გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4931-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
1 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - ჯ----–------–---–ი
წარმომადგენელი - ხ-------------–---–ი
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ი-------------ის სერვის ცენტრის 2018 წლის 30 ივლისის N---------- გადაწყვეტილება;
1.2. დაევალოს სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ჯ----–------–---–ს დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (სახელმწიფო კომპენსაცია და სოციალური პაკეტი), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით, 2018 წლის 1 აგვისტოდან;
1.3. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯ----–------–---–ისათვის 2018 წლის 1 აგვისტოდან მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის (სახელმწიფო კომპენსაციისა და სოციალური პაკეტის) თანხის ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილობითი ფორმით შესაგებელი ჯ----–------–---–ის სარჩელზე არ წარმოუდგენია, ამასთან, მოპასუხე მხარე სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა.
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ი-------------ის სოციალური მომსახურების განყოფილება/ცენტრის N------------ გადაწყვეტილებით ჯ----–------–---–ს პირადი განცხადების საფუძველზე, 2013 წლის 1 ოქტომბრიდან შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა (გაცემის საფუძველი - სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილე, კომპენსაცია 1-- ლარი, დანიშნული სოციალური პაკეტის თანხა - 2---–-რი).
ჯ----–------–---–მა 2018 წლის 25 ივლისს N----- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ი-------------ის ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ი-------------ის ტერიტორიული ერთეულის მიერ 2018 წლის 30 ივლისს გამოიცა N---------- გადაწყვეტილება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, ჯ----–------–---–ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო კომპენსაცია, ვინაიდან იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას (დასაქმებული იყო სახელწმიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტაში“).
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ 2018 წლის 31 ივლისს გაცემული №------------- წერილის თანახმად, მოქალაქე ჯ----–------–---–ის წარმომადგენელს 2018 წლის 25 ივლისის №----- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომპენსაციის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. კერძოდ, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრი „დელტა“ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქედან გამომდინარე სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის უფლებას ჯ----–------–---–ი ვერ მოიპოვებდა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ი-------------ის სოციალური მომსახურების განყოფილება/ცენტრის N------------ გადაწყვეტილება და ჯ----–------–---–ის განცხადება (იხ.ს.ფ. 65-66);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ი-------------ის ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 30 ივლისის N---------- გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 14);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 31 ივლისის №------------- წერილი (იხ.ს.ფ. 13).
3.1.2. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი ,,დელტას“ მიერ 2018 წლის 23 ივლისს გაცემული N---- ცნობის თანახმად, ჯ----–------–---–ი მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტაში“, ფ---------------------–------------------------------------------------------------------ში, ფ------------–-------ელის პოზიციაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი ,,დელტას“ მიერ 2018 წლის 23 ივლისს გაცემული N---- ცნობა (იხ.ს.ფ. 15).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანება ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ’’; ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისი №279 დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ი-------------ის სერვის ცენტრის 2018 წლის 30 ივლისის N---------- გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე ჯ----–------–---–ს უარი ეთქვა სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე და მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც მოითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე ჯ----–------–---–ის მოთხოვნა 2018 წლის 1 აგვისტოდან გაუცემელი სახელმწიფო გასაცემლის თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო გასაცემლის (სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური პაკეტი) დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
6.3. ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება. კერძოდ, კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო.
სახელმწიფო კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №2, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს კომპენსაციის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტასა და გადაანგარიშებას, აგრეთვე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
სასამართლო ასევე მიუთითებს ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისი №279 დადგენილებაზე, რომლის თანახმად, სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის (შემდგომში – სოციალური პაკეტი) მოცულობას, მიმღებ პირთა წრეს, დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს სოციალური პაკეტის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს ადმინისტრირების ორგანოს, არეგულირებს სოციალური პაკეტის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლით განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება. კერძოდ, სოციალური პაკეტის ადმინისტრირების ორგანოა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის უფლება-მოვალეობებია: ა) სოციალური პაკეტის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს სახელმწიფო გასაცემლის (სახელმწიფო კომპენსაცია და სოციალური პაკეტი) დანიშვნა, მისი გაცემა, ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.
6.4. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს და ადგენს, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების მქონე პირთა წრეს.
,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისი №279 დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით და ამავე პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის ,,ზ.ვ“ ქვეპუნქტით სოციალური პაკეტი ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირებს, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის საფუძვლით – 2---–-რის ოდენობით.
საქმის მასალების თანახმად, სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ი-------------ის სოციალური მომსახურების განყოფილება/ცენტრის N------------ გადაწყვეტილებით ჯ----–------–---–ს პირადი განცხადების საფუძველზე, 2013 წლის 1 ოქტომბრიდან შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა (გაცემის საფუძველი - სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილე, კომპენსაცია 1-- ლარი, დანიშნული სოციალური პაკეტის თანხა - 2---–-რი).
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს, ხოლო ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის მიხედვით, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და მხარის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ი-------------ის ტერიტორიული ერთეულის მიერ 2018 წლის 30 ივლისს გამოიცა N---------- გადაწყვეტილება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, ჯ----–------–---–ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო კომპენსაცია, ვინაიდან იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას (დასაქმებული იყო სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტაში“).
,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში განხორციელებული საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ანალოგიურ დებულებებს ითვალისწინებს ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილება.
საქმის მასალების თანახმად, ჯ----–------–---–ი მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“, ფ---------------------–------------------------------------------------------------------ში, ფ------------–-------ელის პოზიციაზე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი: ბს-77-75 (კ-15)), სადაც საკასაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიიჩნია, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“, სადაც მოსარჩელე ჯ----–------–---–ი მუშაობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს.
,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტისა და ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილების მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება იმისათვის, რომ ისინი არ დაბრკოლდნენ და მოტივირებულნი იყვნენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეუწყონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების ჯეროვნად განხორციელებას. შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში, დასაქმებულთათვის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანომდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ინტერესებსა და მიზნების ხელშეწყობას.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე ჯ----–------–---–ი საქმიანობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მას კანონის შესაბამისად არ შეუწყდება უფლება, მიიღოს სახელმწიფო გასაცემელი კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციისა და სოციალური პაკეტის თანხის მიღებაზე უარი ეწინააღმდეგება კანონს.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.
სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 30 ივლისის N---------- გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე - ჯ----–------–---–ს 2018 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (სახელმწიფო კომპენსაცია და სოციალური პაკეტი). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაევალოს ჯ----–------–---–ის სასარგებლოდ 2018 წლის 1 აგვისტოდან მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის თანხის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები:
მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები. ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ ხარჯი გაღებულია. მოსარჩელე - ჯ----–------–---–ის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილია 2018 წლის 23 ივლისის (წარდგენის თარიღი 2018 წლის 21 ივლისი) საგადახდო დავალება N4, რომლის თანახმად, იურიდიული მომსახურებისათვის მოსარჩელეს გადახდილი აქვს 200 (ორასი) ლარი, ამდენად, მოსარჩელე ჯ----–------–---–ის მიერ წარმომადგენლის მომსახურეობაზე გაწეული იქნა ხარჯი და მოითხოვს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხეს დაეკისროს მის მიერ წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება.
წარმოდგენილი მტკიცებულებისა და ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, სასამართლო გონივრულად მიიჩნევს, რომ მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოსარჩელე - ჯ----–------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ჯ----–------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 30 ივლისის N---------- გადაწყვეტილება;
3. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - ჯ----–------–---–ს 2018 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (სახელმწიფო კომპენსაცია და სოციალური პაკეტი) და ამავე პერიოდიდან აუნაზღაუროს მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის თანხა;
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
5. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე