განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 ნოემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი: ნ----- ქ--------–-–---–-
ადვოკატი: ნ---- გ---------
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: გ------- დ--------ი
მამის სახელი: ა–-----
დაბადებული: 3---------–-
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე(გაქარწყლებული)
ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, მ--–-----------------
პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 2---------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი
აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა
დაკავების დრო: 19.07.2018წ. 2245 საათი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ გ------- დ--------ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ: გ------- დ--------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა მუქარა ოჯახის წევრების მიმართ, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 12 ივლისს საღამოს საათებში, გ------- დ--------ი იმყოფებოდა თბილისში, მ--–---------------ში, რა დროსაც დედას - მ--- პ---–-----ს და ბაბუას - ა------- პ---–-----ს დაემუქრა, რომ მოკლავდა, რა დროსაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულამდე გ------- დ--------ი სისტემატიურად ემუქრებოდა მ--- პ---–-----ს და ა------- პ---–-----ს სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც დაზარალებულებმა განიცადეს მორალური სახის ზიანი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ--- ტ------–-–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 13 ივლისს მეწყვილე ნ--- ქ--------სთან ერთად მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, გამოცხადა თბილისში, მ--–------------------ ში. მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ცენტრიდან მიიღო ინფორმაცია, რომ ინიციატორი ითხოვდა დაჩქარებას. მოწმე თავადაც დაუკავშირდა ინიციატორს, რომელმაც პირადადაც თხოვა მისამართზე დროულად მისვლა. აღელვებულმა ქალბატონმა და მოხუცმა განაცხადეს, რომ ოჯახის წევრებს შორის იყო კონფლიქტი და გ------- დ--------ი ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. გ------- დ--------ი იმყოფებოდა თავის ოთახში. მ--- პ---–-----ი ითხოვდა სასწრაფო დახმარებას, რადგან აწუხებდა წნევა, ამასთან ამბობდა, რომ შვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა აღნიშნულს არ ადასტურებდა გ------- დ--------ი და დაზარალებულს ვიზუალურადაც არ ემჩნეოდა არაფერი. დაზარალებულები განმარტავდნენ, რომ მათ ქონდათ მუქარის განხორციელების შიში და ბრალდებული რეალურად წარმოადგენდა საფრთხეს მათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. გ------- დ--------ი სამართალდამცავთა მიმართ არ გამოხატავდა აგრესიას, თუმცა ოჯახის წევრების მიმართ იყო აგრესიული. მოწმის თანდასწრებით შეურაცხყოფას ან/და მუქარას ადგილი არ ჰქონია და კონფლიქტი მცირე დოზით გრძელდებოდა.
იგივე შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე პატრულ-ინსპექტორმა ნ--- ქ--------მ და დამატებით განმარტა, რომ დაზარალებულის განმარტებით დახმარების გამოძახებამდე ბრალდებულმა მიაყენა ფიზიკური შეურაცყოფა, კერძოდ ხელი კრა და მიეჯახა კარს, რა დროსაც ეტკინა ხელის კიდური, თუმცა დაზარალებულს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის წევრებისთვის არ განუცხადებია, რომ მისმა შვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გ------- დ--------ი გასაუბრებისას იყო არაადეკვატური, ოთახში დადიოდა და ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა, დედამისის მიმართ გამოხატავდა აგრესიას და იწევდა მის მხარეს. მოწმემ განმარტა, რომ უშუალოდ გ------- დ--------ის მხრიდან მუქარას არ შესწრებია, დედის მიმართ გაიწია მხოლოდ ერთხელ, რა დროსაც მათ მოუწოდეს სიმშვიდისაკენ და ისიც დაემორჩილა. დ--------ის დაკავება ადგილზე არ მომხდარა.
დაზარალებულებმა მ--- პ---–-----მა და ა------- პ---–-----მა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებზე, როგორც უდავო მტკიცებულებაზე, რამაც პრეიუდიციული შინაარსი შეიძინა და სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მიიღო ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- დ--------ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. იმავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ბრალდებულ გ------- დ--------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო განმარტავს, რომ გ------- დ--------ის მიერ მ--- პ---–-----ის და ა------- პ---–-----ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარასთან მიმართებაში სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც პირდაპირ დაადასტურებდა აღნიშნული ქმედებების ბრალდებულის მიერ განხორციელებას, გარდა ელექტრონული შეტყობინებისა, რომელთან თანახმადაც: 2018 წლის 12 ივლისს ოჯახური ძალადობის - შვილთან კონფლიქტის ფაქტზე დაფიქსირდა გამოძახება თბილისში, მ--–---------------ში, 2018 წლის 13 ივლისის შეტყობინებით კი მ--- პ---–-----ს შვილმა გ------- დ--------მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულებმა - მ--- პ---–-----მა და ა------- პ---–-----მა სასამართლოს არ მისცეს ჩვენება, სხდომაზე კი არ იქნა წარმოდგენილი სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება აღნიშნული ფაქტის დადასადასტურებლად.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს სპეციფიურ მუხლს და ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, სხვა გარემოებებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია დაზარალებულების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არსებული, ან მოსალოდნელი საფრთხის რეალურ აღქმასთან დაკავშირებით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.
ამასთან დაკავშირებით კი სასამართლო განმარტავს, რომ შესაძლო დანაშაულის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა ,,ფორმალური ერთობლიობა’’, არამედ საკმარისი, დამაჯერებელი, სარწმუნო, ურთიერთშეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობაა აუცილებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულების მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის შესახებ სასამართლო სხდომაზე განმარტეს მხოლოდ ბ--- ტ------–-–---–მა და ნ--- ქ--------მ, თუმცა დადგენილია, რომ მათ აღნიშნულის შესახებ იცოდნენ დაზარალებულებისაგან და თავად ფაქტს - მ--- პ---–-----ის და ა------- პ---–-----ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის შესახებ მუქარას, არ შესწრებიან.
ცხადია, ასეთი ჩვენებები წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კი ირიბ ჩვენებას მართალია დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნევს, თუმცა პრაქტიკის მიხედვით არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას(ებს).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1548 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს იმავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. თუმცა იმავე გადაწყვეტილების თანახმად - ,,საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.
ირიბი ჩვენების პრაქტიკული მაგალითების წარმოსაჩენად საინტერესოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც, რომლის თანახმადაც, იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული” (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე: ალ-ხავაია და ტაერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ და სხვა არაერთი გადაწყვეტილება).
გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პირის მსჯავრდება დაუშვებელია და გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება გამოტანილ იქნეს მხოლოდ ირიბი ჩვენებებისა ან/და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებების საფუძველზე.
ირიბი მტკიცებულების გამოყენებასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ თითოეულ შემთხვევაში დგას საკითხი, არსებობდა თუ არა საკმარისი საპირწონე ფაქტორები, მათ შორის ღონისძიებები, რომელიც ასეთი მოწმის ჩვენების სანდოობის სამართლიანი და სათანადო შეფასების საშუალებას იძლევა. მსჯავრდება შეიძლება დაფუძნებული იყოს ამგვარ მტკიცებულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქმისთვის მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე საკმარისად სანდოა (იხილეთ Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom [GC], cited above, § 147).
სხვა საქმეზე სასამართლო განმარტავს, რომ ირიბი მოწმის ჩვენება არ უნდა იყოს არც ერთადერთი და არც გადამწყვეტი მსჯავრდებისათვის, 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაში საქმე - ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ (SCHATSCHASCHWILI v. GERMANY) სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსწრებელი მოწმეების მტკიცებულება არ უნდა იყოს ,,გადამწყვეტი” და არ უნდა განაპირობებდეს განმცხადებლის მსჯავრდებას. იმავე გადაწყვეტილებით ეროვნული სასამართლო ვალდებული იყო განსაკუთრებული სიფრთხილე გამოეჩინა მოწმეთა სანდოობის შეფასებისას, ვინაიდან არც დაცვის მხარეს და არც სასამართლოს შეეძლო მოწმეთათვის სასამართლო სხდომაზე დაესვათ კითხვები და დაკვირვებოდნენ მათ ქცევას.
სასამართლო აღნიშნავს - რომ ,,ერთადერთი” მტკიცებულება გაგებულ უნდა იქნას, როგორც ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მხოლოდ ერთი მტკიცებულება (იხილეთ ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery), ციტირება მაღლა, § 131). ,,გადამწყვეტი” მტკიცებულება ვიწროდ უნდა განიმარტოს, რადგანაც ამგვარი მასშტაბისა და მნიშვნელოვნების მტკიცებულება მაღალი ალბათობით საქმის შედეგის განმაპირობებელია. როდესაც მოწმის გადაუმოწმებელი მტკიცებულება გამყარებულია ბრალდების სხვა მტკიცებულებით, იმის შეფასება გადამწყვეტი იყო თუ არა ის, დამოკიდებული იქნება მხარდამჭერი მტკიცებულების ძალაზე.
გარდა ამისა, ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა დასაშვებობა არის ეროვნული კანონმდებლობისა და ეროვნული სასამართლოების რეგულირების საგანი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ფუნქციას წარმოადგენს იმის შეფასება, ჩატარდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანად (იხილეთ Gäfgen, cited above, § 162). მე-6 მუხლის მე-3 პარაგრაფის „დ“ ქვეპუნქტი მოიცავს პრინციპს, რომ მანამ, სანამ ბრალდებულს დაედება მსჯავრი, მის წინააღმდეგ ყველა მტკიცებულება, როგორც წესი, საქმის საჯარო განხილვაზე წარმოდგენილი უნდა იყოს მისი თანდასწრებით იმ მიზნით, რომ მას ჰქონდეს საპირისპირო არგუმენტის წარმოდგენის საშუალება.
მოცემულ შემთხვევაში კი როგორც აღინიშნა სასამართლო სხდომაზე დაზარალებულებმა მ--- პ---–-----მა და ა------- პ---–-----მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, ამ პირობებში კი, სასამართლოსთვის არასაკმარისია იმ მოწმეთა ჩვენებები, რომელთა ინფორმაციის წყაროს სწორედ დაზარალებულები წარმოადგენენ.
ამდენად, სასამართლომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით, დადგენილად სცნო, რომ ბრალდებულ გ------- დ--------ის მხრიდან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად არ დასტურდება ოჯახის წევრის - დედის მ--- პ---–-----ის და ბაბუის - ა------- პ---–-----ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელება, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და შესაბამისად, გ------- დ--------ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უნდა გამართლდეს.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 270-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------- დ--------ი (პ№0----------) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
გ------- დ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს და გ------- დ--------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.
განემარტოს გამართლებულს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე