გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/21794-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი
მოსარჩელე მ------------–---
წარმომადგენელი ს----------------–---–-
მოპასუხე ი-------------
წარმომადგენელი ი-----------------
დავის საგანი ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში
ცვლილების შეტანა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შემცირდეს 12.06.2018წელს გაცემული #1-------- სააღსრულებო ფურცლით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა და ნაცვლად 0.1%-ისა განისაზღვროს 0.01%-ით.
1.2. ცვლილება შევიდეს ნოტარიუსის მიერ 2018 წლის 12 ივნისს გაცემულ #1-------- სააღსრულებო ფურცელში, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.
1.3. შემცირდეს სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 8173.8 ლარით და 9082 ლარის ნაცვლად განისაზღვროს 908.2 ლარით.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 09 აგვისტოს მ------------–---სა და ი-------------ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმაd, მ------------–---მ ი------------------- ისესხა 47800 ლარი, ყოველთვიურად 2.5% სარგებლის დარიცხვით, სამი თვის ვადით. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ------------–---- საკუთრებაში არსებული ორი ერთეული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ან------------ას ქ. #9ბ-ში, სართ. 8, ბ.48 ს/კ N-1.10.16.001.002.01.048 და ქ. თბილისში, ან------------ას ქ. N9ბ-ში, მე-2 სადარბაზო, სხვენი, საერთო ფართით - 134.16 კვ.მ, ს/კ N------------------------
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით, სესხზე დარიცხული სამი თვის სარგებელი მოსარჩელეს სრულად აქვს გადახდილი.
2018 წლის 12 ივნისს ნოტარიუსის მიერ გაცემულ იქნა #1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც შესასრულებელი ვალდებულების მოცულობაა, ძირითადი თანხა - 47800 ლარი და გადაუხდელი თანხის პირგასამტეხლო 0.1%-ის ოდენობით, რაც დღეში შეადგენს - 47.8 ლარს.
2018 წლის 09 იანვრიდან სარჩელის შემოტანის დღისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა (190 დღეზე) შეადგენს 9082 ლარს.
მოსარჩელის განმარტებით დარიცხული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და ითხოვს სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანას პირგასამტეხლოს ნაწილში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო სრულად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 09 აგვისტოს ი-------------სა და მ---------–---- შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული N--------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. სესხი გაიცა შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 47800 (ორმოცდაშვიდი ათას რვაასი) ლარი, სამი თვის ვადით, ყოველთვიურად 2.5% სარგებლის დარიცხვით, პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის სესხის ძირითადი თანხის 0.1 %-ის ოდენობით.
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზეც მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მ---------–---- საკუთრებაში რიცხული ორი ერთეული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ან------------ას ქ. #9ბ-ში, სართ. 8, ბ.48 ს/კ N-1.10.16.001.002.01.048 და ქ. თბილისში, ან------------ას ქ. N9ბ-ში, მე-2 სადარბაზო, სხვენი, საერთო ფართით - 134.16 კვ.მ, ს/კ N------------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 09 აგვისტოს N--------- სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 19-28);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 31);
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 18 ივლისის მიმართვა (ს.ფ 41).
3.1.2 2017 წლის 9 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 30 მაისამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 09.11.2017 წლის დანართი N1 (ს.ფ 65).
3.1.3 მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სარჩელი, შესაგებელი).
3.1.4 2018 წლის 12 ივნისს ნოტარიუს შ-----------------–---–-- მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად მ------------–---- ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა - 47800 ლარი, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, სესხის ძირითადი თანხის 0.1%, რომელიც დაითვლება 2018 წლის 9 იანვრიდან და გაგრძელდება აღსრულებამდე და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ღირებულება - 102 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 12 ივნისს ნოტარიუს შ-----------------–---–-- მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ 33-36).
3.1.5. ს-------------–---------------–----------- წარმოებაშია ნოტარიუს შ-----------------–---–-- მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება N---------- აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალე მ------------–---ს მიეცა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ 37-40).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლომ მიაჩნია, რომ მ------------–---- სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ როგორც ხელშეკრულების შინაარსი, ასევე მისი შესრულების მექანიზმი. ხელშეკრულება მიიჩნევა მხარეთა ნების დეკლარაციად და ასახავს ხელშემკვრელი მხარეების მიერ წინასწარ შეთანხმებულ პირობებს მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობები წარმოიშვა 2017 წლის 09 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც განსაზღვრულ იქნა მოსარჩელისა და მოპასუხის, როგორც მსესხებლისა და გამსესხებლის კონკრეტული უფლება-მოვალეობები.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
უდავო გარემოებაა, რომ მოვალის მიერ დარღვეულ იქნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის დაფარვის ვალდებულება ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ი-------------- მიმართვის შედეგად, 2018 წლის 12 ივნისს ნოტარიუს შ-----------------–---–-- მიერ გაცემულ იქნა N1-------- სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მარინე მამალაძის ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა - სესხის ძირითადი თანხით - 47800 ლარი და ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, სესხის ძირითადი თანხის 0.1%-თ, 2018 წლის 9 იანვრიდან აღსრულებამდე.
მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ ვალდებულების მოცულობას პირგასამტეხლოს ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება - ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ სასამართლო სხდომაზე სრულად ცნო სარჩელი, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. შესაბამისად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სასარჩელო მოთხოვნის უპირობოდ დაკმაყოფილების საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხე მხარემ ცნო სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3000 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს 2----–-–---------–--- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე მ------------–---- სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს შ-----------------–---–-- მიერ 2018 წლის 12 ივნისს გაცემულ №1-------- სააღსრულებო ფურცელში და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად განისაზღვროს 0.01%-ით, შესაბამისად მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 908.2 ლარის ოდენობით.
2. მ------------–---ს (პ/ნ 0----------) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 20 ივლისს (საგადასახადო დავალება N-) სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარი;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნინო მამულაშვილი