გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.07.2018
საქმის ნომერი
330310018002391814
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/2187-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - გ-----------–--ე

 

მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - თ--------–--ე

 

მესამე პირი - სსიპ ქონების მართვის სააგენტო

წარმომადგენელი - რ------------–---–ი

 

დავის საგანი - კომპენსაციის გაცემა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

დაევალოს მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელისათვის, როგორც წყალდიდობის შედეგად დაზარალებულის პირისათვის, კომპენსაციის ანაზღაურება 100 000 (ასიათასი) აშშ დოლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 13 ივნისს, ქ. თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალდა, დაკარგა ყველაფერი, რაც გააჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისაგან მიიღო დაპირება, რომ საცხოვრებელი ბინით, ავეჯითა და ტექნიკით უზრუნველყოფდა, 30 დღის განმავლობაში განათავსა სასტუმრო „ტ----ში“ და ბინის დასაქირავებლად გადასცა 500 (ხუთასი) ლარი, მომავალში „დაზარალებულის“ სტატუსიც კი არ მიანიჭა. მისი განმარტებით, ვინაიდან არის მძიმე ავადმყოფი და წყალდიდობის შედეგად მიადგა ზიანი, მოითხოვს კომპენსაციის გაცემას 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით.

 

2. მხარეთა პოზიციები:

 

2.1. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძვლები; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისის №17-66 დადგენილებით განსაზღვრული წესის მიზნებისათვის, მოსარჩელე არ წარმოადგენს დაზარალებულ პირს. ამასთან, მითითებული დადგენილების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, გ-----------–--ეს, რომელიც სტიქიის არელაში მდებარე უძრავი ქონების დამქირავებელს წარმოადგენდა და 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაუზიანდა/დაეკარგა მის მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონება/ნივთები, გადაეცა ერთჯერადი ფულადი დახმარება 4000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით. საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება სტიქიის შედეგად გ-----------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფაქტი, რის გამოც მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია:

 

მესამე პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დაზარალებულთათვის შეიმუშავა შესაბამისი წესი. ამ უკანასკნელის საფუძველზე დარეგულირდა 2015-2018 წლების ბიუჯეტიდან გარკვეული თანხის დაზარალებული ოჯახებისათვის გადაცემის წესი. ამავე წესით განისაზღვრა დაზარალებული პირის ცნება და კატეგორიები, ვის შეიძლებოდა მიეღო შესაბამისი კომპენსაცია. ამასთან, სადავო არ არის, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა სტიქიის არეალში მდებარე უძრავი ქონების დამქირავებელს, რომელსაც მის მფლობელობაში არსებული ნივთების დაზიანების/დაკარგვის გამო გადაეცა ერთჯერადი ფულადი დახმარება 4000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით. ამდენად, გ-----------–--ის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 29 ოქტომბერს გაცემული საინფორმაციო ბარათით დგინდება, რომ 2015 წლის 30 ივნისიდან, გ-----------–--ე რეგისტრირებულია მისამართზე: ქ.------–-----–---------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 29 ოქტომბრის საინფორმაციო ბარათი №0------------ (ს.ფ. 27).

 

3.2. დადგენილია, რომ გ-----------–--ეს და მის მეუღლეს - ბ----------------ას ქ. თბილისში, წ----------------ში დაკავებული ჰქონდათ ერთი ოთახი, რომლის მესაკუთრეს წარმოადგენდა შ--–----------–---–ი. აღნიშნული ქონება, მათ შორის, პირადი ნივთები, განადგურდა ქ. თბილისში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 2018 წლის 10 მაისის წერილობითი ინფორმაციის თანახმად, სტიქიის არეალში მდებარე უძრავი ქონების დამქირავებელი გ-----------–--ე, რომელიც „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისის №17-66 დადგენილების მიზნებიდან გამომდინარე არ ითვლება დაზარალებულ პირად, თუმცა 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაეკარგა/დაუზიანდა მის მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონება/ნივთები, რის გამოც გამოეყო ერთჯერადი ფულადი დახმარება საოჯახო ნივთების შესაძენად, 4000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გ-----------–--ის 2015 წლის 15 ივლისის №1--------- განცხადება (ს.ფ. 65);

- გ-----------–--ის 2016 წლის 14 ივნისის №2-------- განცხადება (ს.ფ. 61);

- რ--------------------ის 2015 წლის 30 ივნისის №1------------- განცხადება (ს.ფ. 67);

- ლ-------------------ის 2015 წლის 30 ივნისის №1------------- განცხადება (ს.ფ. 68);

- 2015 წლის 30 ივნისის ინსპექტირების ოქმი (ს.ფ. 63-64);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 2015 წლის 08 ოქტომბრის №2------- წერილი (ს.ფ. 20);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 2015 წლის 22 დეკემბრის №2------- წერილი (ს.ფ. 70);

- 2015 წლის 17 ივნისის საგადახდო მოთხოვნა №0---- (ს.ფ. 71);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2018 წლის 10 მაისის №3------------- წერილი (ს.ფ. 55);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 24 დეკემბრის №0-------- წერილი (ს.ფ. 80-81);

 

3.3. გ-----------–--ემ, რომელიც სტიქიის არეალში ცხოვრობდა ქირით, 2015 წლის 11 აგვისტოს №1--------- განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა 8000 (რვაათასი) ლარით დახმარება, საჭირო ავეჯის, ტექნიკის, სხვადასხვა ნივთების შესაძენად.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 20 აგვისტოს №1--------- წერილით გ-----------–--ეს უარი ეთქვა 2015 წლის 11 აგვისტოს №1--------- განცხადებაში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან საცხოვრისით უზრუნველყოფისა და სხვა სახის ფულადი დახმარება გაიცემა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისის №17-66 დადგენილებით გათვალისწინებული კატეგორიებისა და ჯგუფების მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გ-----------–--ის 2015 წლის 11 აგვისტოს №1--------- განცხადება (ს.ფ. 77);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 20 აგვისტოს №1--------- წერილი (ს.ფ. 78-79).

 

3.4. გ-----------–--ემ 2015 წლის 07 აგვისტოს მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებელს და ბინის ქირის გადახდის მიზნით, მოითხოვა 500 (ხუთასი) ლარის პირად ანგარიშზე ჩარიცხვა, როგორც 2015 წლის 13-14 ივნისის დაზარალებული და ამავე დროს სოციალურად დაუცველი პირი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გ-----------–--ის 2015 წლის 07 აგვისტოს №2------ განცხადება (ს.ფ. 56);

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, მომზადების თარიღი: 19.05.2015წ. (ს.ფ. 58);

 

3.5. გ-----------–--ემ, როგორც ქ. თბილისში, 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულმა მოქირავნემ 2016 წლის 23 მაისს №1-------- განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებელს და მოითხოვა თანხის ჩარიცხვა.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 2016 წლის 13 ივნისის №2-------- წერილით გ-----------–--ეს უარი ეთქვა 2016 წლის 23 მაისის №1-------- განცხადებით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან მან ვერ წარადგინა ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, ქირავნობის ფაქტის დადასტურების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გ-----------–--ის 2016 წლის 23 მაისის №1-------- განცხადება (ს.ფ. 60);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 2016 წლის 13 ივნისის №2-------- წერილი (ს.ფ. 61).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი; მოქმედი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე კი პირს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.

 

მოცემულ შემთხვევაში გ-----------–--ის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია დასახელებული მუხლის საფუძველზე და ითხოვს მოპასუხეს დაევალოს მისთვის, როგორც წყალდიდობის შედეგად დაზარალებულისათვის, კომპენსაციის ანაზღაურება 100 000 (ასიათასი) აშშ დოლარის ოდენობით.

 

6.2. სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, მიუთითებს საქართველოს ორგანულ კანონზე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, რომლის 68-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ თბილისის საკრებულოს უფლებამოსილებას, ამ კანონით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების გარდა, აგრეთვე განეკუთვნება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

სასამართლო მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისის №17-66 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესი“ და რომელმაც დაარეგულირა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 – 2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამებიდან დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის პირობები, დაზარალებული ოჯახების სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კრიტერიუმები.

 

მითითებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წესის მიზანია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების აღმოჩენა და საცხოვრისით უზრუნველყოფა, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 - 2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამებიდან დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფისა და უძრავი ქონების დათმობასთან დაკავშირებულ პროცედურებს ახორციელებს თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), ხოლო სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემას ახორციელებენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოსა და ვაკის რაიონის გამგეობები (შემდგომში – გამგეობა) მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისის №17-66 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესი“ (გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი რედაქცია) ადგენს წესში გამოყენებულ ტერმინთა მნიშვნელობას, კერძოდ: ბ) დაზარალებული პირი (ოჯახი) – ეს არის კომისიის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეები, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სუბიექტები, რომლებსაც ქ.თბილისში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაენგრათ/დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლი/ბინა; დ) საცხოვრისი - მუდმივად საცხოვრებლად მოწყობილი და გამოყენებული, ერთი ან მეტი საცხოვრებელი ოთახისაგან შემდგარი ბინა.

 

წესის მე-3 მუხლი დაზარალებულ პირებს (ოჯახებს) ჰყოფს ორ კატეგორიად და სამ ჯგუფად, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაზარალებული პირები (ოჯახები) იყოფიან შემდეგ ძირითად კატეგორიებად: ა) I კატეგორია - დაზარალებული პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელი სახლი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიის შედეგად და არ ექვემდებარება რეაბილიტაციას; ბ) II კატეგორია - დაზარალებული პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია სტიქიის შედეგად, თუმცა ექვემდებარება რეაბილიტაციას. მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაზარალებული პირები (ოჯახები) იყოფიან შემდეგ ჯგუფებად: ა) I ჯგუფი - მესაკუთრეები; ბ) II ჯგუფი - ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელები (შემდგომში - მფლობელი); გ) III ჯგუფი - ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში/სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის მოსარგებლეები (შემდგომში - მოსარგებლე).

 

სასამართლო მითითებულ ნორმაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ წესი, რომელიც არეგულირებს სპეციალურ ურთიერთობას, ამომწურავად განსაზღვრავს დაზარალებულ პირთა წრეს, რომელთაც ქ. თბილისში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაენგრათ/დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლი/ბინა და რომელთაც უნდა მიიღონ შესაბამისი კომპენსაცია, კერძოდ, ქ. თბილისში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული პირის (ოჯახის) სტატუსი დაკავშირებულია ერთი მხრივ, შესაბამის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლზე პირის საკუთრების უფლებასთან, ხოლო მეორე მხრივ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფორმით სარგებლობის (მფლობელობის) უფლებასთან.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა მიხედვით, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა, ხოლო თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მათ შორის, მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მეუღლესთან ერთად სტიქიის ზონაში ცხოვრობდა მესამე პირის საკუთრებაში არსებულ ბინაში, ქირით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული კომპენსაციის მიზნებისათვის აუცილებელია დადგინდეს პირის დაზარალებულ პირად ცნობისათვის არსებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სტიქიის ზონაში სტიქიამდე ნამდვილად ფლობდა თუ არა მოქალაქე საცხოვრისს (უძრავ ქონებას, მიწის ნაკვეთს და საცხოვრებელ შენობა-ნაგებობას), ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში, რომელი სამართლებრივი საფუძვლით. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ გ-----------–--ე არ წარმოადგენდა კომისიის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს, ასევე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელს ან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის მოსარგებლეს, შესაბამისად, არ არსებობდა მისთვის დაზარალებული პირის სტატუსის მინიჭებისა და შესაბამისი კომპენსაციის გადახდის საფუძველი.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისს დამტკიცებული №17-66 წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს „სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესს“. წესის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სხვა სახის ფულადი დახმარება არის ფულადი დახმარება საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის ან ფულადი დახმარება საოჯახო ნივთების შესაძენად, რომლის გაცემასაც ამავე წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ახორციელებენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოსა და ვაკის რაიონის გამგეობები.

 

მითითებული წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, იმ პირებს (ოჯახებს), რომლებიც ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე არ ითვლებიან დაზარალებულ პირებად (ოჯახებად), თუმცა 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს კანონიერი საფუძვლის გარეშე ცხოვრობდნენ კომისიის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე და დაენგრათ მათ მფლობელობაში არსებული სახლები, შესაბამისი რაიონის გამგეობის მიერ მიეცემათ ერთჯერადად ფულადი დახმარება საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული თანხის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს შესაბამისი რაიონის გამგეობა, ხოლო თანხის მიღებისათვის სავალდებულო პირობას კი - 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს, კანონიერი საფუძვლის გარეშე კომისიის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე ცხოვრებისა და მფლობელობაში არსებული სახლების დანგრევის ფაქტები. ანუ მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს ე.წ. სტიქიის ზონაში იმ სახლის დანგრევა, რომელშიც დაინტერესებული პირი ფაქტობრივად ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ გ-----------–--ე ფაქტობრივად ცხოვრობდა უფლებამოსილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე, ე.წ. სტიქიის ზონაში, მას ეს უძრავი ქონება დაქირავებული ჰქონდა მესამე პირისგან, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ იყო უფლებამოსილი ორგანოს მიერ ერთჯერადად ფულადი დახმარების მიცემის საფუძველი.

სასამართლო კვლავ მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისს დამტკიცებული №17-66 წესის მე-5 მუხლზე, რომლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაბამისი რაიონის გამგეობის მიერ, ფულადი დახმარება ერთჯერადად, საოჯახო ნივთების შესაძენად, 1-2 წევრიანი ოჯახისთვის 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო 3 (სამი) და მეტ წევრიანი ოჯახისთვის 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, ასევე მიეცემათ სტიქიის არეალში მდებარე უძრავი ქონების დამქირავებლებს, რომლებიც ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე, არ ითვლებიან დაზარალებულ პირებად, თუმცა 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაეკარგათ/დაუზიანდათ მათ მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონება/ნივთები და აღნიშნული ჩანაწერის ამოქმედების დროისთვის იდენტიფიცირებულნი არიან შესაბამისი გამგეობის მიერ.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ გ-----------–--ეს და მის მეუღლეს ბ----------------ას, რომლებიც სტიქიის ზონაში ცხოვრობდნენ შ--–----------–---–ის საკუთრებაში, ქირით, ქ. თბილისში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად გაუნადგურდათ ნივთები.

 

ასევე, დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობამ სტიქიის არეალში მდებარე უძრავი ქონების დამქირავებელს გ-----------–--ეს, რომელიც „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისის №17-66 დადგენილებით დამტკიცებული წესის მიზნებიდან გამომდინარე არ ითვლებოდა დაზარალებულ პირად, თუმცა 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაეკარგა/დაუზიანდა მის მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონება/ნივთები, გამოეყო ერთჯერადი ფულადი დახმარება საოჯახო ნივთების შესაძენად, 4000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით.

 

ამდენად, სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის აპელირებას უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

 

ამასთან, რაც შეეხება ქ. თბილისში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად გ-----------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, სასამართლო ამ გარემოებაზე აპელირებას მიიჩნევს უსაფუძვლოდ და აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მოსარჩელე გ-----------–--ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ-----------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ. N6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე