განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/373-18;
(№012200418012)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 ნოემბერი, 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი: ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე: პროკურორი ხატია გოგრიჭიანი,ბრალდებული:
ნ-----–-------–-ო, დაბადებული 1----–-–-----------------ს, პირადი ნომერი N-----------, საქართველო მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქ.რუსთავი, ლ------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ. რუსთავი, ლ------------------,ადვოკატი: იამზე ჯღარკავა,თარჯიმანი: ეკატერინე ჩუბინიძე,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 20 აპრილს დაახლოებით 20:30 საათზე, ქ.რუსთავში, ლ----------------ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ნ-----–-------–-ომ, შელაპარაკებისას შვილს - ტ----------–-ოს მუშტი დაარტყა სახეში, რითაც ტ----------–-ომ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ნ-----–-------–-ოს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ნ-----–-------–-ოს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შესაბამისად იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში შემდეგ გარემოებათა გამო:
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
დაზარალებულმა ტ----------–-ომ ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (მამა) ნ-----–-------–-ოს საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემაზე.
მოწმე გიორგი მოდებაძემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში და 2018 წლის 20 აპრილს მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. შეტყობინების მიხედვით, ქ.რუსთავში, ლ----------------ში მცხოვრებმა ტ----------–-ომ განაცხადა, რომ მამამ მიაყენა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მან ჩაატარა საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და გამოსცა შემაკავებელი ორდერი ნ-----–-------–-ოს მიმართ.
2018 წლის 21 აპრილის ოქმით ნ-----–-------–-ოს ალკოტესტით შემოწმების შესახებ, 2018 წლის 21 აპრილს, 03:24 საათზე, ნ-----–-------–-ო ალკოტესტით იქნა შემოწმებული და დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა 1,363 პრომილი.
2018 წლის 21 აპრილის შემაკავებელი ორდერის მიხედვით, ნ-----–-------–-ოს აეკრძალა ტ----------–-ოსთან მიახლოება 5 დღის ვადით. ძალადობის ფორმა - ფიზიკური.
2018 წლის 21 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, რომელიც მდებარეობს ქ.რუსთავი, ლ----------------ში, მისაღები ოთახის იატაკიდან ამოღებულ იქნა ვაზის შუშის ნატეხები და ტ----------–-ომ მიუთითა ის ადგილები, სადაც მამამ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
2018 წლის 25 აპრილის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ტ----------–-ო მკურნალობდა სტაციონალურად 21.04.18წ, დიაგნოზით: ესკორაციები ცხვირის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვის საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
4. სამართლებრივი შეფასება:
გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებამდე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში პირის დამნაშავედ ცნობას საფუძვლად უნდა დაედოს მტკიცებულება - კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია და შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს არსებობს თუ არა სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების საჭირო, დამაჯერებელი და შეთანხმებული ერთობლიობა. ანუ, მტკიცებულებითი ძალა - ფაქტის დადგენის ან უარყოფის შესაძლებლობა - უნდა მომდინარეობდეს როგორც ერთი რომელიმე მტკიცებულებიდან, ისე მათი ერთობლიობა უნდა იძლეოდეს ცალკე და ერთად აღებული ფაქტების ერთობლიობას.
დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, გამოძიების პროცესი, მიზანი და მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს რა არის მტკიცებულება, დადგენილია მტკიცებულებათა სახეები და მათი მოპოვების წესი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 თავში ნორმათა თანმიმდევრობით გათვალისწინებულია მტკიცებულებათა შემდეგი სახეები: მოწმის (დაზარალებულის, ბრალდებულის) ჩვენება, ნივთიერი (ნებისმიერი საგანი ან ობიექტი) მტკიცებულება და დოკუმენტები (ექსპერტის დასკვნები, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები), შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება სისხლის სამართლის პროცესში უნდა დადგინდეს სწორედ ამ სადავო გარემოების დამდგენი/დამადასტურებელი მტკიცებულებით.
ფაქტების ერთობლიობას სასამართლოში უნდა ქმნიდეს მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო სასამართლო აფასებს მათ დამაჯერებლობის, საკმარისობისა და ურთიერთშეთანხმებისთვის ლოგიკური, აშკარა და ობიექტური კავშირით. მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმნიშვნელოვნად არ გულისხმობს „ბევრ“ მტკიცებულებას, თუმცა ამ სიტყვის გრამატიკული მნიშვნელობა უდავოდ გულისხმობს ერთზე მეტს. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეფასდეს დანაშაულის გარემოებების მიხედვით და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაშია ის საჭიროც და საკმარისიც, იმისდამიხედვით თუ როგორ ავითარებს მხარე მტკიცების პროცესს სასამართლოში.
გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის მტკიცებულებათა საკმარისობაზე და ირიბი ჩვენებების მნიშვნელობაზე ნამსჯელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის გადაწყვეტილებით საქმეზე №548. სასამართლოს განმარტებით, უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გულისხმობს „მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს“. ამავე გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის საქმეში შესაძლოა არსებობდეს ირიბი ჩვენება, რომელიც განსხვავებული გარემოებების დასამტკიცებლად იქნება წარმოდგენილი და რომელიც სხვა რელევანტურ ინფორმაციასთან ერთად შექმნის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ირიბი ჩვენება, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, შესაძლოა პირდაპირ მიუთითებდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ან იყოს „დამხმარე“ ხასიათის, ადასტურებდეს საქმისთვის მნიშვნელოვან „გვერდით“ ფაქტს ან გარემოებას. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ასეთი ჩვენების სათანადო შემოწმება. ამიტომ კანონი მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს, თუ რა შემთხვევებშია დასაშვები ირიბი ჩვენების გამოყენება, მკაცრი და ზედმიწევნით ზუსტი უნდა იყოს მისი დასაშვებობის პირობები. რამდენადაც მაღალია ირიბი ჩვენების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მნიშვნელობა ბრალის დადასტურების საკითხში, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება წესი, რომელიც ასეთი ჩვენების გამოყენებას შესაძლებელს ხდის (პუნქტი 27). სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია, ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობაში, შეამოწმოს ინფორმაციის გამავრცელებელი პირის განწყობა, მისი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისამართლებრივ საქმეს უკავშირდება. ასევე რთულია იმის განჭვრეტა, თუ როგორ ჩვენებას მისცემდა ეს პირი, ის რომ სასამართლოში გამოცხადებულიყო (პუნქტი 29).
მითითებული გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. ირიბი ჩვენებები ვერ ქმნის აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
ირიბი ჩვენების მტკიცებულებით მნიშვნელობაზე მსჯელობისას საყურადღებოა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული მინიმალური სტანდარტი. კერძოდ, იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “ Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom “ , საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „ Horncastle and Others v. The United Kingdom “ საჩივარი: N4184/1 0 ).
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ფაქტი, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სსკ-ს 126 პრიმა მუხლის საფუძველზე დასჯადია როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა. ფსიქიკური ძალადობა გამოიხატება სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით ან დამცირებით, რაც ადამიანის ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. ძალადობა, რომელიც გამოიხატება დარტყმით, ცემით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალადობის ხასიათი შედეგთან მიმართებით არ აღემატება ფიზიკური ტკივილის განცდას და ტანჯვას. როგორც წესი, ცემა მეტი ინტენსივობით ხასიათდება და არაერთჯერად დარტყმას გულისხმობს, ძალადობა კი შეიძლება იყოს ერთხელ დარტყმა, თმის მოქაჩვა და სხვა ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისკენ და ეს უკანასკნელი განიცდის ფიზიკურ ტკივილს. ძალადობა განზრახი დანაშაულია და ბრალდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქოდეს, რომ განზრახ ურტყამს სხვა ადამიანს.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში, ოჯახში ძალადობა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თითოეულ გამოკვლეულ მტკიცებულებასთან მიმართებით იმსჯელებს თუ რა ფაქტობრივი გარემოების დადგენას ემსახურება და დანაშაულის რომელ ნიშანთან არის ის კავშირში:
ბრალდების მხარემ წერილობითი მტკიცებულების გამოკვლევისას, საჯაროდ გამოაქვეყნა გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, რომ ტ----------–-ოს განმარტებით, მამამ ნ-----–-------–-ომ თავის სახლში მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ე.წ. შეტყობინება და მასთან დაკავშირებული რეგისტრაციის ბარათები არის გამოძიების დაწყების საფუძველი, ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, რომელიც სსსკ-ს მე-100 მუხლის თანახმად, გამომძიებელს და პროკურორს ავალდებულებს დაიწყოს გამოძიება. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათზე დაყრდნობით შეუძლებელია რაიმე ფაქტის დადგენა ან უარყოფა, მით უფრო შეუძლებელია სასამართლომ იმსჯელოს ნამდვილად ჰქონდა თუ არა მასში მითითებულ გარემოებებს ადგილი, ასეთი ინფორმაციის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებების გარეშე.
მოწმე გიორგი მოდებაძის ჩვენებით დადგინდა, რომ მან საქმეზე ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები და ტ----------–-ოს განმარტებით, შეიტყო, რომ მამამ, ნ-----–-------–-ომ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
მოწმე გიორგი მოდებაძის ჩვენება ფაქტობრივად არის ერთადერთი ირიბი ჩვენება, რომლის შეფასებისას რთულია დადგინდეს რამდენად სანდო ან სარწმუნოა თუნდაც ტ----------–-ოს მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტე. გიორგი მოდებაძის ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს.
2018 წლის 21 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ამოღებულ იქნა ვაზის შუშის ნატეხები და ტ----------–-ომ მიუთითა ის ადგილები, სადაც მამამ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილია მისი კვალი. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. შესაბამისად, ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს უნდა მისცეს მოწმემ, გარდა იმისა, რომ ამ ნორმის უკან დგას ასევე სამართლიანი სასამართლოს პრინციპი და ბრალდებულის უფლება მოითხოვოს სასამართლოში მისი ბრალდების საქმის მოწმეების დაკითხვა და იყოს ამ პროცესის უშუალო მონაწილე, არ შეიძლება მოპოვებულ იქნეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ან სხვა ისეთი სახის საგამოძიებო მოქმედებით, რომელიც არ იძლევა შესაძლებლობას შემოწმდეს და დადგინდეს თავად ამ მოწმის ჩვენების უტყუარობა, აქედან გამომდინარე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დგინდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოცემულ საქმეზე 2018 წლის 21 აპრილს, ქ.რუსთავი ლეონიძის ქუჩა 26/32 მდებარე საცხოვრებელი ბინიდან, ამოღებულ იქნა ვაზის ნატეხები.
2018 წლის 21 აპრილის შემაკავებელი ორდერის მიხედვით, ნ-----–-------–-ოს აეკრძალა ტ----------–-ოსთან მიახლოება 5 დღის ვადით. ძალადობის ფორმა - ფიზიკური. მითითებული დოკუმენტი ასევე არ იძლევა დანაშაულში მამხილებელი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის უტყუარობის შეფასების შესაძლებლობას.
2018 წლის 25 აპრილის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ტ----------–-ო მკურნალობდა სტაციონალურად 21.04.18წ, დიაგნოზით: ესკორაციები ცხვირის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვის საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ექპსერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ტ----------–-ოს აღენიშნებოდა დაზიანებები, თუმცა დასკვნით არ დგინდება თუ რა ვითარებაში მიიღო და ვინ მიაყენა ისინი.
დაზარალებულ ტ----------–-ოს მიერ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე უარის თქმის სამართლებრივ შედეგებზე მსჯელობისას სასამართლო კვლავ ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაცვის მხარის მიერ სადაოდ იქნა მიჩნეული საქმის წინასასამართლო სხდომაზე ვერ იქნება საქმეზე მტკიცებულებითი ძალის მქონე ინფორმაცია, რასაც შესაძლოა დაეყრდნოს სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის საკითხის გადაწყვეტისას.
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება. სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასასმართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 353994/97, 34; Bykov.v Russia, no 7378/02,5).
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრული ეჭვი და მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ საქმეზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ მტკიცებულებები ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, მტკიცებულებათა ერთობლიობა რაზე დაყრდნობითაც შესაძლებელია დანაშაულის ნიშნების დადგენა, ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს ლოგიკურად, შინაარსობრივად. მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და სხვა. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური და მიუკერძოებელი პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. მტკიცებულებათა უტყუარობის ძალა არ უნდა იწვევდეს ეჭვს, მტკიცებულებითი ეჭვის ან ვარაუდის საფუძველზე არ უნდა დაედოს პირს მსჯავრი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ (22.01.2015 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება).
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა სასამართლოს მიერ გამოკვლეული, ასევე პრეიდუციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა არ არსებობს, რომელიც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნ-----–-------–-ო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
ნ-----–-------–-ოს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ-----–-------–-ო ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ნ-----–-------–-ოს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.
ნ-----–-------–-ოს განემარტოს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საქმეზე ამოღებული ნამსხვრევები, რომელიც ინახება საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში, განადგურდეს კანონით დადგენილ წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე