გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.10.2018
საქმის ნომერი
010210017002173471
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
24.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017002173471

2-4419/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24/10/2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე: შპს მ----------------------------–-------------------ი“

წარმომადგენელი: ნ-----------ე

მოპასუხე: ე-–------- ა--–--ე

წარმომადგენელი: ი-----–-----------–--ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

შპს მიკროსაფიანსო ორგანიზაცია ,,ე-------------მა“ სარჩელი აღძრა ე-–------- ა--–--ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 1350 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

2016 წლის 24 ნოემბერს, მოსარჩელესა და ე-–------- ა--–--ეს შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოპასუხეზე სესხად გაიცა 450 ლარი, 2017 წლის 4 იანვრამდე ვადით. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენს 40 დღეზე 162 ლარს. ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა. ე-–------- ა--–--ე დაეთანხმა ელექტრონული ხელშეკრულების პირობებს რომელიც განთავსებულია კომპანიის ვებ გვერდზე, რაც უთანაბრდება ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, შესაბამისად მას ელექტრონული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა სასესხო ვალდებულებები. მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და სესხი არ დაფარა, რის გამოც მას გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა. მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ დავალიანებად ერიცხება 1350 ლარი. (საიდანაც ძირი თანხაა - 450 ლარი, სარგებელი - 162 ლარი, პირგასამტეხლო - 738 ლარი).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. ე-–------- ა--–--ე სარჩელს სცნობს ძირი თანხის და სარგებელის ნაწილში. პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელს არ სცნობს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2016 წლის 24 ნოემბერს, მოსარჩელესა და ე-–------- ა--–--ეს შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოპასუხეზე სესხად გაიცა 450 ლარი, 2017 წლის 4 იანვრამდე ვადით. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენს 40 დღეზე 162 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება. ს.ფ. 12-21.

3.1.2. 2016 წლის 4 ნოემბერის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე, კერძოდ სესხის დაფარვის ვადის გადაცილებისათვის სესხს დაერიცხება ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი, ასევე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ოდენობის 1.5 %.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება. ს.ფ. 12-21.

3.1.3. ე-–------- ა--–--ემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და სესხი არ დაფარვა. მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 450 ლარი, სარგებელი - 162 ლარი

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა. ს.ფ. 31

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მოპასუხე სადაოდ ხდის პირგასამტეხლოს დარიცხვას და მის მოცულობას. დადგენილია, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვაზე მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით. სარჩელში მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლო არის თუ არა გონივრული, ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.

სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ძირი თანხისა და სარგებელის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შეთანხმება პირგასამტეხლოზე არაგონივრულია და იგი მოყვანილი უნდა იქნას გონივრულ შესაბამისობაში.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე ეკისრება სესხად გაცემული თანხის სრულად უკან დაბრუნების მოვალეობა. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხემ მოსარჩელისაგან აიღო სესხი და შეთანხმებულ ვადაში არ დაფარა, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის იმ პირობების შესაბამისად დაბრუნება, რაზეც მხარეები არიან შეთანხმებულნი.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არარსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს სესხის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. მხარეთა მიერ შეთანხმებული გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში სესხზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.

 

6.3. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.

დადგენილია, რომ შპს მიკროსაფიანსო ორგანიზაცია ,,ე-------------სა“ და ე-–------- ა--–--ეს შორის შორის ვალდებულება წარმოიშვა 2016 წლის 24 ნოემბრის ელექტრონული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ 40 დღის ვადით ე-–------- ა--–--ეს ასესხა 450 ლარი. სესხს სარეგებელის სახით უნდა დარიცხვოდა 162 ლარი. მსესხებელი ვალდებული იყო ყოველი 40 დღის ვადაში გადაეხადა სესხის ძირიცა და სარგებელიც. სწორედ ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებაა, ამიტომ მხარეებს შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.

 

6.4. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ ე-–------- ა--–--ისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ ე-–------- ა--–--ე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა შეთანხმებული პირობების შესაბამისად დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. ე-–------- ა--–--ემ დაარღვია ვალდებულება და სესხი არ დაფარა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მას გადასახდელი დარჩა ძირი თანხა 450 ლარი. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ე-–------- ა--–--ე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.

დადგენილია და მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულება სასყიდელიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. ე-–------- ა--–--ესსარგებელის სახით უნდა გადაეხადა 162 ლარი. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მას სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. ე-–------- ა--–--ემ სარგებელის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა, მას გადასახდელი აქვს 162 ლარი. ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ გადახდის ვადის გადაცილებისათვის სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი, ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხად გაცემული თანხის 1.5 %.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

დადგენილია, რომ გიორგი ჯოჯუამ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა სესხის დაფარვა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა სარჩელის აღძვრამდე შეადგენს 738 ლარს.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა. შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობაში სახეზეა ე.წ. „სუსტი მხარე“, რომელიც ხელშეკრულების ხელმოწერისას ვერ აცნობიერებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ოდენობის 1.5 %, ასევე ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი ეწინააღმდეგება გონივრულობას. ელ. ა--–--ე ძირ თანხას ვერ იხდის და დამატებით მაღალი პროცენტით გაანგარიშებული პირგასამტეხლო, უფრო გადახდისუუნაროს გახდის. ამასთან არც მოპასუხის პოზიცია არაა ლოგიკური. მას 2016 წლის ნოემბრის მიერ ვალდებულება აქვს შესასრულებელი. ვადაგადაცილებული სესხი აქვს და არ ფარავს. პირგასამტეხლოსაგან სრული გათავისუფლება მართლსაწინააღმდეგოდ დაარღვევს მოსარჩელის ინტერესებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობაში მოყვანის მიზნით იგი უნდა შემცირდეს 388 ლარამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. მოპასუხემ სარჩელი მოსამზადებელ ეტაპზე სცნო 612 ლარის ნაწილში. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეებს ათავისუფლებს სახ. ბაჟის გადახდისაგან, ვინც საქმის მომზადების სტადიაზე სარჩელს ცნობს. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივად სცნო, ამიტომ ის ამ ნაწილში კუთვნილ ბაჟის - 25 ლარის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდნენ. ბაჟის სახით გადახდილი დარჩენილი ნაწილი თანხა კი მხარეებს შორის უნდა განაწილდეს თანაბრად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს ,,მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ე-------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ე-–------- ა--–--ეს შპს ,,მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ე-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს:

· ძირთადი თანხის - 450 ლარის გადახდა.

· სარგებელის - 162 ლარის გადახდა.

· პირგასამტეხლოს სახით 388 ლარის გადახდა.

3. ე-–------- ა--–--ეს შპს ,,მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ე-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის 12.5 ლარის, ანაზღაურება.

4. შპს ,,მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ე-------------ს“ სახ. ბაჟის სახით დაეკისროს 12.5 ლარის გადახდა. მას ბაჟი გადახდილი აქვს.

5. მოსარჩელეს დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 25 ლარი (საგადასახადო დავალება 1, გადახდის თარიღი - 25/10/2017 წელი, გადამხდელის ბანკი - სს თიბისი ბანკი, მიმღების ბანკი/სახაზინო კოდი - 300 693 150)

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტისქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30)

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე