გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 231210018002499488 (2-29/18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13.11.2018 წ. დ. შუახევი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს
შუახევის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი ლილი დიასამიძე
მოსარჩელე: საქართველოს განათლების, მეცნიერების , კულტურისა და სპორტის სამინისტრო
წარმომადგენლები: ქე--------------–---–ი, და------–------–---–ი
მოპასუხე: შპს “თა-------ისი”
წარმომადგენელი: სუ-–----------–-ძე, მი--------------–-ძე.
დავის საგანი: შპს თა-------ისისთვის ხელშეკრულების პირობების ხარვეზით შესრულების გამო პირგასამტეხლოს დაკისრება 114( ასთოთხმეტი) ლარის ოდენობით.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე შპს თა-------ისს ხელშეკრულების პირობების ხარვეზით შესრულების გამო დაეკისროს პირგასამტეხლო 114( ასთოთხმეტი) ლარის ოდენობით
მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებზე :
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შპს „თა-------ისს“ შორის 2015 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა N09-102/2 ხელშეკრულება „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ , შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2015 წლის 12 ნოემბერს გაფორმდა შეთანხმება N1.
ხელშეკრულების მე-2 პუნქტის შესაბამისად ,ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მიმწოდებლის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამების დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლების (აჭრის რეგიონი) მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურებით უზრუნველყოფა.
ხელშეკრულების 5.1. ქვეპუნქტის თანახმად მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს გაუწიოს სატრანსპორტო მომსახურება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების შესაბამისად , ამასთან ხელშეკრულების 5.2. ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ გაწეული მომსახურება არ გამოავლენს ხარვეზებს და იქნება ხარისხიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.
ხელშეკრულების მე-11 მუხლის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების ხარვეზით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება პირგასამტეხლო , ამავე პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად ( ხარვეზით განხორციელებული და/ან განუხორციელებელი მომსახურების ყოველ დღეზე მიმართულების ჯამური ღირებულების 1% ხოლო რიგ შემთხვევებში-5%-ს)
შპს „ თა-------ისმა „ ხელშეკრულების პირობები 2015 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეში შეასრულა ხარვეზით , რიც გამო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოსთხოვა შპს „ თა-------ისს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა.
შპს „ თა-------ისს“ დღემდე არ გადაუხდია პირგასამტეხლო 114 ლარის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს „თა-------ისი“ ვალდებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომლის ამჟამინდელი სრულყოფილი სახელწოდებაა საქართველოს განათლების, მეცნიერების , კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სასარგებლოდ გადაიხადოს პირგასამტეხლო 114 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის წარმომადგენლები ასევე მოითხოვენ სასამართლოსა და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურებას ( გზის ხარჯები სულ პირველ სასამართლო სხდომის 102 ლარი ერთი გზის სულ 204 ლარი , მივლინება 30 ლარი , მეორე სასამართლო სხდომის 179.05 ლარი ერთი გზის სულ 358,10 ლარი მივლინება 30 ლარი ( ანუ სულ 562.10 ლარი გზის ხარჯი + 60 მივლინება=622ლარი)
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს „ თა-------ისის “ წარმომადგენელმა სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებელით სარჩელი არ ცნო და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებაში აღნიშნა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა არ არის გამოწვეული მისი განზრახი მოქმედებით, რეგიონში არსებული რელიეფიდან გამომდინარე ტრანსპორტი ხშირად გამოდის მწყობრიდან, თუმცა მაქსიმალურად ცდილობენ, რომ არ იყოს შეფერხება, ის გაცდენები რაც არის, ეთანხმება, მაგრამ აშკარა შეუსაბამოა პირგასამტეხლო, როცა ერთი შესრულების ღირებულება წარმოადგენს 10 ლარს, პირგასამტეხლო კი დაანგარიშებულია 15 ლარით. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით ამჟამად ეს შეუსაბამობა სამინისტროს მიერაც არის გათვალისწინებული და ხელშეკრულებები გაფორმებულია ახალი პირობებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 11 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (ამჟამად საქართველოს განათლების, მეცნიერების , კულტურისა და სპორტის სამინისტრო) და შპს „თა-------ისს“ შორის გაფორმდა N09-102/2 ხელშეკრულება „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, სადაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მიმწოდებლის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების , სამინისტროს „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამების დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლების ( აჭრის რეგიონი) მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურებით უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს , წინასწარ დათქმულ ადგილებიდან საჯარო სკოლამდე და სკოლიდან უკან მოსწავლეების გადაყვანის მომსახურების განხორციელებას. ხელშეკრულების 4.1 ქვეპუნქტის შესაბამისად სატრანსპორტო მომსახურება, ამავე ხელშეკრულების დანართში N1 მითითებული მიმართულებისა და გრაფიკის მიხედვით. ( მოსწავლეების სკოლაში მიყვანა უნდა განხორციელდეს სასწავლო პროცესის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 წუთისა და არაუმეტეს 25 წუთისა. ხოლო სკოლიდან წამოყვანა უნდა განხორციელდეს სასწავლო პროცესის დასრულებიდან - არაუგვიანეს 25 წუთისა). მომსახურება გაწეული იქნება ტექნიკურად გამართული ავტოსატრანსპორტო საშუალებით . სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს: -სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2015 წლის 19 მაისის N183 ხელშეკრულება. 3.1.2. ხელშეკრულების 11.1 ქვეპუნქტის შესაბამისად, ფორს- მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების ხარვეზით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება პირგასამტეხლო შემდეგი პრინციპით: ა) თუ თვის განმავლობაში თითოეულ მიმართულებაზე ხარვეზით განხორციელებული ან/და განუხორციელებელი მომსახურეობის რაოდენობა არ აღემატება 3 დღეს, ( ზედიზედ ან ჯამში) , მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხარვეზით განხორციელებული და ან განუხორციელებელი მომსახურების ყოველ დღეზე მიმართულების ჯამური ღირებულების 1% ოდენობით. ბ) იმ შემთხვევაში თუ ერთი თვის განმავლობაში ხარვეზით განხორციელებული და/ან განუხორციელებელი მომსახურება თითოეულ მიმართულებაზე გადააჭარბებს 3 დღეს . მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხარვეზით განხორციელებულ და/ან განუხორციელებლ მომსახურების ყოველ დღეზე მიმართულების ჯამური ღირებულების 5% -ის ოდენობით, ამ შემთხვევაში არ იმოქმედებს ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა. ამ შემთხვევაში 11 .1 ქვეპუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ სამ დღეზე გამოიყენება ამ ქვეპუნქტში მითითებული პრგასამტეხლოს მოცულობა. გ) თუ მიმწოდებლის მიერ 2015 წლის სექტემბრის თვეში თითოეულ მიმართულებაზე ხარვეზით ან/ და განუხორციელებელი მომსახურების რაოდენობა არ აღემატება ორ დღეს ( ზედიზედ ან ჯამში) , მიმწოდებელს დაეკისრება ხარვეზით განხორციელებული და / ან განუხორციელებელი მომსახურების ყოველ დღეზე პირგასამტეხლო იმ მიმართულების ჯამური ღირებულების 1% -ის ოდენობით . დ) ხოლო 2015 წლის სექტემბრის თვეში თუ ხარვეზით განხორციელებული მომსახურება ან განუხორციელებელი მომსახურება თითოეულ მიმართულებაზე გადააჭარბებს ორ დღეს , მიმწოდებელს დაეკისრება ხარვეზით განხორცილებული და/ ან განუხორციელებელი მომსახურების ყოველ დღეზე პირგასამტეხლო იმ მიმართულებით ჯამური ღირებულების 5% -ის ოდენობით. ამ შემთხვევაში ამავე მუხლის 11.1. ქვეპუნქტის „ გ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ 2 დღეზე გამოიყენება ამ ქვეპუნქტში მითითებული პირგასამტეხლოს მოცულობა. სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს: -სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2015 წლის 19 მაისის N183 ხელშეკრულება. 3.1.3. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის დასკვნის თანახმად, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლის მიერ ოქტომბრის თვეში არ შესრულდა ან/და ხარვეზით შესრულდა სატრანსპორტო მომსახურეობა შემდეგ მიმართულებებზე და შემსყიდველის მიერ შპს „თა-------ისს“ დაეკისრა პირგასამტეხლო : - შუბნის საჯარო სკოლის მიმართულებაზე, „ კობალთა- შუბნის საჯარო სკოლა“ და „ ერდვათი - შუბნის საჯარო სკოლა“ 22 ოქტომბერს არ განხორციელდა მომსახურება ტრანსპორტის ტექნიკური გაუმართაობის გამო. - მაწყვალთის საჯარო სკოლის მიმართულებაზე „ სოფელი კარაპეტი- მაწყვალთის საჯარო სკოლა“ 13 ოქტომბერს არ განხორციელდა მომსახურება ტრანსპორტის ტექნიკური გაუმართაობის გამო. პირველ შემთხვევაზე მითითებული მიმართულების („ კობალთა- შუბნის საჯარო სკოლა“) ჯამური ღირებულების 1% -ის ოდენობით , ერთ დღეზე რაც შეადგენს 15,00 ლარს. ( 1500 ლარი X 1% X 1 დღე = 15.00 ლარი). მეორე შემთხვევაზე მითითებული მიმართულების („ ერდვათი - შუბნის საჯარო სკოლა“) ჯამური ღირებულების 1%-ის ოდენობით ერთ დღეზე. რაც შეადგენს 15.00 ლარს.( 1500 ლარი X 1% X 1 დღე = 15.00 ლარი). მესამე შემთხვევაზე მითითებული მიმართულების („ სოფელ კარაპეტის - მაწყვალთის საჯარო სკოლა“) ჯამური ღირებულების 1%-ის ოდენობით ერთ დღეზე. რაც შეადგენს 12.00 ლარს.( 1200 ლარი X 1% X 1 დღე = 12.00 ლარი). - შუბნის საჯარო სკოლის მიმართულებაზე, „ სოფელ წელათის ცენტრიდან - შუბნის საჯარო სკოლა“ 24 ნოემბერს არ განხორციელდა მომსახურება ტრანსპორტის ტექნიკური გაუმართაობის გამო. ( იხ. დანართი N2, გვერდი 137 . გრაფა N117) - „ ტომაშეთის საჯარო სკოლის მიმართულებებზე- სოფელ წელათი-ტომაშეთის საჯარო სკოლა“ და - „ ქ/ტომაშეთის უბანი -ტომაშეთის საჯარო სკოლა“ 24 ნოემბერს არ განხორციელდა მომსახურება ტრანსპორტის ტექნიკური გაუმართაობის გამო. ( იხ. დანართი N2, გვერდი 139 . გრაფა N129) პირველ შემთხვევაზე მითითებული მიმართულების („ სოფელ წელათის ცენტრიდან - შუბნის საჯარო სკოლა“) ჯამური ღირებულების 1% -ის ოდენობით , ერთ დღეზე, რაც შეადგენს 12,00 ლარს. ( 1200 ლარი X 1% X 1 დღე = 12.00 ლარი). მეორე შემთხვევაზე მითითებული მიმართულების („ სოფელ წელათი-ტომაშეთის საჯარო სკოლა“) ჯამური ღირებულების 1% -ის ოდენობით , ერთ დღეზე, რაც შეადგენს 36,00 ლარს. ( 3600 ლარი X 1% X 1 დღე = 36.00 ლარი). მესამე შემთხვევაზე მითითებული მიმართულების („ ქ/ტომაშეთის უბანი -ტომაშეთის საჯარო სკოლა“) ჯამური ღირებულების 1% -ის ოდენობით , ერთ დღეზე, რაც შეადგენს 24,00 ლარს. ( 2400 ლარი X 1% X 1 დღე = 24.00 ლარი). შესაბამისად მიმწოდებლის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს თანხამ მთლიანობაში შეადგინა 114 ლარი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: -2015 წლის 12 ნოემბრის Nა09-102/2 მიღება- ჩაბარების აქტი. ( დანართი N2 . გვ.100). -საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს 2015 წლის 26 ნოემბრის N 1235520 წერილი. - 2015 წლის 17 დეკემბრის Nა09-102/2 მიღება- ჩაბარების აქტი. - საქართველოს განათლების, მეცნიერების , კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2016 წლის 26 იანვრის N62124 წერილი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეები სადავოდ არ ხდიან და ადასტურებენ ხელშეკრულებით განსზღვრული ვალდებულებების ხარვეზით შესრულების ფაქტს, თუმცა სადავოა პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხი.
მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებული იქნა ზუსტად ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით. მოპასუხემ ხელშეკრულების გაფორმებისას ხელმოწერით გამოხატა თანხმობა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს განსაზღვრული ოდენობით გადახდაზე და მისი ამჟამინდელი პრეტენზია უსაფუძვლოა.
მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მოსარჩელის ამ პოზიციას და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ვალდებულებათა ძირითადი ნაწილი კეთილსინდისიერად სრულდება, შეუსრულებლობა გამოწვეულია ობიექტური მიზეზებით, და უნიშვნელო დარღვევისათვის პირგასამტეხლოს ასეთი მაღალი პროცენტით დაკისრება კანონსაწინააღმდეგოა.
მოპასუხე მხარემ წარმოადგინა და მიუთითა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციაზე პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, რომლის მიხედვითაც ,,ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის (მათ შორის ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს) შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით.“
მოპასუხის წარმომადგენელი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ სასამრთლო მიზანშეწონილად მიიჩნევს პირგასამტეხლოს დაკისრებას, არ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელში აღნიშნული ოდენობით, რადგანაც ის აშკარად არა გონივრულია.
წარმოდგენილ რეკომენდაციასთან დაკავშირებით მოსარჩელის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ეს არის მხოლოდ რეკომენდაცია და მისი გათვალისწინება არ არის სავალდებულო.
მხარეთა განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს, რაც იქნება დასაბუთებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა განმარტებები.
-სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები მოსარჩელის მიმართ არ იქნა შესრულებული დათქმულ დროსა და ვადაში. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და პირგასამტეხლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 401,402, 417-ე, 418-ე, 420-ე, 115-ე მუხლები
-სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოშობილია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულების მე-2 პუნქტის შესაბამისად ,ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მიმწოდებლის მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების , კულტურისა და სპორტის სამინისტროს „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამების დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლების ( აჭრის რეგიონი) მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურებით უზრუნველყოფა, რაც შესრულდა ხარვეზით, კერძოდ 6 შემთხვევაში შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლებში არ განხორციელდა მომსახურება ტრანსპორტის ტექნიკური გაუმართაობის გამო.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ შპს „ თა-------ისმა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ შეასრულა ვალდებულებები, რაც წარმოადგენს ხელშეკრულების მე-11-ე მუხლით განსზაღვრული პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის საფუძველს. როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი მხარეებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს. სამოქალაქო კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას. 6.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე №ას–896–846–2015 აღნიშნულია, რომ ,,სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ {სსკ-ის 8.3 მუხლი}. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები“ {სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი}. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.“ უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე №ას–973–914–2012 აღნიშნა, რომ “პირგასამტეხლოს ოდეობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, აღნიშნულით გამოწვეული ზიანი, მხარეთა ფინანსური მდგომარეობა, მოსარჩელის ეკონომიკური ინტერესი, აგრეთვე, სხვა ობიექტური გარემოებები”. მსგავსად განმარტა საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის წესი 2013 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაში საქმეზე №ას–169–162–2013. 6.6. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, პერიოდს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული პირგასამტეხლო 114 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ ისეთ შემთხვევაში როცა ერთი შესრულების ღირებულება განსაზღვრულია 10 ლარით, შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა 15 ლარის ოდენობით, აშკარად არა გონივრულია. გასათვალისწინებელია სხვა გარემოებებიც, ადგილის რელიეფური პირობები და ისიც რომ შუახევის მაღალმთიან სოფლებში ტრანსპორტის გაუმართაობის შემთხვევაში ძნელია ალტერნატიული ტრანსპორტის მოძიება. პირგასამტეხლოს დაკისრებისას გასათვალისწინებელია მხარის მიდგომა საქმისადმი, მოცემულ შემთხვევაში შემსრულებლის ინტერსს არ წარმოადგენდა ვალდებულების დარღვევა და ის გამოწვეულია გამოუვალი მდგომარეობით. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციაც. ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო დარღვეულ ვალდებულებასთან მიმართებაში აშკარად შეუსაბამოა და ის უნდა შემცირდეს. დასახელებულ პირობებში პირგასამტეხლოს შემცირება შესაძლებელია რეკომენდაციაში აღნიშნულ ოდენობამდე, თუმცა სარჩელით მოთხოვნილი თანხის სიმცირიდან (114ლარი) აღნიშნული ოდენობით შემცირება არ იქნება პრევენციული და დაკარგავს თავის შინაარსს, ამიტომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განახევრება რაც შეადგენს 57 ლარს. საქმეზე დადგენილ გარემოებათა გათვალისწინებით აღნიშნული თანხა მოთხოვნის უზრუნველსაყოფად სავსებით საკმარისია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს - დავის საგნის ღირებულების 3%, არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ემუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების , კულტურისა და სპორტის სამინისტროს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო მოპასუხე შპს „ თა-------ის -ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 25 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო საქართველოს განათლების, მეცნიერების , კულტურისა და სპორტის სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენლების მიერ სასამართლოში წარმოდგენილია სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები, გზის ხარჯები სულ პირველ სასამართლო სხდომის 102 ლარი, მივლინება 30 ლარი , მეორე სასამართლო სხდომის 179.05 ლარი, მივლინება 30 ლარი, სულ 341,05 ლარი, რომლის ნახევრის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 364-367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მოსარჩელე საქართველოს განათლების, მეცნიერების , კულტურისა და სპორტის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე შპს „თა---------ს“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე შპს „თა-------ისს „ (ს/ნ 2--------) მოსარჩელე საქართველოს განათლების, მეცნიერების , კულტურისა და სპორტის სამინისტროს ( ს/კ 202051224) სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 57 ( ორმოცდაჩვიდმეტი) ლარის ოდენობით;
3. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. მოპასუხე შპს „თა-------ისს „ (ს/ნ 2--------) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 25 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5. მოპასუხე შპს „თა-------ისს „ (ს/ნ 2--------) დაეკისროს მოსარჩელე საქართველოს განათლების, მეცნიერების , კულტურისა და სპორტის სამინისტროს (ს/კ 202051224) სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯების გადახდა 170,52 ლარის ოდენობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი,ნიუ-პორტისქ. №32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით (ეს წესი არ მოქმედებს საქართველოს განათლების, მეცნიერების , კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად) შუახევის მაგისტრატი სასამართლოს ( მისამართი დაბა შუახევი, რუსთაველის ქუჩა N34) მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს შუახევის მაგისტრატ სასამართლოში ( მისამართი დაბა შუახევი, რუსთაველის ქუჩა N34) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ედღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე