გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.11.2018
საქმის ნომერი
330210018002490650
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/1-----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

მოსარჩელე - შპს ,,მ---------------------ი"

წარმომადგენელი - ნ--------------–---–ი

მოპასუხე - ვ--–----------–---–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე ვ--–----------–---–---–ს შპს ,,მ---------------------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის თანხის 1101.12 აშშ დოლარის გადახდა, სარგებელის 880.80 აშშ დოლარის გადახდა, პირგასამტეხლოს 629.20 აშშ დოლარის გადახდა, მიუღებელი შემოსავლის 212.73 აშშ დოლარის გადახდა, ჯარიმის 30 აშშ დოლარის გადახდა, 250 ლარის გადახდა გირავნობის მოწმობისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯის სანაცვლოდ;

 

1.2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2016 წლის 17 თებერვალს შპს ,,მ---------------------ი"-სა და ვ--–----------–---–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N-–---------, რომლის საფუძველზეც გაცემული გაცემული შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ N-–----------ით მოსარჩელემ მოპასუხეს 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 1400 აშშ დოლარის ოდენობით.

 

მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 24 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს 102 აშშ დოლარის ოდენობით, ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - ბმვ 323.

 

მოპასუხის მიერ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით გათვალისწინებული 8 თვის გადასახადია გადახდილი, რაც შეეხება მე-9 თვის (17.11.16წ) და მომდევნო თვეების გადასახადს, მის მიერ სარჩელის წარმოდგენის დრომდე გადახდილი არ არის. არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით პრობლემური დეპარტამენტი აქტიურად მუშაობდა საქმეზე, ვინაიდან შედეგი არ დადგა, ხელშეკრულებით დადგენილი წესით 21.02.17წ მსესხებელს გაუგზავნეს შეტყობინება და მოთხოვეს დაგირავებული ავტომობილის მოგირავნისათვის გადმოცემა, თუმცა ვალდებულების შესრულება არ მომხდარა.

 

სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, მოპასუხეს შპს მ---------------------ის მიმართ ერიცხება შემდეგი დავალიანება:

 

ა. სესხი - 1 101.12 აშშ დოლარი;

ბ. სარგებელი - 2016 წლის 17 ნოემბრის და ყოველი მომდევნო თვის 17 რიცხვისათვის სესხის დარჩენილი ნაწილის 5%, რაც შეადგენს 55.05 აშშ დოლარს. შესაბამისად, ვინაიდან ვადაგადაცილების დღიდან გრაფიკით გათვალისწინებული სესხის ვადის ამოწურვამდე გასულია სრული 16 თვე (17.11.16წ.-დან 17.02.18წ ჩათვლით) დარიცხული სარგებელი შეადგენს 880.80 აშშ დოლარს (55.05X16);

გ. მიუღებელი შემოსავალი - ვინაიდან სესხის ვადის ამოწურვიდან სარჩელის წარდგენის დღისთვის გასულია სრული 3 თვე (17.03.18წ. - 17.05.18წ) და 26 კალენდარული დღე (2018 წლის 17 მაისიდან) მიუღებელი სარგებელი შეადგენს 212.73 აშშ დოლარს (55.05X3 + 26 დღის სარგებელი 47.58 აშშ დოლარი);

დ. პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 0.1%-ის ოდენობით (რაც შეადგენს 1.10 დოლარს და რაც მოსარჩელის მიერ 5-ჯერ შემცირებულია ვიდრე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესი მოითხოვს). ვინაიდან 2016 წლის 17 ნოემბრიდან დღემდე გასულია 572 კალენდარული დღე, პირგასამტეხლო შეადგენს 629.20 აშშ დოლარს (572X1.10);

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია.

 

მოპასუხე ვ--–----------–---–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, ამასთან დაეთანხმა სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტს. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის მიერ დაფიქსირებული პოზიციით, მან სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ ძირი თანხის - 1101.12 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. მოპასუხემ ასევე მიუთითა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 17 თებერვალს შპს ,,მ---------------------ი"-სა და ვ--–----------–---–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N-–---------, რომლის საფუძველზეც გაცემული გაცემული შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ N-–----------ით მოსარჩელემ მოპასუხეს 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 1400 აშშ დოლარის ოდენობით.

 

მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 24 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს 102 აშშ დოლარის ოდენობით, ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - ბმვ 323.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით გათვალისწინებული 8 თვის გადასახადია გადახდილი, რაც შეეხება მე-9 თვის (17.11.16წ) და მომდევნო თვეების გადასახადს, მის მიერ სარჩელის წარმოდგენის დრომდე გადახდილი არ არის. არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით პრობლემური დეპარტამენტი აქტიურად მუშაობდა საქმეზე, ვინაიდან შედეგი არ დადგა, ხელშეკრულებით დადგენილი წესით 21.02.17წ მსესხებელს გაუგზავნეს შეტყობინება და მოთხოვეს დაგირავებული ავტომობილის მოგირავნისათვის გადმოცემა, თუმცა ვალდებულების შესრულება არ მომხდარა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2018 წლის 12 ივნისის მდგომარეობით, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, მოპასუხეს შპს მ---------------------ის მიმართ ერიცხება შემდეგი დავალიანება: სესხი - 1 101.12 აშშ დოლარი, სარგებელი - 880.80 აშშ დოლარი, მიუღებელი შემოსავალი - 212.73 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 629.20 აშშ დოლარი, ჯარიმა 30 აშშ დოლარი, სააღსრულებო წარმოების ხარჯი 250 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა;

- სარჩელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. მოპასუხე ვ--–----------–---–---–მა სარჩელი ცნო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 1101.12 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოპასუხის ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის რომ შპს ,,მ---------------------ი"-ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 623-ე, 625-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ვ--–----------–---–---–მა სარჩელი ცნო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 1101.12 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის ნაწილში სარჩელის ცნობა ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

შპს მ---------------------სა და ვ--–----------–---–---–ს შორის 2016 წლის 17 თებერვალს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების დადებით მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მხრიდან ჯეროვნად არ შესრულებულა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და მას ერიცხება დავალიანება მოსარჩელის წინაშე.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 629.20 აშშ დოლარი, შეუსაბამოდ მაღალია ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში და იგი უნდა შემცირდეს. კერძოდ, მოპასუხეს მისი გადახდა უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ ათმაგად შემცირებული ოდენობით - 62.92 აშშ დოლარით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 217.02 ლარის ოდენობით. ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირითადი თანხის, 1101.12 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში (მთლიანობაში 2694.77 ლარი), მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 80.84 ლარი, ამასთან სარჩელზე უარის თქმის - 1385.85 (566.28 აშშ დოლარი) ლარის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 41.57 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

ხელშეკრულების მე-8 მუხლის მე-12 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

აღნიშნული შეთანხმების საწინააღმდეგოდ მოპასუხეს რაიმე სარწმუნო არგუმენტზე არ მიუთითებიათ, ხოლო შეთანხმების არსებობა საკმარისი საფუძველია მოსარჩელის შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს ,,მ---------------------ი"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ვ--–----------–---–---–ს შპს ,,მ---------------------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის თანხის 1101.12 აშშ დოლარის გადახდა, სარგებელის 880.80 აშშ დოლარის გადახდა, პირგასამტეხლოს 62.92 აშშ დოლარის გადახდა, მიუღებელი შემოსავლის 212.73 აშშ დოლარის გადახდა და ჯარიმის 30 აშშ დოლარის გადახდა;

 

3. ვ--–----------–---–---–ს შპს ,,მ---------------------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 250 ლარის გადახდა გირავნობის მოწმობისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯის სანაცვლოდ;

 

4. ვ--–----------–---–---–ს შპს ,,მ---------------------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 94.60 ლარი გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

5. შპს ,,მ---------------------ი"-ს (ს/ნ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 12.06.2018წ. №---------- საგადახდო დავალებით, გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 217.02 ლარიდან (გადამხდელი - შპს ,,მ---------------------ი" (ს/ნ 4--------), გადამხდელის ბანკი - სს თ----- ბანკი; ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 773 150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22) – 80.84 ლარი.

 

6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში (მე-6 პუნქტი) შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე