გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.11.2018
საქმის ნომერი
340210018002413031
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210018002413031

საქმე #2/313-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08.11.2018 წელი ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი

მოსარჩელე - სს ,,თი---------ი”

წარმომადგენელი - სა-–-------–----–---–ი

მოპასუხე - ნა--------------–---–ი

წარმომადგენელი - გი-------------–---–ი

დავის საგანი: საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული):

1.1. მოპასუხე ნა--------------–---–ს მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 31 ოქტომბრის საბანკო კრედიტის №2687720-2731055 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 200 354.6 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 119 740.76 აშშ დოლარი, პროცენტი 36 282.79 აშშ დოლარი, ჯარიმა 40 000 აშშ დოლარი და დაზღვევა 4 331.05 აშშ დოლარი.

1.2. მოპასუხე ნა--------------–---–ს, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2018 წლის 11 აპრილიდან), მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 31 ოქტომბრის საბანკო კრედიტის №2687720-2731055 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირ თანხაზე - 119 740.76 აშშ დოლარზე, აღსრულებამდე წლიური 10% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად 997.83 აშშ დოლარს შეადგენს.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: 2014 წლის 31 ოქტომბერს სს „თი---------ს“ და ნა--------------–---–ს შორის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც 2014 წლის 31 ოქტომბერს მხარეთა შორის საბანკო კრედიტის №2687720-2731055 ხელშეკრულება გაფორმდა და გაიცა კრედიტი 125 000 აშშ დოლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი 10%-ით, კრედიტის ვადა კი 2021 წლის 01 ნოემბრამდე განისაზღვრა. კრედიტის დაფარვა ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად ყოველი თვის 01 რიცხვში უნდა განხორციელებულიყო. ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 აშშ დოლარი და 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. ხელშეკრულების დამატებით პირობად მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა განისაზღვრა სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.

საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება 2015 წლის 01 მაისიდან დაირღვა და 2018 წლის 11 აპრილის მდგომარეობით დავალიანებამ 673 033.15 აშშ დოლარი შეადგინა. საიდანაც ძირი თანხაა 119 740.76 აშშ დოლარი, პროცენტი 36 282.79 აშშ დოლარი, ჯარიმა 512 678.55 აშშ დოლარი და დაზღვევა 4 331.05 აშშ დოლარი. მოსარჩელემ შეამცირა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა და მისი ოდენობა 40 000 აშშ დოლარით განისაზღვრა. შესაბამისად, მოპასუხის დავალიანება ჯამში 200 354.6 აშშ დოლარს შეადგენს, რომლის გადახდაც მოპასუხეს სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს. მასვე უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური სარგებლის 10%-ის გადახდა, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. მხარემ შესაგებელში მიუთითა, რომ ხელშეკრულება ნი-----------–---–თან არის დადებული და ამიტომ იგი არასათანადო მოპასუხეა. აგრეთვე მიუთითა, რომ მოთხოვნა ხანდაზმული იყო.

2.2. სასამართლოს 2018 წლის 08 ნოემბრის სხდომაზე მხარის წარმომადგენელი დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას და მხოლოდ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითა. (იხ. სასამართლოს 08.11.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 14:11:15-14:13:00 სთ, 14:14:25-14:15:20 სთ)

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. ნა--------------–---–მა 2014 წლის 30 ოქტომბერს პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა გასცა ნი-----------–---–ზე, რომლითაც მას სხვა უფლებებთან ერთად წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭა სს ,,თი---------თან“ ურთიერთობის სფეროში. მინდობილობის მიხედვით, ნი-----------–---–ი ნა--------------–---–ს წარმოადგენს სს ,,თი---------თან“ ურთიერთობაში და ამ მიზნით იგი უფლებამოსილია მისი სახელით გახსნას, მართოს და განკარგოს მიმდინარე და სადეპოზიტო ანგარიშები, აწარმოოს ნებისმიერი სახის საბანკო ოპერაციები აღნიშნულ ანგარიშებზე, მათ შორის მოახდინოს თანხის გამოტანა, დეპონირება, გადარიცხვა და სხვა. წარმომადგენელი უფლებამოსილია მარწმუნებლის სახელით აიღოს შეუზღუდავი მოცულობის საკრედიტო პროდუქტები (საბანკო კრედიტები, ოვერდრაფტები, აკრედიტივები, საბანკო გარანტიები და სხვა) ხელი მოაწეროს შესაბამის ხელშეკრულებებს, მათ შორის საბანკო პროდუქტებით მომსახურების, საკრედიტო ხაზის, საბანკო კრედიტების, გირავნობის, აკრედიტივის, გარანტიის, ოვერდრაფტის შესახებ ხელშეკრულებებს, შეიტანოს მათში ცვლილებები და ხელი მოაწეროს ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ხელშეკრულებებს. მინდობილობა გაიცა სამი წლის ვადით 2017 წლის 30 ოქტომბრამდე.

3.1.2. 2014 წლის 31 ოქტომბერს ნი-----------–---–მა, როგორც ნა--------------–---–ის წარმომადგენელმა, სს ”თი---------თან” დადო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №0052.2687720.001 ხელშეკრულება, რომლითაც საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის წესი და პირობები განისაზღვრა. ხელშეკრულების 1.2. პუნქტით ბანკმა მოპასუხისთვის საბანკო კრედიტით, საკრედიტო ხაზით, ოვერდრაფტით, საკრედიტო ლიმიტით, საბანკო გარანტიით, აკრედიტივით, ფაქტორინგით და სხვა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების გაწევის ვალდებულება იკისრა. ამავე ხელშეკრულების მე-5 მუხლით განსაზღვრულია საპროცენტო სარგებლის განაკვეთი და მისი გადახდის წესი, რომლის 5.3 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საპროცენტო სარგებლის დარიცხვა მოხდებოდა ფაქტობრივ დავალიანებაზე პროდუქტით ფაქტობრივად სარგებლობის დღეების შესაბამისად 365 დღეზე გაანგარიშებით. ხელშეკრულება, 13.1 პუნქტის თანახმად, განუსაზღვრელი ვადით დაიდო. ამავე ხელშეკრულების 10.4 და 10.5 პუნქტებით მხარეები შეთანხმდნენ დაზღვევის პირობებზე და განსაზღვრეს, რომ ბანკი უფლებამოსილია მსესხებლის ანგარიშიდან ყოველთვიურად უაქცეპტო წესით ჩამოწეროს სადაზღვევო პრემიის თანხა და განახორციელოს ანგარიშსწორება სადაზღვევო კომპანიასთან. იმ შემთხვევაში კი თუ მსესხებელი არ გადაიხდის სადაზღვევო პრემიას დავალიანება ჩაითვლება ვადაგადაცილებულად.

3.1.3. ნი-----------–---–მა, როგორც ნა--------------–---–ის წარმომადგენელმა, 2014 წლის 31 ოქტომბერს სს „თი---------თან“ დადო საბანკო კრედიტის №2687720-2731055 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 125 000 აშშ დოლარის ოდენობით. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო განაკვეთი 10%-ით, ხელშეკრულების ვადა კი 2021 წლის პირველ ნოემბრამდე განისაზღვრა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხის დაფარვა გრაფიკის შესაბამისად ყოველი თვის პირველ რიცხვში უნდა განხორციელებულიყო. ამავე ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო ფიქსირებული 10 დოლარი და 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის (პუნქტები 2.9-2.10); ამავე ხელშეკრულების 3.1 პუნქტში აღნიშნულია, რომ იგი წარმოადგენს საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №0052.2687720.001 ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

3.1.4. მოპასუხეს სესხად მიღებილი თანხის, დარიცხული სარგებლის, ქონების და სიცოცხლის დაზღვევის თანხების გადახდა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით ყოველი თვის პირველ რიცხვში უნდა განეხორციელებინა. მოპასუხე 2015 წლის პირველი აპრილის ჩათვლით იხდიდა გრაფიკით გათვალისწინებულ თანხებს. 2015 წლის პირველი მაისიდან კი დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მას შემდეგ თანხების გადახდა არ განუხორციელებია.

