გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.11.2018
საქმის ნომერი
330310018002726934
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
17.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7207-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე

სხდომის მდივანი ს--–---- ზაქაშვილი

 

მოსარჩელე - ა(ა)იპ ს-------–------ო გ----------–--ბა - საქართველო

წარმომადგენელი - თ----- კ----ე

 

მოსარჩელე - ა(ა)იპ ს--------–---- არჩევნებისა და დ------------ს ს-------–------ო საზოგადოება

წარმომადგენლები - თ----- ქ----–--ე

 

მოპასუხე - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

წარმომადგენლები - კ------- ნ------–-–---–ი, მ-----– ღ----–---ა, ნ------- მ--–-–---–ი, გ------- ს-----------ი, ი----- ლ----–---–ი, ნ--- ო---–-–---–ი

 

მესამე პირები - ს--–---- ზ-------–---–ი, გ-------– ვ-–--ე

 

დავის საგანი - ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 07 ნოემბრის N5------ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბერის N5------ დადგენილება.

 

მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო აქტი, რომლითაც საზღვარგარეთ შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიებში ხმის მიცემის პროცედურა გაგრძელდა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 24 საათამდე, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს საარჩევნო კოდექსთან, რომელიც იმპერატიულად ადგენს, რომ კენჭისყრის შენობა იკეტება 20 საათზე და მუხლი ამ წესიდან გამონაკლისს არ უშვებს. ერთადერთი შესაძლებლობა მცირე დროით გახანგრძლივდეს ხმის მიცემის პროცესი, არის შემთხვევა, თუკი ამომრჩეველი 20 საათისათვის გამოცხადებულია უბანზე და დგას რიგში. მოსარჩელეთა მითითებით, მართალია იზიარებენ იმ არგუმენტს, რომ არჩევნების სამუშაო დღეს (შუა კვირაში) დანიშვნა მნიშვნელოვნად უზღუდავს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის კონსტიტუციურ უფლებას, თუმცა საკითხის იმგვარად მოწესრიგება, რითაც ცესკომ ცალსახად დაარღვია კანონი, მაშინ როდესაც საკანონმდებლო მოწესრიგება მას შესაძლებლობას აძლევდა მიზნის მიღწევისათვის გამოეყენებინა კანონიერი გზა, დაუშვებელია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური დაინიშნა 2018 წლის 28 ნოემბერს, რომელიც არის ოთხშაბათი დღე, სამუშაო დღე. მართალია საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, არჩევნების დღე საქართველოში არის უქმე დღე, მაგრამ აღნიშული მუხლის მოქმედება საზღვარგარეთ არ ვრცელდება. შესაბამისად, საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებისათვის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური უქმე დღე არ არის, რის გამოც საქართველოს მოქალაქეთა ნაწილმა შესაძლოა ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლოს კენჭისყრაში მონაწილეობა არჩევნების (კენჭისყრის) დღის 8 საათიდან 20 საათამდე პერიოდში. მოპასუხე მხარის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გამონაკლისი შემთხვევა და შეუძლებელია საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კენჭისყრის პერიოდის (ვადის) დაცვა საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებში, რადგან საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური არ არის უქმე დღე.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ცესკოს არ შეუმცირებია საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი პუნქტით კენჭისყრის პროცესის პერიოდი, პირიქით, გაზარდა ეს პერიოდი. სადავო დადგენილება წარმოადგენს უფლების მიმნიჭებელ ნორმას და არ ზღუდავს არჩევნებში ჩართული არცერთი მხარის უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირთა პოზიცია

 

მესამე პირები - საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები: ს--–---- ზ-------–---–ი და გ-------– ვ-–--ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ. მესამე პირებს არც წერილობითი პოზიცია წარმოუდგენიათ.

 

4. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები.

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2018 წლის 14 ნოემბერის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგები შეჯამდა, რომელშიც აღინიშნა: ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა: 3 518 877; არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა: 1 647 878; ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა: 53 847; საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობები: N1 მ-----– ანთაძე - 1,074 (0.07%); N2 დავით ბაქრაძე - 174,849 (10.97%); N4 ვახტანგ გაბუნია - 1,958 (0.12%); N5 გ-------– ვ-–--ე - 601,224 (37.74%); N10 შალვა ნათელაშვილი - 59 651 (3.74%); N13 ზვიად მეხატიშვილი - 713 (0.04%); N17 გ------- ლილუაშვილი - 892 (0.06%); N18 აკაკი ასათიანი - 1,994 (0.13%); N21 კახა კუკავა - 21,186 (1.33%); N22 ოთარ მეუნარგია - 664 (0.04%); N23 ირაკლი გორგაძე - 531 (0.03%); N25 დავით უსუფაშვილი - 36,037 (2.26%); N27 ზვიადი ბაღდავაძე - 477 (0.03%); N28 მ-----– სალუაშვილი - 2,970 (0.19%); N30 ზვიად იაშვილი - 444 (0.03%); N31 თამარი ცხორაგაული - 4,004 (0.25%); N35 გელა ხუციშვილი - 1,623 (0.10%); N36 ზურაბ ჯაფარიძე - 36,034 (2.26%); N40 ლევანი ჩხეიძე - 2,895 (0.18%); N48 ს--–---- ზ-------–---–ი - 615,572 (38.64%); N49 ბესარიონ თედიაშვილი - 3,713 (0.23%); N51 გ------- ანდრიაძე - 13,133 (0.82%); N58 კ------- ჭიჭინაძე - 1,418 (0.09%); N62 ვლადიმერ ნონიკაშვილი - 633 (0.04%); N65 თეიმურაზ შაშიაშვილი - 9,481 (0.60%).

 

აღნიშნული ოქმის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობენ N5 გ-------– ვ-–--ემ და N48 ს--–---- ზ-------–---–მა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (სფ 50-51)

 

4.2. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის N3------- განკარგულებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 105-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური დაინიშნა 2018 წლის 28 ნოემბერს. ამავე განკარგულებით განიმარტა გასაჩივრების წესი და ვადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის N3------- განკარგულება (სფ 49)

 

4.3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 07 ნოემბრის N5------ დადგენილებით საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებები და ვადები დადგინდა, ხოლო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბერის N5------ დადგენილებით მითითებულ დადგენილებას დაემატა 51 მუხლი შემდეგი რედაქციით: სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნებში (გარდა შეიარაღებულ ნაწილებში შექმნილი უბნებისა) მეორე ტურის ხმის მიცემის პროცედურები გაგრძელდეს ადგილობრივი დროის 24 საათამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბერის N5------ დადგენილება (სფ 52-53)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საარჩევნო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის ს--------–---- და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ცესკოს დადგენილება არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის მიღებაც შეიძლება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. დადგენილების მიღება შეიძლება აგრეთვე გამონაკლის შემთხვევაში, არჩევნების დაწყებიდან მის დასრულებამდე, თუ აუცილებელი აღმოჩნდა ამ კანონით განუსაზღვრელი და არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი საკითხების გადაწყვეტა. დადგენილებით შეიძლება მიღებულ იქნეს ცალკეული საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციაც, რომელიც არ უნდა შეიცავდეს ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებულ ან ახალ ნორმას და რომელიც შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი პროცედურის დაწვრილებით აღწერას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ცესკოს დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს არანაკლებ ცესკოს სრული შემადგენლობის ორი მესამედი. ცესკოს დადგენილებას ხელს აწერენ ცესკოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და ცესკოს მდივანი. ცესკოს დადგენილება ძალაში შედის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე, თუ ამავე დადგენილებით უფრო გვიანი ვადა არ იქნა განსაზღვრული. აკრძალულია ცესკოს დადგენილების მიღება კენჭისყრამდე ბოლო 4 დღის განმავლობაში. ცესკოს დადგენილების გასაჩივრება დასაშვებია მისი მიღების მომენტიდან. ცესკოს დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა განთავსდეს ცესკოს ვებგვერდზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტის და საქართველოს საარჩევნო კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბერის N5------ დადგენილება წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რომელთა შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან უნდა შეფასდეს განსახილველი დავის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის პროცედურების გაგრძელებას 24 საათამდე. მოსარჩელის მითითებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კენჭისყრა იმართება არჩევნების (კენჭისყრის) დღის 20 საათამდე და აღნიშნული ვადის გაგრძელების უფლებამოსილება მოპასუხეს არ ჰქონდა.

 

7.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსი აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერის/გამგებლის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-60 მუხლი განსაზღვრავს კენჭისყრის ჩატარების დროს და ადგილს. კერძოდ, აღნიშული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კენჭისყრა იმართება კენჭისყრის შენობაში არჩევნების (კენჭისყრის) დღის 8 საათიდან 20 საათამდე. ამავე კანონის 65-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შენობა იკეტება 20 საათზე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს, მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-60 მუხლის მე-7 პუნქტს, რომლის თანახმად, აკრძალულია კენჭისყრის ჩატარება კენჭისყრის დღემდე ან კენჭისყრის დღის შემდეგ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამდენად, კანონმდებელი იმპერატიულად კრძალავს კენჭისყრის ჩატარებას კენჭისყრის დღემდე ან კენჭისყრის დღის შემდეგ. რაც შეეხება კენჭისყრის დღეს, მისი განმარტება მოცემულია ამავე კოდექსის მე-2 მუხლის ,,ი“ პუნქტში, ანუ არჩევნების (კენჭისყრის) დღე არის საერთო, შუალედური ან ხელახალი არჩევნების ჩატარების დღე, ასევე მეორე ტურის, განმეორებითი კენჭისყრის დღე.

 

აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, სასამართლო განმარტავს, რომ კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, კენჭისყრა ჩატარდეს არჩევნების დღეს. არჩევნების დღე მთავრდება არჩევნების (კენჭისყრის) დღის 24:00 საათზე. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბერის N5------ დადგენილებით საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებში მეორე ტურის ხმის მიცემის პროცედურები გაგრძელდა ადგილობრივი დროით 24 საათამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმის მიცემის პროცედურა დასრულდება არჩევნების დღეს 24 საათზე, რაც წინააღმდეგობაში არ მოდის საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-60 მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესთან;

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლზე, რომლითაც დადგენილია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები; ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადება არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის თაობაზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული მუხლი ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებას, განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების /გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები, რაც ასევე მოიცავს მის უფლებამოსილებას განსაზღვროს კენჭისყრის პროცედურის ვადები.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის N3------- განკარგულებით საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური დაინიშნა 2018 წლის 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს. მნიშვნელოვანია, რომ მითითებული განკარგულება მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, არჩევნების დღე არის უქმე დღე. მითითებული მუხლის მოქმედება ვერ გავრცელდება საზღვარგარეთ, რამაც შესაძლებელია შეზღუდოს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციით გარანტირებული არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში ან უშუალოდ, ანდა თავისუფლად არჩეულ წარმომადგენელთა მეშვეობით. ხალხის ნება უნდა იყოს საფუძველი მთავრობის ძალაუფლებისა. ეს ნება უნდა გამოიხატებოდეს პერიოდულ და გაუყალბებელ არჩევნებში, რომლებიც უნდა ტარდებოდეს საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების პირობებში, ფარული კენჭისყრით, ანდა სხვა თანაბარმნიშვნელოვანი ფორმების მეშვეობით, რომლები უზრუნველყოფენ ხმის მიცემის თავისუფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საარჩევნო უფლება დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. აქტიური საარჩევნო უფლებით დაცული სფერო ერთი მხრივ, გულისხმობს საარჩევნო უფლების მქონე ყოველი პირის ნების თავისუფალი გამოვლინების უზრუნველყოფას და მის ადეკვატურ ასახვას არჩევნების შედეგებში, ხოლო მეორე მხრივ, იგი ასევე მოიცავს გამოვლენილი ნების დაცვას და განსაკუთრებული, კანონით გათვალისწინებული საგანგებო შემთხვევის გარეშე, მისი გაუქმების დაუშვებლობას.

 

სადავო „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 07 ნოემბრის N5------ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბერის N5------ დადგენილებით საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებში მეორე ტურის ხმის მიცემის პროცედურები გაგრძელდა ადგილობრივი დროით 24 საათამდე, რითაც სხვა ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ საშუალება თავისუფლად მიიღონ მონაწილეობა 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რისი უფლებაც საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული. ამდენად, გასაჩივრებული ნორმატიული აქტი წარმოადგენს უფლების მიმნიჭებელ ნორმას, რომლითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისათვის უზრუნველყოფილია საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა.

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, რომ სახეზეა სწორედ ის გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილია კენჭისყრის ჩატარების ვადა საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებში გაზარდოს არჩევნების (კენჭისყრის) დღის 24 საათამდე.

 

7.4. სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბერის N5------ დადგენილება სრულად შესაბამისობაშია საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესთან. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების დაცვა წარმოადგენდა სადავო ნორმატიული აქტის მიღების ლეგიტიმურ მიზანს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამონაკლისის დაშვების საფუძველს, რითაც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეების მიეცათ შესაძლებლობა თავისუფლად მიიღონ მონაწილეობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული დადგენილება კანონიერია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს საარჩევნო კოდექსს.

 

7.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა(ა)იპ ს-------–------ო გ----------–--ბა - საქართველოს და ა(ა)იპ ს--------–---- არჩევნებისა და დ------------ს ს-------–------ო საზოგადოების სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები მოიცავს სახელწიფო ბაჟს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოარჩელე ა(ა)იპ ს-------–------ო გ----------–--ბა - საქართველოს მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, რაც უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო მოსარჩელე ა(ა)იპ ს--------–---- არჩევნებისა და დ------------ს ს-------–------ო საზოგადოებას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე მუხლებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2, მე-14, მე-60 მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ა(ა)იპ ს-------–------ო გ----------–--ბა - საქართველოსა და ა(ა)იპ ს--------–---- არჩევნებისა და დ------------ს ს-------–------ო საზოგადოების სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე ა(ა)იპ ს-------–------ო გ----------–--ბა - საქართველოს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. მოსარჩელე ა(ა)იპ ს--------–---- არჩევნებისა და დ------------ს ს-------–------ო საზოგადოებას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გ-------– რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე