გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2018
საქმის ნომერი
330210018002390641
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/10409-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

 

მოსარჩელე - შპს „OT--I”

წარმომადგენელი - ბე----------–---–ი

 

მოპასუხე - შპს „დო-------------------–--ი“

წარმომადგენელი - ირ---–-------–--ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე შპს „დო-------------------–--ი“-სათვის მოსარჩელე შპს „OT--I” -ის სასარგებლოდ 2237,14 ლარის გადახდის დაკისრება.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელში განმარტავს, რომ მხარეები 2016 წლის 23 იანვრიდან იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, 2016 წლის 23 იანვრიდან 2016 წლის 04 სექტემბრამდე მოსარჩელეს მოპასუხისათვის მიწოდებული აქვს 92 579,32 ლარის ღირებულების ხე-ტყის მასალა, საიდანაც შპს „დო-------------------–--ი“-ს გადახდილი აქვს 90 342,16 ლარი. 2016 წლის 24 ოქტომბრიდან მოპასუხემ შეწყვიტა ფულადი ვალდებულების შესრულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა მიუთითა, რომ ეთანხმება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ეთანხმება და მხარს უჭერს შესაგებელში გამოთქმულ მოპასუხის პოზიციას (იხ. 2018 წლის 17 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:24:22).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2016 წლის 23 იანვრიდან 2016 წლის 04 სექტემბრამდე მოსარჩელეს მოპასუხისათვის მიწოდებული აქვს 92 579,32 ლარის ღირებულების ხე-ტყის მასალა.

 

მოპასუხის მხარეს სადავოდ არ გაუხდია აღნიშნული ოდენობის ღირებულების მოპასუხისათვის მიწოდების ფაქტი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).

სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 20-47).

 

3.1.2. შპს „დო-------------------–--ი“-ს 92 579,32 ლარიდან გადახდილი აქვს 90 342,16 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).

გადახდის ისტორია (ს.ფ. 74).

 

3.1.3. შპს „დო-------------------–--ი“-ს დავალიანება მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან გამომდინარე შპს „OT--I” -ის მიმართ შეადგენს 2237,14 ლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).

გადახდის ისტორია (ს.ფ. 74).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 76, ასევე იხ. 2018 წლის 17 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:24:22).

.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „OT--I”ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით მოწესრიგებას. აღნიშნული მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 23 იანვრიდან 2016 წლის 04 სექტემბრამდე მოსარჩელეს მოპასუხისათვის მიწოდებული აქვს 92 579,32 ლარის ღირებულების ხე-ტყის მასალა, საიდანაც შპს „დო-------------------–--ი“-ს ანაზღაურებული აქვს 90 342,16 ლარი. მოპასუხის დარჩენილი დავალიანება შპს „OT--I”-ის წინაშე შეადგენს 2237,14 ლარს, რისი გადახდის ვალდებულებაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება მყიდველს შპს „დო-------------------–--ი“-ს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს სახელმწიფო ბაჟი 100,00 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „OT--I”-ის სარჩელი მოპასუხის შპს „დო-------------------–--ი“-ს მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს:

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს „დო-------------------–--ი“-ს შპს „OT--I”-ის სასარგებლოდ 2237,14 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე შპს „დო-------------------–--ი“-ს შპს „OT--I”-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 100,00 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე