გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.11.2018
საქმის ნომერი
270310018002416020
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
13.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №270310018002416020 (3/8-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი სასამართლო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - ჯი-–-----------ია

წარმომადგენელი - ვა-------------ავა

 

მოპასუხე - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - გიო--------------იძე

 

მესამე პირი - სტ----------------ია

 

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 29 მარტის №1 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

1.2.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 11 აპრილის №2 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის ნაწილში;

 

1.3.მოსარჩელის სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 11 აპრილის №2-1/207 ბრძანების ბათილად ცნობა;

 

1.4.ჯი-–-----------იას აღდგენა ჯვ----ს ადმინისტრაციულ ერთეულში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობაზე;

 

1.5.მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ თანამდებობრივი სარგოს - შრომითი გასამჯელოს (ხელფასის) ოდენობით განაცდურის ანაზღაურების დაკისრება სამსახურიდან გათავისუფლების თარიღიდან - 06.08.2013 წლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;

 

1.6.დადგინდეს მოპასუხის მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტი მოსარჩელის მიმართ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. მესამე პირების პოზიცია

 

3.1.მესამე პირმა სტ----------------იამ სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.

 

4.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1.ჯი-–-----------ია 2007 წლიდან 2013 წლამდე მუშაობდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის - ქ. ჯვ----ს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

 

4.1.2.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მიერ 2013 წლის 22 აპრილს გაცემული დახასიათებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ქ. ჯვარში, ჯი-–-----------ია არის დადებითი პიროვნება, გამოირჩევა შრომისმოყვარეობით, არის დავალების შემსრულებელი, მან დაკავებულ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გამოიჩინა თავი მინდობილი საქმისადმი ერთგულებით, პროფესიონალიზმით და გულისხმიერებით. იგი წამოჭრილ საკითხებზე იღებდა ობიექტურ გადაწყვეტილებებს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ის სარგებლობს დამსახურებული ავტორიტეტით. თავისი საქმიანობით ის მისაბაძი პიროვნებაა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ჯი-–-----------იას ახასიათებს დადებითად.

 

4.1.3. 2013 წელს არსებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია შედგებოდა 06 წევრისაგან, ესენი იყვნენ: დავით ბელქანია (თავმჯდომარე), გოგა გულორდავა (წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი), ზურაბ ხურციძე, მარინე შანავა, ნინო გაბულდანი და კოტე ჩიქობავა. კომისიის მიერ 2013 წელს ჩატარებული იქნა საჯარო მოხელეთა ატესტაცია ორ ეტაპად: ტესტირების ეტაპი და გასაუბრების ეტაპი. 2013 წლის 18 მაისს ჩატარებული იქნა ტესტირება, რა ეტაპზეც ჯი-–-----------იამ მიიღო 70 ქულა და გადავიდა მეორე - გასაუბრების ეტაზე.

 

4.1.4. 2013 წლის 25 მაისს ჩატარდა გასაუბრება, რის შედეგადაც მიღებულ იქნა N19 გადაწყვეტილება, რომლითაც ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედმა კომისიამ შეაფასა ატესტაციის შედეგები და გადაწყვიტა, რომ ჯი-–-----------ია არ შეესაბამება დაკავებულ - ქ. ჯვ----ს რწმუნებულის თანამდებობას.

 

4.1.5.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2013 წლის 06 აგვისტოს მიღებულ იქნა N2-607 ბრძანება, რომლითაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე ჯი-–-----------ია გათავისუფლდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის - ქ. ჯვ----ს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან.

 

4.1.6.ჯი-–-----------იას მიერ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის N2-607 ბრძანება ბათილად ცნობის მოთხოვნით გასაჩივრებული იქნა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, თუმცა სასამართლოს 10.10.2013 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4.1.7.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომლის 2014 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯი-–-----------იას სააპელაციო საჩივ---- დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 06 აგვისტოს N2-607 ბრძანება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

სააპელაციო სასამართლომ მიღებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,იმ პირობებში, როცა არსებობს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის ატესტაციამდელ პერიოდში საქმიანობის დადებითი დახასიათება, ატესტაციის პირველი ეტაპი - ტესტირება გავილილია წარმატებით, საკონკურსო საატესტაციო კომისიის დასკვნა მოხელის დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის შესახებ ეფუძნება მხოლოდ გასაუბრების შედეგებს, დაწესებულების ხელმძღვანელმა ატესტაციის შედეგების საფუძველზე მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი უნდა გადაწყვიტოს მხოლოდ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ჯი-–-----------იასთან თანაბარ მდგომარეობაში მყოფი სხვა მოხელეები, რომლებიც კომისიამ ასევე მიიჩნია დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამოდ, დაწესებულებამ დაასაქმა სხვა თანამდებობებზე, როგორც ეს სასამართლო სხდომაზე მხარეებმა განმარტეს. ამ თვალსაზრისით პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება.

 

4.1.8.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილება გასაჩივრდა საკასაციო წესით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის განჩინებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივ---- მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.02.2014 წლის გადაწყვეტილება.

 

4.1.9.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 14 აპრილის N2-2/079 ბრძანებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის, 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის N15 დადგენილების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის 2015 წლის 19 მარტის N160 გადაწყვეტილების საფუძველზე, ჯვ----ს ადმინისტრაციულ ერთეულში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა სტ----------------ია.

 

4.1.10.2014 წლის 29 სექტემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მიღებულ იქნა N2-607 ბრძანება, რომლითაც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება დაინტერესებული მხარის ჯი-–-----------იას მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2013 წლის 06 აგვისტოს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი აქტის გამოსაცემად. ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის თარიღად დადგინდა 2014 წლის 27 ოქტომბერი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე პირებად განისაზღვრა: ა) გოგა გულორდავა - მუნიციპალიტეტის გამგებელი; ბ) ლაშა არქანია - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი; გ) კორნელი კვარაცხელია - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი; დ) ნანა კვარაცხელია - იურიდიული განყოფილების უფროსი; ე) რუსუდან კვარაცხელია - წამყვანი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში.

 

2014 წლის 27 ოქტომბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართა ზეპირი მოსმენა. დადგენილია, რომ დაინტერესებული მხარის, მოსარჩელე ჯი-–-----------იას მიმართ მოპასუხე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესი წარიმართა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევისა და მათი შეფასების გარეშე, რადგან 2014 წლის 27 ოქტომბრის სხდომის ოქმიდან კონკრეტულად არ ირკვევა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის და დაინტერესებული მხარის პოზიციები სადავო საკითხთან მიმართებაში, რა თანამდებობები (უფროსი და უმცროსი) იქნა შეთავაზებული ჯი-–-----------იასათვის, რა მოითხოვა და რა თანამდებობაზე განაცხადა მან უარი. ამის მიუხედავად, ზეპირ მოსმენაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რაც ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ,,დაინტერესებული მხარის მოთხოვნა მისი სამსახურში, ტერიტორიულ ორგანოში რწმუნებულად დანიშვნის თაობაზე დაკმაყოფილებული არ იქნა, რადგანაც ჯი-–-----------ია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 მაისის N19 გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანმდებობიდან. ვინაიდან მან უარი განაცხადა ზემოთ ხსენებულ ალტერნატიულ შეთავაზებაზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დაქვემდებარებასთან დაკავშირებით, მისი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა, რადგან საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად გაუქმდა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობა’’.

 

საოქმო გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გამოცემული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 31 ოქტომბრის N2-698 ბრძანება ჯი-–-----------იას მიერ გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში. ზემოთ მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული აქტები მიღებული იყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის გარეშე, რაც ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონით დაცულ ინტერესს, რის გამოც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 19.06.2015 წლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 27 ოქტომბრის N1 ოქმი (საოქმო გადაწყვეტილება) და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 31 ოქტომბრის N2-698 ბრძანება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. გადაწყვეტილება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასების შემდგომ დატოვებულია უცვლელად და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 05 აპრილის განჩინებით შესულია კანონიერ ძალაში.

 

4.1.11.საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 05 აპრილის განჩინების საფუძველზე, ატესტაციის შედეგად ჯი-–-----------იას სამსახურიდან გათავისუფლების საკითხზე არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლა-გამოკვლევის მიზნით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობლის 2016 წლის 26 ივლისის №2-1/446 ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და შეიქმნა კომისიის შემადგენლობა.

 

4.1.12.01.09.2016 წელს კომისიამ ზეპირი მოსმენის შედეგად მიიღო №3 საოქმო გადაწყვეტილება ჯ. იზორიას თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, რაც საფუძვლად დაედო 2016 წლის 16 სექტემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ №2-1/552 ბრძანების გამოცემას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ჯი-–-----------იას მოთხოვნა ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე აღდგენასთან დაკაშირებით.

 

აღნიშნული აქტები სასამართლოში გაასაჩივრა ჯი-–-----------იამ, თუმცა ჯი-–-----------იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტლებით.

 

4.1.13.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრდა ჯი-–-----------იას მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომლის 2017 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით ჯი-–-----------იას სააპელაციო საჩივ---- დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 01 სექტემბრის №3 საოქმო გადაწყვეტილება და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 16 სექტემბრის №2-1/552 ბრძანება. დაევალა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჯვ----ს ადმინისტრაციულ ერთეულში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე.

 

სააპელაციო სასამართლომ მიღებულ გადაწყვეტილებას საფუვლად დაუდო ის გარემოება, რომ ,,ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული არც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 26 ივლისის №2-1/446 ბრძანებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებთან მიმართებით არ არის გათვალისწინებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების დასკვნები, მითითებები და განმარტებები - არ არის ჩატარებული ხელახალი გასაუბრების ეტაპი, რომლის შედეგადაც უნდა მომხდარიყო მოხელის ცოდნის დონისა და პროფესიული ჩვევების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან’’.

 

4.1.14.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრდა საკასაციო წესით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივ---- მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.2017 წლის გადაწყვეტილება.

 

4.1.15.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.01.2018 წელის განჩინებისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.2017 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რა მიზნითაც 2018 წლის 29 მარტს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 29 მარტს გაიმართა კოლეგიური სხდომა და შედგა №1 სხდომის ოქმი, რის შედეგადაც მიღებულ იქნა №1 საოქმო გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დაინტერესებული მხარის - ჯი-–-----------იას განცხადება სამუშაოზე აღდგენის თაობაზე. ხელახლა გამოცხადდა ღია კონკურსი ჯვ----ს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის პოზიციაზე.

 

მსგავსი შინაარსის №2-1/207 ბრძანება იქნა მიღებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2018 წლის 11 აპრილს.

 

№1 საოქმო გადაწყვეტილებას და №2-1/207 ბრძანებას მოპასუხემ საფუძვლად დაუდო ის გამოება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ვერ აღასრულებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.01.2018 წელის განჩინებასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.2017 წლის გადაწყვეტილებას სამართლებრივი რეჟიმის შეცვლის გამო, კერძოდ, რომ მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი არ იცნობს ატესტაციის ცნებას და ამიტომ დაინტერესებული პირის - ჯი-–-----------იას მიმართ ვერ ჩატარდება ატესტაციის მიზნებისათვის გასაუბრება...’’.

 

4.1.16.ჯი-–-----------იამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა №1 სხდომის ოქმთან დაკავშირებით 4 პუნქტად ჩამოყალიბებული შენიშვნები შემდეგი შინაარსით:

 

,,1.მოსმენის სხდომის ოქმი არ ასახავს სხდომის თანმიმდევრობისა და რეალურ სურათს, ოქმში ასახული არ არის სხდომის თავმჯდომარის აცილების საკითხთან დაკავშირებული დისკუსიები, მხარის პოზიციები, შესვენების გამოცხადება, შემდეგი დისკუსიები , კომისიის წევრთა, ასევე ჩემი და ჩემი წარმომადგენლების პოზიციები, საბოლოო შეთანხმება აცილების საკითხთან დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარის მიმართ და სხდომის გაგრძელებაზე.

 

2.ოქმში ასახული არ არის სახალხო დამცველის მონაწილეობა და მისი სტატუსი, მისი მოსაზრებები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, სხდომის თავმჯდომარის და სხდომის წევრების პასუხები, ასევე ოქმში დეტალურად ასახული არ არის ჩემი და ჩემი წარმომადგენლების გამოთქმული მოსაზრებები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, საერთოდ ასახული არ არის თუ რა საკითხი დააყენა ჩემმა წარმომადგენელმა გული ქარცხიამ და ვახტანგი გაბედავამ და კომისიის თავმჯდომარის პასუხები;

 

3.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით საკითხი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა და შეფასება დაევალა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს (საქმე 3/ბ59-2017წ), თუმცა სხდომაზე სხდომის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა მას დაავალა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, სხდომაზე წარმოდგენილი არ ყოფილა მერის წერილობითი გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით; სხდომის თავმჯდომარის განცხადებით მას დაავალა მერმა, რაც ოქმში ასახული არ არის;

 

4.ოქმში ასახული არ არის სხდომის მიმდინარეობისას კონფლიქტური სიტუაციები ჩემსა და სხდომის თავმჯომარეს შორის, სხდომის თავმჯდომარესა და ჩემი წარმომადგენელის ვა-------------ავას შორის, რა მოტივით ითხოვდა სხდომიდან მის გაძევებასა და სხდომის დატოვებას, ჩემსა და სახალხო დამცველის მიმართ სხდომის მიმდინარეობის აუდიო ჩაწერასთან დაკავშირებით, ამაზე თვითონ სხდომის თავმჯდომარის პოზიცია, ჩემი და სახალხო დამცველის პოზიცია.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში კოლეგიურად გამართული სხდომის შედეგად 2018 წლის 11 აპრილის მიღებული იქნა №2 საოქმო გადაწყვეტილება, რომლითაც ჯი-–-----------იას მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, შენიშვნებიდან გაზიარებულ იქნა მხოლოდ პირველ პუნქტად ჩამოყალიბებული საკითხი, ხოლო დანარჩენი უარყოფილ იქნა.

 

4.1.17.დადგენილია, რომ ჯი-–-----------იამ სასამართლოს სარჩელით მომართა 2018 წლის 25 აპრილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებელი;

-ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (ს.ფ. 16, 145);

-უზენაესი სასამართლოს განჩინება (ს.ფ. 35)

-ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 178);

-სხდომის ოქმი №1 (ს.ფ. 38);

-შენიშვნები (ს.ფ. 44);

-სხდომის ოქმი №2 (ს.ფ. 48);

-2018 წლის 11 აპრილის ბრძანება (ს.ფ. 52);

-2013 წლის 25 მაისის №19 მაისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 92);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 17.10.2018 წლის და 13.11.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

სამოტივაციო ნაწილი

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6.საერთაშორისო აქტი, კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; ევროპის სოციალური ქარტია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი.

 

7.სამართლებრივი შეფასება

 

7.1.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი 2018 წლის 29 მარტის №1 საოქმო გადაწყვეტილება, 2018 წლის 11 აპრილის №2 საოქმო გადაწყვეტილება და 2018 წლის 11 აპრილის №2-1/207 ბრძანება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2.დადგენილია, რომ მოსარჩელე 2007 წლიდან 2013 წლამდე მუშაობდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის - ქ. ჯვ----ს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე და 06.08.2013 წლიდან იგი მოპასუხემ გაათავისუფლა სამსახურიდან ატესტაციის მეორე ეტაპის - გასაუბრების გაუვლელობის მოტივით, თუმცა ამ საფუძვლით გათავისუფლება ჯი-–-----------იას სარჩელების საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 04 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უარყოფილ იქნა.

 

არაერთხელ, კერძოდ, წალენჯიხის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას 2014 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილება არ შეუსრულებია. ბოლო 05.04.2017 წლის გადაწყვეტილებას, რომლითაც დაევალა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჯვ----ს ადმინისტრაციულ ერთეულში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე, მოპასუხე არ ასრულებს, რომლის მიზეზად მიუთითებს მასზედ, რომ მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი არ იცნობს ატესტაციის ცნებას და ამიტომ დაინტერესებული პირის - ჯი-–-----------იას მიმართ ვერ ჩატარდება ატესტაციის მიზნებისათვის გასაუბრება...’’.

 

მითითებულ საკითხზე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განვრცობილი სახითაა რეგლამენტირებული საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტში და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლში, რომელთა თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტი, გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებული იყო მოეძებნა სამართლებრივი გზა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსარულებლად. მართალია დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს ატესტაციის ინსტიტუტს და შესაბამისად მოპასუხე მოსარჩელეს ვერ ჩაუტარებდა გასაუბრებას, თუმცა მოპასუხეს მხედელობიდან გამორჩა ის გარემოება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებით აღიარებულია მოსარჩელის კანონით დადგენილი წესის დარღვევით გათავისუფლების თაობაზე - გაუქმებულია მოპასუხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - 2013 წლის 06 აგვისტოს №2-607 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავუსფლების შესახებ. ასეთ ვითარებაში, მოპასუხეს უნდა ემოქმედა სწორედაც მოქმედი კანონმდებლობით, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლისა, რომლითაც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელება მხოლოდ კანონის საფუძველზე. ამ მიმართულებით, ყურადსაღებია საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 118-ე მუხლი, რომლითაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსაზრებით შეესაბამება სადავო ურთიერთობას. სახელდობრ, მითითებული ნორმის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე... სწორედ ეს ნორმა წარმოადგენს სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

ამრიგად, მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 29 მარტის №1 საოქმო გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 11 აპრილის №2-1/207 ბრძანება მოსარჩელისათვის სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის შესახებ და მოსარჩელე ჯი-–-----------ია აღდგენილ უნდა იქნეს ჯვ----ს ადმინისტრაციულ ერთეულში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობაზე, ხოლო 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა მიეცეს განაცდური თანამდებობრივი სარგოს - შრომითი გასამჯელოს (ხელფასის) ოდენობით სამსახურიდან გათავისუფლების თარიღიდან - 06.08.2013 წლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

7.3.სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის ნაწილში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 11 აპრილის №2 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.

 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია კოლეგიურად, შესაბამისად, სასამართლო მიმართავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 თავით რეგლამენტირებულ წესებს (ადმინისტრაციული წარმოება კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში). კერძოდ, 106-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ყველა სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა; დ) განხილვის საგანი; ე) კენჭისყრის შედეგები; ვ) მიღებული გადაწყვტილება. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, აგრეთვე მდივანი, თუ ის მონაწილეობდა ოქმის შედგენაში.

 

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მიაჩნია, რომ 2018 წლის 11 აპრილის №2 საოქმო გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მითითებულ ნორმას.

 

7.4.საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მსგავსი შინაარსის ნორმაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული სახელმძღვანელო დებულების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.

 

უპირველესად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა ხანდაზმულობის საკითხზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით „....ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს..." (იხ. CASE OF STUBBINGS AND OTHERSS VS THE UNITED KINGDOM, 1996 წლის 22 ოქტომბერი).

 

სასამართლოს მიერ ზემოთ აღინიშნა სარჩელის დაკმაყოფილების უფლების შესახებ, რაზეც გავლენას ახდენს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე.

 

დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელი განხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV9 დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მითითებული კოდექსის 3633 -ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შესაძლებელია 3 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას დისკრიმინაციულად მიაჩნია.

 

რამდენადაც მოსარჩელე დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის თაობაზე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს 2014 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილებას, რის შესახებაც ჯი-–-----------იასათვის ცნობილი იყო 2014 წელს, სასამართლო თვლის, რომ მისი აღნიშნული მოთხოვა, რომელიც დაყენებულია 2018 წლის 25 აპრილს წარმოდგენილი სარჩელით, ხანდაზმულია.

 

7.5.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

8.საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპის სოციალური ქარტია (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 2005 წლის 1 ოქტომბრიდან, რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის N 1876 – რს დადგენილებით) სოციალურ საკითხად განიხილავს შრომითი ურთიერთობებს. შესაბამისად, სოციალური დაცვის სფეროში ექცევა შრომითი უფლებების დაცვის მიზნით აღძრული სარჩელები, რის გამოც სახელმწიფო ბაჟი მათზე არ გადაიხდება. სწორედ ამიტომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.მოსარჩელე ჯი-–-----------იას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 29 მარტის №1 საოქმო გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში;

 

1.2.ბათილად იქნეს ცნობილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 11 აპრილის №2-1/207 ბრძანება მოსარჩელისათვის სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.3.მოსარჩელე ჯი-–-----------ია აღდგენილ იქნეს ჯვ----ს ადმინისტრაციულ ერთეულში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობაზე;

 

1.4.მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს განაცდურის ანაზღაურება თანამდებობრივი სარგოს - შრომითი გასამჯელოს (ხელფასის) ოდენობით სამსახურიდან გათავისუფლების თარიღიდან - 06.08.2013 წლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;

 

2.დარჩენილ ნაწილში ჯი-–-----------იას სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

3.მხარეები გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12).

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა