გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.11.2018
საქმის ნომერი
080310018002708319
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა საქმეები
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310018002708319

საქმე №3/711-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

9 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი - ნინო გიორგაძე

 

მოსარჩელე - ჯ----------–---–ი

წარმომადგენელი - დ--–------–-----–--ე

 

მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეშვიდე განყოფილების გამომძიებელი გ-------–--------ე

 

დაინტერესებული პირი - თ----------ე

ადვოკატი - მ-------------–---ი

 

მოთხოვნის არსი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეშვიდე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ-------–--------ის მიერ 2018 წლის 25 ოქტომბრის გამოცემული N008141 შემაკავებელი ორდერი.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის თებერვლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება თ----------ესთან, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. 2018 წლის 7 სექტემბერს თ----------ემ ბავშვი, რომელიც დაიბადა დროზე ადრე, დატოვა უმეთვალყურეოდ იმ მოტივით, რომ ვერ გადარჩებოდა. ბავშვს ჯერ უვლიდა საავადმყოფოს მედპერსონალი, ხოლო შემდეგ მოსარჩელის 67 წლის დედა. ბავშვის გამოყვანის დროს, ორი დღით ადრე თ----------ე მივიდა პოლიციაში და განცხადა, რომ მოსარჩელე და მისი დედა საშუალებას არ აძლევდა ბავშვზე გაეწია მეთვალყურეობა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნულის შემდეგ თ----------ემ მიმართა პოლიციის მეშვიდე განყოფილებას, სადაც განაცხადა, რომ ჯ----------–---–მა 2018 წლის ივლისის თვეში იძალადა თ----------ეზე, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოსარჩელემ პოლიციიას წარუდგინა თ----------ის სმს შეტყობინებები, რომელიც შეიცავდა მუქარას და შეურაცხყოფას.

 

რამდენიმე დღეში მისთვის ცნობილი გახდა, რომ პოლიციის მეშვიდე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, ჯ----------–---–ს აეკრძალა გარკვეული მოქმედებები, მათ შორის საკუთარ სახლში მისვლის, ასევე მისი კუთვნილი მოძრავი ნივთებით სარგებლობა. მოსარჩელე არ ეთანხმება სადავო შემაკავებელ ორდერს და განმარტავს, რომ შემაკავებელ ორდერში მითითებული არ არის თუ როდის მოხდა მისი მხრიდან თ----------ეზე ძალადობა. ამასთან, მხარე აღნიშნავს, რომ სახლი, რომლისგანაც მოხდა მისი მოშორება ირიცხება მის სახელზე, საკუთრების უფლებით.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

მოპასუხე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეშვიდე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გ-------–--------ე არ დაეთანხმა ჯ----------–---–ის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ არ არსებობს შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.

 

3. დაინტერესებული პირის პოზიცია.

 

დაინტერესებულმა პირმა თ----------ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-------------–---მა სასამართლო სხდომაზე განმარტეს შემდეგი: თ----------ე იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში ჯ----------–---–თან, რომელთანაც აქვს დაძაბული ურთიერთობა, კერძოდ 2018 წლის 15 ივლისს ადგილი ჰქონდა მისი მეუღლის მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, აღნიშნულის გამო გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია, რა დროსაც ჯ----------–---–ს მიეცა წერილობითი გაფრთხილება, ხოლო თ----------ის თხოვნის საფუძველზე შემაკავებელი ორდერის გამოწერა არ მოხდა. შემდეგ ჯ----------–---–მა კვლავ დაიწყო თ----------ის შევიწროება და ფსიქოლოგიური ძალადობა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ემუქრებოდა ახლადდაბადებულ შვილის წართმევით. 2018 წლის 11 ოქტომბერს თ----------ემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რადგან ჯ----------–---–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და უკრძალავდა საავადმყოფოში შვილთან დარჩენას, თუმცა იმ დროსაც, თ----------ის თხოვნით შემაკავებელი ორდერი არ გამოიცა. 2018 წლის 16 ოქტომბერს თ----------ე გამოვიდა საავადმყოფოდან და მივიდა მის საცხოვრებელ სახლში ქ. ქუთაისში, ს---–-------ას N25/118-ში, სადაც ჯ----------–---–ის მიერ შეცვლილი დახვდა ბინის კარის გასაღები, რათა ბინაში არ შესულიყო თ----------ე. მას შემდეგ რაც ბავშვი გამოიყვანა საავადმყოფოდან და მივიდა საცხოვრებელ ბინაში, ჯ----------–---–მა, როგორც ბინის მესაკუთრემ, განცხადებით მიმართა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ რათა საცხოვრებელ ბინაში შეეწყვიტათ ელექტროენერგიის მიწოდება რამაც თ----------ე და მისი შვილები ჩააყენა მძიმე მდგომარეობაში. ხოლო, მას შემდეგ, 2018 წლის 23 ოქტომბერს, რაც თ----------ის განცხადების საფუძველზე აღდგენილი იქნა ელექტროენერგიის მიწოდება, იგი კვლავ ემუქრება შუქის ჩაჭრით და სახლიდან გამოყრით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ჯ----------–---–ი და მისი ახლობლები სოციალური ქსელის მეშვეობით აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და აკეთებენ ცილისმწამებლურ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ თ----------ემ მიატოვა შვილი, რაც იწვევს მის დამცირებას, შეურაცხყოფას და როგორც სკოლის პედაგოგის რეპუტაციის შელახვას საზოგადოების თვალში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. დადგენილია, რომ თ----------ე და ჯ----------–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2015 წლის 8 თებერვლიდან და მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - ბარბარე ჯიხვაშვილი და მარიამ ჯიხვაშვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა;

- მხარეთა-ახსნა-განმარტებანი;

 

3.1.2. დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ს---–-------ას გამზ. N25, ბ118-ში მდებარე უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით ირიცხება ჯ----------–---–ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 24 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეშვიდე განყოფილებას განცხადებით მიმართა თ----------ემ, სადაც აღნიშნა ჯ----------–---–ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ, რაზეც დაიწყო გამოძიება.

 

2018 წლის 25 ოქტომბერს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გ-------–--------ის მიერ გამოიკითხა თ----------ე, რომელმაც განმარტა, რომ ის არის რეგისტრირებულ ქორწინებაში ჯ----------–---–თან, რომელთანაც ჰყავს 2 მცირეწლოვანი შვილი ბარბარე და მარიამ ჯიხვაშვილები. 2018 წლის 15 ივლისს ჯ----------–---–ი იყო აგრესიული და მან ოთახიდან ესროლა ბალიში, რომელიც მოხვდა მას მუცლის არეში და ვინაიდან იყო 7 თვის ფეხმძიმე განიცადა ტკივილი. ამასთან, ჯაბა ცდილობდა თ----------ე გაეგდო სახლიდან, რამაც ასევე ძლიერი ტკივილი განაცდევინა მას. აღნიშნულის გამო გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომლებმაც მისცეს გაფრთხილება, თუმცა შემაკავებელი ორდერი მისივე თხოვნით არ გამოიცა. თ----------ე აღნიშნავს, რომ აღნიშნულის შემდეგ ჯ----------–---–ი და მისი ოჯახის წევრები მიუვარდნენ სახლში და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, აეწია ცილა და ჰქონდა მაღალი წნევები, ცუდი ანალიზების გამო ვადაზე დარე გაუკეთდა საკეისრო კვეთა და ბავშვი გადაყვანილი იქნა რეანიმაციაში. ვინაიდან თ----------ეს ჰქონდა წნევები და რთული მდგომარეობა ერთი კვირის განმავლობაში ვერ შეძლო ბავშვის სანახავად საავადმყოფოში მისვლა. თ----------ე აღნიშნავს, რომ ბავშვის მკურნალი ექიმის ნახვიდან მეორე დღეს მას ტელეფონით დაუკავშირდა მისი მეუღლე რომელმაც ესაუბრა აგრესიულად, რის გამოც ჩავარდა სტრესულ მდგომარეობაში, რის ფონზეც განვითარდა ფილტვების თრომბოემბოლია. 9 დღის მანძილზე იწვა ზ. ცხაკაიას სახელობის ინეტერვენციულ მედიცინის ცენტრში, რეანიმაციაში, სადაც მიდიოდა ჯაბა და იქაც ახორციელებდა მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობას, ეუბნებოდა, რომ რადგან ბავშვი მიატოვა წაართმევდა მას. სახლში გამოწერის შემდეგ ჰქონდა წოლითი რეჟიმი, ჯანმრთელობის გამოკეთების შემდეგ საავადმყოფოში მისვლისას დახვდა მეუღლე და მისი ნათესავები, რომლებმაც დაუწყეს ყვირილი, ემუქრებოდნენ დედობის ჩამორთმევით და უფროსი შვილის წართმევითაც. აღნიშნულის გამო ითხოვა დახმარება საპატრულო პოლიციისგან, თუმცა შემაკავებელი ორდერი არ გამოიცა მისივე თხოვნის საფუძველზე, რადგან დართეს შვილთან ყოფნის უფლება. თ----------ე აღნიშნავს, რომ ჯ----------–---–ი არ მიდოდა სახლში, ამასთან არ აძლევდა მის მშობლებს მათთან მისვლის უფლებას, რის გამოც ფაქტიურად ავადმყოფი ადამიანი დატოვა მარტო მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. ასევე განმარტავს, რომ ჯაბას მიერ ადგილი ჰქონდა საცხოვრებელი ბინის საკეტის გამოცვლას, ელექტროენერგიის გათიშვას, რის გამოც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ის თავის შვლებთან ერთად. თ----------ის განმარტებით ჯ----------–---–ი სისტემატიურად ახორციელებს ფსიქოლოგიურ ძალადობას მასზე, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრება ბავშვის წართმევით, რაც მხარეს განაცდევინებს სულიერ ტანჯვას. ამასთან, იმის გამო, რომ ჯ----------–---–ის ნათესავები სოციალურ ქსელში თ----------ეზე არასწორ და შეურაცხმყოფელ ინფორმაციას იგი, როგორც სკოლის პედაგოგი განიცდიდა მძიმე ემოციურ სტრესს.

 

საქმეში ასევე, წარმოდგენილია ნარგიზა კაპანაძის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, ჯ----------–---–მა 2018 წლის 15 ივლისს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მას. ხოლო თ----------ის მიმართ სისტემატიურად ახორციელებს ფსიქოლოგიურ ძალადობას სხვადსხვა ფორმით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- წერილი;

- განცხადება;

- ახსნა-განმარტებები;

 

3.1.4. საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ ცნობებით ირკვევა, რომ თ----------ე 2018 წლის 3 სექტემბერს მოთავდა სტაციონარში, საიდანაც გაწერეს 2018 წლის 12 სექტემბერს. დიაგნოზი - 082,8 სხვა ერთნაყოფიანი მშობიარობა საკეისრო კვეთით, ორსულობა 32 6/7 კვ. ნაყოფი მენჯით წინამდებარეობა, მშობიარობის პირველი პერიოდი, დატვირთული სამეანო ანამნეზი 2015წ გადატანილი საკეისრო კვეთა, მძიმე ფორმის პრეეკლამფისა, რეზუს კუთვნილება 014,1 მძიმე პრეეკლამფსია;

 

თ----------ე 2018 წლის 26 სექტემბერს მოთავსდა სტაციონარში - 2018 წლის 5 ოქტომბრამდე დიაგონიზით - I26,0 ფილტვის არტერიის ემბოლია მწვავე ფილტვისმიერი გულის დროს; J96,0 სუნთქვის მწვავე უკმარისობა, I82.9 დაუზუსტებელი ვენის ემბოლია და თრომზობი, მარცხენა თეძოს შიგნითა ვენისა და მისი ტოტების თრომბოზი);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

 

3.1.5. საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ ცნობით ირკვევა, რომ მარიამ ჯიხვაშვილი (დაბადების თარიღი 07.09.2018) სტაციონარში მოთავდა 07/09/2018 წ, სტაციონარიდან გაეწერა 16/10/2018 წელს. დიაგნოზი - P22.8 ახალშობილთა სხვა რეპრესიული დისტრესი; P39.9 პერინატალური პერიოდისათვის დამახასიათებელი ინფექცია, დაუზუსტებელი; P 07.3 დღენაკლულობის სხვა შემთხვევები; P92.2 ახალშობილის სუსტი წოვა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

 

3.1.6. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეშვიდე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ-------–--------ის მიერ 2018 წლის 25 ოქტომბერს გამოიცა N008141 შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მსხვერპლია: თ----------ე; მოძალადეა - ჯ----------–---–ი;

 

ჯ----------–---–ს აეკრძალა იმ სახლისგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ჯ----------–---–ს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; ჯ----------–---–ს აეკრძალა თანასაკუთრების ერთპიროვნულად სარგებლობის უფლება; ძალადობის ფორმა: ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობა; შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა - 30 დღე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N008141 შემაკავებელი ორდერი;

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯ----------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

სასამართლო მიუთითებს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-36 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. ხოლო, ამავე კოდექსის 12.4 მუხლის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით.

 

პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად: ა.ა) დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერს;

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა. მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია: ა) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები; ბ) განცალკევებულად გამოკითხოს სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს; გ) მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ; დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკონომიკური ძალადობა არის ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;

 

პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემის მიზანს წარმოადგენს დაუყოვნებლივ რეაგირება მსხვერპლის მოძალადისგან მყისიერი დაცვისათვის, აღნიშნული კი განხორციელებული უნდა იქნეს პოლიციის ორგანოების მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღებისა და ოპერატიული რეაგირების საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ მოიაზრებს შესაბამისი ორგანოების ვალდებულებას დაუყოვნებლივ გამოცხადნენ ადგილზე ან მსხვერპლის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში დაიწყონ წარმოება, შეაგროვონ მტკიცებულებები, გამოკითხონ მოწმეები და საჭიროების შემთხვევაში გამოსცენ შემაკავებელი ორდერი, რათა აღკვეთონ ძალადობრივი ქმედება მსხვერპლის მიმართ.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეშვიდე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ-------–--------ის მიერ 2018 წლის 25 ოქტომბერს გამოიცა N008141 შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მოძალადე ჯ----------–---–ს აეკრძალა იმ სახლისგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ჯ----------–---–ს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; ჯ----------–---–ს აეკრძალა თანასაკუთრების ერთპიროვნულად სარგებლობის უფლება; შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა - 30 დღე.

 

ასევე დადგენილია, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა თ----------ის განცხადება, რომლის თანახმად იგი ჯ----------–---–ის მხრიდან 2018 წლის 15 ივლისიდან განიცდის ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც გრძელდება დღემდე, ამასთან აღნიშნავს, რომ ფიზიკურ ძალადობას ჯ----------–---–ს მხრიდან ადგილი ჰქონდა მხოლოდ 2018 წლის 15 ივლისს.

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების თანახმად, მოსარჩელე ჯ----------–---–სა და დაინტერესებული პირს თ----------ეს შორის მიმდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველი დავა განქორწინებისა და ალიმენტის დანიშვნის თაობაზე.

 

„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია („სტამბოლის კონვენცია“) უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სფეროში. კონვენციის მიზნებისთვის „ოჯახში ძალადობა გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომელიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ, ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა“.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთ მითითებული საკანონმდებლო აქტების დანაწესებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, ადგილი აქვს თუ არა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ისეთი სახის ძალადობის გამოყენებით, როგორიცაა ფსიქოლოგიური (ან ეკონომიკური) ძალადობა თუ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის ფონზე გარკვეულ ემოციურ დისბალანსს, რაც გამოწვეული მათ შორის მიმდინარე (სამართლებრივი - განქორწინება, ალიმენტი) პროცესების სენსიტიურობით.

 

მიჩნეულია, რომ ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია და ისინი შეიძლება გამომდინარეობდეს მძიმე სოციალური თუ ეკონომიური მდგომაროებიდან, ემყარებოდეს რელიგიური თუ კულტურულ ტრადიციებს და ურთიერთობის დადგენილი ფორმით სტერეოტიპულად ჩამოყალიბებულ წესებს. ოჯახში ძალადობის მიზეზს ასევე, შეიძლება წარმოადგენდეს ოჯახის ერთი წევრის მხრიდან მეორის მიმართ ძალაუფლების დემონსტრირების და კონტროლის განხორციელებას. ანუ, როცა ოჯახის ერთი წევრი ცდილობს დაამყაროს კონტროლი მსხვერპლის ქმედებაზე (არსებობაზე) და ამისთვის სხვადასხვა ხერხებს მიმართავს. რიგ შემთხვევაში ძალადობის მიზეზად შეიძლება დასახელდეს ისეთი სხვა ფაქტორები, როგორიცაა ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ფსიქიკური და მენტალური პრობლემები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დაინტერესებული პირი თ----------ე ფიზიკური ძალადობის მხოლოდ ერთ ფაქტზე მიუთითებს, რომელსაც არ ეთანხმება მოსარჩელე, თუმცა ორივე მხარე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 15 ივლისს მათ მიერ გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია, რა დროსაც არ იქნა შედგენილი შემაკავებელი ორდერი და ჯ----------–---–ს მიეცა მხოლოდ გაფრთხილება და ჩამოერთვა ხელწერილი. ფსიქოლოგიურ ძალადობასთან დაკავშირებით კი მნიშვნელოვანია, მოხდეს იმ გარემოებების გამიჯვნა, რომ მხართა შორის არსებული კონკრეტული ფაქტები და გარემოებები შესაძლებელია თუ არა განიხილებოდეს ძალადობის ისეთ ფორმად როგორიცაა ფსიქოლოგიური ძალადობა და ქმედების სუბიექტი მიჩნეული იყოს ,,მოძალადედ“ ხოლო, ქმედების ადრესატი - ,,მსხვერპლად“.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ძალადობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს ფსიქოლოგიური ძალადობა, რაც გულისხმობს მსხვერპლთან მუდმივად, მიზანმიმართულად ისეთი ურთიერთობის ფორმების გამოყენებას, რომელიც იწვევს ემოციურ ტკივილს, შიშს, დათრგუნულობას, დეპრესიას. ასეთი ურთიერთობის ფორმებში შეიძლება შედიოდეს: კრიტიკა, აგრესიული და შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება ან ასეთი მიმართვა, დაშინება, ,,მსვერპლის“ აუცილებელი მოთხოვნილებების უგულებელყოფა, სითბოსა და მზრუნველობის მოკლება, უსამართლო ბრალდებების წაყენება, ემოციური მანიპულაცია, გადამეტებული კონტროლი, საზოგადოებისგან იზოლირება, დაცინვა, სიტყვიერი შეურაცხოფა, – ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტებია. ფსიქოლოგიური ძალადობის მიზანია - მსხვერპლს დაეკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დააეჭვოს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში და რეალობის ადეკვატურ აღქმაში, პრობლემა შეექმნას სოციუმში სრულფასოვან პიროვნებად გამოვლენაში და შესაძლებლობების რეალიზებაში. ამდენად, მოძალადის მიზანია პიროვნების იდენტობის შელახვა, მასზე კონტროლის დამყარება და გარკვეული სახის სარგებელის (ემოციური, მენტალური, მატერიალური და სხვა) მიღება. მოძალადეს ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტების გამოყენების შემდეგ უმარტივდება მსხვერპლით მანიპულირება, რაც შედეგად მის პიროვნებაზე დომინირებას იწვევს. მოძალადე მიიჩნევს, რომ მისი (ძალადობრივი) ქმედება მსხვერპლთან ურთიერთობაში მეტად ეფექტურია მასთან ურთიერთობის „გასარკვევად“, რადგან სხვა არაძალადობრივი ქმედებებით ვერ ღებულობს იმ ,,შედეგს“ რაც მას ამ ურთიერთობიდან სურს. ოჯახში გამოვლენილი ძალადობის სუბიექტები, როგორც წესი, ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი (ემოციურად, ეკონომიურად და სხვა მიზეზების გამო) ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში, გარკვეული დროის განმავლობაში ოჯახი მალავს ამ ფაქტს. ფსიქოლოგიური ძალადობის დროს არ არსებობს არანაირი ფიზიკური კვალი და ძალადობის კერა ოჯახია.

 

მიჩნეულია, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა წარმოადგენს ძალადობის „ფარულ“ ფორმას და შესაბამისად, მისი გამოვლენა და დაფიქსირება, როგორც ძალადობის ფორმა რთული პროცესია. რამდენადაც ფსიქოლოგიური ძალადობა არის ძალადობის არაპირდაპირი, (,,ფარული“) ფორმა, იგი შესაძლოა დიდი დროის განმავლობაში იყოს კულტივირებული და მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობისას გახდეს დეკლარირებული. ფსიქოლოგიური ძალადობა უნდა იწვევდეს მსხვერპლის ფსიქოლოგიურ ტრავმირებას - შფოთვას, დეპრესიას, სტრესულ, ნერვიულ მოშლილობას, დათრგუნულობას, ღირსების გრძნობის შელახვას და ეს ყველაფერი კონკრეტული პირის მიერ განხორციელებულ მიზანმიმართულ ქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს. ოჯახში ძალადობა, როგორც წესი, არის „სისტემატიური, განგრძობადი და ესკალირებადი“ ხასიათის ურთიერთობის მომცველი. აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის შემცველი ქმედების ერთეული შემთხვევისათვის ძალადობის კვალიფიკაციის მინიჭება საკმაოდ რთულ საკითხს წარმოადგენს. მისი გამოვლენისათვის საჭირო და მნიშვნელოვან კომპონენტია ძალადობის სისტემატიური და განმეორებადი ხასიათი. ფსიქოლოგიური ძალადობა კი, თითქმის ყოველთვის განგრძობადი ხასიათის ქმედებაა. შემთხვევები, რომელიც ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის კვალიფიკაციის სფეროში, დამოკიდებულია მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობაზე, მათ სოციალურ მდგომარეობაზე, ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობას და ძალადობის გამოვლინების ხარისხსა და ინტენსიურობაზე. ამდენად, ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობის დადასტურება რთულია, თუმცა შესაძლებელია მთელი რიგი ისეთი სახის მტკიცებულებებით, როგორიცაა ახსნა-განმარტება, ექსპერტის დასკვნა და სამედიცინო დიაგნოზი, წერილობითი სახის მტკიცებულება და ვიდეო, აუდიო ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ შემაკავებელი ორდერის დანიშნულება არა მხოლოდ დაცვის სწრაფი რეაგირების საშუალებაა, არამედ იგი ესკალირებული ძალადობის პრევენციის საშუალებასაც წარმოადგენს. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ზომები მიღებული უნდა იქნეს არა ნებისმიერ შემთხვევაში, არამედ როდესაც რეალურად არსებობს აუცილებლობა მსხვერპლის დაცვისა მოძალადის მიერ განხორციელებული ძალადობისაგან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოიცემა და ინარჩუნებს მის სამართლებრივ ძალას იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ძალადობის ფაქტი წარსულში, აწმყოში და არსებობის დასაბუთებული ვარაუდი, რომ დიდი ალბათობით იარსებებს მომავალში.

 

სასამართლო მიუთითებს ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).

 

ამავე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახის წევრი არის ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ხოლო, ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

დადგენილია, რომ თ----------ე და ჯ----------–---–ი არიან ცოლ-ქმარი და მათ შორის ადგილი აქვს დაძაბულ ურთიერთობას (კონფლიქტს). სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდება და მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ, დაინტერესებული პირის (მსხვერპლის) მიმართ ადგილი არ ჰქონდა ძალადობის განხორციელების ფაქტს (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური), შესაბამისად, სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას აღნიშნულთან დაკავშირებით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 32 პუნქტის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი სახლიდან გარიდების საკითხს, მიუხედავად იმისა, იგი ამ სახლის მესაკუთრეა თუ არა.

 

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის 52-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს მიენიჭოთ უფლებამოსილება, უშუალო საფრთხის შემთხვევაში, გასცენ ორდერი იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ჩამდენმა პირმა დატოვოს მსხვერპლის ან რისკის ქვეშ მყოფი პირის საცხოვრებელი ადგილი საკმარისი დროით და აუკრძალონ დამნაშავეს მსხვერპლის ან რისკის ქვეშ მყოფი პიროვნების საცხოვრებელ ადგილში შესვლა ან მათთან კონტაქტი. ამ მუხლის შესაბამისად მიღებული ზომები პრიორიტეტის სახით, მიზნად ისახავს მსხვერპლის ან რისკის ქვეშ მყოფ პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

 

შესაბამისად ის გარემოება, რომ ქ. ქუთაისში, ს---–-------ას გამზ. N25, ბინა 118-ში მდებარე სახლი საჯარო რეესტრში აღრიცხულია ჯ----------–---–ის საკუთრების უფლებით, არ წარმოადგენდა დამაბრკოლებელ გარემოებას შემაკავებელი ორდერის ერთ-ერთი პირობა ყოფილიყო მოძალადის იმ სახლისაგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს.

 

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოცემული კონვენცია ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის, ოჯახში ძალადობას, რაც არათანაზომიერად უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ქალებზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონვენცია გამოიყენებული უნდა იქნეს ოჯახში ძალადობის ყველა მსხვერპლთან მიმართებაში. მე-3 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. ხოლო 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ პასუხისმგებელი სამართალდამცავი უწყებები სწრაფად და სათანადოდ რეაგირებდნენ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალ ყველა ფორმის ძალადობაზე მსხვერპლისთვის ადეკვატური და დაუყოვნებლივი დაცვის შეთავაზების გზით. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ პასუხისმგებელი სამართალდამცავი უწყებები სწრაფად და სათანადოდ ახორციელებდნენ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ყველა ფორმის ძალადობის პრევენციასა და მისგან დაცვას, მათ შორის, პროფილაქტიკური ოპერატიული ზომების გამოყენებას და მტკიცებულების შეგროვებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ჯ----------–---–ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეშვიდე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გ-------–--------ის მიერ 2018 წლის 25 ოქტომბერს გამოცემული N008141 შემაკავებელი ორდერი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3 თავით მოწესრიგებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით (2112 -2115 მუხლები).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.3. მუხლის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 2112-ე, 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ჯ----------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. გადაწყვეტილება საჩივრდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მდებარე: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი