გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 3-256-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13.11.2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნინო ონიანი
სხდომის მდივანი გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე - თა---------–---–ი
წარმომადგენელი - თა-----------–--ე, ალ-----------------–--ე
მოპასუხე - სსიპ ქალაქ რუსთავის N2 საჯარო სკოლა,წარმომადგენელი - თა--------–-–---–ი
მესამე პირი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
წარმომადგენელი - ნა-----------ე
მესამე პირი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი,წარმომადგენელი - თა--------–-–---–ი
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო,დავის საგანი: საჯარო (საშუალო) სკოლაში ჩარიცხვის, სწავლების, მისი დასრულებისა და ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
2018 წლის 05 სექტემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა თა---------–---–მა და მოითხოვა: აღიარებული იქნეს თა---------–---–ის მიერ ქალაქ რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის N2 საჯარო (საშუალო) სკოლაში ჩარიცხვის, სწავლების, 1994 წელს მისი დასრულებისა და ზოგადი განათლების მიღების ფაქტი;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს, 2018 წლის 10 სექტემბრის სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და დასაშვებად იქნა ცნობილი.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ 1994 წელს დაამთავრა ქალაქ რუსთავის, შოთა რუსთაველის სახელობის N2 საჯარო სკოლა. 2018 წლის 07 აგვისტოს მიმართა ქალაქ რუსთავის იუსტიციის სახლს სრული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ვერ მოხერხდა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე მოსარჩელემ მიიღო უარი.
სსიპ ქალაქ რუსთავის N2 საჯარო სკოლის 2018 წლის 21 აგვისტოს №MES 3 18 01028671 ცნობით დგინდება, რომ სკოლაში არ მოიძებნა თა---------–---–ის სკოლაში სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
საქმეში არსებული 1994 წლის 25 მაისის N28/2 ქალაქ რუსთავის მე-2 საშუალო სკოლის დირექტორის ბრძანებით დგინდება, თა----------–---–ი დაშვებულ იქნა XI კლასის გამოსაშვებ გამოცდაზე.
საქმეში არსებული სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის 2018 წლის 29 ივნისის №AA2018016332-06 ცნობით დგინდება, რომ ქალაქ რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის N2 საშუალო სკოლის 1993-1994 სასწავლო წლის საშუალო განათლების ატესტატების გაცემის წიგნის მიხედვით თა----------–------------–-----–---–ს მიეცა საშუალო განათლების ატესტატი N------.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ქალაქ რუსთავის N2 საჯარო სკოლამ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მართალია ქალაქ რუსთავის N2 საჯარო სკოლის დოკუმენტაციაში და ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში სრულად ვერ მოიძებნა თა---------–---–ის მიერ დღეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა არქივში დაცული ქალაქ რუსთავის N2 საშუალო სკოლის 1993-1994 სასწავლო წლის საშუალო განათლების ატესტატების გაცემის წიგნის თანახმად მოსარჩელის სახელზე გაცემულია ატესტატი N------.
2. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირმა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულმა ორგანომ - ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა ნაწილობრივ ცნო სარჩელი და სრულად გაიზიარა მოპასუხე ქალაქ რუსთავის N2 საჯარო სკოლის პოზიცია.
3.2. მესამე პირმა - სსიპ განათლებისა და მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2018 წლის 07 აგვისტოს ქ. რუსთავის იუსტიციის სახლს განცხადებით მიმართა მოქალაქე თა---------–---–მა და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის გაცემა.
,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის 113/ნ ბრძანებით დამტკიცებული 1 დანართის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან და სკოლიდან გამოითხოვა მოსარჩელის კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია.
რესურსცენტრის 2018 წლის 08 აგვისტოს N992072 წერილით გადმოგზავნილი სკოლის 2018 წლის 08 აგვისტოს N991590 კორესპონდენციებიდან ირკვევა, რომ სკოლის მიერ 2007 წლამდე წარმოებული დოკუმენტაცია გადაეცა არქივს ცენტრალიზებულ დაცვაზე.
არქივის 2018 წლის 14 აგვისტოს N15/112412 წერილით წარმოდგენილ იქნა მოსარჩელის გამოსაშვებ გამოცდაზე დაშვების შესახებ ინფორმაცია, ასევე - ატესტატის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი. ამავე კორესპონდენციის თანახმად, სკოლის 1994 წლის სხდომის ოქმებში არ აღმოჩნდა ჩანაწერი თა---------–---–ის შესახებ.
3.2. მესამე პირმა - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს არ წარმოუდგენია შესაგებელი სასამართლოში, არ გამოცხადებულა სასამართლო პროცესზე, რის გამოც მისი პოზიცია საკითხთან მიმართებით სასამართლოსთვის უცნობია.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 1994 წელს მოსარჩელე თა---------–---–მა დამთავრა ქალაქ რუსთავის N2 საჯარო სკოლის სრული კურსი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის 2018 წლის 29 ივნისის №AA2018016332-06 ცნობა ( გვ.11)
- 1994 წლის 25 მაისის N28/2 ქალაქ რუსთავის მე-2 საშუალო სკოლის დირექტორის ბრძანება (გვ. 14)
4.1.2. თა---------–---–მა მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საშუალო სკოლის ატესტატის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით, რაზეც მიიღო უარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2018 წლის 17 აგვისტოს N01/260812/გ გადაწყვეტილება ( გვ.16-17)
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე თა---------–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, კერძოდ სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის. ამდენად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს უფლებისა და სამართალურთიერთობის აღიარება, კერძოდ დადგენილ იქნეს მოსარჩელის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლის ფაქტი. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ თა---------–---–ი ნამდვილად სწავლობდა ქალაქი რუსთავის N2 საშუალო სკოლაში. 1994 სასწავლო წელს დაასრულა გ----------------------------–----–---------–----–--------–---------–---------------------------------------------
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 17 აგვისტოს N01/260812/გ გადაწყვეტილებით თა---------–---–ს უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე.
საქმეში არსებული 1994 წლის 25 მაისის N28/2 ქალაქ რუსთავის მე-2 საშუალო სკოლის დირექტორის ბრძანებით დგინდება, რომ თა----------–---–ი დაშვებულ იქნა XI კლასის გამოსაშვებ გამოცდაზე. ხოლო, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის 2018 წლის 29 ივნისის №AA2018016332-06 ცნობით დგინდება, რომ ქალაქ რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის N2 საშუალო სკოლის 1993-1994 სასწავლო წლის საშუალო განათლების ატესტატების გაცემის წიგნის მიხედვით თა----------–------------–-----–---–ს მიეცა საშუალო განათლების ატესტატი N------.
7.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამავე კანონის მუხლი მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი’’. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საბაზო განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე და აღნიშნული განთლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე და განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილია მოსარჩელის მიერ გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისის საშუალო სკოლაში სწავლისა და მისი სრული კურსის 1997 სასწავლო წელს დამთავრების ფაქტი.
7.3. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მისი უფლების აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება თა---------–---–ის (პ/ნ 0----------) მიერ ქალაქ რუსთავის N2 საშუალო სკოლაში ჩარიცხვის, სწავლების, დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი; საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მომზადების ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი, შესაბამისად მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. თა---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. აღიარებული იქნეს თა---------–---–ის მიერ ქალაქრუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის N2 საჯარო (საშუალო) სკოლაში ჩარიცხვის, სწავლების, 1994 წელს მისი დასრულებისა და ზოგადი განათლების მიღების ფაქტი;
3. მოსარჩელე თა---------–---–ს (პ/ნ: 0----------) დაუბრუნდეს, თა-----------–--ის (პ/ნ: 3----------) მიერ სს „თიბისი ბანკი“-ს მეშვეობით, საგადასახადო დავალება N0-ით, 2018 წლის 04 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია სახაზინო 300063150, ბანკის კოდზე TRESGE22, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილევის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის # 7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე რუსთავი, ბოსტან-ქალაქის # 6) მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ონიანი