გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210017001904001
საქმე #2/311-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
12 ნოემბერი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,ოქ---------–ი”
წარმომადგენელი - თე-------------ე, ნუ-----------------ი (დირექტორი)
მოპასუხე - მა-----–----–---–ი
წარმომადგენელი - მა----–----------–---–-------–--ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მა-----–----–---–ს დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 7 000 ლარის ოდენობით მოსარჩელე შპს ,,ოქ---------–ის“ სასარგებლოდ.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შპს ,,ოქ---------–ის“ ძირითადი საქმიანობაა საკურორტო-გამაჯანსაღებელი, სამედიცინო-სარეაბილიტაციო და სხვა სახის გამაჯანსაღებელი მომსახურების გაწევა. მოსარჩელე ამ სფეროში მოქმედ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს და ჩართულია ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში, კერძოდ 2016-2017 წლების ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამასა და ქვეპროგრამაში“.
მა-----–----–---–ი საზოგადოების პარტნიორია და 8% წილს ფლობს. იგი პროგრამის ფარგლებში სამინისტროში იქნა მივლინებული. 2016 წლის 22 იანვრის ბრძანებით მა-----–----–---–ი სახელმწიფო პროექტის ,,სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვის“ ხელმძღვანელად დაინიშნა და ზოგადი კონტროლის გარდა ბენეფიციართათვის დადგენილი კურსების დაწყების ზუსტი თარიღის დაცვის უზრუნველყოფა დაევალა, ხოლო პროგრამის ფარგლებში გასაწევი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით შპს ,,ოქ---------–ში“ სამსახურში მიღებული იქნა ოკუპაციური თერაპევტი ნი-------–------ი, ფიზიკური თერაპევტი და-------–-–--–---–ი, უმცროსი ფიზიკური თერაპევტი ქე--------------–--–-–---–ი და ფსიქოლოგი მა----–---------–---–ი.
მოპასუხე მა-----–----–---–მა განახორციელა უკანონო და პარტნიორისათვის შეუფერებელი ქმედებები. მან, როგორც პროექტის უშუალო ხელმძღვანელმა, თვითნებურად დაირეგისტრირა პროექტი თავის სახელზე, გადაიყვანა მედ-პერსნალი მის დაქვემდებარებაში და ასევე გადაიყვანა თავისი პაციენტები. აღნიშნული ქმედებით მოსარჩელეს მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი (ეჭქვეშ დგას საზოგადოების რეპუტაცია და კომპეტენცია) და რაც ფულად ერთეულში დაახლოებით შეადგენს 7 000 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ უკანონო და პარტნიორისათვის შეუფერებელი ქმედება არ განუხორციელებია. ჯანდაცვის სახელმწიფო პროექტი, რომელზეც მოსარჩელე საუბრობს, ისევ მასთან არის დარჩენილი. მოპასუხემ განმარტა, რომ იგი სახელმწიფო პროექტში მონაწილეობდა როგორც ნევროლოგი, რაც საზოგადოების დირექტორობას არ ნიშნავს და ის დარღვევები, რაზეს მოსარჩელე მხარე უთითებს, მხოლოდ საზოგადოების დირექტორს ეხება. ამავდროულად, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულება 2016 წლის 21 ინვარს ერთი წლის ვადით დაიდო. ყველაფერი, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში იყო შესასრულებელი, შესრულებულია. 2016 წლის 21 დეკემბერს დამთავრდა პროგრამის 7 კურსი და ამით ყველა ის მოთხოვნა ამოიწურა, რაც ხელშეკრულებით ევალებოდა. რაც შეეხება პერსონალს, მათ აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და სადაც უკეთეს პირობებს შესთავაზებენ იქ შეუძლიათ მუშაობა. საზოგადოების დირექტორმა ნუ-----------------მა ხელფასის დარიცხვის თაობაზე პირობა არ შეასრულა და არც საერთო კრების მოთხოვნები გაითვალისწინა. პროექტის ფარგლებში დასაქმებულ მედ-პერსონალს ხელფასებიც შეუმცირა, რამაც პერსონალის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მედ-პერსონალმა საკუთარი ვალდებულებები კეთილსინდისიერად შეასრულა და პროექტი ბოლომდე მიიყვანეს, რის შემდგომ შრომითი ხელშეკრულება მოსარჩელესთან აღარ გააგრძელეს და მუშაობა დაიწყეს იქ, სადაც მათთვის უკეთესი პირობები იყო. რაც შეეხება პაციენტებს, მათ აქვთ თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება და მათ თავად გადაწყვიტეს სად მიეღოთ პროგრამის ფარგლებში გასაწევი მომსახურება.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №102 დადგენილებით დამტკიცდა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა), ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია, ასევე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება წარმოადგენდა. სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ერთი წლის განმავლობაში გასაწევი ხარჯის ოდენობას და ყოველი მომდევნო წლისთვის პროგრამის დამტკიცება ახალი ნორმატიული აქტის მიღებით ხდება;
3.1.2. მოსარჩელე შპს ,,ოქ---------–ი“ არის კერძო სამართლის იურიდიულ პირი. იგი სამეწარმეო რეესტრში 06.08.1996 წლიდან არის რეგისტრირებული. მოპასუხე მა-----–----–---–ი საზოგადოების პარტნიორს და 8% წილის მესაკუთრეს წარმოადგენს;
3.1.3. შპს ,,ოქ---------–ი“ 2016 წლიდან ჩაერთო საქართველოს მთავრობის 26.02.2016 წლის №102 დადგენილებით დამტკიცებული სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამაში;
3.1.4. შპს ,,ოქ---------–სა“ და მა-----–----–---–ს შორის 2016 წლის 21 იანვარს დაიდო შრომითი ხელშეკრულება ერთი წლის ვადით, 2017 წლის 21 იანვრამდე. ხელშეკრულების მიხედვით მა-----–----–---–ი დაინიშნა ექიმი ნევროლოგად და პროგრამების ხელმძღვანელად. მისი სამუშაო ხელშეკრულების მე-3 მუხლის მიხედვით შემდეგი შინაარსით განისაზღვრა - სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამების ქვეპროგრამის ,,ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროექტის“ ზედამდხედველი, ექიმი ნევროლოგი;
3.1.5. შპს ,,ოქ---------–ის“ დირექტორის 2016 წლის 22 იანვრის ბრძანებით, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, შპს ,,ოქ---------–ში“ ოკუპაციურ თერაპევტად დაინიშნა ნი-------–------ი, ფიზიკურ თერაპევტად და-------–-–--–---–ი, უმცროს ფიზიკურ თერაპევტად ქე--------------–--–-–---–ი, ენის თერაპევტად ნო---------–---–ი და ფსიქოლოგად მა----–---------–---–ი. ამავე ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მა-----–----–---–ი დაინიშნა სახელმწიფო პროექტის ,,სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვის“ ხელმძღვანელად და პასუხისმგებელია აღნიშნულ პროექტზე;
3.1.6. შპს ,,ოქ---------–ს“ და მა-----–----–---–ს შორის 2016 წლის 08 ივნისს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, ხელშეკრულების ვადა 2017 წლის 08 ივნისამდე განისაზღვრა. ხელშეკრულების მიხედვით მა-----–----–---–ი დაინიშნა ექიმი ნევროლაგად და დირექტორის მოადგილედ სამკურნალო დარგში. მისი სამუშაო ხელშეკრულების მე-3 მუხლის მიხედვით, განისაზღვრა ამბულატორიული ავადმყოფების კონსულტირება, სტაციონარული ავადმყოფების მკურნალობა, სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელის ფუნქციების შესრულება. ამავე ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მიხედვით დამქირავებლის მოთხოვნის საფუძველზე დაქირავებული ვალდებულია განაახლოს კონტრაქტი გარკვეული ვადით;
3.1.7. შპს ,,ოქ---------–მა“, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №102 დადგენილებით დამტკიცებული ერთწლიანი პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისათვის მომსახურების გაწევა 2016 წლის 22 დეკემბერს დაასრულა;
3.1.8. შპს ,,ნე------ი“ წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს. მა-----–----–---–ი საზოგადოების დირექტორი და 50% წილის მესაკუთრეა. შპს ,,ნე------ი“ სამეწარმეო რეესტრში 2016 წლის 15 დეკემბრიდან არის რეგისტრირებული, ხოლო 2017 წლის იანვრიდან ჩაერთო ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ 2017 წლის სახელმწიფო პროგრმაში. იგი ამ პერიოდიდან ახორციელებს შესაბამისი მომსახურების გაწევას ბენეფიციარებისათვის;
3.1.9. მხარეთა განმარტებით შპს ,,ოქ---------–ის“ დირექტორის 2016 წლის 22 იანვრის ბრძანებით დანიშნული სპეციალისტებიდან ნი-------–------ი, ქე--------------–--–-–---–ი და და-------–-–--–---–ი 2017 წლიდან შპს ,,ნე------ში“ მუშაობენ, ნო---------–---–ი მუშაობს როგორც შპს ,,ოქ---------–ში“ ასევე შპს ,,ნე------ში“. მა----–---------–---–ი 2016 წლის ბოლოს გარდაიცვალა. (იხ. სასამართლოს 22.10.2016 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 17:19:29-17:22:39 სთ).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სასარჩელო განცხადება, შესაგებელი (ს.ფ. 1-16; 43-54);
- ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 17-19; 76-77);
- შრომითი ხელშეკრულებები (ს.ფ. 23-25; 56-59);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლოს 22.10.18 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ შპს ,,ოქ---------–ში“ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებისათვის მომსახურების გაწევის მიზნით დასაქმებულ მედ-პერსონალს (ნი-------–------ს, და-------–-–--–---–ს, ქე--------------–--–-–---–ს, ნო---------–---–ს, მა----–---------–---–ს) 2016 წლის ნოემბრის თვიდან ხელფასები შეუმცირდათ.
3.2.2. მოპასუხის მხრიდან სამსახურეობრივი მდგომარეობის არამართლზომიერი გამოყენებით პროექტის ფარგლებში დასაქმებული მედ-პერსონალის და ბენეფიციარების გადაყვანის ფაქტი ვერ დადასტურდა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ მოპასუხემ თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობა გამოიყენა და შპს ,,ოქ---------–ში“ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მომსახურების გაწევის მიზნით დასაქმებული მედ-პერსონალი თავის მიერ შექმნილ კომპანიაში გადაიყვანა. მოპასუხემ კი განმარტა, რომ მედ-პერსონალის გადასვლა გამოიწვია ნოემბრის თვიდან ხელფასების შემცირებამ და ამავდროულად, მათ აქვთ თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება, რაც გულისხმობს იმას, რომ შეუძლიათ თავად აირჩიონ სამუშაო ადგილი.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა სადავო გახადეს აღნიშნული გარემოება და მიუთითეს, რომ ხელფასების შემცირება არ მომხდარა.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მხარეებს უფლებებთან ერთად თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს აკისრებს, რომელთა შეუსრულებლობა მხარეთათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამასთან, სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი, რომლის მიხედვით მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 08 ნოემბრით დათარიღებული შპს ,,ოქ---------–ის“ პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის მიხედვით განხილული იქნა ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამიდან“ შემოსული თანხების განაწილების საკითხი. კრების ოქმის მიხედვით შემოსული თანხები განაწილდა შემდეგნაირად - შემოსავლის 40% გადაირიცხებოდა შპს-ს მესაკუთრეთა ფონდში, ხოლო დარჩენილი 60% განაწილდებოდა პროგრამაში მონაწილე სპეციალისტებსა და სანატორიუმის თანამშრომლებს შორის.
საქმის განხილვისას დირე ქტორმა ნუ-----------------მა განმარტა, რომ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შემოსული თანხებიდან საზოგადოების მესაკუთრეები სარგებელს არ იღებდნენ და ამიტომ საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება რომ 40% მესაკუთრეების ფონდში გადარიცხულიყო ხოლო დარჩენილი 60%-დან 40% ნაწილდებოდა პროექტში ჩართულ მედ-პერსონალზე, ხოლო დანარჩენი 20% სანატორიუმის თანამშრომლებზე.
საქმის განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ქე--------------–--–-–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის ნოემბერში შეიცვალა მათი ანაზღაურება და ნაცვლად შეთანხმებული ოდენობისა ნოემბერ-დეკემბრის თვეებში 20%-ით ნაკლები ხელფასი მიიღეს, რასაც პროექტში დასაქმებული პერსონალის უკმაყოფილება მოჰყვა შედეგად. მოწმემ განმარტა, რომ იგი სამსახურიდან წასვლას მაშინვე აპირებდა, თუმცა მა-----–----–---–მა სთხოვა, რომ ბენეფიციარების მდგომარეობა გაეთვალისწინა და პროექტის ბოლომდე სამსახურში დარჩენილიყო. სასამართლოს შეკითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ მა-----–----–---–ს მისთვის შპს ,,ნე------ში“ სამსახური რომც არ შეეთავაზებინა, მომავალი წლიდან შპს ,,ოქ---------–ში“ მუშაობას მაინც აღარ აპირებდა.
ამდენად, 2016 წლის ნოემბრიდან სახელმწიფო პროექტის ფარგლებში დასაქმებულ მედ-პერსონალის ხელფასების შემცირების ფაქტი დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს.
რაც შეეხება მოპასუხის მხრიდან სამსახურეობრივი მდგომარეობის არამართლზომიერი გამოყენებით მედ-პერსონალის და ბენეფიციარების გადაყვანას, მოპასუხემ ეს გარემოება უარყო, მოსარჩელე მხარემ კი ვერ განმარტა, თუ რაში მდგომარეობდა მოპასუხის არამართლზომიერი ქმედება და არც რაიმე მტკიცებულება წარუდგენია სასამართლოსთვის, რომლითაც აღნიშნული გარემოება დადასტურდებოდა. თავისთავად ის ფაქტი, რომ მანამდე შპს ,,ოქ---------–ში დასაქმებული პირები ამჟამად შპს ,,ნე------ში“ მუშაობენ, ხოლო ბენეფიციარები მომსახურებას შპს ,,ნე------ში" ირებენ, არ მიუთითებს მოპასუხის არამართლზომიერ ქმედებაზე, ვინაიდან შრომა თავისუფალია და დასაქმებულს აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება, იგი თავად განსაზღვრავს სად იმუშაოს, ხოლო ბენეფიციარს აქვს არჩევანის უფლება და მას მომსახურების მიღება შეუძლია ნებისმიერ სამკურნალო დაწესებულებაში, რომელიც ჩართული იქნება სახელმწიფო პროგრამაში და ექნება მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- პარტნიორთა კრების ოქმი (ს.ფ. 179-180);
- მოწმის ჩვენება (იხ. სასამართლოს 18.10.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი);
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლომ განიხილა შპს ,,ოქ---------–ის“ სარჩელი, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გამოიკვლია და შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის ვალდებულებაა განსაზღვროს სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითოს მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები. დავის გადაწყვეტისთვის კი მნიშვნელოვანია შეფასდეს საქმის განხილვის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოები იძლევა თუ არა მოთხოვნის დამდგენი სამართლებრივი ნორმის შემადგელობას.
მოსარჩელე მხარემ განაცხადა, რომ მა-----–----–---–ი წარმოადგენს რა შპს ,,ოქ---------–ის“ პარტნიორს და იმავდროულად, 2016 წლის 08 ივნისს დადებული შრომითი ხელშეკრულებით დანიშნული იყო დირექტორის მოადგილედ სამკურნალო დარგში, როგორც დირექტორატის წარმომადგენელმა და საზოგადოების პარტნიორმა მეწარმეთა შესახებ კანონის მე-9 მუხლით დაკისრებული ვალდებულება დაარღვია, რომლის შედეგადაც შპს ,,ოქ---------–ს“ მიადგა 7 000 ლარის ზიანი. ვალდებულების დარღვევად მოსარჩელემ მოპასუხის მიერ იმ სახელმწიფო პროექტში ჩართვაზე მიუთითა, რომელ პროექტშიც 2016 წლიდან შპს ,,ოქ---------–ია“ ჩართული. აგრეთვე მიუთითა, რომ მოპასუხემ თავის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციაში გადაიყვანა ყველა ბენეფიციარი და შპს ,,ოქ---------–ში“ დასაქმებული სამედიცინო პესონალი.
ამდენად, დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს მოპასუხე წარმოადგენს თუ არა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს. აგრეთვე, როგორც საზოგადოების პარტნიორს რა ვალდებულებები გააჩნია საზოგადოების წინაშე. შემდგომ კი უნდა დადგინდეს ზიანის ოდენობა და მოპასუხის ბრალეულობა დამდგარ ზიანთან მიმართებით.
6.2. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულ პირებს არა აქვთ უფლება, პარტნიორების თანხმობის გარეშე განახორციელონ იგივე საქმიანობა, რომელსაც ეწევა საზოგადოება, ან მონაწილეობა მიიღონ, როგორც მსგავსი ტიპის სხვა საზოგადოებაში პერსონალურად პასუხისმგებელმა პარტნიორმა ან დირექტორმა, თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (ინტერესთა კონფლიქტი). სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებებსა და კომანდიტურ საზოგადოებებში ამ თანხმობის გაცემა შეუძლია პარტნიორთა კრებას, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში, სააქციო საზოგადოებებსა და კოოპერატივებში – იმ ორგანოს, რომელიც ნიშნავს (ირჩევს) დირექტორებს. ასეთი საქმიანობის განხორციელებაზე თანხმობა მიცემულად ჩაითვლება, თუ საზოგადოების ხელმძღვანელად დანიშვნისას პარტნიორებისათვის ცნობილი იყო, რომ საზოგადოების ხელმძღვანელი ეწევა ასეთ საქმიანობას და ამ საქმიანობის შეწყვეტა მისთვის აშკარად არ მოუთხოვიათ. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებული პირების მიერ ინტერესთა კონფლიქტის წესების დარღვევისას საზოგადოებას მიადგა ზიანი, დამრღვევი ვალდებულია დათმოს ამ საზოგადოებიდან გასამრჯელოს მიღების მოთხოვნის უფლება და აანაზღაუროს ზიანი. ამ პირების მიერ საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს სააქციო საზოგადოებაში აქციათა 5%-ის მფლობელ აქციონერს ან აქციონერთა ჯგუფს, ხოლო ყველა დანარჩენ საზოგადოებაში – თითოეულ პარტნიორს;
ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირებსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, ასეთის არსებობისას, პარტნიორთა კრების წინასწარი თანხმობის გარეშე უფლება არა აქვთ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით გამოიყენონ საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა თავიანთი მოვალეობების შესრულების ან თანამდებობრივი მდგომარეობის გამო. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირებთან და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან დადებული ხელშეკრულებით შეიძლება აღნიშნული ვალდებულება ძალაში დარჩეს ამ პირთა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მაგრამ არა უმეტეს 3 წლის ვადით. შესაძლებელია ამ ვალდებულებისათვის გათვალისწინებულ იქნეს კომპენსაცია, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ამ ხელშეკრულებით.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-6 პუნქტის ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას დირექტორების დანიშვნა და გამოწვევის, მათთან ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტის, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცების შესახებ.
ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საწარმოს რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს სხვა მონაცემებთან ერთად უნდა წარედგინოს საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მონაცემები.
სასამართლო განმარტავს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელ პირებს (დირექტორები, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები) ეკისრებათ გარკვეული პასუხისმგებლობა საზოგადოების და პარტნიორების წინაშე. კანონით მათთვის ერთგვარი შეზღუდვაა დაწესებული, ვინაიდან არ აქვთ უფლება მათ დანიშვნაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს თანხმობის გარეშე განახორციელონ იგივე საქმიანობა, რომელსაც საზოგადოება ეწევა, ან მონაწილეობა მიიღონ მსგავსი ტიპის სხვა საზოგადოებაში პერსონალურად პასუხისმგებელმა პარტნიორებმა ან როგორც დირექტორებმა. თუ მითითებული აკრძალული ქმედება მაინც განხორციელდება და ამას შედეგად საზოგადოებისათვის ზიანის მიყენება მოჰყვება, მაშინ მათ ეკისრებათ გასამრჯელოს მიღების დათმობის და მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
სასამართლო მიუთითებს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელ პირებს დირექტორები წარმოადგენენ და მათ დანიშვნას საზოგადოების პარტნიორები ახორციელებენ, თუ კი წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამასთან, დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულო წესით რეგისტრირდება სამეწარმეო რეესტრში.
განსახილველ შემთხვევაში კი მა-----–----–---–ის მიმართ კანონით დადგენილი ზემოაღნიშნული სავალდებულო მოთხოვნების შესრულებას ადგილი არ ჰქონია. მა-----–----–---–ი დირექტორის მოადგილედ დანიშვნის ხელშეკრულებას ხელს შპს ,,ოქ---------–ი“ დირექტორი აწერს და გადაწყვეტილების მიღება პარტნიორთა კრების მიერ არ მომხდარა. ამავდროულად, საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ოქ---------–ის“ წესდებითაც დასტურდება, რომ დირექტორის დანიშვნაზე უფლებამოსილ ორგანოს პარტნიორთა საერთო კრება წარმოადგენს. შესაბამისად, ამ მხრივ კანონის ზემოთ მითითებულ მოთხოვნისგან განსხვავებული პირობა შპს ,,ოქ---------–ის“ წესდებით გათვალისწინებული არ არის (იხ. წესდების მე-9 მუხლი ,,ჯ“ ქვეპუნქტი). ამდენად, მოსარჩელე მხარის განმარტება, რომ 2016 წლის 22 ივნისს დადებული შრომითი ხელშეკრულებით მა-----–----–---–ი გახდა საწარმოს ხელმძღვანელი პირი და მასზე უნდა გავრცელდეს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით დადგენილი მოვალეობები და აკრძალვები, მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.
6.3. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-91 და 46-ე მუხლებით განსაზღვრულია პარტნიორთა უფლება-მოვალეობები. არცერთ მითითებულ მუხლში არ მოიძებნება იმ შინაარსის პირობა, რომელიც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორს სხვა საწარმოში დამფუძნებლად ან ხელმძღვანელ პირად ყოფნის უფლებას აუკრძალავდა. შესაბამისად, სამართლებრივად ვერ გამოდგება მოსარჩელე მხარის მითითება იმის შესახებ, რომ რადგან მა-----–----–---–ი საზოგადოების პარტნიორია, ამიტომ მას უფლება არ ჰქონდა დაეფუძნებინა სხვა საწარმო, სადაც განახორციელებდა იმავე საქმიანობას, რასაც შპს ,,ოქ---------–ი“ ახორციელებს.
მართალია სახეზეა მოცემულობა, რომლის მიხედვითაც მა-----–----–---–ი შპს ,,ნე------ის“ დირექტირი და დამფუძნებელია და იმავდროულად შპს ,,ოქ---------–ში“ 8% წილის მფლობელი პარტნიორიცაა, მაგრამ ის შეზღუდვა და მოთხოვნა, რაც ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით არის გათვალისწინებული, მა-----–----–---–ს მხოლოდ შპს ,,ნე------ის“ წინაშე შეიძლება გააჩნდეს და არა შპს ,,ოქ---------–ის“ მიმართ, ვინაიდან ამ უკანასკნელში მოპასუხე მხოლოდ პარტნიორია და არ არის დირექტორი ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ამდენად, შპს ,,ოქ---------–ი“ არ წარმოადგენს იმ მხარეს, რომელსაც შეუძლია მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით დირექტორების მიმართ დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე მოთხოვნები წაუყენონ მოპასუხე მხარეს. ამ უფლებით მხოლოდ შპს ,,ნე------მა“ შეიძლება ისარგებლოს. ამდენად, სარჩელში მითითებული გარემოებები მა-----–----–---–ის, როგორც დირექტორის და პარტნიორის პასუხისმგებლობის შესახებ, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ ზეპირი განმარტება მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი კი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, რომლის მიხედვით სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო მსჯელობს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებითაც ხდება მათი სარწმუნოდ მიჩნევა და ამა თუ იმ ფაქტის არსებობის დადასტურება.
მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ მა-----–----–---–ის ქმედებით საზოგადოებას 7 000 ლარის ოდენობით ზიანი მიადგა. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობა ერთ-ერთი მხარის მიერ ვალდებულების დარღვევა წარმოადგენს. ამავდროულად სახეზე უნდა იყოს ზიანი და მიზეზობრივ კავშირი დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან. ამდენად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება პირს დაეკისრება ერთდროულად შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) სახეზე უნდა იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის განხილვის შედეგად, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა ვერ დადგინდა. ამავდროულად, მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა განმარტება თუ საიდან გამომდინარეობდა 7000 ლარის ოდენობის ზიანი. მხარემ სასამართლოს შეკითხვაზე განმარტა, რომ 7000 ლარი არის ის შემოსავალი, რომელსაც საზოგადოება მიიღებდა, თუმცა კონკრეტულად ვერ განმარტა როგორ დაითვალა მიუღებელი შემოსავლის ოდენობა, ვერ განმარტა მისი გამოთვლა რა მონაცემებზე დაყრდნობით განახორციელა. (იხ. სასამართლოს 22.10.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 18:13:08-18:19:06 სთ)
სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა, ვინაიდან გარდა იმისა, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა ვერ დადასტურდა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა იმის დადასტურების საშუალებას, რომ ზიანი 7000 ლარს შეადგენს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. ზიანის მიმყენებელმა (მოპასუხემ) კი უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობის და ბრალის არარსებობა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ ვერ დაძლია მისი მტკიცების სფეროში შემავალი გარემოებების დადასტურების ტვირთი. შესაბამისად, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
7.2. განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის ფასი 7000 ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობამ 210 ლარი შეადგინა. მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 350 ლარის ოდენობით. სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 210 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო 140 ლარი მოსარჩელეს ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს.
7.3. მოპასუხე მხარემ წარმოადგინა იურიდიული მომსახურებისთვის თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რომლის მიხედვით გადახდილმა თანხამ 300 ლარი შეადგინა. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ამიტომ, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხიდან 280 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. მოცემულ საქმეზე სარჩელთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 37-39-ე, 41-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 2591, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს ,,ოქ---------–ის“ სარჩელი მოპასუხე მა-----–----–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 140 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენი (210 ლარი) დარჩეს სახელმწიფობიუჯეტში გადახდილად (საგადახდო დავალება №5128919192; გადამხდელი შპს ,,ოქროს ველი“, საიდ. ნომერი 227717085; გადახდის თარიღი 28.04.2017 წელი).
3. მოსარჩელე შპს ,,ოქ---------–ს“ მოპასუხე მა-----–----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისთვის გადახდილი თანხიდან 280 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე რომან კუპატაძე