გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N------------------
საქმე №2/19916-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
მოსარჩელე - პ----- კ-----------ე
წარმომადგენელი - თ------- გ--------–--ე
მოპასუხე - ვ--–----- ჩ------–-–---–ი
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2017 წლის 12 დეკემბერს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი №1-------- ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ნაწილში, კერძოდ 0.12% -ის 3108.8 აშშ დოლარის ნაწილში შემცირდეს 0.01%-მდე 2908.8 აშშ დოლარამდე და გადასახდელად განესაზღვროს 200 აშშ დოლარი.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2015 წლის 7 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის ძირი თანხა იყო 6000 აშშ დოლარი, ყოველთვიური პროცენტი 2.5% და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო 0.12%-ის ოდენობით.
2017 წლის 18 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, ძირი თანხა შეადგენს 6000 აშშ დოლარს, პროცენტი - 750 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 0.12% ანუ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 8 სექტემბრიდან 3108.8 აშშ დოლარს.
პირგასამტეხლო 12% - 6000 აშშ დოლარზე შეადგენს 3108.8 აშშ დოლარს, რაც შემცირდეს 0.01%-მდე - 2908.8 აშშ დოლარამდე და გადასახდელად განესაზღვროს 200 აშშ დოლარი (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ვ--–----- ჩ------–-–---–მა, პ----- კ-----------ის სარჩელი, მის მიერ 2018 წლის 26 ოქტომბერს წარმოდგენილი შესაგებლით სრულად ცნო (იხ. შესაგებელი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 07 სექტემბერს პ----- კ-----------ესა და ვ--–----- ჩ------–-–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ვ--–----- ჩ------–-–---–მა "იპოთეკარმა" პ----- კ-----------ის "მესაკუთრე" სასარგებლოდ ასესხა იყო 6000 აშშ დოლარი, ყოველთვიური პროცენტი 2.5%, ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.12%-ის ოდენობით. სესხის უნდა დაბრუნებულიყო 01 (ერთი) წლის ვადაში - 2016 წლის 07 სექტემბერს. იპოთეკის საგანს წარმოადგენდა პ----- კ-----------ის სახელზე საკუტრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ოქნება მდებარე ხ-–-----ს რაიონში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 14-18)
- სარჩელი და შესაგებელი
3.1.2. დადგენილია, რომ პ----- კ-----------ემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რის საფუძველზეც ვ--–----- ჩ------–-–---–მა მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის ამოწერის თაობაზე და დაიწყო იძულებით აღსრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 14-18)
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 19-22)
- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 23-26)
- სარჩელი და შესაგებელი
3.1.3. 2017 წლის 18 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, 2015 წლის 07 სექტემბრის ხელშკრულების საფძველზე წარმოშობილი ვალდებულებიდან ძირი თანხა შეადგენს - 6000 აშშ დოლარს, პროცენტი - 750 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო - 0.12% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 8 სექტემბრიდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 19-22)
- აღსრულების ეროვნული ბიუროს წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 23-26)
- სარჩელი და შესაგებელი
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სადავო გარემოებები არ გამოკვეთილა.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა პ----- კ-----------ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ზემოაღნიშნული მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცლის მიხედვით მხარისთვის დაკისრებულია შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლიდან გამომდინარე სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე ვ--–----- ჩ------–-–---–მა მითითებულ სამოქალაქო დავაზე სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე, შესაგებლის წარმოდგენის დროს სარჩელი ცნო სრულად. შესაბამისად, პ----- კ-----------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, 2017 წლის 12 დეკემბერს ნოატრიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში არსებული ჩანაწერი, კერძოდ, მე-7 პუნტში მიეთითოს შემცირებული პირგასამტეხლო 0,01%, რაც ამჟამად ჯამურად შეადგენს 200 აშშ დოლარს. შესაბამისად, მოსარჩელის შესასრულებელი ვალდებულება იმავე სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დარჩეს იგივე სესხის ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში და შემცირდეს მხოლოდ პირგასამტეხლოს ნაწილში და განისაზღვროს 200 აშშ დოლარის ოდენობით.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია სრულად, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
ვინაიდან, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და ამასთან, მოპასუხემ საქმის მომზადების ეტაპზე სარჩელი სრულად ცნო, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარისა და 140 ლარის, სულ 240 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც შეჩერდა ნოტარიუს ე-–---- შ----–---–ის მიერ 2017 წლის 18 დეკემბრის გაცემულ N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებულ სააღსრულებო წარმოებაზე მხოლოდ პირგასამტეხლოს ანუ 2908.80 აშშ დოლარის ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. პ----- კ-----------ის (ს/კ N5----------) სარჩელი სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე - დაკმაყოფილდეს სრულად.
2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 12 დეკემბერს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცელი პირგასამტეხლოს ნაწილში, კერძოდ, სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტში მითითებულ პირგასამტეხლოს ოდენობად განისაზღვროს ძირი თანხის 0,01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 08 სექტემბრიდან სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებამდე, რაც განისაზღვროს 200 აშშ დოლარით.
3. მოსარჩელე პ----- კ-----------ეს დაუბრუნდეს თ------- გ--------–--ის (პ/ნ N0----------) მიერ 14/06/2018 წელს, სს „თიბისი ბანკში“ მოცემულ სარჩელზე N0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (სახაზინო კოდი 300 773 150, ბანკის კოდი TRESGE22).
4. მოსარჩელე პ----- კ-----------ეს დაუბრუნდეს თ------- გ--------–--ის (პ/ნ N0----------) მიერ 26/06/2018 წელს, სს „თიბისი ბანკში“ მოცემულ სარჩელზე N0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 140 ლარის ოდენობით (სახაზინო კოდი 300 773 150, ბანკის კოდი TRESGE22).
5. მოსარჩელის მიერ 14/06/2018 წელს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც შეჩერდა ნოტარიუს ე-–---- შ----–---–ის მიერ 2017 წლის 18 დეკემბრის გაცემულ N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებულ სააღსრულებო წარმოებაზე მხოლოდ პირგასამტეხლოს ანუ 2908.80 აშშ დოლარის ნაწილში.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით.
მოსამართლე შორენა წიქარიძე