განაჩენი

სისხლის სამართლის 11.10.2018
საქმის ნომერი
330100118002521087
თარიღი
11.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3----18

(№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თი----------უა

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ა-–----------------–---–ი (დაბადებული 1----–-–----------არი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ქ. თბილისი, გლ------------------–----------------------------------ში), აღკვეთის ღონისძიების სახით - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეფარდებულის მიმართ.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

დისპოზიცია: ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ა-–----------------–---–მა უკანონოდ შეიძინა და ქ. თბილისში ლ----ის ქ----------- მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდვე პირადად ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება - გამომშრალ მარიხუანას წონით 5,5 გრამი, რაც 2018 წლის 0-------ს 17:45 საათზე ამოღებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. ა-–----------------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ირ---–---------ს, ჯ------------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, 2018 წლის 0-------ის პირადი ჩხრეკის ოქმს, საქართველოს შსს საექპსერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 0-------ის ქიმიური ექსპერტიზის N1----------5/ქრ დასკვნას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2--------–ის განაჩენს და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს.

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულმა ა-–----------------–---–მა სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები სს საქმის არსებით სხდომაზე სადავოდ არ გახადა, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 92-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების − მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა.

 

3.2. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების - ,,მარიხუანას” უკანონო შეძენა-შენახვაში. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების (გამომშრალი მარიხუანა) უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების (გამომშრალი მარიხუანა) უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების (გამომშრალი მარიხუანა) ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

 

3.3. მოცემულ შემთხვევაში მოწმეების - ირ---–---------ს, ჯ------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 0-------ის პირადი ჩხრეკის ოქმით, საქართველოს შსს საექპსერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 0-------ის ქიმიური ექსპერტიზის N1----------5/ქრ დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2--------–ის განაჩენით და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ა-–----------------–---–მა უკანონოდ შეიძინა და ქ. თბილისში ლ----ის ქ----------- მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდვე პირადად ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება - გამომშრალ მარიხუანას წონით 5,5 გრამი, რაც 2018 წლის 0-------ს 17:45 საათზე ამოღებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად. სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვის - შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

3.4. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა-–----------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. საქართველოს სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას სამოციდან ორას ოც საათამდე.

 

4.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ მუხლით პირის მსჯავრდებისას, მის მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრის დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ამ ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის მიერ გამოხატული ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და პიროვნების მახასიათებელი კონკრეტული გარემოებები.

 

4.6. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ბრალდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს უნდა მოხდეს ინდივიდუალური მიდგომა, ინდივიდუალური ქმედებისა და ამ ქმედებიდან გამომდინარე კონკრეტული საფრთხის გაანალიზება მართლმსაჯულების განხორციელებისას. ა-–----------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან უდავოდ გახადა მტკიცებულებები, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

4.7. აღსანიშნავია, რომ ა-–----------------–---–ი ქმედების ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, კერძოდ, იგი 2015 წლის 2--------–ს გასამართლებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

4.8. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 2-----------ის გადაწყვეტილებით ა-–----------------–---–ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე 7 (შვიდი) თვითა და 9 (ცხრა) დღით ადრე და თავისუფლების აღკვეთის ადგილი მან დატოვა 2017 წლის 2------------ს. მიუხედავად აღნიშნულისა, მან ისევ ჩაიდანა ახალი განზრახი დანაშაული. ამასთან, ქმედების ჩადენის დროს (2018 წლის 0-------ს) ა. სა---–---–- იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, რომელიც მას უნდა დასრულებოდა 2018 წლის 0---------ოს. მართალია, განაჩენის დადგენის მომენტისათვის ა-–----------------–---–ს გასული ჰქონდა პირობითი მსჯავრის ვადა, თუმცა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, სწორედ, პირის სამართლებრივი მდგომარეობა ქმედების ჩადენისას და არა განაჩენის გამოტანის დროს (ამის შესახებ იხ. უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის N349აპ-17 გადაწყვეტილება). მოცემულ ვითარებაში კი, ა-–----------------–---–ი ქმედების ჩადენის დროს - 2018 წლის 0-------ს - იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ.

 

4.9. გამომდინარე აქედან, სასამართლომ მის მიმართ საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (განაჩენთა ერთობლიობა).

 

4.10. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ ა-–----------------–---–ს 3 (სამი) წლით უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები.

 

4.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ა-–----------------–---–ი უდაოდ ხდის წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ასევე, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას და ხასიათს, მის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო სხდომაზე და მიაჩნია, რომ მის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნა იქნება პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს მის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-–----------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2--------–ის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 2-----------ის გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და გამოყენებით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2--------–ის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 2-----------ის გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი მსჯავრის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, მსჯავრდებულ ა-–----------------–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

4. ა-–----------------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 11 ოქტომბერს.

5. მსჯავრდებულ ა-–----------------–---–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.

 

6. მსჯავრდებულ ა-–----------------–---–ს მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს.

 

7. ა-–----------------–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ ა-–----------------–---–ს 3 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

8. მსჯავრდებულ ა-–----------------–---–ს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე დაეწყოს ზ/აღნიშნული ჩამორთმეული უფლებების ვადის ათვლა.

 

9. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

- ა-–----------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-4 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს.

10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე