გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.10.2018
საქმის ნომერი
330210018002620394
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/26173-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე სს “ ლ--------------”

წარმომადგენელი გიორგი ჩახნაშვილი

მოპასუხეები მ-----ა ბე----–---–ი, შ--–-ა ცქ--------–---–ი

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს მ-----ა ბე----–---–ს და შ--–-ა ცქ--------–---–ს სს „ლ--------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 7757.33 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4311.75 ლარი, პროცენტი შეადგენს 2008.58 ლარს და პირგასამტეხლოა 1437 ლარი. (თავდები პირის პასუხისმგებლობა განისაზღვროს თავდებობის ზღვრული ოდენობის 8372.56 ლარის ფარგლებში)

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე მ-----ა ბე----–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირითადი თანხის 4311.75 ლარის ნაწილში, მასზე დარიცხული სარგებელის და პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნები არ ცნო. მისი განმარტებით, საპროცენტო სარგებელი გადახდილი აქვს, ხოლო დასახელებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა. მოპასუხის განმარტებით, წერილობითი გაფრთხილება დავალიანების დაფარვის შესახებ მოსარჩელის მხრიდან არ მიუღია.

 

(16.10.2018წ, სხდომის ოქმი 10:21:44 წთ)

 

2.2. მოპასუხე შ--–-ა ცქ--------–---–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირითადი თანხის 4311.75 ლარის ნაწილში, ხოლო მასზე დარიცხული სარგებელის და პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნები არ ცნო. მოპასუხემ სადავოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ არ აცნობა ძირითადი მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შესახებ.

 

მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 5 აგვისტოს სს „ლიბერთი ბანკს“ და მ-----ა ბე----–---–ს შორის დაიდო #0002/2014/15245 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე 48 თვის ვადით გაიცა საკრედიტო თანხა 5960 ლარი, წლიური 17.75%-ის დარიცხვით. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დღიური პირგასამტეხლოს მოცულობა განისაზღვრა 0.50%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულების მნიშნველოვანი პირობები (ს.ფ 14)

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ 15-17)

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 18-19)

 

3.1.2. 2014 წლის 5 აგვისტოს სს ლიბერთი ბანკს და შ--–-ა ცქ--------–---–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა კრედიტორის მიმართ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ძირითადი მსესხებლის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თავად შეასრულოს კრედიტორის მიმართ არსებული საკრედიტო დავალიანება. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული მოცულობა განისაზღვრა 8372.56 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის განცხადება (ს.ფ 20)

- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ 21)

 

3.1.3. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მათი დავალიანება 2018 წლის 4 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს 7757.33 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4311.75 ლარი, პროცენტი შეადგენს 2008.58 ლარს და პირგასამტეხლოა 1437 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 22)

- საბანკო ამონაწერები (23-29)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ფაქტობრივი გარემოებაა მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეთა არაინფორმირებულობა დავალიანების არსებობის შესახებ.

 

აღნიშნულთან მიმართებაში, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებების გარკვეულ პუნქტებზე. „საბანკო კრედიტის შესახებ“ ხელშეკრულების 13.3 პუნქტის შესაბამისად, მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბანკს მის მიერ განაცხადში მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის ცვლილების შესახებ. 13.9 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეტყობინებები და სხვა კომუნიკაციები უნდა ჩაბარდეს პირადად ან უნდა გაიგზავნოს დაზღვეული ან რეგისტრირებული საფოსტო გზავნილით. ასევე ელექტრონული ფოსტით, ფაქსით, ინტერნეტ ბანკით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართებზე და საკონტაქტო პირებთან. შეტყობინება ჩაითლება ჩაბარებულად მხარეთათვის ნებისმიერ ამ პუნქტში არსებული არხით გაგზავნისას.

 

თავდებობის ხელშეკრულების მე-6 მუხლით მოწესრიგებულია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეტყობინებების წესი. 6.1 პუნქტის მიხედვით, მხარეებმა ნებისმიერ შეტყობინება უნდა განახორციელონ წერილობით. შეტყობინება ითვლება სათანადოდ გაგზავნილად, თუ იგი გაგზავნილია დაზღვეული წერილით ან კურიერის მეშვეობით ამ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით (თუ მეორე მხარე ხუთი საბანკო დღით ადრე არ შეატყობინებს საკუთარი მისამართის შეცვლის შესახებ) ან ბანკის მიერ ჩაბარებულია ხელზე უშუალოდ თავდებისთვის. შეტყობინება აგრეთვე შეიძლება გაიგზავნოს ფაქსით, ელექტრონული ფოსტით და მოკლე ტექსტური შეტყობინებით. 6.2 პუნქტის თანახმად, შეტყობინება მიღებულად ითლება იმ შემთხვევაშიც, თუ ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე ან თავს აარიდებს მის მიღებას.

 

საქმეში დაცულია საფოსტო შეტყობინებები, საიდანაც დგინდება, რომ მოვალეებს დავალიანების არსებობის შესახებ გაფრთხილებები არაერთხელ გაეგზავნათ ხელშეკრულებებში არსებულ მისამართებზე და არ ჩაბარდათ მისამართზე არ ყოფნის გამო.

 

განსახილველ შემთხვევაში, მ-----ა ბე----–---–ის მიერ წარმოდგენილი შესაგებლიდან ირკვევა, რომ ფაქტობრივი მისამართი მოპასუხეს შეცვლილი აქვს. ასეთ შემთხვევაში კი, მას საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულების 13.3 პუნქტი პირდაპირ ავალდებულებს დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბანკს მის მიერ განაცხადში მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის ცვლილების შესახებ. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მოპასუხეს აღნიშნული ქმედება არ განუხორციელებია.

 

თავდები შ--–-ა ცქ--------–---–ის მიერ წარმოდგენილი შესაგებელი ადასტურებს, რომ იგი კვლავ ცხოვრობს ხელშეკრულებაში არსებულ მისამართზე, თუმცა მიუხედავად ბანკის მიერ განხორციელებული მცდელობებისა მისთვის გზავნილი ჩაბარება ვერ განხორციელდა.

 

ყოველივე ზემოაღწერილი აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, მოპასუხეებისთვის წერილობითი გაფრთხილებები ჩაბარებულია 2014 წლის 05 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ 15-17)

- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ 21)

- წერილობითი გაფრთხილებები (ს.ფ 30-37)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''ლ--------------“-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე 418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა საქმის მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი თანხის 4311.75 ლარის ნაწილში, რაც ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე ამავე ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებიდან მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ასანაზღაურებელი სარგებლის გადახდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია, რომ სს ''ლ--------------ს'' მიერ სრულად იქნა შესრულებული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალეების მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულება შესრულებული არ არის. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მათ მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ლ--------------ს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული სარგებლის სახით 2008.58 ლარის დაკისრების ნაწილშიც.

 

6.2. საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.

სასამართლოს მოსაზრებით მოპასუხეებისთვის პირგასამტეხლოს სახით 1437 ლარის დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, სს „ლ--------------“-ს მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია, უნდა შემცირდეს და მოპასუხეებს პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს მხოლოდ 50 ლარის გადახდა.

 

6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის დანაწესით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 5 აგვისტოს სს ლიბერთი ბანკს და შ--–-ა ცქ--------–---–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა კრედიტორის მიმართ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, 8372.56 ლარის ფარგლებში და შესაბამისად კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულება სოლიდარულ თავდებსაც უნდა დაეკისროს.

 

ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე სს ლ--------------ს სასარჩელო მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს დაეკისროთ 6370,33 ლარის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი (129,5) უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, ხოლო მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟი 61,8 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს „ლ--------------“-ს სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1 მოპასუხეებს მ-----ა ბე----–---–ს და შ--–-ა ცქ--------–---–ს სს „ლ--------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 6370.33 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4311.75 ლარი, სარგებელი შეადგენს 2008.58 ლარს ხოლო პირგასამტეხლოა 50 ლარი (თავდები პირის პასუხისმგებლობა განისაზღვროს თავდებობის ზღვრული ოდენობის 8372.56 ლარის ფარგლებში).

1.2 სს „ლ--------------ს“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისთვის პირგასამტეხლოს სახით 1387 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხეებს მ-----ა ბე----–---–ს და შ--–-ა ცქ--------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 61.8 ლარი.

4. სს „ლიბერთი ბანკს“ დაუბრუნდეს 2018 წლის 5 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (233 ლარი) - 129.50 ლარი, საგადახდო დავალება #5146918168;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე