გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.10.2018
საქმის ნომერი
330210018002567731
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
22.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/22853-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ირმა იმნაძე

მოსარჩელე - გ--------------–---–ი

წარმომადგენელი - შ----------–--ე

მოპასუხე - დ-----–---------ე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს დ-----–---------ეს გ--------------–---–ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 15 000 აშშ დოლარის ოდენობით.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ თაღლითობისა და დოკუმენტის გაყალბებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მოსარჩელეს და მას სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა.

მოპასუხის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2004 წლის მაისში მოპასუხემ ნათელა ნებიერიძისგან შეიძინა მიწის ნაკვეთი, მდებარე თბილისი, გლდანის რაიონი, სოფელ გიორგიწმინდაში. ამის შემდეგ მოპასუხემ განიზრახა ასევე მიეთვისებინა ზემოაღნიშნული ქონების მომიჯნავედ მდებარე მოსარჩელის უძრავი ქონებაც. ნათელა ნებიერიძემ და მოპასუხე დ-----–---------ემ მიწის ნაკვეთის დასაზუსტებლად და შემდგომში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაზუსტების მიზნით აზომვითი ნახაზის შესადგენად მიმართეს კერძო კომპანიას და მიუთითეს მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, როგორც მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე. მათ შეცდომაში შეიყვანეს კომპანიის თანამშრომელი, რის შემდეგაც მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში აღირიცხა დ-----–---------ის სახელზე.

2008 წლის 20 თებერვალს მოპასუხემ დადო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება ბაადურ ობოლაძესთან, როგორც შაბატა მაგალის წარმომადგენლთან, რის საფუძველზეც მოპასუხემ გამსესხებლისგან მიიღო 15 000 აშშ დოლარი 5 თვის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ--------------–---–ის მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით. ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის მიღების შემდეგ მოპასუხე მიიმალა. სესხის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო აუქციონის წესით გაიყიდა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება.

მოსარჩელე მატერიალური მდგომარეობის გამო მოკლებულია შესაძლებლობას ჩაატაროს ექსპერტიზის დასკვნა მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრად, თუმცა მოპასუხის მიერ მიყენებულმა ზიანმა სულ მცირე შეადგინა სესხის სახით მიღებული თანხის ოდენობა - 15 000 აშშ დოლარი.

 

2.1. მოპასუხეთა პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხე დ-----–---------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და არ დაეთანხმა მასში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული პოზიციით იგი დაეთანხმა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მის მიერ მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 15 000 აშშ დოლარს. ამასთანავე მოპასუხემ მიუთითა, რომ მის მიერ სარჩელის არ ცნობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ არ აქვს ამჟამად მოსარჩელისთვის თანხის გადახდის საშუალება.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის განაჩენით (საქმე N1/ბ-1060-5) თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მარტის განაჩენში დ-----–---------ის მიმართ შევიდა ცვლილება - დ-----–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლისა და სამი თვის ვადით.

 

აღნიშნული განაჩენის თანახმად, დ-----–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა - ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით და მანვე ჩაიდინა ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განაჩენი (ს.ფ.18-21);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.დ-----–---------ის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად, რაც გამოიხატა თაღლითობასა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებაში, მოსარჩელე გ--------------–---–ისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 15 000 აშშ დოლარს.

 

სასამართლო უპირველესად მხარეთა ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპზე და მნიშვნელობაზე. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. აღნიშნული ნორმების ანალიზი ერთმნიშვნელოვნად გვაძლევს დასკვნის საფუძველს: სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტული ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას მატერიალური ზიანის ოდენობასთან მიმართებით და აღიარა, რომ მის მიერ მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 15 000 აშშ დოლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ-----–---------ის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად, რაც გამოიხატა თაღლითობასა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებაში, მოსარჩელე გ--------------–---–ისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 15 000 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა გ--------------–---–ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 326-ე, 408-409-ე, 412-ე, 992-ე, მუხლი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.

 

გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

 

მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის განაჩენით (საქმე N1/ბ-1060-5) თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მარტის განაჩენში დ-----–---------ის მიმართ შევიდა ცვლილება - დ-----–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლისა და სამი თვის ვადით. ამასთანავე, აღნიშნული განაჩენის თანახმად, დ-----–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა - ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით და მანვე ჩაიდინა ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

შესაბამისად, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, რომელსაც სასამართლოსთვის აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლით დადგენილი ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურების ძალა. ამასთანავე, მოპასუხე დაეთანხმა თავად მიყენებული ზიანის ოდენობას და აღიარა, რომ მის მიერ მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 15 000 აშშ დოლარს. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი და მითითებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის აღიარება მოპასუხის მიმართ ქმნის დელიქტური ვალდებულებების წარმოშობისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, კი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალებით დასტურდება მოპასუხე დ-----–---------ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი კომპონენტების ერთობლიობაში არსებობა. ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურებულია მოპასუხე დ-----–---------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელეთათვის მატერიალური ზიანის - 15 000 აშშ დოლარის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად წარმოშობს მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს მოპასუხე დ-----–---------ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე გ--------------–---–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისგან თავისუფლებიან მოსარჩელეები დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე.

 

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისას განისაზღვრება გადასახდელი თანხით. ხოლო ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს. შესაბამისად, სარჩელის წარმოდგენისას (2018 წლის 30 ივლისი) ლართან მიმართებაში ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის (1 აშშ დოლარი=2.4490 ლარი) თანახმად წარმოდგენილი სარჩელის ფასი განისაზღვრება 36 735 ლარით. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 3%-ის - 1 102.05 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ--------------–---–ის სარჩელი დ-----–---------ის მიმართ დაკმაყოფილდეს:

 

1.1.დაეკისროს დ-----–---------ეს გ--------------–---–ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება -15 000 აშშ დოლარის ოდენობით;

 

2. დ-----–---------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკიროს სახელმწიფო ბაჟის 1 102.05 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია