გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-2230-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე - ნ-------- ჭ--------–--ე
წარმომადგენელი - ვ----– ძ-------–-–---–-, შ--------- გ-----–-–---–-, თ----- კ---------
მოპასუხე - შპს ,, მ-----------------------------–--------’’
წარმომადგენელი - კ---- ს--------–---
მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე: მ--–---- ჭ--------–--ე
დავის საგანი - პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკლება, გადახდილი თანხის ძირ თანხაში გადახდილად ჩათვლა. 2018 წლის 03 აპრილის სააღსრულებო ფურცლის N170342598-ის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
მოსარჩელემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხონები და მოითხოვა:
1.1. 2013 წლის 04 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხა ჩაითვალოს სრულად გადახდილად და ვალდებულება სრულად შესრულებულად
1.2. შემცირდეს 2013 წლის 04 ოქტომბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა და 0,1%-ის ნაცვლად განისაზღვროს 0,01 % და შესაბამისად სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს და 1000 დოლარის ნაცვლად განისაზღვროს 100 დოლარი.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 03 აპრილის ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი N170342598.
სარჩელში აღნიშნულია, რომ 2013 წლის 04 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება N131051502, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელეს გადაეცა 8500 აშშ ამერიკული დოლარი ყოველთვიური 3%-იანი სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ასევე პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დღისთვის გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით. სესხის ვადად განისაზღვრა 6 თვე და იგი უნდა დაბრუნებულიყო 2014 წლის 04 აპრილს. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. რუსთავი, სარაჯიშვილის ქ. N5-27, ს/კ 02.05.05.116.01.027. მოთხოვნის მინიმალურ მოცულობად განისაზღვრა 10030 აშშ დოლარი, რაც იმ დროისთვის შეადგენდა 16650 ლარს.
მოსარჩელის განმარტებით,მის მიერ პირნათლად ხდებოდა ვალდებულების შესრულება და ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 20 იანვრამდე მას სარგებელის სახით გადახდილი აქვს 4627.90 აშშ დოლარი და 6500 აშშ დოლარი, ჯამში 11127.90 აშშ დოლარი. მიუხედავად მოსარცელის მიერ გადახდილი თანხებისა, მოპასუხე მხარემ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით იპოთეკის საგნის რეალიზაციის მიზნით, რის საფუძველზეც გაიცა N170342598 სააღსრულებო ფურცელი.
დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის მ--–---- ჭ--------–--ის პოზიცია სასამართლოსთვის უცნობია რადგან იგი სასამართლო სხდომას არ დასწრებია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სარჩელზე დადგენილი წესით შესაგებელი წარმოადგინა მოპასუხე - შპს მოკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,მჯს“ წარმომადგენელმა, რომლითაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ პირგასამტეხლო არ წარმოადგენს ,,შეუსაბამოდ მაღალს“, ვინაიდან სესხის გაცემის მომენტისთვის აღნიშნული მომსახურება იყო გაცილებით დაბალი, ვიდრე სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. ასევე არ არის ძირი თანხა სრულად გადახდილი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2013 წლის 04 ოქტომბერს ნ-------- ჭ--------–--ესა და მოპასუხე შპს ,,მ-----------------------------–------’’ შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება N131051502.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 04 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება N131051502 (ტ.1.ს.ფ.19-21).
3.1.2. ხელშეკრულებით შპს ,,მ-----------------------------–------’’-იმ მოსარჩელეს გადასცა 8500 აშშ ამერიკული დოლარი ყოველთვიური სარგებლის 3%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 6 თვე, არაუგვიანეს 2014 წლის 04 აპრილს უნდა დაებრუნებინა ნ-------- ჭ--------–--ეს ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 04 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება N131051502 (ტ.1.ს.ფ.19-21).
3.1.3 სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ--–---- ჭ--------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. რუსთავი, სარაჯიშვილის ქ. N5-27, ს/კ 02.05.05.116.01.027. მოთხოვნის მინიმალურ მოცულობად განისაზღვრა 10 030 აშშ დოლარის ოდენობით, რაც იმ დროისთვის შეადგენდა 16 650 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1.ს.ფ.29).
- 2013 წლის 04 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება N131051502(ტ.1.ს.ფ.19-21).
3.1.4. ნ-------- ჭ--------–--ის მიერ ხდებოდა აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება, პირნათლად, მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 20 იანვრამდე გადახდილი აქვს ჯამში სარგებლის სახით 4627,90 აშშ დოლარი, ხოლო ძირი თანხა 6 500 აშშ დოლარი, ჯამში 11 127.90 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის გადახდის დამადასტურებელი ამონაწერი. (ტ.1.ს.ფ.23-24).
3.1.5. მოპასუხე მხარემ 2017 წლის 03 აპრილს მიმართა ნოტარიუს მაია მეტრეველს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით იპოთეკის საგნის რეალიზაციის მიზნით, რის საფუძველზეც გაიცა N170342598 სააღსრულებო ფურცელი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ ( ტ.1.ს.ფ.25, 55-57).
3.1.6. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობამ შეადგინა 3000 აშშ დოლარს და 124,36 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ,წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
ნოტარიუს მაია მეტრეველის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი ( ტ.1.ს.ფ. 26-28, 55-57).
3.1.7. 2018 წლის 10 ივნისს მოპასუხემ მიმართა კერძო აღმასრულებელ - ვახტანგ მოწყობილს და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოითხოვა იძულებით აღსრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცახადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ. 9 ტ.1.ს.ფ.25).
3.1.8. 2018 წლის 20 ივნისს ნ-------- ჭ--------–--ემ ჩაიბარა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ სააღსრულებო საქმეზე N18072958
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ სააღსრულებო საქმეზე N18072958 ( ტ.1.ს.ფ.26-28).
3.1.9. 2018 წლის 17 ივლისს ნ-------- ჭ--------–--ემ მომართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ შეჩერებულიყო 2018 წლის 03 აპრილს ნოტარიუს მაია მეტრეველის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის N170342598 საფუძველზე დაწყებული A18072958 სააღსრულებო წარმოება, სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადების ასლი(ტ.1.ს.ფ.31-34).
3.1.10. 2018 წლის 18 ივლისს მიღებულ იქნა განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ-------- ჭ--------–--ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ. შეჩერდა 2018 წლის 03 აპრილს ნოტარიუს მაია მეტრეველის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის N170342598 საფუძველზე დაწყებული წარმოება A18072958 სააღსრულებო წარმოება, სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 18 ივლისის განჩინება (ტ1. ს.ფ.34-37).
3.1.11. მოსარჩელის მიერ სრულად არის გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები. გადახდილი აქვს სარგებლის სახით 4627,90 აშშ დოლარი, ხოლო ძირი თანხა 6500 აშშ დოლარი, სულ ჯამში 11 127,90 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის გადახდის დამადასტურებელი ამონაწერი. (ტ.1.ს.ფ.23-24).
3.1.12. გარდა ზ/აღნიშნულისა მოთხოვნა არის ხანდაზმული, ვინაიდან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დაფარვის ბოლო ვადა გახლდათ 2014 წლის 04 აპრილი, ხოლო მაშინ როდესაც მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, კერძოდ 2018 წლის 03 აპრილს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა გასული იყო.
- სარჩელში მითითებული ეს გარემოება თავად მოსარჩელის მიერ დაზუსტების შემდგომ აღარ გახდა შესაფასებელი სასამართლოს მიერ, რადგან მოსარჩლე მხარე აღარ მიუთითებდა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. ( სააღსრულებო ფურცელი გაცემულია 1017 წლის 3 აპრილს).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. მართალია მოპასუხე არ დაეთანხმა პირგასამტეხლოსა და სესხისთვის გათვალისწინებული სარგებლის თანხის სრულად გადახდას, მაგრამ სადავოდ არ გაუხდია არც ხელშეკრულების და არც ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსი, მათ მიიჩნიეს, რომ პირგასამტეხლო და ძირი თანხა, სწორად იყო დაანგარიშებული და გადასახდელი ჰქონდა მოსარჩელე ნ-------- ჭ--------–--ეს და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე, 316-ე, 317-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე. 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.
''ნოტარიატის შესახებ'' საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით შპს ,,MJC"-სა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.
ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით. შესაბამისად, თუ მოსარჩელე (გამსესხებელი) ვერ დაადასტურებს ძირითადი ვალდებულების არსებობის ფაქტს, პროცენტის გადახდის ვალდებულებაც არ არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2013 წლის 04 ოქტომბერს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 06 თვის ვადით - 2014 წლის 04 აპრილამდე,ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა 11127.90 აშშ დოლარი, რაც უნდა ჩაითვალოს ძირითად თანხაში გადახდილად. შესაბამისად, ნოტარიუს მაია მეტრეველის მიერ 2017 წლის 03 აპრილს გაცემულ №170342598 სააღსრულებო ფურცელში უნდა შევიდეს ცვლილება, აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ძირითადი თანხა 2000 აშშ დოლარი ჩაითვალოს გადახდილად.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ შპს ,,MJC''-ის მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული სესხის ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეზე გაიცა სესხი. მას სესხი გადაეცა სარგებლის დარიცხვის სანაცვლოდ, ექვსი თვის ვადით
სასამართლოს მსჯელობისა და გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს ერთის მხრივ, შეფასება იმისა მოვალე ნ-------- ჭ--------–--ეს სესხითვის გათვალისწინებული სარგებელი მხოლოდ ექვსი თვის მანძილზე უნდა ეხადა თუ ვალდებულების შესრულებამდე და მის მიერ ექვს თვეზე მეტი დროის განმავლობაში სარგებლის სახით გადახდილი თანხა ჩაითვალოს თუ არა სესხის ძირითად თანხაში. შესაბამისად, ვალდებულება შესრულებულად ძირი თანხის გადახდის ნაწილში.
მეორეს მხრივ, არის თუ არა ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი, ხოლო შემცირების შედეგად ამ ნაწილშიც ვალდებულება ჩაითვალოს თუ არა შესრულებულად. რაც საბოლოოდ, მოვალის მხრიდან ვალდებულების შესრულებით ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობად და საფუძვლად უნდა შეფასებულიყო, ხოლო რადგან არ იარსებებდა რაიმე ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება, სააღსრულებო ფურცელიც ძალას დაკარგავდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით , სასამართლომ დადგენილად ჩათვალა შემდეგი:
მხარეებმა 2013 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულებით გამოხატეს ნება და შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე : სესხის , სარგებლისა და პირგასამტეხლოს ოდენობაზე, სესხის დაბრუნების და სარგებლის გადახდის ვადებზე. სესხის ოდენობა იყო 8 500 აშშ დოლარი, სარგებლის მოცულობა განისაზღვრა ყოველთვიურად 3%-ის ოდენობით, სესხის დაბრუნების ვადად ექვსი თვე - 2014 წლის 4 აპრილამდე.
ამდენად, მოვალეს სარგებელი უნდა გადაეხადა მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში.
როგორც სესხის გადახდის დამადასტურებელი ამონაწერით დასტურდება ( ტ.1.ს.ფ.23), 2013 წლის 4 ოქტომრიდან 2014 წლის 5 დეკემბრამდე პერიოდში (12 თვე) ნ-------- ჭ--------–--ეს სარგებლის სახით გადახდილი აქვს ჯამში 2 919 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის 5 იანვრიდან 2016 წლის 20 იანვრამდე ( 11 თვე) -- სარგებლის სახით გადახდილი აქვს 1710, 90 აშშ დოლარი, ჯამში - 4 629, 90 აშშ დოლარი.
მოვალეს სარგებლის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში და გარიგების მონაწილე მხარეები არ შეთანხმებულან ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ სარგებლის გადახდაზე.
ნ-------- ჭ--------–--ეს სარგებლის სახით ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 255 აშშ დოლარის ოდენობით სარგებელი უნდა გადაეხადა კრედიტორისთვის, ჯამში - 1530 აშშ დოლარის ოდენობით.
ნ-------- ჭ--------–--ეს 2013 წლის 4 ოქტომბრიდან 2014 წლის 4 აპრილამდე უნდა ეხადა მხოლოდ სარგებელი ყოველთვიურად 255 აშშ დოლარს ოდენობით, ხოლო სარგებლის სახით გადახდილი ზედმეტი თანხა - (4629. 90 - 1530 = 3099. 90 აშშ დოლარი) 3099.90 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს სესხის ძირ თანხაში, რადგან მხარეები გარიგებით არ შეთანხმებულან სხა პირობაზე.
სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 8 500 აშშ დოლარს, საიდანაც ამონაწერების მიხედვით ნ-------- ჭ--------–--ეს გადახდილი აქვს 6 500 აშშ დოლარი ძირი თანხა (იხ. ამონაწერები ტ.1. ს.ფ.23 -24), სარგებლის სახით ზედმეტად გადახდილ თანხას 3099. 90 აშშ დოლარის ნაწილს ჩავთვლით რა ძირ თანხაში (6500 + 3099.90 = 9599.90), ვალდებულება ამ ნაწილში სრულად არის შესრულებული და ძირი თანხის დაფარვის შემდეგაც რჩება გადახდილი თანხა 1099, 90 აშშ დოლარის ოდენობით.
ნ-------- ჭ--------–--ემ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე თანხის ნაწილი გადაიხადა ექვსი თვის, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ. სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულების ვადის, სესხის დაბრუნების ვადის გასვლის შემდეგ სარგებლის მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს, რადგან სესხის ხელშეკრულების ვადა ნიშნავს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც სესხს ერიცხება სარგებელი სარგებელზე შეთანხმების არსებობის შემთხევაში. ვინაიდან სესხის გაიცა 6 თვით, სესხის სარგებლის პროცენტის დარიცხვის საფუძველი მხოლოდ ამ პერიოდზე არსებობს.
ამდენად, სასამართლოს მაიჩნია, რომ ნ-------- ჭ--------–--ეს გარიგებით მხარეთა შეთანხმებული პირობების თანახმად სრულად აქვს კრედიტორის წინაშე შესრულებული ვალდებულება და სრულად აქვს გადახდილი სესხის ძირი თანხა - 8 500 აშშ დოლარი, სარგებელი ექვსი თვის განმავლობაში - 1530 აშშ დოლარი.
6.2. სესხის ძირი თანხისა და სარგებლის სახით გადახდილი თანხის ზევით კიდევ გადახდილი რჩება 1099,90 აშშ დოლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს პირგასამტეხლოს გადახდის ნაწილში. გარიგებით მხარეთა შორის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილების დღისთვის.
ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს ნაწილში კვლავაც გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრა 1000 აშშ დოლარის ოდენობით.
ამდენად, სასამართლომ უნდა შეაფასოს არის თუ არა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს (შემცირება შეეხება გადასახდელ პირგასამტეხლოს 1000 აშშ დოლარის ნაწილში და არა უკვე გადახდილ თანხებს). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე Nას-1560-1463-2012). სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეები მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით რომ ზიანი მიადგეს სხვას. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და დადგენილად მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს. სასამართლოს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, რომ შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა, მისი შეხედულებისამებრ, თუ მიიჩნევს, რომ ის არის შეუსაბამოდ მაღალი. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე დავალიანების ოდენობიდან და დარღვევის პერიოდიდან, შესრულებული ვალდებულების მოცულობიდან, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირება და მოპასუხისათვის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით - 2013 წლის 04 ოქტომბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან, ნაცვლად 0,1 % -ისა 0, 01 %, შესაბამისად, ნოტარიუსის ( მაია მეტრეველი ) მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული 1000 აშშ დოლარის ნაცვლად 100 აშშ დოლარით უნდა განისაზღვროს პირგასამტეხლოს ოდენობა.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძებისათვის და 225 ლარი სასარჩელო მოთხოვნებისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 217,65 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟის ნაწილი უნდა ჩაითავალოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
იქიდან გამომდინარე, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ძალაში უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განჩინება სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების დაკმაყოფილების შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე ნ-------- ჭ--------–--ის სარჩელი მოპასუხე შპს ,,მ-----------------------------–------’’-ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. ნაწილობრივ გაუქმდეს 2017 წლის 03 აპრილს გაცემული (ნოტარიუსი მაია მეტრეველი) სააღსრულებო ფურცელი და ნ-------- ჭ--------–--ის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა სესხის ძირითადი თანხის გადახდის ნაწილში ჩაითვალოს სრულად შესრულებულად, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვროს 100 აშშ დოლარის ოდენობით, დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.
3. მოპასუხე შპს ,,მ-----------------------------–------’’-ს დაეკისროს მოსარჩელე ნ-------- ჭ--------–--ის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით სარჩელის უზრუნველყოფისთვის და 217,65 ლარი სარჩელზე გადახდილი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი