გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.11.2018
საქმის ნომერი
190210018002546650
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2-2110-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08 ნოემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი

სხდომის მდივანი მაგდა შენგელია

მოსარჩელე - შპს მი----------------------ი''

მოსარჩელის წარმომადგენელი - გვ--–-----–--ე, ნო------------–--ე

მოპასუხეები - ქე----------–----–---–ი, ირ------------–---–ი

მოპასუხე ირ------------–---–ის წარმომადგენელი- მი----–-------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხეებს ქე---------–----–---–ს და ირ------------–---–ს შპს მი----------------------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 7430.02 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია- 6351.01 ლარი, ხოლო სარგებელი- 1079.01 ლარი.

 

1.2 მოპასუხეებს ქე---------–----–---–ს და ირ------------–---–ს შპს მი----------------------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 100 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხის ანაზღაურების მიზნით.

 

1.3 სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სამართლებრივი საფუძვლები:

 

სარჩელში მითითებულია, რომ 2017 წლის 14 ივნისს შპს მი----------------------ს'' და ქე---------–----–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება # დლე17013764, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ ქე---------–----–---–ს თვეში 5 %-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით 36 თვით გადასცა სესხი 6303 ლარის ოდენობით. აღნიშნული სესხის უზერუნველყოფის მიზნით შპს მი----------------------ის'' სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი- ნისან ტეანა, სესხის ხელშეკრულება ასევე უზრუნველყოფილი იქნა ირ------------–---–ის სოლიდარული თავდებობით.

 

მოსარჩელის განმარტებით, მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2018 წლის 03 მაისს მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია 3135 ლარად, რომლის გაქვითაც განხორციელდა შემდეგნაირად:

1. 870 ლარი- სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო

2. 2265 ლარი- ნაწილობრივ შემცირდა სესზე დარიცხული სარგებელი

 

გირავნობის საგნის რეალიზაციის დღისათვის მოპასუხეებს შპს მი----------------------ის'' მიმართ ერიცხებოდა ავტომობილის რეალიზაციამდე დარჩენილი სარგებელი 338.06 ლარი და სესხის ძირითადი თანხა 6351.01 ლარი, რის გამოც, ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ მას კვლავ დარჩა დავალიანება სესხის ძირი- 6351.01 ლარის ოდენობით, რომელსაც ხელშეკრულების შესაბამისად ერიცხება სარგებელი ყოველთვიურად 5%-ის ოდენობით, ამასთან, ვინაიდან ავტომობილის რეალიზაციიდან გასულია სრული 2 თვე და 10 კალენდარული დღე, დარიცხული სარგებელი შეადგენს 470.95 ლარს.

 

სარჩელში მითითებულია, რომ 2018 წლის 02 ივლისს მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინება და მიეცათ დამატებითი ვადა დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის თაობაზე, აღნიშნული გაფრთხილება ჩაბარდა თავდებს ირ------------–---–ს, თუმცა მოპასუხეების მიერ კვლავ არ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს მი----------------------ის'' წარმომადგენელი ითხოვს:

1. მოპასუხეებს ქე---------–----–---–ს და ირ------------–---–ს შპს მი----------------------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 7430.02 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია- 6351.01 ლარი, ხოლო სარგებელი- 1079.01 ლარი.

2. მოპასუხეებს ქე---------–----–---–ს და ირ------------–---–ს შპს მი----------------------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 100 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხის ანაზღაურების მიზნით.

3. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეებმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს 4500 ლარში და განმარტეს, რომ მათ მიერ სესხი დაფარული იქნა ნაწილობრივ, თუმცა დარჩენილი დავალიანების დასაფარავად გირავნობით დატვირთული ავტომანქანა მიქცეული იქნა სარეალიზაციოდ და იგი კომპანიის მიერ გაიყიდა მიზერულ თანხად, შესაბამისად, ამონაგები თანხიდან დააფრული იქნა დავალიანების ნაწილი, რის გამოც, სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 14 ივნისს შპს მი----------------------ს'' და ქე---------–----–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება # დლე17013764, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ ქე---------–----–---–ს თვეში 5 %-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით 36 თვით გადასცა სესხი 6303 ლარის ოდენობით. აღნიშნული სესხის უზერუნველყოფის მიზნით შპს მი----------------------ის'' სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი- ნისან ტეანა, სახელმწიფო ნომრით- DD147CC.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტებები, საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, საკრედიტო შეთანხმება (ს.ფ. 18-29).

 

3.1.2. სესხის უზრუნველსაყოფად, 2017 წლის 14 ივნისს შპს მი----------------------ს''და ირ------------–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ირ------------–---–მა იკისრა ვალდებულება ქე---------–----–---–ის მიერ აღებულ სესხზე 21 000 ლარის ფარგლებში.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტებები, სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 30-33).

 

3.1.3. გირავნობით დატვირთული ავტომანქანის- ნისან ტეანას ღირებულება 2018 წლის 02 თებერვლის მდგომარეობით დამრგვალებით შეადგენს 3500 ლარს, ხოლო ლიკვიდური ფასია- 2800 ლარი.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტებები, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში (ს.ფ. 35-40).

 

3.1.4. 2018 წლის 03 მაისს შპს მი----------------------ს'' და ზაზა მელიქიშვილს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ზაზა მელიქიშვილს საკუთრების უფლებით გადაეცა ავტომობილი- ნისან ტეანა, ნასყიდობის საგნის ღირებულებამ შეადგინა 3135 ლარი.

 

მტკიცებულება: ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 34)

 

3.1.5. მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და არ მომხდარა კრედიტის დაფარვა.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. 2018 წლის 13 ივლისის მდგომარეობით, მოპასუხეების დავალიანება შპს მი----------------------ის'' მიმართ 2017 წლის 14 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს: სესხის ძირი თანხა- 6351.01 ლარი, სესხზე დარიცხული სარგებელი- 1079.01 ლარი, ავტომობილის შეფასების აქტის თანხა- 100 ლარი

 

მტკიცებულება: ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 49).

 

3.1.5. მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები, რომლითაც ეცნობათ, რომ დავალიანების არ დაფარვის შემთხვევაში მოხდებოდა ავტომობილის რეალიზაცია, ასევე განემარტათ, რომ შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ რეალიზაციის პროცესში.

 

მტკიცებულება: გაფრთხილების წერილები (ს.ფ. 42-48)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხეებს არ აქვთ შესრულებული შპს მი----------------------ის'' წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 623-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შპს მი----------------------''-ს და ქე----------–----–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად შპს მი----------------------''-ს წარმოეშვა მსესხებლისათვის თანხის გადაცემის ვალდებულება, ხოლო მსესხებელს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება. მოსარჩელის მიერ სრულყოფილად შესრულდა ნაკისრი ვალდებულება და გაიცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, მსესხებლის მიერ არ შესრულდა ფულადი ვალდებულება შესრულებისათვის დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ.შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოვალეების მიერ ვალდებულების შესასრულებლად დამატებით განსაზღვრულ ვადაშიც არ შესრულდა ვალდებულება, როგორც ხელშეკრულების ასევე კანონის შესაბამისად შპს მი----------------------ი'' უფლებამოსილია მოითხოვოს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის- 6351.01 ლარის დაკისრება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

2017 წლის 14 ივნისს თავდებობის ხელშეკრულებით ირ------------–---–მა იკისრა სოლიდარული თავდებობა, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შემოიფარგლა 21 000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს მი----------------------''-ის მოთხოვნა ირ------------–---–ის მიმართ, როგორც სოლიდარული მოვალისათვის თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის- 1079.01 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან გირავნობით დატვირთული ავტომანქანა მიექცა სარეალიზაციოდ, მათ აღარ გააჩნიათ შპს მი----------------------ის'' მიმართ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, ვინაიდან მხარეთა გაფორმებული ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. შესაბამისად, მოპასუხეებმა ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დააფიქსირეს, რომ მათთვის ცნობილი იყო ის სამართლებრივი შედეგი, რაც მოყვებოდა ვალდებულების დარღვევას, ამასთან, მათ გაფრთხილების წერილით ეცნობათ, რომ დავალიანების არ დაფარვის შემთხვევაში მოხდებოდა ავტომობილის რეალიზაცია, ასევე განემარტათ, რომ შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ რეალიზაციის პროცესში, თუმცა მათი მხრიდან აღნიშნულს რეაგირება არ მოჰყოლია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს მი----------------------''-ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი პუნქტის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟიდან 225.90 ლარიდან ნაწილი - 125.90 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხეებს შპს მი----------------------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ 100 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით. ასევე მოპასუხეებს მოსარჩელე შპს მი----------------------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 100 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხის ანაზღაურების მიზნით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 260-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს მი----------------------ის'' სარჩელი მოპასუხეების ქე---------–----–---–ის და ირ------------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხეებს ქე---------–----–---–ს და ირ------------–---–ს შპს მი----------------------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 7430.02 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია- 6351.01 ლარი, ხოლო სარგებელი- 1079.01 ლარი.

 

3. მოპასუხეებს ქე---------–----–---–ს და ირ------------–---–ს შპს მი----------------------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 100 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხის ანაზღაურების მიზნით.

 

4. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

5. მოსარჩელე შპს მი----------------------ს''უკან დაუბრუნდეს 2018 წლის 13 ივლისს საგადახდო დავალება #1531471082 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან-225.90 ლარიდან ნაწილი- 125.90 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22;

6. მოპასუხეებს ქე---------–----–---–ს და ირ------------–---–ს შპს მი----------------------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 100 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით;

7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი