გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.11.2018
საქმის ნომერი
060210018002436840
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
13.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/401-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

14 სექტემბერი, 2018 წელი სამტრედია

შესავალი ნაწილი

 

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნონა ზარქუა

სხდომის მდივანი - ნათია ძაძამია

 

მოსარჩელე - შ------------–---------------------------“;

წარმომადგენელი - ზ--- თ---------;

მოპასუხე - ა---------–---–---–---ი;

წარმომადგენელი - მერი ჩ--–-----;

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ა---------–---–---–---ს შ------------–---------------------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 19 აგვისტოს N00000855980 ელექტრონული ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2000 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: მოპასუხე ა---------–---–---–---ს 2016 წლის 19 აგვისტოს N00000855980 ელექტრონული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, სადაც მან ასევე ელექტრონულად დაადასტურა თანხმობა ხელშეკრულების პირობებზე და მიუთითა მისთვის სასურველი ანგარიში, შპს ,, ტ-----“-ს მიერ დამტკიცდა და გაიცა სესხი შემდეგი ძირითადი პირობით: სესხის ძირითადი თანხა 1000 ლარი, სესხის დაბრუნების ვადა - 30 დღე, პროცენტი -30 დღეზე 13%, ყოველდღიური პირგასამტეხლო -1.0%. სესხის ხელშეკრულების თანახმად კი სარგებელი შეადგენდა 133 ლარს. მოპასუხემ არ შეასრულა აღებული სესხის დაფარვის ვალდებულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, გამომდინარე აქედან, მოსარჩელემ შეწყვიტა ხელშეკრულება და სასარჩელო წარმოებით მომართა სასამართლოს. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 3141.81 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა -1000 ლარი, საკომისიო – 133 ლარი, პირგასამტეხლო - 867ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ა---------–---–---–---მა, როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ ძირითადი თანხის ნაწილში. მიუთითა, რომ მან ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება ვერ შეძლო მძიმე მატერიალური მდგომარეობის და ოჯახური პირობების გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოპასუხე ა---------–---–---–---ს 2016 წლის 19 აგვისტოს N00000855980 ელექტრონული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, სადაც მან ასევე ელექტრონულად დაადასტურა თანხმობა ხელშეკრულების პირობებზე და მიუთითა მისთვის სასურველი ანგარიში, შპს ,, ტ-----“-ს მიერ დამტკიცდა და გაიცა სესხი შემდეგი ძირითადი პირობით: სესხის ძირითადი თანხა 1000 ლარი, სესხის დაბრუნების ვადა - 30 დღე, პროცენტი -30 დღეზე 13%, ყოველდღიური პირგასამტეხლო -1.0%. სესხის ხელშეკრულების თანახმად კი სარგებელი შეადგენდა 133 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 15-26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი 2018 წლის 14 სექტემბერი);

 

3.1.2. მოპასუხე ა---------–---–---–---ის მიერ ელექტრონული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა 2016 წლის 18 სექტემბერს, რაც გამოიხატა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ. 27);

 

3.1.3 შპს ,,ტ-----“-მ შ------------–---------------------------ს“-ს დაუთმო კრედიტისა და მასზე დარიცხული სარგებლისა და ჯარიმის მოთხოვნის უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეთანხმება სესხებზე მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ.(ს.ფ. 28);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებების საპირწონედ შემოიფარგლა სასამართლო სხდომაზე მიცემული იმგვარი ახსნა- განმარტებით, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება ვერ შეძლო მძიმე მატერიალური მდგომარეობის და ოჯახური პირობების გამო, გააჩნია ასევე შესასრულებებლი სხვა ვალდებულებები. თუმცა სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ ასაბუთებს პოზიციის მართებულობას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის შ------------–---------------------------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში 2016 წლის 19 აგვისტოს შპს ,,ტ-----ს“ და ა---------–---–---–---ს შორის N00000855980 ელექტრონული სესხის ხელშეკრულების გაფორმებით მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

უდავოა ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად,რაც გამოიხატება სესხის ხელშეკრულების პირობების დარღვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 19 აგვისტოს შპს ,,ტ-----სა“ და ა--------– მ-–---–---- შორის დადებული N00000855980 ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 13%-ით.მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს შეთანხმებული პროცენტის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოპასუხე ა---------–---–---–---მა სარჩელი ცნო სესხის ძირითადი დავალიანების ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს დავალიანების ამ ნაწილში, 1000 ლარის ანაზღაურების თაობაზე, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

მხარეთა შორის არსებული კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ვალდებულება მოპასუხის მხრიდან დაირღვა და მის მიერ შესასრულებელი ვალდებულება შეადგენს - 3141.81 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1000 ლარი, პროცენტი - 133 ლარი,ხოლო პირგასამტეხლო - 867 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - დავალიანების 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გარდა ამისა, სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და იგი საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა შემცირდეს 200 ლარამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ ძირითადი მოთხოვნის ნაწილში, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 100 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 249-ე, 208-ე, 49-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს „პ------–---------------------------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. მოპასუხე ა---------–---–---–---ს შპს „პ------–---------------------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს N 00000855980 ელექტრონული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების 1000 ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხე ა---------–---–---–---ს შპს „პ------–---------------------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს N 00000855980 ელექტრონული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 133 ლარის გადახდა.

1.3. მოპასუხე ა---------–---–---–---ს შპს „პ------–---------------------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს N 00000855980 ელექტრონული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 200 ლარის გადახდა.

 

1.4. მოპასუხე ა---------–---–---–---ს შპს „პ------–---------------------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 100 ლარის გადახდა.

 

2.მოპასუხე ა---------–---–---–---ს შპს „პ------–---------------------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნონა ზარქუა