გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-187-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13.11.2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნინო ონიანი
სხდომის მდივანი გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე - მა-----------–---–ი (ქორწინებამდე გვარი წა---–-–---–ი)
წარმომადგენელი - თა-----------–--ე
მოპასუხე - სსიპ ქალაქ რუსთავის N6 საჯარო სკოლა,წარმომადგენელი - თა--------–-–---–ი
მესამე პირი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
წარმომადგენელი - ნა-----------ე
მესამე პირი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი,წარმომადგენელი - თა--------–-–---–ი
დავის საგანი: ქალაქ რუსთავის N11 საშუალო სკოლაში (ამჟამინდელი სსიპ ქალაქ რუსთავის N6 საჯარო სკოლა) საშუალო საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დადგენა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
2018 წლის 12 ივლისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მა-----------–---–მა და მოითხოვა:
1.1. მა-----------–---–ის (ქორწინებამდე გვარი „წა---–-–---–ი“) (პ/ნ: 3----------) მიერ ქალაქ რუსთავის N11 საშუალო სკოლაში (ამჟამინდელი ქალაქ რუსთავის N6 საჯარო სკოლა) საშუალო საგანმანათლებლო პროგრამის გავლის ფაქტის აღიარება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, დაზუსტებული სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და დასაშვებად იქნა ცნობილი.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე 1968-1978 წლებში სწავლობდა რუსთავის N11 საშუალო სკოლაში (ამჟამინდელი ქალაქ რუსთავის N6 საჯარო სკოლა). 1978 წელს მოსარჩელემ გაიარა სრული საგანმანათლებლო პროგრამა და მიიღო ატესტატი N9------ რომელიც დღეის მდგომარეობით დაკარგულია. 2018 წლის 30 მაისს N5--------- განცხადებით მა-----------–---–მა მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა ატესტატის დუბლიკატის გაცემა, რაზედაც 2018 წლის 11 ივნისის N01/182153/გ გადაწყვეტილებით ეთქვა უარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ქალაქ რუსთავის N6 საჯარო სკოლამ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მართალია ქალაქ რუსთავის N6 საჯარო სკოლის დოკუმენტაციაში და ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში სრულად ვერ მოიძებნა მა-----------–---–ის მიერ დღეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა ქალაქ რუსთავის N6 საჯარო სკოლის არიქვში დაცული ქალაქ რუსთავის N11 საშუალო სკოლის ანბანური წიგნისა და საშუალო განათლების ატესტატების გაცემის ჟურნალის მიხედვით მოსარჩელის სახელზე გაცემულია ატესტატი N9-----
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირმა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულმა ორგანომ - ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა ნაწილობრივ ცნო სარჩელი და სრულად გაიზიარა მოპასუხე ქალაქ რუსთავის N6 საჯარო სკოლის პოზიცია.
3.2. მესამე პირმა - სსიპ განათლებისა და მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2018 წლის 30 მაისს ქ. რუსთავის იუსტიციის სახლს განცხადებით მიმართა მოქალაქე მა-----------–---–მა და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის გაცემა.
,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის 113/ნ ბრძანებით დამტკიცებული 1 დანართის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან და სკოლიდან გამოითხოვა მოსარჩელის კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია.
რესურსცენტრის 2018 წლის 31 მაისის N650406 წერილით გადმოგზავნილი სკოლის 2018 წლის 31 მაისის N647603 კორესპონდენციით წარმოდგენილ იქნა ატესტატის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი, სადაც ფიქსირდება მოქალაქე მა----ა წა---–-–---–ის სახელზე ატესტატის გაცემის ფაქტი. ამავე წერილის თანახმად სკოლაში არ ინახება მოქალაქის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და არც სსიპ საქართველოს ეროვნული არქივისთვის გადაცემულა ცენტრალურ დაცვაზე.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მა-----------–---–ი 1968-1978 წლებში სწავლობდა რუსთავის N11 საშუალო სკოლაში (ამჟამინდელი ქალაქ რუსთავის N6 საჯარო სკოლა). 1978 წელს მოსარჩელემ გაიარა სრული საგანმანათლებლო პროგრამა და მიიღო ატესტატი N9------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 24 მაისის სსიპ ქალაქ რუსთავის N6 საჯარო სკოლის N616130 ცნობა ( გვ.16)
- ანბანური წიგნი (გვ. 21-28)
4.1.2. მა----ე კონსტანტინეს ასულ წა---–-–---–ის, ქორწინების შემდგომ გვარს წარმოადგენს- ჩანგაშვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N475144 ქორწინების მოწმობა (ს.ფ 44)
4.1.3 მა-----------–---–მა მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საშუალო სკოლის ატესტატის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით, რაზეც მიიღო უარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2018 წლის 11 ივნისის N01/182153/გ გადაწყვეტილება ( გვ.17-18)
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე მა-----------–---–ის (ქორწინებამდე გვარი წა---–-–---–ი) სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, კერძოდ სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის. ამდენად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს უფლებისა და სამართალურთიერთობის აღიარება, კერძოდ დადგენილ იქნეს მოსარჩელის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლის ფაქტი. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
7.2 სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
7.3 საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მა-----------–---–ი ნამდვილად სწავლობდა ქალაქი რუსთავის N11 საშუალო სკოლაში. 1978 წელს მოსარჩელემ გაიარა სრული საგანმანათლებლო პროგრამა და მიიღო ატესტატი N9------
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 11 ივნისის N01/182153/გ გადაწყვეტილებით მა-----------–---–ს ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე.
საქმეში არსებული, N475144 ქორწინების მოწმობით დასტურდება, რომ მა----ე კონსტანტინეს ასულ წა---–-–---–ს, ქორწინების შემდგომ გვარს წარმოადგენს ჩანგაშვილი.
2018 წლის 24 მაისის სსიპ ქალაქ რუსთავის N6 საჯარო სკოლის N616130 ცნობით დგინდება, რომ მა-----------–---–ი 1968 წლის სექტემბრის თვეში (ანბანური წიგნის მიხედვით) ჩაირიცხა ქალაქ რუსთავის N11 საშუალო სკოლის პირველ კლასში. ამავე ცნობით დგინდება, რომ მოსარჩელემ 1978 წელს დაამთავრა საშუალო განათლება (ათი კლასი) და მიიღო ატესტატი N9-----. 1997 წლის სექტემბრიდან მოსწავლეთა კონტიგენტის შემცირების გამო ლიკვიდირებულ იქნა N11 ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა და შეუერთდა ქალაქ რუსთავის N6 საშუალო სკოლას. ამასთანავე, N11 საშუალო სკოლის დოკუმენტები, რომლებიც სკოლაში არ იძებნება, არ არის გადაცემული საქართველოს ეროვნული არქივისათვის.
7.4. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამავე კანონის მუხლი მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი’’. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საბაზო განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე და აღნიშნული განთლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე და განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილია მოსარჩელის მიერ გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისის საშუალო სკოლაში სწავლისა და მისი სრული კურსის 1997 სასწავლო წელს დამთავრების ფაქტი.
7.5. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მისი უფლების აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
7.6 ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მა-----------–---–ის (პ/ნ 3----------) (ქორწინებამდე გვარი - წა---–-–---–ი) მიერ ქალაქ რუსთავის N11 საშუალო სკოლაში (ამჟამინდელი ქალაქ რუსთავის N6 საჯარო სკოლა) ჩარიცხვის, სწავლების, დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი; საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მომზადების ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი, შესაბამისად მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მა-----------–---–ის (პ/ნ 3----------) (ქორწინებამდე გვარი - წა---–-–---–ი) სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. აღიარებული იქნეს მა-----------–---–ის მიერ ქალაქ რუსთავის N11 საშუალო სკოლაში (ამჟამინდელი ქალაქ რუსთავის N6 საჯარო სკოლა) 1978 წელს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და საბაზო ზოგადი განათლების მიღების ფაქტი;
3. მოსარჩელე მა-----------–---–ის (პ/ნ 3----------) დაუბრუნდეს, თა-----------–--ის (პ/ნ: 6----------) მიერ სს „საქართველოს ბანკი“-ს მეშვეობით, საგადასახადო დავალება N12-ით, 2018 წლის 19 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 25 (ოცდახუთი) ლარისა და თა-----------–--ის (პ/ნ: 6----------) მიერ სს „საქართველოს ბანკი“-ს მეშვეობით, საგადასახადო დავალება N6815618085-ით, 2018 წლის 11 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია სახაზინო 300063150, ბანკის კოდზე TRESGE22, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილევის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის # 7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე რუსთავი, ბოსტან-ქალაქის # 6) მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ონიანი