3.1.5. მოპასუხის დავალიანებამ 2018 წლის 11 აპრილის მდგომარეობით 673 033.15 აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც ძირი თანხაა 119 740.76 აშშ დოლარი, პროცენტი 36 282.79 აშშ დოლარი, ჯარიმა 512 678.55 აშშ დოლარი და დაზღვევა 4 331.05 აშშ დოლარი. მოსარჩელემ შეამცირა დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა 40 000 აშშ დოლარამდე და შესაბამისად, მთლიანი დავალიანების ოდენობა 2018 წლის 11 აპრილის მდგომარეობით 200 354.6 აშშ დოლარით განისაზღვრა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №0052.2687720.001 ხელშეკრულება (ს.ფ. 15-22);

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, დაზღვევის პოლისები, თანხის გადახდის გრაფიკი, ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 23-33);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 34);

- მინდობილობა (ს.ფ 75-76).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ სს,,თი---------ის“ მოთხოვნა მოპასუხე ნა--------------–---–ის მიმართ არ წარმოადგენს ხანდაზმულ მოთხოვნას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისთვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული და მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა 2014 წლის 31 ოქტომბერს დაიწყო. მოპასუხეს ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით უნდა განეხორციელებინა სესხად მიცემული თანხის, სარგებლის და დაზღვევის საფასურის გადახდა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხე 2015 წლის 01 აპრილამდე ასრულებდა ვალდებულებას და იხდიდა გრაფიკით გათვალისწინებულ თანხას. ვალდებულების დარღვევა კი 2015 წლის 01 მაისს მოხდა და მას შემდეგ მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია.

მოსარჩელის განმარტება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით, რომლის მიხედვით, სესხზე მიმდინარე დავალიანება 2015 წლის 02 აპრილის მდგომარეობით სრულად არის გადახდილი. 2015 წლის 01 მაისს კი მხოლოდ 17.93 აშშ დოლარის გადახდა ფიქსირდება. შესაბამისად, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევას ადგილი ამ პერიოდიდან აქვს და ხანდაზმულობის ვადის ათვლაც 2015 წლის 01 მაისიდან დაიწყო. მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით 2018 წლის 24 აპრილს მომართა. შესაბამისად, სარჩელის აღძვრა კანონით გათვალისწინებული სამწლიანი ვადის გასვლამდე მოხდა და ამიტომ მოთხოვნა ხანდაზმულად ვერ ჩაითვლება.

სასამართლო დამატებით განუმარტავს მხარეს, რომ ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავის უფლების იძულებით განხორცილება ან დაცვა. უმეტეს შემთხვევაში, დარღვეული უფლების განხორცილების და დაცვის მიზნით სარჩელით მიმართავენ სასამართლოს, თუმცა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ შემთხევაში დარღვეული უფლების განხორცილება და აღდგენა შეიძლება სხვა ორგანოს მიერაც. ამდენად, უფლების დაცვა შეიძლება განხორცილდეს როგორც სასარჩელო, ისე არასასარჩელო გზით და ამიტომ ხანდაზმულობის ცნება მხოლოდ სასარჩელო ხანდაზმულობას კი არ მოიცავს, არამედ ასევე ვადებს, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს უფლების არასარჩელო წესით დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლით იფარება (ისპობა) სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორცილების შესაძლებლობა, მაგრამ სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება რაიმე დროით შეზღუდული არ არის. პირს ყოველთვის შეუძლია წარადგინოს მოთხოვნა, მაშინაც კი, როცა ხანდაზმულობის ვადა გასულია. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორცილების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად მოთხოვნა განხილული უნდა იქნეს და თუ გამოირკვევა, რომ არ არსებობს ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები, მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლზე, რომლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევა 2015 წლის პირველი მაისიდან. სარჩელი 2018 წლის 24 აპრილს არის აღძრული. შესაბამისად, სარჩელის აღძვრით ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა. ამიტომ, მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მოპასუხის წარმომადგენლის მიერ მითითებული გარემოება მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, თანხის გადახდის გრაფიკი, ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 23-33);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 34);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს 08.11.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სს ''თი---------ის'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

სამოქალაქო სამართალით განმტკიცებულია მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი, რაც ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს, როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილით იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს.

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით უდავოდ დადასტურებული ფაქტია სს ,,თი---------თან“ 2014 წლის 31 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებებზე ხელმომწერი პირი ნი-----------–---–ი მარწმუნებლის ნა--------------–---–ის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე და მისი სახელით მოქმედებდა. შესაბამისად, საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №0052.2687720.001 ხელშეკრულებით და საბანკო კრედიტის №2687720-2731055 ხელშეკრულებით ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა სს ,,თი---------სა“ და ნა--------------–---–ს შორის წარმოიშვა. ამიტომ, მოცემული დავის გადაწყვეტაც აღნიშნული ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე უნდა მოხდეს.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სესხის ხელშეკრულების ნაირსახეობაა, რომლის საფუძველზეც საბანკო დაწესებულება ვალდებულია გადასცეს კრედიტის მიმღებს ფულადი თანხა შეთანხმებული ოდენობით, ხოლო ეს უკანასკნელი კისრულობს მიღებული კრედიტის ვადაში დაბრუნების ვალდებულებას. ამდენად, ფულის სესხი განიხილება ორმხრივ მავალდებულებელ ხელშეკრულებად, რომლის საფუძველზეც გამსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა გადასცეს მსესხებელს საკუთრებაში ფულადი თანხა შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა დააბრუნოს ნასესხები თანხა შეთანხმებულ ვადაში და შეთანხმებული პირობებით. სასამართლო აგრეთვე განმარტავს, რომ სესხი რეალური ხელშეკრულებაა. ის დადებულად ითვლება და მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთების საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. რეალური სესხის ხელშეკრულება გულისხმობს საგნის ფიზიკურ გადაცემას შემდგომში დაბრუნების პირობით. ამავე დროს, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ მსესხებელს სესხად გადაცემული თანხით სარგებლობისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება.

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 125 000 აშშ დოლარის ოდენობით. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო განაკვეთი 10%-ით განისაზღვრა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხის დაფარვა გრაფიკის შესაბამისად ყოველი თვის პირველ რიცხვში უნდა განხორციელებულიყო. მოპასუხემ 2015 წლის პირველი მაისიდან შეწყვიტა გრაფიკით გათვალისწინებული თანხების გადახდა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ანგარიშით, მოპასუხეს 2018 წლის 11 აპრილამდე მდგომარეობით ერიცხება დავალიანება სესხის ძირითადი თანხის სახით 119 740.76 აშშ დოლარის და სარგებლის სახით 36 282.79 აშშ დოლარის ოდენობით. მხარეთა მიერ უდავოდ დადასტურებულია ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი, ამასთან სარჩელში მითითებული გარემოება სესხის ძირი თანხის და დარიცხული სარგებლის ოდენობა მოპასუხის მხრიდან სადავო არ გამხდარა, ამიტომ სარჩელი სესხის ძირი თანხის და სარგებლის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

ამავე კოდექსის 419-ე მუხლის თანახმად, 1) კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში. 2) კრედიტორს ყოველთვის აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი ხელშეკრულება, თავისი შინაარსით მხარეთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს, ყოველი ხელშემკვრელი მხარე კი უნდა ცდილობდეს უფლებების მართლზომიერად გამოყენებას და ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას. ვინაიდან სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად კი მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მოპასუხემ იკისრა სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის და ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს, აგრეთვე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება. მოსარჩელე მხარემ აგრეთვე წარმოადგინა გადახდების ისტორია და ცნობა დავალიანების შესახებ, რომელთა მიხედვით მოპასუხე მხარემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და შეწყვიტა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების გადახდა. შესაბამისად, საბანკო კრედიტის საფუძველზე მოპასუხეს წარმოეშვათ როგორც სადაზღვევო პრემიის, აგრეთვე ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო თავის მხრივ მოსარჩელეს წარმოეშვა ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება.

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით მოპასუხის დავალიანებამ დაზღვევის ნაწილში 4 331.05 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში 40 000 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან ეს უკანასკნელი მოთხოვნილია შემცირებული ოდენობით.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.. სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.06.2017 წლის №2ბ/597-17 განჩინებაზე, სადაც სასამართლომ განმარტა შემდეგი [...] სასამართლო ერთი მნიშვნელოვან გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება და რაც მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას სასამართლო იწყებს მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში. პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად და მის მიერვე მითითებულ ფარგლებში. პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებით მხარის მიერ მითითებული ფაქტების შეფასების შემდეგ შეუძლია სასამართლოს გამოიყენოს დისკრეცია და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.06.2017 წლის განჩინება საქმეზე №2ბ/597-17)

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა უდავოდ გახადა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა. მას მისი შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ მიჩნევა და შემცირება არ მოუთხოვია. მხარეს არც დარიცხული დაზღვევის საფასურის ოდენობა გაუხდია სადავო. ფაქტობრივად მხარე დაეთანხმა იმ ოდენობას, რასაც მოსარჩელე უთითებდა. გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით 40 000 აშშ დოლარი და დაზღვევის საფასურის 4331.05 აშშ დოლარის ოდენობით დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და მოთხოვნა ამ ნაწილშიც უნდა დაკმაყოფილდეს.

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილით მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისთვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, აგრეთვე საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხი სარგებლიანი იყო და წლიური საპროცენტო განაკვეთი, მხარეთა შეთანხმებით 10%-ით განისაზღვრა. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, თითოეული საკრედიტო პროდუქტით სარგებლობისათვის ბანკი კლიენტს უწესებს სარგებლის წლიურ განაკვეთს, რაც არის ამ საკრედიტო პროდუქტით სარგებლობის საფასური. ხელშეკრულების 5.3 პუნქტის მიხედვით, საპროცენტო სარგებელი ერიცხება კლიენტის ფაქტობრივ დავალიანებას ბანკის მიმართ და იანგარიშება პროდუქტით ფაქტობრივად სარგებლობის დღეების შესაბამისად 365 დღეზე გაანგარიშებით.

მოსარჩელე წარმოადგენს კომერციულ ბანკს, რომელის ერთ-ერთ საქმიანობასაც ,,კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, სესხების გაცემა წარმოადგენს. მათ შორისაა სესხების გაცემა სამომხმარებლო, საიპოთეკო, არაუზრუნველყოფილი და სხვა კრედიტების ჩათვლით. განსახილველ შემთხვევაში გაცემული სესხები სარგებლიანი იყო, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსარჩელეს გაცემული სესხიდან სარგებლის მიღება შეეძლო. სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებას, რომ მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ის შეძლებდა იმავე თანხის ხელახლა დაკრედიტებას და მიიღებდა სარგებელს, რომლის მიღების საშუალებაც არ მიეცათ მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ამავე დროს, საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 5.1 და 5.3 პუნქტები და საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულების 3.8 პუნქტი უნდა შეფასდეს, როგორც სესხით სარგებლობის მთელ პერიოდზე სარგებლის დარიცხვაზე მხარეთა შორის შეთანხმებად და ვინაიდან საბანკო კრედიტის და საკრედიტო ხელშეკრულებით გადაცემული სესხების ძირი თანხები ამ დრომდე დაბრუნებული არ არის, ამიტომ, ვალდებულების შესრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით როგორც საბანკო კრედიტის, ასევე საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდევინების დაკისრების მოთხოვნა მართლზომიერ მოთხოვნას წარმოადგენს.

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის რაოდენობა დავის საგნის ღირებულების 3%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს შეადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დავის საგნის ფასი ფულადი გადახდევინების შესახებ სარჩელებზე გადასახდელი თანხით განისაზღვრება. ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელებზე კი არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით;

მოცემულ შემთხვევაში პირველი სასარჩელო მოთხოვნით მხარემ 200 354.6 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა. მეორე სასარჩელო მოთხოვნით კი აღსრულებამდე წლიური 10%-ის გადახდა, რაც თვეში 997.83 აშშ დოლარს შეადგენს. მთლიანობაში დავის საგნის ღირებულება 236276.48 აშშ დოლარით განისაზღვრა (997.83*36+200354.6=236 276.48), რაც სარჩელის აღძვრის მომენტისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით (2.4488) შეადგენს 578593.84 ლარს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტის ,,აბ“ ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირისათვის არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ლარს.

მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 5 000 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 5 000 ლარის ანაზღაურება.

რაც შეეხება იურიდიული მომსახურების საფასურის დაკისრებას, ამ ნაწილში საპროცესო ხარჯის დაკისრების საფუძველი არ არსებობს ვინაიდან საქმესი არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის თანხის გადახდის ფაქტი დადასტურდებოდა.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხე ნა--------------–---–ს მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 31 ოქტომბრის საბანკო კრედიტის №2687720-2731055 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 200 354.6 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 119 740.76 აშშ დოლარი, პროცენტი 36 282.79 აშშ დოლარი, ჯარიმა 40 000 აშშ დოლარი და დაზღვევა 4 331.05 აშშ დოლარი;

3. მოპასუხე ნა--------------–---–ს, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2018 წლის 11 აპრილიდან), მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 31 ოქტომბრის საბანკო კრედიტის №2687720-2731055 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირ თანხაზე - 119 740.76 აშშ დოლარზე, აღსრულებამდე წლიური 10% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად 997.83 აშშ დოლარს შეადგენს;

4. მოპასუხე ნა--------------–---–ს სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5 000 ლარის ანაზღაურება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე რომან კუპატაძე