გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.11.2018
საქმის ნომერი
351210018002522591
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
13.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#35---------------1

საქმე №2-273-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი:

 

13 ნოემბერი, 2018 წელი ქ. გარდაბანი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე

გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე

 

მოსარჩელე - შპს ,,მი--------------------ი“ (ს/კ 40-------)

წარმომადგენელი - ნო------------–--ე

 

მოპასუხე - გი---------------ე

 

დავის საგანი - თანხის გადახდის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სარჩელით შპს ,,მი--------------------ი“-ს წარმომადგენელმა მოითხოვა დაეკისროს მოპასუხე გი---------------ეს მოსარჩელე შპს ,,მი--------------------ი“-ს სასარგებლოდ სესხის ძირი თანხის გადახდა 2007.35 ლარის ოდენობით, სარგებელის გადახდა 1371.73 ლარის ოდენობით, პირგასამტეხლოს გადახდა 754 ლარის ოდენობით, გირავნობის მოწმობის საფასურის გადახდა 50 ლარის ოდენობით და სააღსრულებო წარმოების ხარჯის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით, ასევე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

1.2. მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ნო------------–--ემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხისთვის 3579.08 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც 2007.35 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 1371.73 ლარი - სარგებელი, 50 ლარი - პირგასამტეხლო, 100 ლარი - სააღსრულებო წარმოების ხარჯი და 50 ლარი - გირავნობის მოწმობის საფასური.

 

1.3. მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ნო------------–--ემ გაიხმო #6 სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ უარი თქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გი---------------ემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელის დაზუსტების შემდეგ, სრულად ცნო მოსარჩელის მოთხოვნა, მოსარჩელის სასარგებლოდ 3579.08 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე.

 

2.2. მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხე მხარემ მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების განწილვადება 1 წლამდე ვადით. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი ნო------------–--ე არ დაეთანხმა აღნიშნულ შუამდგომლობას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 17.03.2017 წელს მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება #DL--------6, რომლის საფუძველზე გი---------------ეს (პ/ნ 12--------1) გადაეცა თანხა 2050 ლარის ოდენობით, სესხის უზრუნველსაყოფად კი გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი ,,მაზდა ატენზა“.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 17.03.2017 წლის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-21);

- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ (ს.ფ. 22).

 

3.1.2. მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის გადახდილია მხოლოდ 2 თვის გადასახადი - 252 ლარის ოდენობით.

- სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 23);

- მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებები (იხილეთ სხდომის ოქმი).

 

3.1.3. 12.03.2018 წელს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იქნა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზე 16.03.2018 წელს დაიწყო სააღსრულებო წარმოება, ავტომობილის ძებნაზე. ავტომობილი ვერ მოიძებნა სარჩელის განხილვის დღემდე, ვინაიდან იგი აღარ არსებობს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- გირავნობის მოწმობა (ს.ფ. 25);

- საგადასახადო დავალების ქვითრები (ს.ფ. 29, ს.ფ. 36);

- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 30);

- სააღსრულებო განაცხადის ხელშეკრულება (ს.ფ. 31-35);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 37-38);

- მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებები (იხილეთ სხდომის ოქმი).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მხარეებს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა ნაწილობრივ და მან ცნო სასარჩელო მოთხოვნა სრულად, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 131-132-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 417-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. უდავოა, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად, მოპასუხემ მიიღო თანხა, მაგრამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები - არ დაფარა კრედიტის ოდენობა სრულად.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ #DL--------6 ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს 17.03.2017 წელს გადასცა თანხა 2050 ლარის ოდენობით, სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი ,,მაზდა ატენზა“, რომელიც ვერ მოიძებნა. მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის გადახდილია მხოლოდ 2 თვის გადასახადი - 252 ლარის ოდენობით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება, ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი სრულად და აღიარა მნოსარცელის მიმართ არსებული დავალიანების არსებობა, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილების განაწილვადება უნდა მოხდეს 1 წლამდე ვადით, გამომდინარე მოპასუხის ფინანსური მდგომარებისა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

დადგენილია, რომ 29.06.2018 წელს მოსარჩელე მხარეს სარჩელზე წინასწარ გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 64 ლარის და 24 თეთრის ოდენობით (ს.ფ. 48). ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო სრულად მოსამზადებელ ეტაპზე, მოსარჩელეს სრულად უნდა დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟი უკან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 37-ე, 49-ე, 131-132-ე, 243-244-ე, 248-251-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს ,,მი--------------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე - გი---------------ეს მოსარჩელე - შპს ,,მი--------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 3429 (სამი ათას ოთხას ოცდაცხრა) ლარის და 08 (რვა) თეთრის გადახდა (საიდანაც 2007.35 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 1371.73 ლარი - სარგებელი, 50 ლარი - პირგასამტეხლო);

 

3. მოპასუხე - გი---------------ეს მოსარჩელე - შპს ,,მი--------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოსგარეშე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

4. მოსარჩელე - შპს ,,მი--------------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 64 (სამოცდაოთხი) ლარის და 24 (ოცდაოთხი) თეთრის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: გადამხდელი: შპს ,,მი--------------------ი“, თარიღი: 29.06.2018 წელი, გადამხდელის ბანკი: სს ,,თიბისი ბანკი“, კოდი: TB----2, მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების კოდი: 30------0, საგადასახადო დავალება: #15-------8;

 

5. მოპასუხე გი---------------ეს გადაწყვეტილებით დაკისრებული დავალიანების გადახდა გაუნაწილვადდეს 01 (ერთი) წლის ვადით;

 

6. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, 12 დღის ვადაში;

 

7. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში (გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №6) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ირინე ტყეშელაშვილი