარუნოვამ და ინგა აზალაძემ გაინაწლა აღნიშნული თანხა და ამ 6800 აშშ დოლარიდან მას მიღებული აქვს 3000 აშშ დოლარი, რომელიც სააღსრულებო ფურცლის გაცემისას გათვალისწინებულია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2014 წლის 05 სექტემბერს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ლ------------–---–მა ე--------–---–---–ისაგან, თამარ ტლაშაძისაგან, ნინო შახპარუნოვასაგან და ინგა აზალაძისაგან სესხის სახით მიიღო 22 000 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით, ყოველთვიურად თანხის 3,68%-ის გადახდით, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ე------------------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ.გორი, თელავის ქუჩა №7, ს/კ 66.45.22.094.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

 

- 2014 წლის 05 სექტემბრის ხელშეკრულება

- გორის რაიონული სასამართლოს 18.04.2017წ. გადაწყვეტილება

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 08 თებერვალს ე--------–---–---–ის მიმართვის საფუძველზე ნოტარიუს ლ-----------–---–ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის და სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ, სადაც კრედიტორად მიეთითა ე--------–---–---–ი, ხოლო მოვალედ - ლ------------–---–ი და ე------------------–---–ი. სააღსრულებო ვალდებულებათა მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 7000 აშშ დოლარის ოდენობით, პირგასამტეხლო - 2555 აშშ დოლარი, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 124,36 ლარით და აღსრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯით.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

 

- 2018 წლის 08 თებერვლის სააღსრულებო ფურცელი

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2014 წლის 05 სექტემბერს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლ------------–---–მა გადაიხადა 6800 აშშ დოლარი, რომელიც იპოთეკარების მიერ გადანაწილდა შემდეგნაირად: ე--------–---–---–მა მიიღო 3000 აშშ დოლარი, ნინა შახპარუნოვამ 1800 აშშ დოლარი, ინგა აზალაძემ 1500 აშშ დოლარი და თამარ ტლაშაძემ 500 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

 

- 05.09.2014 წ. სესხის ხელშეკრულებაზე დატანილი ხელწერილი

- მოწმეთა ჩვენებები

 

- სარჩელზე დართული 05.09.2014 წ. სესხის ხელშეკრულების ბოლო გვერდზე შესრულებულია ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც იპოთეკარებმა თამარ ტლაშაძემ, ინგა აზალაძემ, ნინა შახპარუნოვამ და ე--------–---–---–მა მიიღეს 6800 აშშ დოლარი და დარჩენილია ძირი თანხა 15 200 აშშ დოლარი. აღნიშნულ ხელწერილს ხელს აწერენ იპოთეკარები ინგა აზალაძე, ნინა შახპარუნოვა, ეთერ ბეჟანაშვვილი და თამარ ტლაშაძის შვილი მზია ტლაშაძე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ ხელწერილზე ხელმომწერი პირები და მათ დაადასტურეს ლ------------–---–ის მხრიდან მათთვის 6800 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი და მიუთითეს იმ თანხის ოდენობა, რომელიც კონკრეტულად მათ მიიღეს, კერძოდ; ე--------–---–---–მა - 3000 აშშ დოლარი, ნინა შახპარუნოვამ - 1800 აშშ დოლარი, ინგა აზალაძემ - 1500 აშშ დოლარი და თამარ ტლაშაძემ - 500 აშშ დოლარი.

 

3.2.2. 2014 წლის 05 სექტემბრის ხელშეკრულებიდან ე--------–---–---–ის მიმართ სესხის ძირითადი თანხის - 10000 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში არ არის შესრულებული სრულად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).

 

მოცემულ შემთხვევაში, 2014 წლის 05 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლ------------–---–ის მიერ ე--------–---–---–ის სესხის თანხის - 8800 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში წარმოადგენს მოსარჩელის, ლ------------–---–ის მტკიცების ტვირთს. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელე მიუთითებს სესხის გაანგარიშებაზე, სადაც ბუნდოვნად და არათანმიმდევრულად არის აღნიშული თანხის მიღების პერიოდი. ასევე ცალსახად არ იკვეთება ვის მიერ არის თანხები გადახდილი და კონკრეტულად რომელი ვალდებულების შესასრულებლად, რაც ვერ მიიჩნევა ლ------------–---–ის მიერ სესხის თანხიდან - 8800 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხელშერილზე ხელმომწერმა პირებმა დაადასტურეს 6800 აშშ დოლარის ლ------------–---–ისაგან მიღება, თუმცა მათი ჩვენებით დაადგინდა რომ ეს თანხა გადაანაწილდა ყველა იპოთეკარზე. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ მოპასუხე ზემოაღნიშნულ გარემოებას ნაწილობრივ ადასტურებს, კერძოდ, 3000 აშშ დოლარის გადადის ნაწილში.

 

ამდენად, მოსარჩელეს თავისი ახსნა-განმარტების გარდა, სხვა მტკიცებულება სადავო თანხის გადახდასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია. მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ანალიზით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ------------–---–ის მიერ გადახდილი თანხა წარმოადგენს 2014 წლის 05 სექტემბერს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იპოთეკარებისათვის გადახდილ თანხას, რომელიც მათ მიერ გადანაწილებულ იქნა პროპორციულად და აღნიშნული თანხიდან ე--------–---–---–მა მიიღო 3000 აშშ დოლარი.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ------------–---–მა ვერ შეძლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულებების წარმოდგენა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლები;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 302-ე 316-317ე, 327-ე, 361-ე, 623-ე მუხლები;

 

,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა გამომდინარეობს 2014 წლის 05 სექტემბრის სანოტარო წესით დადასტურებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მისი საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

ამდენად, იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება, წარმოადგენს მყარ გარანტიას, რომელიც ეძლევა კრედიტორს სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკით დატვირთული ნივთიდან იმ შემთხვევაში, როცა მოვალე არ, ან ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 05 სექტემბერს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ლ------------–---–მა ე--------–---–---–ისაგან, თამარ ტლაშაძისაგან, ნინო შახპარუნოვასაგან და ინგა აზალაძისაგან სესხის სახით მიიღო 22 000 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით, ყოველთვიურად თანხის 3,68%-ის გადახდით, ამ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ე------------------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ.გორი, თელავის ქუჩა №7 ს/კ 66.45.22.094.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ე--------–---–---–ის მოთხოვნები უზრუნველყოფილია იპოთეკით. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთულია ე------------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

დადგენილია, რომ მსესხებელს კრედიტორის მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ დაუკმაყოფილებია. ლ------------–---–მა დაარღვია 2014 წლის 05 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ე--------–---–---–ის მიმართ სესხის დაბრუნების თაობაზე.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 ქვეპუქნტის მიხედვით კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

6.7. ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით კრედიტორს შეუძლია აღსრულება დაიწყოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 08 თებერვალს ე--------–---–---–ის მიმართვის საფუძველზე ნოტარიუს ლ-----------–---–ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის და სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ, სადაც კრედიტორია ეთერ ბეჯანიშვილი ხოლო მოვალე - ლ------------–---–ი და ე------------------–---–ი. სააღსრულებო ვალდებულებათა მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 7000 აშშ დოლარის, პირგასამტეხლო - 2555 აშშ დოლარის ოდენობით, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯით - 124,36 ლარი და აღსრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯით.

 

რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას, რომ მან სესხის ძირი თანხა 8800 აშშ დოლარი გადაიხადა და გადასახდელი დარჩა მხოლოდ 1200 აშშ დოლარი, მოსარჩელემ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული გარემოება ვერ დაადასტურა, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად ასევე იზიარებს მოწმეთა ჩვენებებს, რომელთა შეფასება ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მოწმეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ------------–---–ის მიერ გადახდილი თანხა წარმოადგენდა 2014 წლის 05 სექტემბერს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იპოთეკარებისათვის გადახდილ თანხას, რომელიც მათ მიერ გადანაწილებულ იქნა პროპორციულად და აღნიშნული თანხიდან ე--------–---–---–მა მიიღო მხოლოდ 3000 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემისას კი აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია.

 

ამდენად, სარჩელი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებასთან დაკავშირებული საკითხები

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით შეჩერდა ნოტარიუს ლ-----------–---–ის მიერ 2018 წლის 08 თებერვალს გაცემული № 180128182 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე 2018 წლის 14 თებერვლის № 18018175-004/001 სააღსრულებო წარმოება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე, 1991-ე მუხლის პირველი ნაწილით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ლ------------–---–ის და ე------------------–---–ის სარჩელი მოპასუხე ე--------–---–---–ის მიმართ, სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანისა და თანხის გადახდილად აღიარების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინება ნოტარიუს ლ-----------–---–ის მიერ 2018 წლის 08 თებერვალს გაცემული № 180128182 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე 2018 წლის 14 თებერვლის № 18018175-004/001 სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ.

 

3. მოსარჩელეებს: ლ------------–---–ს და ე------------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 427 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდ. გორი, ჯორბენაძის ქ. №30).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი