გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3533-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე ეთ----------------
წარმომადგენელი ზა------------–---
დამოუკიდებელი მოთხოვნის
გარეშე მესამე პირი მა------------–---–- (არ გამოცხადდა)
მოპასუხე ლი--------–---–-
წარმომადგენელი ფ-------------–---–--
დავის საგანი ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2015 წლის 03 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესასრულებლად გადახდილი 4800 აშშ დოლარის ჩათვლა ძირითადი თანხის ანგარიშში გადახდილად და კრედიტორის ლი--------–---–-ს მიმართ, გადასახდელ სესხის ძირითად თანხად განისაზღვროს 5200 აშშ დოლარი.
1.2. გაუქმდეს ნოტარიუს თ--------------------–-ძის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი ნაწილობრივ, 4800 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და სესხის ძირითადი თანხის გადასახდელ მოცულობად განისაზღვროს 5200 აშშ დოლარი.
1.3. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 900 აშშ დოლარით.
2015 წლის 03 ნოემბერს ნა---------–----, ლ---------–---–სა და მსესხებელს ეთ----------------ს შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ლ---------–---–მა მსესხებელს ასესხა 10 000 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით, 2016 წლის 3 მაისამდე, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3%-ის დარიცხვით.
სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება უზრუნველყოფილია მსესხებლის ე-----------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე, მ. მ----------- N----–----------–- 36.64 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომი (სამზარეულო 9.5კვ.მ, ოთახი 20.32 კვ.მ, აბაზანა -საპირფარეშო 3.5კვ.მ. ეზოში განთავსებული სათავსო 3.12 კვ.მ.). იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
სესხის ხელშეკრულების განმავლობაში 2015 წლის 3 ნოემბრიდან 2016 წლის 3 მაისის ჩათვლით გამსესხებელს ლ---------–---–ს სარგებლის სახით გადაუხადა 1800 აშშ დოლარი.
მსესხებელი ვერ ახერხებდა სესხის დაბრუნებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, რის გამოც იძულებული გახდა დათანხმებოდა სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელებაზე და გააგრძელა პროცენტის გადახდა. სესხის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი შეთანხმება არ გაფორმებულა. მსესხებელს გამსესხებლის ლი--------–---–-ს სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი აქვს 4800 აშშ დოლარი.
კრედიტორის ლი--------–---–-ს განცხადების საფუძველზე, ნოტარიუსმა თ--------------------–-ძემ 2017 წლის 02 დეკემბერს გასცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------), რომლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2017 წლის 02 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს: სესხის ძირი თანხა 10 000 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 1500 აშშ დოლარს.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო 1500 აშშ დოლარის ოდენობით, კაბალურია და მისი შემცირება უნდა მოხდეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 000 აშშ დოლარის 0.1%-ის ოდენობით, რაც სამ თვეზე შეადგენს 900 აშშ დოლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. 2.1. მოპასუხემ სადავოდ გახადა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, მსესხებლის მიერ 4800 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი და განმარტა, რომ მას მხოლოდ 300 აშშ დოლარი აქვს გადახდილი, რაც ჩაითვალა პირგასამტეხლოში. 2.2. ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა კრედიტორმა შეამცირა, მოთხოვნის წარმოშობიდან 2016 წლის 3 მაისიდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე -2017 წლის 03 დეკემბრამდე 426 დღეზე, გადაუხდელი ძირითადი თანხის 10 000 აშშ დოლარის 0.15% შეადგენს 6390 აშშ დოლარს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ნა---------–----, ლ---------–---–სა და ეთ----------------ს შორის 2015 წლის 03 ნოემბერს გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამსესხებლებმა ლ---------–---–მა, მსესხებელს ეთ----------------ს ასესხა 10 000 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით, 2016 წლის 03 მაისამდე. სესხით სარგებლობისათვის განისაზღვრა ყოველთვიური 3%.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 6).
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. (ს.ფ. 27- 31).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის, ე-----------------ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, მ. მ----------- N----–----------–-: 36.64 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომი (სამზარეულო 9.5 კვ.მ, ოთახი 20.52 კვ.მ, აბაზანა-საპირფარეშო 3.5 კვ.მ, ეზოში განთავსებული სათავსო 3.1 კვ.მ.) მიწის საკადასტრო კოდი: N0--1-.2-.---.---- იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 29).
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 39-40).
3.2.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-12 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულების დამრღვევი მხარე იხდის პირგასამტეხლოს ძირითადი თანხის 0.15%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 30).
3.2.3. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-10 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვალის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილია მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 30).
3.2.4. 2017 წლის 02 დეკემბერს ნოტარიუსმა თ--------------------–-ძემ კრედიტორის ლი--------–---–-ს განცხადების საფუძველზე, გასცა სააღსრულებო ფურცელი, (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------), რომლის თანახმად, მოვალეა: ეთ----------------, მესაკუთრე: მა------------–---–-. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხა 10 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1500 აშშ დოლარი, აგრეთვე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126.72 ლარი. დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაცია. სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველია 2015 წლის 03 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 34).
3.2.5. 2017 წლის 06 დეკემბერს კერძო აღმასრულებელმა მ------------------მ წერილით მიმართა მოვალე ეთ----------------ს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
კერძო აღმასრულებლის გაფრთხილება (ს.ფ.35-38).
3.2.6. ე-----------------ის მიერ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4500 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი არ დგინდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის პირობებში, რაც უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით განსაზღვრულ გარემოებებს, დასახელებული მატერიალური ნორმა არ ითვალისწინებს ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის კონკრეტულ სამართლებრივ მექანიზმს. თუმცა, რადგან საქმე ეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, რომლის განხორციელების შემდეგაც წყდება ვალდებულებითი ურთიერთობა (სკ მ. 427), სადავოობის შემთხვევაში ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, როგორიცაა თანხის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი ან სხვა. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ვალის გადახდა ხდება პერიოდულად, ნაწილ-ნაწილ, მაშინ დოკუმენტი მისი ბოლო ნაწილის გადახდის შესახებ, ვიდრე სხვა რამ არ დადასტურებულა, იძლევა იმის ვარაუდს, რომ გადახდილია წინა ნაწილიც. ვალდებულების შესრულების თაობაზე მტკიცების ტვირთი როგორც წესი მოვალეს აკისრია, მას სჭირდება მტკიცებულება იმისათვის, რომ მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს.
მსესხებელმა კრედიტორის წინაშე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4500 აშშ დოლარის გადახდის დასადასტურებლად წარმოადგინა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე გაკეთებული ჩანაწერები, რომელთა მიხედვით, აღნიშნულია, რომ მხარეთა შეთანხმებით გაგრძელდა ხელშეკრულება, ასევე აღნიშნულია თარიღები, გვერდის ბოლოს ე-------------------ის ხელმოწერა. ხელშეკრულების ბოლო გვერდზე უკანა მხარეს, გაკეთებულია ჩანაწერები, თარიღებისა და ციფრების მითითებით, ერთ შემთხვევაში, თარიღისა და ციფრის 300-ის გასწვრივ დაფიქსირებულია ლი--------–---–-ს ხელმოწერა. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ჩანაწერების შინაარსიდან გამომდინარე, არ დგინდება, კრედიტორის ლი--------–---–-ს მიერ მოვალისაგან 4500 აშშ დოლარის მიღების ფაქტი. სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი ჩანაწერებით არ დასტურდება, რომ გამსესხებელმა მსესხებლის - ე-----------------ისაგან სესხის ხელშეკრულების ფარგლებში მიიღო სადავო 4500 აშშ დოლარი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილად მიიჩნია, რომ სააღსრულებო ფურცლით დადგენილი სესხის ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს ოდენობა შეესაბამება სააღსრულებო ფურცლით დადგენილი დავალიანების მოცულობას, ამასთან, სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულია, რის გამოც მოსარჩელეს სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის მოთხოვნაზე უარი უნდა ეთქვას.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე, 316-ე, 623-ე, 427-ე მუხლებით.
”ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლით;
”სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის მე-7 მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასებათ
6.1. ”ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
”ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მესამე პრიმა ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, რის საფუძველზეც მსესხებელს ეთ----------------ს წარმოეშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ნასესხები თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაბრუნების ვალდებულება. დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიღო სესხის ძირი თანხა ლი--------–---–-საგან 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისათვის 2017 წლის 02 დეკემბრისათვის გადასახდელი ჰქონდა სესხის ძირითადი თანხა 10 000 აშშ დოლარი, რომელსაც ხელშეკრულების მე-12 პუნქტის შესაბამისად, ერიცხებოდა პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0.15%, რაც ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 2016 წლის 03 მაისიდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე - 2017 წლის 02 დეკემბრამდე გადაცილებულ 426 დღეზე შეადგენს 6 390 აშშ დოლარს, კრედიტორის მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 1500 აშშ დოლარს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, კრედიტორის მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულია როგორც დავალიანების ძირ თანხასთან, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის ოდენობასთან მიმართებაში და არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.
ამდენად, სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში მითითებული აღსასრულებელი დავალიანების მოცულობა სესხის ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს ნაწილში შეესაბამება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის მიერ გამსესხებლის წინაშე, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისათვის არსებული დავალიანების მოცულობას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი კანონის მოთხოვნათა დაცვით არის გაცემული და არ არსებობს 5400 აშშ დოლარის ნაწილში, მისი გაუქმების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 1991, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე-----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. დაეკისროს მოსარჩელე ეთ----------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 44.28 ლარის გადახდა.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია