გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2018
საქმის ნომერი
330210018002562004
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/22458-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ირმა იმნაძე

მოსარჩელე - შპს ,,მ---------------------ი’’

წარმომადგენელი - გ-----------------–---–ი

მოპასუხე - ი----------–---–ი

დავის საგანი -თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. დაეკისროს ი----------–---–ს შპს ,,მ---------------------ი’’-ს სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა - 4 139.21 ლარი;

 

1.2. დაეკისროს ი----------–---–ს შპს ,,მ---------------------ი’’-ს სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებელი - 2 157.33 ლარი;

 

1.3. დაეკისროს ი----------–---–ს შპს ,,მ---------------------ი’’-ს სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო - 1 177.05 ლარი.

 

სასარჩელო განცხადება ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2016 წლის 08 ნოემბერს შპს ,,მ---------------------ი’’-ს და ი----------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება Nტ-–---------, რომლის საფუძველზეც 2017 წლის 10 თებერვალს გაცემული შეთანხმებით სესხის გადაცემის შესახებ Nტ-–---------, მოსარჩელემ მოპასუხეს 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 4 500 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად სარგებლის - 283 ლარის გადახდის პირობით. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - აუდი ა4.

 

მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ვალდებულების ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით შესრულება. კერძოდ, მის მიერ გადახდილია ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით გათვალისწინებული 7 თვის გადასახადი სრულად. მერვე თვეში გადასახდელი 283 ლარის ნაცვლად, მის მიერ გადახდილია 132 ლარი, რაც არასრულად გაიქვითა იმავე თვის სარგებელი 219.94 ლარში და გადასახდელი დარჩა 87.94 ლარი. ამის შემდგომ მოპასუხეს აღარ განუხორციელებია გადახდა ვალდებულების შესრულების მიზნით.

 

2017 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ი----------–---–ს მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება, სესხის ძირი თანხა - 4 139.21 ლარი, სარგებელი - 2 157.33 ლარი და პირგასამტეხლო - 1 177.05 ლარი. ამასთან პირგასამტეხლო დაანგარიშებულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.1%-ის ოდენობით (რაც შეადგენს 4.13 ლარს და რაც მოსარჩელის მიერ ხუთჯერ შემცირებულია ვიდრე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმებით იყო გათვალისწინებული).

 

2018 წლის 26 ივნისს მსესხებელს გაეგზავნა შეტყობინება დაგირავებული ავტომობილის მოგირავნისათვის გადმოცემის შესახებ, თუმცა მოპასუხეს დღემდე არ შეუსრულებია აღნიშნული ვალდებულება. მოსარჩელის ინფორმაციით, სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ავტომობილი დაზიანებულია.

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ი----------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხემ სარჩელი ცნო მხოლოდ სესხის ძირი თანხის - 4 139.21 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში, ამასთან მოპასუხეს სადავო არ გაუხდია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 08 ნოემბერს შპს ,,მ---------------------ი’’-ს და ი----------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება NT----------, რომლის თანახმადაც საკრედიტო ხაზის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 2 700 აშშ დოლარით.

ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სესხი არის პროცენტიანი და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება შეთახმებით სესხის გადაცემის შესახებ. სესხზე დარიცხული სარგებლის დარიცხვა იწყება მისი მსესხებლისთვის გადაცემის დღიდან და გრძელდება თანხის სრულად დაბრუნებამდე, მათ შორის მესაკუთრის მიერ ხელშეკრულების მე-6 მუხლით დადგენილი წესით, ავტომობილის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემიდან მის რეალიზაციამდე არსებულ პერიოდში, მიუხედავად იმისა თუ გადაცემიდან რამდენ ხანში უზრუნველყოფს მოგირავნე ავტომობილის რეალიზაციას.

 

ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსესხებლის მიერ სესხის გადაცემის შესახებ რომელიმე შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში მას გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრება ჯარიმა შემდეგი წესით და ოდენობით: გადახდის ვადის 21-დან 30 კალენდარული დღით გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრება ჯარიმა 30 აშშ დოლარის ოდენობით.

 

ამავე ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მსესხებლის მიერ სესხის გადაცემის შესახებ რომელიმე შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულების 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში, ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ჯარიმასთან ერთად, გამსესხებელი უფლებამოსილია, მსესხებელს დააკისროს მის (გამსესხებლის) სასარგებლოდ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული სესხის 0.5%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდება გამსესხებლის მოთხოვნის სრულ დაკმაყოფილებამდე.

 

ხელშეკრულების თანახმად, სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ავტომობილი: მარკა, მოდელი - აუ------, 1.8 T, სარეგისტრაციო ნომერი - O------, გამოშვების წელი - 2---, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო N – W----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A--------.

 

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 10 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ NT----------, რომლის თანახმადაც, მსესხებელს გადაეცა თანხა 4 500 ლარის ოდენობით, ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთით - 5.3%. ამავე შეთანხმების თანახმად, სესხის დაბრუნება და მასზე რიცხული სარგებლის გადახდა განხორციელდება 36 თვის განმავლობაში ეტაპობრივად, იმგვარად, რომ მსესხებელი ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავს სესხს და გადაიხდის სესხის სარგებელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ.18-23);

- საკრედიტო შეთანხმების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 24);

- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ (ს.ფ. 25);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე ი----------–---–ის მიერ მოსარჩელის მიმართ ვალდებულების შესრულების მიზნით გადახდილია 7 თვის გადასახადი ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, ხოლო მერვე თვეს ვალდებულება შესრულებულია არასრულად. მოპასუხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა აღარ განუხორციელებია 2017 წლის ოქტომბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2018 წლის 26 ივნისს მოპასუხეს მოსარჩელის მიერ გაეგზავნა შეტყობინება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გირავნობის საგნის მისთვის გადაცემის მოთხოვნის შესახებ. მოპასუხეს აღნიშნული მიმართვა არ ჩაბარებია და არ განუხორციელებია გირავნობის საგნის მოსარჩელისთვის გადაცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა, საფოსტო შეტყობინება (ს.ფ.27-28);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2016 წლის 08 ნოემბერს გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან NT---------- და მის საფუძველზე დადებული საკრედიტო შეთანხმებიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ 2018 წლის 23 ივლისის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 7 473.59 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 4 139.21 ლარი, სარგებელი - 2 157.33 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1 177.05 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ.29);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. მოპასუხე ი----------–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის - 4 139.21 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში სრულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავო არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო თვლის, რომ შპს ,,მ---------------------ი’’-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 319-ე, 327-ე, 623-ე, 625-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადი და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. შესაბამისად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა დავალიანების ძირითადი თანხის - 4 139.21 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, თავის მხრივ, მოთხოვნის ამ ნაწილში შპს ,,მ---------------------ო’’-ს სარჩელის უპირობოდ დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას. ვალდებულების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი შესრულების სტანდარტი მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მიმართაც. ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისათვის დროის განსაზღვრა, ნიშნავს მხარეთა ინტერესს აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში შესრულების მიმართ მტკიცებას არ საჭიროებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 10 თებერვალის შეთანხმებით სესხის გადაცემის შესახებ NT----------, მსესხებელს გადაეცა თანხა 4 500 ლარის ოდენობით, ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთით - 5.3%. ამავე შეთანხმების თანახმად, სესხის დაბრუნება და მასზე რიცხული სარგებლის გადახდა განხორციელდება 36 თვის განმავლობაში ეტაპობრივად, იმგვარად, რომ მსესხებელი ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავს სესხს და გადაიხდის სესხის სარგებელს.

 

ასევე დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური თანხის გადახდის ვალდებულება. კერძოდ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე ი----------–---–ის მიერ მოსარჩელის მიმართ ვალდებულების შესრულების მიზნით გადახდილია 7 თვის გადასახადი ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, ხოლო მერვე თვეს ვალდებულება შესრულებულია არასრულად. მოპასუხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა აღარ განუხორციელებია 2017 წლის ოქტომბრიდან. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოვალისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე დარიცხული სარგებლის - 2 157.33 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ,,პრეზუმირებული მინიმალური ზიანის’’ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ამავე ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მსესხებლის მიერ სესხის გადაცემის შესახებ რომელიმე შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულების 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში, ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ჯარიმასთან ერთად, გამსესხებელი უფლებამოსილია, მსესხებელს დააკისროს მის (გამსესხებლის) სასარგებლოდ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული სესხის 0.5%-ის ოდენობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 1 177.05 ლარი შეუსაბამოდ მაღალია ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში და იგი უნდა შემცირდეს. კერძოდ, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 100 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 224.20 ლარი (ს.ფ. 40). ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირი თანხის - 4 139.21 ლარის დაკისრების ნაწილში, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 124.17 ლარი. ამასთან, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 67.71 ლარის ანაზღაურება. ხოლო არ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის (1077.05 ლარი) ნაწილში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 32.31 ლარის ოდენობით კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,მ---------------------ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. დაეკისროს ი----------–---–ს შპს ,,მ---------------------ი’’-ს სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა - 4 139.21 ლარი;

 

1.2. დაეკისროს ი----------–---–ს შპს ,,მ---------------------ი’’-ს სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებელი - 2 157.33 ლარი;

 

1.3. დაეკისროს ი----------–---–ს შპს ,,მ---------------------ი’’-ს სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო - 100 ლარი;

 

2. მოსარჩელე შპს ,,მ---------------------ი’’-ს დაუბრუნდეს მის მიერ 23.07.2018წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 224.20 ლარიდან 124.17 ლარი (გადამხდელი შპს ,,მ---------------------ი’’, ბანკის კოდი:T-------, ს/კ:4--------, საგადასახადო დავალება N1---------);

 

3. მოპასუხე ი----------–---–ს შპს ,,მ---------------------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 67.71 ლარის ანაზღაურება;

 

4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 32.31 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია