განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1----18
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
26 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ონიანი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნუ-------------ე
სტაჟიორ-პროკურორი - გი--------------–---–ი, ნა------------–---–ი, სა-–----------ე
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ს-------------------
ბრალდებული - ალ---------------–----ე, დაბადებული - 198--–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, მ----------------------ში; ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის №- დაწესებულების პატიმარი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტები.
დისპოზიცია: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით, ალ---------------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით, ალ---------------–----ე, ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. მიუხედავად აღნიშნულისა, 2----–-–-----------------, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. თბილისში, ნა--------–-------------ში, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ორჯერ ნასამართლევი ალ---------------–----ე, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შპს „ი-----“ კუთვნილი „ფ---––--------------“ ფირმის ა/მანქანიდან დაეუფლა 130 ლარად ღირებულ ე.წ. „აკუმულატორს“.
2. სასამართლომ დაადგინა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით, ალ---------------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით, ალ---------------–----ე, ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. მიუხედავად აღნიშნულისა, 2018 წლის თებერვლის დასაწყისში, ქ. თბილისში, ნა--------–-------------ში, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ორჯერ ნასამართლევი ალ---------------–----ე, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შპს „ი-----“ კუთვნილი „ფ---––--------------“ ფირმის ა/მანქანიდან დაეუფლა 130 ლარად ღირებულ ე.წ. „აკუმულატორს“.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ
3.1.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მა-–-----------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 7 თებერვალს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საიდუმლო თანამშრომლისგან მიღებული ოპერატიული ინფორმაცია (ქურდობის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით და ამ დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა), წერილობით მოახსენა ხელმძღვანელობას.
3.1.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების დი--------–------–-–---–-ს და შა-–------–-–---–-ს ჩვენებებით დგინდება, რომ 2018 წლის 7 თებერვალს, დღის საათებში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გავიდნენ ქ. თბილისში, მ-----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, მათ შენიშნეს ალ---------------–----ე. მოწმეებმა დადასტურებულად განაცხადეს, რომ ამ უკანასკნელს ხელში ეჭირა ე.წ. „აკუმულატორი“, რომელიც იმწუთიერად დადო დაბლა და განაცხადა მისი მოპარვის თაობაზე. მოწმეების განმარტებით, ალ---------------–----ეს დაზიანებული ჰქონდა ხელი, რაზეც ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ დაზიანება მიიღო ქურდობის განხორციელების შედეგად. მეტი დამაჯერებლობისთვის ბრალდებულმა აღნიშნულ ფაქტზე საკუთარი ნებით მიუთითა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში. ხსენებულმა მოწმეებმა დაადასტურეს ნივთიერი მტკიცებულების ე.წ. „აკუმულატორის“ კანონით დადგენილი წესით ამოღების ფაქტი.
3.1.3. ბრალდებულის დაკავების ოქმით დგინდება, ალ---------------–----ეს დაკავების მომენტში მარცხენა ხელის ცერა თითზე, შუა თითზე, მარჯვენა ხელის მტევნის ზედა მხარესა და საჩვენებელ თითზე აღენიშნებოდა ნაკაწრები, მარცხენა ხელის იდაყვის არეში - სიწითლეები, ხოლო ორივე ფეხზე - ძველი ნაიარევი. დაკავების ოქმს თან ახლავს ალ---------------–----ის მიერ გაკეთებული შენიშვნა, რომლის თანახმად, ხელებზე არსებული დაზიანებები მან მიიღო ქურდობის ფაქტის ჩადენის დროს, ხოლო დანარჩენი დაზიანებები იყო ძველი. შენიშვნა შეტანილია გამომძიებელ დი--------–------–-–---–-ს მიერ, ბრალდებულის განმარტების საფუძველზე და დადასტურებულია ამ უკანასკნელის ხელის მოწერით.
3.1.4. პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ალ---------------–----ის მარჯვენა ფეხთან ასფალტის ზედაპირზე იდო „სოლარის“ ფირმის ნაცრისფერი ე.წ. „აკუმულატორი“, რომელსაც მარცხენა მინუსის წვერზე დამაგრებული აქვს ე.წ. „კლემა“. აღნიშნული ე.წ. „აკუმულატორი“ ალ---------------–----ემ ძირს დადო პირადი ჩხრეკის დაწყებამდე, რაც გამომძიებლებმა ამოიღეს კანონით დაგენილი წესით. სხვა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ობიექტი აღმოჩენილი ან ამოღებული არ ყოფილა.
3.1.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ შა-–------------–---ს ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 8 თებერვლის მდგომარეობით, მუშაობდა სასტუმრო „-----–-- მენეჯერის პოზიციაზე. იგი მუშაობის პერიოდში სარგებლობდა „ფ---––--------------“ ფირმის ავტომობილით. მოწმემ დაადასტურა, რომ 2018 წლის თებერვლის დასაწყისში, იგი არ იმყოფებოდა ქ. თბილისში. მან თბილისში დაბრუნებისას ნახა, რომ მისი სამსახურის კუთვნილი ა/მანქანა იყო ღია, ხოლო ე.წ. „აკუმულატორი“ არ იდო თავის ადგილზე, რის გამოც აღნიშნული ფაქტის შესახებ აცნობა თავის უფროსს, ამ უკანასკნელმა კი - გადაუდებელი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურს (112-ს). მოწმის განმარტებით, მან ალ---------------–----ისგან ამოღებული ე.წ. „აკუმულატორი“ ამოიცნო ფერით, ფირმით და ნომრით, რომელიც თავის დროზე იყო მისი შეძენილი. შესაბამისად, მისი აზრით, ამოცნობის დროს საგარანტიო ფურცლის არსებობის ფონზე, შეუძლებელი იყო რაიმე ცდომილების დაშვება. მოწმემ დაადასტურა, რომ მან, როგორც ა/მანქანაზე პასუხისმგებელმა პირმა, სრულად აუნაზღაურა ზიანი სასტუმრო „ი-----“. მანვე განმარტა, რომ ე.წ. „აკუმულატორის“ კაბელი იყო გადაჭრილი, ხოლო თავად ა/მანქანაში მაგნიტოფონის პანელი იყო ამობრუნებული. ა/მანქანის სალონში იყო სისხლის კვალი, რისი ნიმუშიც აიღეს ექსპერტებმა. ე.წ. „აკუმულატორის“ ღირებულებასთან დაკავშირებით, მოწმემ განმარტა, რომ მისი საბაზრო ფასი იყო დაახლოებით 130 ლარი.
3.1.6. ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმის თანახმად, შა-–------------–--ემ ამოსაცნობად წარდგენილი ე.წ. „აკუმულატორი“ ამოიცნო ფერით, საშუალო ფორმით, სახელურებით და წარწერებით: “S----” და “3---”.
3.1.7. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დათვალიერდა ქ. თბილისში, ნ---------–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული „ფ---––--------------“ ფირმის ა/მანქანა, სახ. ნომრით S--------. ა/მანქანას გარეგნული დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა, რაც შეეხება სალონის შიდა მხარეს, ამ კუთხით საყურადღებო იყო ე.წ. „ტორპედოში“ ჩადგმული მაგნიტოფონის მიმდებარე ტერიტორია, რომლის ზედაპირზეც შეინიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. ა/მანქანის სალონში არსებული სახელურის საშუალებით, შესაძლებელი იყო ა/მანქანის ძრავის ხუფის გახსნა. ხუფი გაიხსნა ქვევიდან ზევით. ძრავის უკანა მხარეს ე.წ. „აკუმულატორის“ ადგილზე იყო სიცარიელე, ამასთან, ერთი ცალი ელექტრო სადენი ე.წ. „კლემა“ - გადაჭრილი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ექსპერტებმა ა/მანქანის წინა სავარძლების წინ დაფენილი რეზინებიდან, ამოიღეს სუნის კვალის ნიმუში. მათ აგრეთვე, აიღეს ანაწმენდები ა/მანქანაში არსებული მაგნიტოფონის მიმდებარე ტერიტორიიდან. ამოღებული ნივთმტკიცება დაილუქა კანონის შესაბამისად.
3.1.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა არ---–-–----–-–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 7 თებერვალს, ნ---------–-- ქუჩაზე არსებული ა/მანქანიდან აიღო სუნის ნიმუში, რაც დაილუქა კანონით დადგენილი წესით და გადაეცა გამომძიებელს.
3.1.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე გი-----------------ის ჩვენებით დგინდება, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალდებულ ალ---------------–----ისგან, ნებაყოფლობით აიღო სუნის კვალის ნიმუში. დალუქული პაკეტები მან ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, გადასცა გამომძიებელს. მოწმემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ სუნის კვალის ნიმუშის აღების შემდეგ, გამომძიებელს დაუზიანდა ქილა, მასში მოთავსებული ნივთიერი მტკიცებულებით (სუნის ნიმუშით), რის გამოც ალ---------------–----ეს ხელმეორედ აუღეს სუნის ნიმუში.
3.1.10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლე--–--------–--მ განმარტა, რომ 2018 წლის 7 თებერვალს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ის და მისი მეწყვილე ი-----–------------ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, გავიდნენ ქ. თბილისში, ნ---------–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილზე მათ დაათვალიერეს ა/მანქანა, საიდანაც ამოიღეს მიკრონაწილაკები და მოწითალო ფერის ანაწმენდები.
3.1.11. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე თე-----------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალდებულ ალ---------------–----ისგან, ნებაყოფლობით აიღო ნერწყვის ნიმუში გენეტიკური კვლევისთვის. მოწმემ დაადასტურა, რომ ნიმუშის აღება მოხდა ერთ ცდაზე.
3.1.12. ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ნ---------–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ა/მანქანა „ფ---––--------------“ სახ. ნომრით S-------- გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი ზემოაღნიშნული ა/მანქანიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ალ---------------–----ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
3.1.13. ზემოხსენებული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ბე---------------ემ.
3.1.14. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზის წინაშე წარდგენილი ანაწმენდები (მოწითალო-მოყავისფრო ლაქები) მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე, წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ალ---------------–----ეს.
3.1.15. ზემოხსენებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-----------–---–--.
3.1.16. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, ალ---------------–----ისგან ამოღებულ ე.წ. „აკუმულატორს“ მინუს წვერზე დამაგრებული აქვს ე.წ. „კლემა“, რომელზეც შეინიშნება ზემოქმედების კვალი. ე.წ. „აკუმულატორზე“ დაკრულ სტიკერებზე იკითხება წარწერები: “S----”, “3---” და სხვა.
3.1.17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გი-------------მ განმარტა, რომ 2018 წლის 22 თებერვალს, მან და მისმა მეწყვილემ კანონის მოთხოვნათა დაცვით, დაათვალიერეს და დაასურათეს შპს „ი-----“ კუთვნილი ა/მანქანა. დათვალიერების შედეგად ამოიღეს ე.წ. „აკუმულატორის კლემა“. მოწმის თქმით, მას ა/მანქანის სალონში რაიმე სახის კვალი არ შეუნიშნავს.
3.1.18. ა/მანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა შავი „ფ---––--------------“ ფირმის ა/მანქანა (სახ. ნომრით S--------), რომელსაც გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. დათვალიერების შედეგად, ექსპერტებმა ამოიღეს ე.წ. „კლემის“ ნაჭერი, რაც დაილუქა კანონით დადგენილი წესით.
3.1.19. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ბა------------------ნმა განმარტა, რომ ალ---------------–----ის სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერება, ნივთის ამოცნობა და ა/მანქანის დათვალიერება. შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობდა დღის საათებში და მასში მონაწილეობდნენ ექსპერტები, გამომძიებლები და ა/მანქანის მფლობელი (დაზარალებული). მოწმემ განმარტა, რომ ა/მანქანის დათვალიერების დროს ექსპერტებმა აიღეს სუნის ნიმუშები და მოწითალო ფერის ანაწმენდები (აღნიშნული ნიმუშები ექსპერტებმა აიღეს მაგნიტოფონის მიმდებარე ტერიტორიიდან), ამასთან, დაასურათეს ა/მანქანა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ა/მანქანაში არ იყო ე.წ. „აკუმულატორი“. მოწმემ დაზუსტებით განმარტა, რომ მოწითალო ფერის ლაქები, არც ძრავის მიმდებარე ტერიტორიაზე და არც ე.წ. „აკუმულატორზე“ შეუნიშნავს. რაც შეეხება ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერებას, ჩაატარა მშვიდ ვითარებაში, რაც მოგვიანებით ამოსაცნობად წარუდგინა შა-–------------–--ეს. ამ უკანასკნელმა ამოიცნო წარდგენილი ნივთი. მოწმის განმარტებით, მან ა/მანქანა ორჯერ დაათვალიერა. მეორედ დათვალიერების მიზეზად მიუთითა ე.წ. „კლემის“ ნაჭერის ექსპერტიზაზე გადაგზავნის აუცილებლობა.
3.1.20. სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას ბრალდებულმა ალ---------------–----ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2018 წლის 7 თებერვალს, დილის საათებში, იმ დროს, როდესაც მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა სახლში (ქ. თბილისი, მ---------------, ნ---------–-- ქუჩის მიმდებარედ), მასთან მივიდნენ ძველი თბილისის განყოფილებიდან. მისი თქმით, პოლიციელებს კარი მისმა მეგობარმა გაუღო და უთხრა, რომ ალ---------------–----ეს ეძინა. მოწმის თქმით, პოლიციელებმა მის მეგობარს დაუბარეს, რომ გამოცხადებულიყო საგამოძიებო ორგანოში. მანვე განმარტა, რომ გაღვიძების შემდეგ, გავიდა გარეთ, სადაც დახვდნენ პოლიციელები, რომლებმაც მიუთითეს იქ არსებულ ა/მანქანაზე და უთხრეს, რომ მის მიერ იყო გატეხილი. მოგვიანებით, იგი გადაიყვანეს ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში. მოწმემ დადასტურებულად განაცხადა, რომ მას პოლიციელების მიერ მითითებული ა/მანქანიდან არაფერი მოუპარავს. მანვე, უარყო სისხლის კვალის არსებობა ა/მანქანის სალონში. რაც შეეხება სუნის ნიმუშს, აღნიშნულთან დაკავშირებით, მოწმემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სუნის ნიმუშის აღებიდან, დაახლოებით 10 წუთში ნიმუშის ამღები პირები დაბრუნდნენ გატეხილი ქილით ხელში. აღნიშნული გარემოების გამო, მას ხელმეორედ აუღეს სუნის ნიმუში. ა/მანქანის სალონში მისი სისხლის ნიმუშის აღმოჩენის ფაქტს, მოწმე ხსნის შემდეგნაირად: „ყოველდღე ვიკეთებ ნემსებს და შესაძლოა ტანსაცმელს ჰქონოდა სისხლი და იქიდან აეღოთ გამომძიებლებს ნიმუშად“. მოწმემ ქურდობის განხორციელების შეუძლებლობის არგუმენტად, მიუთითა თავის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ ხელ-ფეხი ჰქონდა დაზიანებული, რაც, მისი მოსაზრებით, გამორიცხავდა ე.წ. „აკუმულატორის“ მოპარვის ფაქტს.
3.1.21. სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ალ---------------–----ეს აღენიშნება ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა გართულებული ტოქსიკომანიით. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური აშლილობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, ჩვენება მისცეს და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რაც ხელს შეუშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს შეუშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ის იძულებით მკურნალობას არ საჭიროებს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მიერ მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
3.1.22. სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმტკიცებულ მოსაზრებას, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003, № 37801/97, §34; ასევე Van De Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19/04/1994, §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93, 29/05/1997, §43). ამდენად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე და განმარტავს მათი გაუზიარებლობის საფუძვლებს.
3.1.23. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას მისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასება, ქმნის მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებით სტანდარტს. მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა შეფასებისას, სასამართლოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწმე-პოლიციელების ჩვენებები, რომელთა სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულ თანხვედრაში. კერძოდ, დ---------–------–-–---–-- და შ--–------–-–---–-- ზუსტად და თანმიმდევრულად აღწერეს დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები შემთხვევის ადგილზე. ორივე მათგანმა კატეგორიულად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითა, თუ როგორ დაინახეს ალ---------------–----ე შემთხვევის ადგილზე მიახლოებისას, რომელსაც ხელში ეჭირა ე.წ. „აკუმულატორი“, რაც იმწუთიერად დადო დაბლა. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად, ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ჩატარებისას არ გამოვლენილა. ამასთან, საქმის მასალებიდან ბრალდებულ ალ---------------–----ის მიმართ, მოწინააღმდეგე მხარის სუბიექტური დამოკიდებულება არ გამოკვეთილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Ochelkov v. Russia, 11/04/2013, N17828/05, §90), თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა გამოძიება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება, საქმე №96აპ-17, სამოტივაციო ნაწილი, §11).
3.1.24. პოლიციელების დი--------–------–-–---–-ს და შა-–------–-–---–-ს ჩვენების შეფასებასთან დაკავშირებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, მათი არ გაზიარების თაობაზე, რომელიც გამყარებულია არგუმენტით: - ალ---------------–----ე დღის საათებში არ გავიდოდა გარეთ ე.წ. „აკუმულატორით“, რადგან განყოფილებაში მისი წაღება ალოგიკურია. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული არგუმენტი საფუძველს მოკლებულია. დაცვის მხარის ამ არგუმენტის შეფასებისას, სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს დასაბუთების კრიტერიუმს. სასამართლო განმარტავს, მართალია უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ბრალდების მტკიცების ტვირთი დაცვის მხარეზე არ გადადის, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც დაცვის მხარე სასამართლოს შესთავაზებს საკუთარ ვერსიას, მისი მტკიცების ტვირთი/დასაბუთების ვალდებულება სწორედ მას ევალება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. ამასთან, საგულისხმოა, რომ სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია, არა ალ---------------–----ის გარეთ გამოსვლის მიზეზი და გეგმა - სად უნდა წასულიყო და წაეღო ე.წ. „აკუმულატორი“, არამედ მისი დაუფლების ფაქტი. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარის მიერ წამოჭრილი საკითხი არ არის სათანადო არგუმენტებით ჯეროვნად დასაბუთებული, სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს, მისეული ვერსიის საფუძვლიანობის შემოწმებას და შეფასებას სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.
3.1.25. სასამართლო მართებულად მიიჩნევს ყურადღების გამახვილებას ა/მანქანის („ფ---––-------------“ სახ. ნომრით S--------) სალონში, მაგნიტოფონის მიმდებარე ტერიტორიაზე სისხლის კვალის არსებობის ფაქტზე, რაც ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წარმოადგენდა ალ---------------–----ის სისხლს. აღნიშნული გარემოება სასამართლოს შეფასებით, ცალსახად ადასტურებს ამ უკანასკნელის ყოფნას შპს „ი-----“ კუთვნილ ა/მანქანაში, რაც კიდევ უფრო ამყარებს პოლიციელების ჩვენებას. ამ საკითხზე მსჯელობისას, სასამართლო ყურადღების მიღმა არ დატოვებს არც ადვოკატის მიერ, დასკვნით სიტყვაში ბრალდებულის უდანაშაულობის დასადასტურებლად არგუმენტის სახით დასმულ შეკითხვას: რატომ არ აღმოჩნდა ბრალდებულის სისხლის კვალი ა/მანქანის იმ ნაწილში, რომელშიც მოთავსებული იყო დაზარალებულის აკუმულატორი? და არც ბრალდებულის მოსაზრებას, რომ მისი სისხლის ნიმუში აიღეს მისივე ტანსაცმლიდან და დაასხეს ა/მანქანის სალონში. აღნიშნული არგუმენტების შეფასებისას, სასამართლოს სრულიად მართებულად უჩნდება კითხვა: თუკი პოლიციელებს ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ ბრალდებულის სისხლის ნიმუში გამოეყენებინათ არადანიშნულებისამებრ, თავიანთი სურვილის შესაბამისად, საქმის გაადვილების მიზნით, რატომ არ დაასხეს ის ე.წ. „აკუმულატორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე? ამ კითხვაზე დაცვის მხარისთვის სასარგებლო პასუხი არ არსებობს, ან ასეთის არსებობის შემთხვევაში, დატოვებს ხელოვნურად შეთხზული პასუხის შთაბეჭდილებას. სასამართლოს მოსაზრებით, ასეთ შემთხვევაში ჭეშმარიტების მისაკვლევად და შეცდომის თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას მივმართოთ განსხვავებულ მეთოდს, კერძოდ, ცალკეული ფრაგმენტების მეშვეობით მოვლენის მთლიანი სურათის რესტავრაციის მეთოდს. ამ დროს ყურადღება უნდა მიექცეს ცალკეულ მტკიცებულებებში ამა თუ იმ არსებითი ხასიათის დეტალის არსებობას, რომელიც თანხმობაში უნდა იყოს სხვა მტკიცებულებების ასეთივე ფრაგმენტულ დეტალებთან, რომლებიც მთლიანობაში ქმნიან ერთიან უტყუარ სურათს ბრალდებულის მიერ დანაშაულის უტყუარად ჩადენის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში პოლიციელების ჩვენება (იხ. პუნქტი 3.1.2.), სრულ თანხვედრაშია როგორც ერთმანეთთან ასევე დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმთან (იხ. პუნქტი 3.1.3.-3.1.4.). რაც შეეხება ა/მანქანაში სისხლის ნიმუშის არსებობას, აღნიშნული წარმოადგენს ცალკეულ დეტალს, რომელიც დანაშაულებრივი ფაქტის მთლიანი სურათის შემადგენელი ნაწილია და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ალ---------------–----ის ყოფნას სხვის სატრანსპორტო საშუალებაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი ფაქტი არის ალ---------------–----ის ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება.
3.1.26. რაც შეეხება მოწმე გ--------------- განმარტებას, რომ 2018 წლის 22 თებერვალს, ა/მანქანის („ფ---––-------------“ სახ. ნომრით S--------) დათვალიერებისას მას ა/მანქანის სალონში რაიმე სახის კვალი არ შეუნიშნავს, სასამართლო განმარტავს, რომ მითითებულ თარიღში ა/მანქანა დათვალიერდა იმ მიზნით, რომ ამოეღოთ ე.წ. „აკუმულატორის კლემის“ ნაჭერი. ამასთან, გასაკვირი არაა ა/მანქანაში სისხლის კვალის არ არსებობის ფაქტი, ვინაიდან 2018 წლის 7 თებერვალს, ა/მანქანიდან სპეციალური ცოდნის მქონე პირმა, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით აიღო სისხლის ნიმუშები, რაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე ლე--–--------–--მ (იხ. პუნქტი 3.1.10.).
3.1.27. სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ალ---------------–----ე ვერ მოახერხებდა აღნიშნული დანაშაულის ჩადენას, ვინაიდან ხელი ჰქონდა დაზიანებული. მოწმეები დი--------–------–-–---–- და შა-–------–-–---–- თავიანთ ჩვენებში ცალსახად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ დაკავების მომენტში ალ---------------–----ე ჩვეულებრივად მოძრაობდა. მას აღენიშნებოდა მხოლოდ ხელის დაზიანება, რაც მისივე განმარტებით მიიღო ქურდობის დროს. საგულისხმოა, რომ საქმეში წარმოდგენილ მასალებში, რომელიც ეხება ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, არ მოიპოვება ისეთი დოკუმენტი, რომელიც მიუთითებდა შემთხვევამდე ბრალდებულის ხელის იმგვარ დაზიანებაზე, რაც შეუზღუდავდა სხეულის აღნიშნული ორგანოს, მისი ფუნქციის შესაბამისად გამოყენებას.
3.1.28. სასამართლო აგრეთვე ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის მიერ, თავის დასკვნით სიტყვაში ბრალდებულ ალ---------------–----ის გამართლების საფუძვლად მოშველიებულ არგუმენტს - მიკრონაწილაკების ექსპერტიზის ჩაუტარებლობის თაობაზე და განმარტავს, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენს იმგვარ მტკიცებულებას, რომლის გარეშეც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს დაეკარგებოდა წონა. საკითხის, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სავალდებულო წინაპირობად მიკრონაწილაკების (ქიმიური) ექსპერტიზის მიჩნევა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, არასწორია. ამ კუთხით, ყურადსაღებია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, უზენაესმა სასამართლომ მინის ქილაზე (დანაშაულის ობიექტზე) ბრალდებულის ანაბეჭდების აღმოუჩენლობამ გავლენა ვერ მოახდინა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის საკითხზე. სასამართლომ განმარტა: „ანაბეჭდების აღმოჩენის შემთხვევაში დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა იქნებოდა ბრალდების კიდევ ერთი მტკიცებულება, ხოლო ასეთის აღმოუჩენლობა გავლენას არ ახდენს ი. წ-ს ბრალეულობაზე, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა უტყუარი მტკიცებულებები საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება, საქმე №515აპ-14, სამოტივაციო ნაწილი, §8).
3.1.29. და ბოლოს, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას სუნის ნიმუშისა და აღნიშნულის საფუძველზე შედგენილ ოდოროლოგიური ექსპერტიზის გაუზიარებლობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარი დადგენილი ძალა. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესი გულისხმობს იმას, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ დასაშვებად ცნობილი მტკიცებულება, შესაძლოა არ გაიზიაროს საქმის არსებითად განმხილველმა მოსამართლემ, ანუ მტკიცებულების შეფასება ხორციელდება სამართალწარმოების ყველა სტადიაზე და ახასიათებს საქმეზე მთელ წარმოებას. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულების საბოლოო შეფასებას სასამართლო ახორციელებს, მხარეები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საპროცესო ინტერესებიდან გამომდინარე, საქმის განხილვისას სასამართლოს ყურადღებას მიაპყრობენ მტკიცებულებათა გაზიარება/არ გაზიარების საფუძვლებზე. საგულისხმოა, რომ მტკიცებულების შეფასებისათვის კანონმდებლობით დადგენილია ერთნაირი სავალდებულო სტანდარტი. კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილი კუმულაციურად ადგენს სამ გარემოებას, რომლის თანახმად, თითოეული მტკიცებულება შეფასებულ უნდა იქნეს მისი: 1. რელევანტურობის, 2. დასაშვებობის; 3. უტყუარობის თვალსაზრისით. შესაბამისად, მტკიცებულება შესაძლებელია აკმაყოფილებდეს აღნიშნულ ნებისმიერ ორ პირობას, მაგრამ მესამე კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის გამო, არ იქნეს გათვალისწინებული განაჩენის დადგენისას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცებულების უტყუარობის კრიტერიუმზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მტკიცებულების უტყუარობას - კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციის სანდოობას განაპირობებს ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი ან უზრუნველყოფილი მისი შემოწმება“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქმე №1/1/548, §11). მტკიცებულების უტყუარობა გულისხმობს მასში მოცემული ინფორმაციის (ფაქტობრივი მონაცემები) ჭეშმარიტებას. სარწმუნოა მტკიცებულება, რომელთან მიმართებითაც არ არსებობს გონივრული ეჭვი მისი გამოცვლის, გარეგანი და არსობრივი მახასიათებლების შეცვლის შესახებ და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში, მოწმე გი-----------------ის განმარტება, რომ ალ---------------–----ის სუნის კვალის ნიმუშის აღების შემდეგ, გამომძიებელს დაუზიანდა ქილა, მასში მოთავსებული ნივთიერი მტკიცებულებით (სუნის ნიმუშით), სასამართლოს უტოვებს შემდეგ კითხვას: სუნის ნიმუშის აღების ოქმში მითითებული ნიმუში შესაბამისი ლუქით, არის თუ არა იდენტური იმ დალუქული ნიმუშისა, რომელიც შემდგომი კვლევისთვის გადაიგზავნა ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე? საგულისხმოა, რომ აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არც ზემოხსენებულ ოქმში მოიძებნება და არც გამომძიებლის ჩვენებაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვისას აღნიშნული საკითხი ბრალდების მხარის მხრიდან არ ყოფილა დაზუსტებული, რაც გააბათილებდა ეჭვს ნიმუშის შეცვლასთან დაკავშირებით. ამდენად, აღნიშნული ფაქტი იწვევს გაუქარწყლებელ ეჭვს ინფორმაციის უტყუარობაში და აკარგვინებს მტკიცებულებით მნიშვნელობას, რაც შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
3.1.30. სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, 06/12/1988, №10590/83, §68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, 08/04/2010, №24086/04, §32). აღნიშნული გადაწყვეტილებით, ევროპული სასამართლოს პოზიცია მტკიცებულებების შეფასებისა და ფაქტების დადგენისას შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოსთვის უპირატესობის მინიჭებაში გამოიხატება.
3.1.31. ფაქტების დადგენისას და მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო ეროვნული კანონმდებლობის დონეზე, მიუთითებს საქართველოს უზენაეს საკანონმდებლო აქტზე, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”.
3.1.32. სასამართლო განმარტავს, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცების სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, სპეკულაციას ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება მას შემდეგ, როდესაც ყურადღებით აწონის ყველა მტკიცებულებას. ამგვარი ეჭვი შესაძლოა გაჩნდეს მტკიცებულების არსებობის, ან არასაკმარისი მტკიცებულების, ან მტკიცებულების შინაარსის საფუძველზე.
3.1.33. სასამართლო კიდევ ერთხელ დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი სახელმწიფო ბრალდების მოვალეობაა. მოცემულ შემთხვევაშიც ალ---------------–----ე არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, თუმცა მისი განვითარებული ვერსია უდანაშაულობის შესახებ და აღნიშნულის დაუდასტურებლობა სხვა მტკიცებულებებით, ასევე - დაუსაბუთებელი ზეპირსიტყვიერი ვარაუდები ვერ გახდება მისი გამართლების საფუძველი, მაშინ, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ალ---------------–----ის მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებას. ამასთან, ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მიუხედავად სასამართლოს მიერ სუნის ნიმუშის და მის საფუძველზე ჩატარებული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის არ გაზიარებისა, სასამართლო საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს მიიჩნევს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისად.
3.1.34. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ როგორც სადავოდ, ისე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც დასაშვებობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულ ალ---------------–----ის ქმედება პირდაპირ თანხვედრაშია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის სტრუქტურულ აღწერილობასთან, რადგან მან განახორციელა ქმედების ყველა ის ელემენტი, რაც იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
3.2. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის.
3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით, ალ---------------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 5 მარტიდან.
3.1.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით, ალ---------------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 5 მარტიდან.
3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------–-- განჩინებით ამნისტიის გავრცელების შესახებ, ალ---------------–----ეს ¼-ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით და 9 (ცხრა) თვით. ალ---------------–----ე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 6-----------–-.
3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით, ალ---------------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
3.1.5. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2----–-–--------------–-- N1--- წერილით დადგენილია, რომ ალ---------------–----ის შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა.
3.1.6. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულ ალ---------------–----ის ქმედება პირდაპირ თანხვედრაშია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის სტრუქტურულ აღწერილობასთან, რადგან მან განახორციელა ქმედების ყველა ის ელემენტი, რაც იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე ისეთი შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა შესაძლებელია რეალურად მისი მოქმედება აშკარა ხასიათსაც ატარებდეს. ქურდობის ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს, მავნე შედეგის დადგომას ან ასეთი შედეგის დადგომის საფრთხის შექმნას, ამიტომ, ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და აქვს რეალური შესაძლებლობა განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.
4.2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ №1/1/548, 22/01/2015, §41).
4.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ 2----–-–-----------------, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. თბილისში, ნ---------–------------ში, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ორჯერ ნასამართლევი ალ---------------–----ე, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შპს „ი-----“ კუთვნილი „ფ---––--------------“ ფირმის ა/მანქანიდან დაეუფლა 130 ლარად ღირებულ „აკუმულატორს“, რის გამოც იგი, როგორც სხვისი საკუთრების უფლების დამრღვევი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ალ---------------–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება - დანაშაულის რეციდივი.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
6.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, სასჯელის გამართლება მისი მიზნების შესაბამისობით დგინდება.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლითაც სასჯელი უნდა დაენიშნოს ალ---------------–----ეს, მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და უალტერნატივოდ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე. მოცემულ სიტუაციაში, სასამართლო ალ---------------–----ისთვის მიმართ ვერ გამოიყენებს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ საკანონმდებლო შეღავათს, რადგან სახეზე არ არის ამ მუხლის გამოყენებისთვის დაწესებული წინაპირობები (ბრალდებული არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და არ თანამშრომლობს გამოძიებასთან). შესაბამისად, სასამართლომ კანონით განსაზღვრული სასჯელიდან უნდა შეარჩიოს ის ზომა, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
6.4. სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრისას სამართლიანობის, პროპორციულობის და თანასწორობის პრინციპებთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს ალ---------------–----ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მომეტებული საშიშროების მატარებელი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ბრალდებული ფარულად, საჯარო სივრცეში გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებაში შეღწევით დაეუფლა სხვის საკუთრებას), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილს ჩაედინა დანაშაული), ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (დაუფლებოდა სხვისი სატრანსპორტო საშუალების შემადგენელ ნაწილს ე.წ. „აკუმულატორს“), აგრეთვე მის პიროვნებას (მან განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში).
6.5. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2----–-–-------------- განჩინებით (უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ), ალ---------------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის, 2 (ორი) თვის და 10 (ათი) დღის ვადით, საიდანაც სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წელი, 2 (ორი) თვე და 10 (ათი) დღე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი. ალ---------------–----ე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2----–-–-----------------. აღნიშნული გარემოება ცხადყოფს, რომ ალ---------------–----ე არაერთხელ იქნა ნასამართლევი სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაში, რაც მისთვის არ აღმოჩნდა შემაკავებელი ხასიათის. მან მცირე დროში, პირობითი მსჯავრის პირობებში, კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მისი რესოციალიზაცია ჯერ კიდევ არ მომხდარა. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მის მიმართ ერთგვარმა ლოიალურმა დამოკიდებულებამ შედეგი ვერ გამოიღო და ვერ უზრუნველყო მისი კანონმორჩილ მოქალაქედ ჩამოყალიბება. მის მიმართ მრავალმხრივი შეღავათის გავრცელების მიუხედავად მან მაინც არ შეწყვიტა დანაშაულებრივი საქმიანობა, რითაც გამოავლინა მყარი მიდრეკილება დანაშაულებრივი საქმიანობისაკენ.
6.6. აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაც და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატური სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის სამართლიან განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი. შესაძლოა ითქვას, რომ მოცემულ შემთხვევაში სწორედ ამგვარ ვითარებასთან გვაქვს საქმე. (როცა განზრახი მძიმე დანაშაულის არაერთხელ ჩადენისათვის ალ---------------–----ის მიმართ გავრცელდა მრავალი საშეღავათო ღონისძიება, თუმცა მიუხედავად ამისა, მან მაინც გააგრძელა დანაშაულებრივი საქმიანობა და დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში).
6.7. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს, წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
6.8. ამდენად, ვინაიდან განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევმა (საქართველოს სსკ-ის 3782 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის) ალ---------------–----ემ 2018 წლის 7 თებერვალს, დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მის მიმართ უპირობოდ უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებითა და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით. ამასთან, ვინაიდან სახეზე გვაქვს შემამსუბუქებელი გარემობა, ალ---------------–----ისთვის დანიშნული სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს, მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების რეციდივის მინიმუმ ზღვარს.
7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
7.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:
· ალ---------------–----ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ე.წ. „აკუმულატორი“ და ე.წ. „აკუმულატორის კლემა“, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს.
· სუნის ნიმუშები და ანაწმენდები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;
· ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ალ---------------–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სრულად შთანთქას ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ალ---------------–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
ალ---------------–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 7 თებერვლიდან.
ალ---------------–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები:
· ალ---------------–----ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ე.წ. „აკუმულატორი“ და ე.წ. „აკუმულატორის კლემა“, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს.
· სუნის ნიმუშები და ანაწმენდები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
· ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი