განაჩენი

სისხლის სამართლის 26.10.2018
საქმის ნომერი
160100118002456691
დავის ტიპი
260 3 ა
თარიღი
26.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100118002456691

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

#1/132-18 26 ოქტომბერი 2018 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031170518004)

მოსამართლე - თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი - დიანა ქოჩორაშვილი, თამთა როყვა,ნათია მიქელაძე, ვერიკო ნინიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: სოფიკო ფცქიალაძე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ნანო გუჯაბიძე, ალექსანდრე ამირხანაშვილი

 

ბრალდებული: ა--- ნ-------–---–ი

მამის სახელი: ჯასუღი

დაბადებული: 1-----–-–---------–---

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ქ. თბილისი, გ. ათონელის ქ.N10

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გედევანიშვილის N27

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. ა--- ნ-------–---–მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 17 მაისს, დაახლოებით 16:30 საათზე, მარნეულის რაიონში, ,,წითელი ხიდის’’ გამშვებ პუნქტზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე ა--- ნ-------–---–ი. საბაჟო კონტროლის გავლისას, კერძოდ ა--- ნ-------–---–ის ხელბარგის დათვალიერებისას ჩემოდანში მოთავსებული სპორტული შარვლის ჯიბეში ნაპოვნი იქნა ა--- ნ-------–---–ის მიერ უკანონოდ შენახული ნარკოტიკული საშუალების შემცველი 1 (ერთი) ცალი სამკუთხა ფორმის ტაბლეტი წარწერით ,, TESLA”. ქიმიური ექსპერტიზის N1195/სქ-1452/ქრ დასკვნის თანახმად, აღნიშნული ტაბლეტი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება -მდმა-ს (3,4 -მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) წონით - 0,1235 გრამს.

 

1.2. ა--- ნ-------–---–მა ჩაიდინა საქართველოში ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონოდ შემოტანა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 17 მაისს, დაახლოებით 16:30 საათზე, მარნეულის რაიონში, ,,წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე ა--- ნ-------–---–ი, რომელმაც საქართველოში უკანონოდ შემოიტანა მის მიერ უკანონოდ შენახული 0,1235 გრამი ნარკოტიკული საშუალება - მდმა (3,4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) 1 (ერთი) ცალი ტაბლეტის სახით წარწერით ,,TESLA”, რასაც ა--- ნ-------–---–ი უკანონოდ ინახავდა ხელბარგში, კერძოდ ჩემოდანში მოთავსებულ სპორტული შარვლის ჯიბეში და ნაპოვნი იქნა საბაჟო კონტროლის დროს.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ა--- ნ-------–---–ის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა და საქართველოში შემოტანა, შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3.1. დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა, საქართველოში ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონოდ შემოტანა.

 

საბაჟო გამშვები პუნქტის ,,წითელი ხიდის" უფროსის ვახტანგ კორძახიას წერილით ირვევა, რომ მან მიმართა შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს კ. ხორბალაძეს და აცნობა, რომ 2018 წლის 17 მაისს ს.გ.პ. ,,წითელი ხიდის" კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე ა--- ნ-------–---–ი, რომლის ხელბარგის დათვალიერებისას აღმოჩნდა მწვანე ფერის სამკუთხედის ფორმის აბი წარწერით ,,TESLA", რომელიც დაილუქა საბაჟო წებოვანი ლუქით N0490118. წერილში ასევე მითითებული იყო, რომ დანართის სახით წარუდგენდა მას ხელბარგის დათვალიერების ოქმს N248 და დალუქულ პოლიეთელინის პაკეტს, სადაც მოთავსებული იყო ზემოაღნიშნული აბი.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეულ იქნა 2018 წლის 17 მაისის მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი N248. ოქმის შედგენის ადგილია ს.გ.პ. ,,წითელი ხიდი“. დათვალიერება ჩაუტარდა საქართველოს მოქალაქე ა--- ნ-------–---–- პ/ნ 0----------. აღნიშნული დათვალიერება ჩატარებულ იქნა მთავარი მებაჟე-ოფიცრის ანა შალიკიანის მიერ. დათვალიერება მიმდინარეობდა 16:27 საათიდან 16:50 საათამდე. დათვალიერების მიზნით ჩატარდა: ფიზიკური დათვალიერება, სხეულის სკანერით დათვალიერება, ხელბარგის დათვალიერება. დათვალიერება ჩატარდა სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. ოქმში მითითებულია, რომ აღმოჩენილი ნივთიერი მტიცებულებებს წარმოადგენს 1 (ერთი) აბი, სამკუთხედის ფორმის, მწვანე ფერის, წარწერით ,,TESLA”, სავარაუდოდ ე.წ. „ექსტაზი“, რომელიც ხელბარგში იყო მოთავსებული. ოქმის თანახმად ნივთიერ მტკიცებულება დაილუქა N0490118 ლუქით. ოქმის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს ანა შალიკიანი, ოქმზე ასევე აღინიშნება ა--- ნ-------–---–ის ხელმოწერაც.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ანა შალიკიანი. მან განმარტა, რომ 2011 წლიდან მუშაობს საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი". 2017 წლის ოქტომბრიდან კი მთავარი მებაჟე-ოფიცრის პოზიციაზე. 2018 წლის 17 მაისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. სასაზღვრო კონტროლის გავლისას მის მიერ შემოწმებულ იქნა საქართველოს მოქალაქე ა--- ნ-------–---–ი. დათვალიერებისას მას პირადად არ აღმოაჩნდა კანონსაწინააღმდეგო ნივითი ან ნივთიერება. ამის შემდეგ დათვალიერდა მისი ხელბარგი, სადაც აღმოჩნდა ერთი აბი წარწერით ,,TESLA", ე.წ. ,,ექსტაზი". ანა შალიკიანმა განმარტა, რომ მას ბრალდებულმა ა--- ნ-------–---–მა დაუდასტურა, რომ მის ხელბარგში აღმოჩენილი ტაბლეტი იყო ექსტაზი, რომლის მოხმარებაც დაავიწყდა და ჰქონდა შარვლის ჯიბეში. მოწმემ განმარტა, რომ მან ამოიღო და დალუქა ნარკოტიკული საშუალება, ასევე აღნიშნულის თაობაზე აცნობა გიორგი ხაბელაშვილს, ცვლის უფროსს. ნარკოტიკული საშუალება დალუქულ იქნა ლუქით, რომელიც არის უნიკალური და არ მეორდება. ანა შალიკიანმა ასევე დაადასტურა, რომ შედგენილ იქნა ოქმი, სადაც აღნიშნულია თავად ა--- ნ-------–---–ის ხელმოწერაც. მოწმემ განმარტა, რომ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი აბი ამოღებულ იქნა სპორტული შარვლის ჯიბიდან, აბი მოთავსებულ იყო ფოლგის ქაღალდში, შარვალი კი იდო წითელ ჩემოდანში. მოწმემ განმარტა, რომ მან ფოლგა არ მიუთითა დათვალიერების ოქმში, რადგანაც ფოლგა არ იყო კანონსაწინააღმდეგო. ანა შალიკიანმა მიუთითა, რომ როგორც აღმოაჩინა ისევე დალუქა, ფოლგიანად გადაახვია და რამდენჯერ გადაახვია არ ახსოვს(იხ. 2018 წლის 27 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი 15.30.27 საათიდან 15.31.11 საათამდე). ანა შალიკანმა დაადასტურა, რომ საქმის მასალები გადაეცა საგამოძიებო სამსახურს. მასალები გადასცა ხელმძღვანელობამ.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა ასევე გიორგი ხაბელაშვილი. მან განმარტა, რომ მუშაობს შემოსავლების სამსახურში, საბაჟო გამშვები პუნქტის,,წითელი ხიდის" ცვლის უფროსის თანამდებობაზე. მოწმის განმარტებით 2018 წლის 17 მაისს მას ანა შალიკიანმა შეატყობინა, რომ შეჩერებული ჰყავდა ა--- ნ-------–---–ი, რომელსაც შემოწმების შედეგან აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბი ,,TESLA". აღმოჩენილი ტაბლეტი მოთავსებულ იქნა ფაილში და დაილუქი წითელი წებოვანი ლუქით, რომელსაც აქვს უნიკალური ნომრები. გიორგი ხაბელაშვილმა დაადასტურა, რომ ა--- ნ-------–---–მა შემოწმებისას დაადასტურა, რომ აღნიშნული აბი შეიძინა თურქეთში, იყო ექსტაზი და დაავიწყდა მისი მოხმარება. გიორგი ხაბელაშვილმა დაადასტურა, რომ დალუქვის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, წერილობით აღნიშნული ფაქტის შესახებ აცნობა მარნეულის რაიონულ სამმართველოს. ასევე განმარტა, რომ წერილის ამობეჭდილი ვარიანტი ხელზეც გადასცა გამომძიებელს. გ. ხაბელაშვილმა განმარტა, რომ წერილი და დალუქული პაკეტი ინახებოდა მის ოთახში, რომელიც შემდეგ გადასცა ანა შალიკიანს, ანამ კი გადასცა გამომძიებელს. გიორგი ხაბელაშვილის განმარტებით ა--- ნ-------–---–ის შემოწმებისას აღმოჩენილი ტაბლეტი იყო მწვანე ფერის, მომწვანო ფერის, სალათისფერი. გიორგი ხაბელაშვილმა დამატებით შეკითხვაზე განმარტა, რომ წერილი გამომძიებელს გადასცა თავად, ხოლო პაკეტი გადასცა ანა შალიკიანმა.

 

2018 წლის 17 მაისის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დათვალიერება მიმდინარეობდა მარნეულის რაიონული სამმართველოს ალგეთის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, 20:55 დან 21:05 საათებში, ხელოვნური განათების პირობებში, წინააღმდეგობის გარეშე, წყნარ და მშვიდ ვითარებაში. დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ ანა შალიკიანს მიეცა წინადადება წარედგინა დასათვალიერებელი ობიექტი, რაზედაც მან განაცხადა თანხმობა. ოქმის თანახმად დათვალიერებულ იქნა ა--- ნ-------–---–ისაგან ამოღებული მწვანე ფერის სამკუთხედი ფორმის ერთი აბი წარწერით ,,TESLA”, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მოთავსებული იყო ე.წ. ,,ფაილ’’-ში და დალუქული შემოსავლების სამსახურის ერთი ცალი ლუქით 0490118, აღნიშნული ლუქი წითელი ფერისაა და შუა ნაწილში აქვს საქართველოს სახელმწიფო გერბი. დათვალიერების ოქმზე დაფიქსირებულია დათვალიერებაში მონაწილე ანა შალიკიანის ხელმოწერა და დათვალიერების ჩამტარებელი პირის და ოქმის შემდგენის ოსმან ბაბანლის ხელმოწერა. დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერების ობიექტი ამოღებული და დალუქული არ ყოფილა.

 

2018 წლის 17 მაისის მგზავრის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დათვალიერება მიმდინარეობდა მარნეულის რაიონული სამმართველოს ალგეთის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, 21:10 საათიდან 21:20 საათამდე, ხელოვნური განათების პირობებში, წინააღმდეგობის გარეშე, წყნარ და მშვიდ ვითარებაში. დათვალიერებულ იქნა საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ მებაჟე-ოფიცრის ანა შალიკიანის მიერ შევსებული მგზავრების ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების ოქმი. მგზავრის ხელბარგის დათვალიერების ოქმის შედგენის თარიღად მითითებულია 2018 წლის 17 მაისი, შევსების ადგილად კი ს.გ.პ. ,,წითელი ხიდი“, ოქმი შედგენილია მებაჟე ოფიცერ ანა შალიკიანის მიერ. აღნიშნულ ოქმში მითითებულია ხელბარგის მფლობელის ვინაობა ა--- ნ-------–---–ი (პ/ნ0----------), მოქალაქის ხელბარგის დათვალიერების შედეგად ხელბარგში აღმოჩნდა სამკუთხედის ფორმის მწვანე ფერის 1 (ერთი) აბი წარწერით ,,TESLA”, სავარაუდოდ ,,ექსტაზი“. ოქმს ბოლოში აქვს ხელმოწერები. აღნიშნული ოქმის ნომერია 248.

 

სისხლის სამართლის N031170518004 საქმეზე დანიშნული ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის დასკვნით N7011026 დგინდება, რომ ა--- ჯასუღის ასული ნ-------–---–ი კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ.

ბიომასალა შემოწმდა იმუნოქრომტესტით:ნარკოტიკული საშუალება: ოპიუმის ჯგუფი, ბუპრენორფინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მარიხუანა), მეტადონი, კოკაინი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, მდმა (ექსტაზი), ტრამადოლი, jWH-018/Jwh-073/jWH-200/jWH-398 (სინთეზური კანაბინოიდები), ფსიოტროპული ნივთიერება. შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება არ დადგინდა, ფსიქოტროპული ნივთიერება არ დადგინდა.

2018 წლის 17 მაისის დაკავების ოქმის თანახმად ირკვევა, რომ ა--- ნ-------–---–ი დაკავებულ იქნა 2018 წლის 17 მაისს 21:25 საათზე. დაკავება განახორციელა და დაკავების ოქმი შეადგინა მარნეულის რაიონული სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელმა თამარ ჩუბინიძემ.

 

2018 წლის 18 მაისს შედგენილი ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით N1195/სქ-1452/ქრ ირკვევა, რომ აღნიშნული დასკვნა შეადგინა ექსპერტებმა ნათია წიკლაურმა და სოფიო ცქვიტაიამ. დათვალიერდა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ერთი პაკეტი, დალუქული მოწითალო წებოვანი ლენტით, რომელზეც აღინიშნება გერბის გამოსახულება და წარწერა ,,შემოსავლების სამსახური სერია : აN0490118. ვიზუალური დათვალიერებით პაკეტის და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო. პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა: ერთი ცალი მოყვითალო-მომწვანო, სამკუთხა ფორმის ტაბლეტი, ერთ მხარეს ამოტვიფრული ლოგოთი წარწერით ,, TESLA”, წონით - 0,4416 გრამი. პაკეტში ასევე მოთავსებული იყო ვერცხლისფერი ფოლგის ნაჭერი.

ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ 1 (ერთი) ცალი მოყვითალო-მომწვანო, სამკუთხა ფორმის ტაბლეტი, ერთ მხარეს ამოტვიფრული ლოგოთი წარწერით ,, TESLA”, წონით - 0,4416 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება -მდმა-ს (3,4 -მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს), წონით - 0,1235 გრამს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ ექსპერტები სოფიო ცქვიტაია და ნათია წიკლაური. სოფიო ცქვიტაიამ განმარტა, რომ მისი კვლევა ეხებოდა წარმოდგენილი აბის შემცველობა, რაოდენობას. მან დაადასტურა აღნიშნული დასკვნის სისწორე.

 

ნათია წიკლაურმა განმარტა, რომ მათ საკვლევად გადაეცათ ერთი პაკეტი, რომლის მთლიანობაც დარღვეული არ ყოფილა, იყო უფერო გამჭირველე. ექსპერტმა განმარტა, რომ ფერებს ყველა სხვადასხვაგვარად აღვიქვამთ, აბი იყო ფოსფორისფერი, თუმცა ამას ვერ მიუთითებდა და დაწერა მოყვითალო-მომწვანო. ნათია წიკლაურმა დაადასტურა გაცემული დასკვნის სისწორე.

 

მოწმის სახით სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი ოსმან ბაბანლი. მან განმარტა, რომ მას დაუკავშირდამარნეულის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე კობა ხორბალაძე, რომელმაც შეატყობინა, რომ საბაჟოდან შემოსული იყო წერილი და წასულიყო საბაჟო გამშვებ პუნქტ ,, წითელ ხიდზე". ოსმან ბაბანლიმ განმარტა, რომ მივიდა გიორგი ხაბელაშვილთან, მოაწერა ხელი წერილის ასლს, გადაეცა ნივთიერ მტკიცებულება და დათვალიერების ოქმი. ამის შემდეგ მებაჟე ოფიცერთად ანა შალიკიანთან და ბრალდებულ ა--- ნ-------–---–თან ერთად წამოვიდა განყოფილებაში. დაიწყო გამოძიება და გამოკითხა ანა შალიკიანი, დაათვალიერა ნარკოტიკული საშუალება. ოსმან ბაბანლიმ განმარტა, რომ ნარკოტიკი დალუქული იყო მებაჟის მიერ, იყო სალათისფერი, მომწვანო, ა--- ნ-------–---–მა კი განმარტა, რომ აღნიშნული ჰქონდა პირადი მოხმარებისათვის. ოსმან ბაბანლიმ განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალება კონკრეტულად ვის გამოართვა არ ახსოვს, წერილი ცვლის უფროსის მაგიდაზე იყო, სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი აბიც იყო მაგიდაზე. ოსმან ბაბანლიმ დაადასტურა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ამოღების ოქმი მის მიერ შედგენილი არ ყოფილა. ფაილი კი სადაც იყო მოთავსებული აბი, იყო გამჭირველე, დალუქული იყო საბაჟოს ლუქით.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას თამარ ჩუბინიძემ განმარტა, რომ მუშაობს მარნეულის რაიონულ სამმართველოში. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩართული იყო საგამოძიებო ჯგუფში, მოახდინა ა--- ნ-------–---–ის ბრალდებულის სახით დაკავება და გააცნო უფლებები, გადასცა შესაბამისი ოქმები, წარადგინა შემოწმებაზე და მის მიერვე შესახლებულ იქნა მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორში.

 

3. სამართლებრივი შეფასება.

 

3.1. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაწესებულია მტკიცებულების შეფასების წესი, რომლის თანახმადაც მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის თანახმად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესების ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები ,,ამ კოდექსის“- საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით. მტკიცებულების უტყუარობა პირველ რიგში უკავშირდება, მისი მოპოვების ხერხის კანონიერებას. კონსტიტუციით დადგენილ ღირებულებათა სისტემა მოითხოვს მართლმსაჯულების განხორციელებას პიროვნული თავისუფლების და ადამიანის ღირსების პატივისცემით, კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისი ხერხითა და საშუალებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართალწარმოების და მტკიცებულებათა მოპოვების წესის მკაცრი საკნონმდებლო რეგულირების გარეშე იქმნება სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის საფრთხე.

 

შესაბამისად სასამართლო განმარტავს, რომ გამოძიებისას მტკიცებულებათა მოპოვებისას დაცულ უნდა იქნეს არა მარტო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი მოთოვნები, არამედ სხვა კანონმდებლობაც, რომელთა განხორციელების მეშვეობითაც ხდება მტკიცებულების მოპოვება. ერთ-ერთი მათგანის არსებითი დარღვევა კი მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლობის და არგაზიარების უპირობო საფუძველია. შესაბამისად თუ მტკიცებულების მოპოვებისას დაცულია სხვა კანონმდებლობით დადგენილი რეგულაცია და გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, მსგავსი მტკიცებულება საფუძვლად ვერ დაედება პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ მტკიცებულებათა უკანონოდ მოპოვება არ შეიძლება იქნეს გამართლებული ყველაზე მძიმე კატეგორიის დანაშაულში პირის მხილების ან/და ორგანიზებული დანაშაულის გამოძიების სირთულეებითაც კი. წინააღმდეგ შემთხევაში მართლმსაჯულების განხორციელება გასცდება კანონის ჩარჩოებს და გადაიქცევა შეუზღუდავი ძალაუფლების იარაღად, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის პიროვნული თვისუფლების აღიარების კონსტიტუციურ სტანდარტს.

 

3.2. აღნუშნული პრინციპების და დანაწესის გათვალისწინებით სასამართლო სისხლის სამართლის საქმეზე ა--- ნ-------–---–ის მიმართ აფასებს ნივთიერი მტკიცებულების ნარკოტიკული საშუალების შემცველი 1 აბის მოპოვების და მისი საქმეზე საპროცესო კოდექსით დადგნეილი წესით დამაგრების საკითხს. საქმის მასალების თანახმად ნივთიერ მტკიცებულება ა--- ნ-------–---–ის ხელბარგისა და ბარგის დათვალიერების ოქმთან ერთად გადაეცა მარნეულის რაიონულ სამმართველოს. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მებაჟე-ოფიცერმა ანა შალიკიანმა განმარტა, რომ მან ნივთიერი მტკიცებულება გადასცა ხელმძღვანელობას, ხელმძღვანელობამ კი გამომძიებელს. სასამართლოზე ასევე დაიკითხა ს.გ.პ. ,,წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი გიორგი ხაბელაშვილი, რომელმაც განმარტა, რომ მგზავრის ხელბარგისა და ბარგის დათვალიერების ოქმი თავად გადასცა გამომძიებელ ოსმან ბაბანლის, ხოლო ნივთიერი მტკიცებულება დაუბრუნა ანა შალიკიანს, რომელმაც გადასცა გამომძებელს. გამომძიებელმა ოსმან ბაბანლიმ განმარტა, რომ ნარკოტიკული საშულება საბაჟო გამშვებ პუნქტზე მისვლისას კონკრეტულად ვის გამოართავ არ ახსოვს, წერილი კი იყო საბაჟო გამშვვები პუნქტის ცვლის უფროსის მაგიდაზე, სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი აბიც იყო მაგიდაზე, რომელიც თავად აიღო. მტკიცებულებათა გამოკვლევისას ვის მიერ გადაეცა აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულება გამომძიებელ ოსმან ბაბანლის ვერ დგინდება, თუმცა ყველა დაკითხული მოწმის ჩვენება ადასტურებს, რომ ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბი გამომძებელს გადაეცა ს.გ.პ.,,წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე.

 

2018 წლის 17 მაისის დათვალიერების ოქმების თანახმად ირკვევა, რომ დათვალიერდა ა--- ნ-------–---–ის ხელბარგის დათვალიერებისას ამოღებული აბი და მგზავრის ხელბარგის დათვალიერების ოქმი N248. დათვალიერების დაწყებამდე კი საქმის მასებში განთავსებულია ოქმი თანხმობის შესახებ, სადაც ანა შალიკიანი თანხმობას აცხადებს დათვალიერდეს ა--- ნ-------–---–ისაგან ამოღებული სავარაუდო ნარკოტიკული საშუალება და მგზავრის ბარგის დათვალიერების ოქმი.

 

საქართველოს სსსკ-ის 125-ე მუხლის თანახმად დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით მხარეს უფლება აქვს, დაათვალიეროს შემთხვევის ადგილი, საცავი, სადგომი, სათავსი, გვამი, საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, ის ტარდება სასამართლოს განჩინებით. სასამართლოს განჩინება არ არის აუცილებელი, როდესაც მხარე დათვალიერებას ატარებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან მესაკუთრე (მფლობელი) წერილობით გამოხატავს თანხმობას.

 

შესაბამისად ირკვევა, რომ ა--- ნ-------–---–მა თანხმობა განაცხადა იმ ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერებაზე, რომელიც გამომძიებელს გადაეცა ს.გ.პ. ,,წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე და ფაქტიურად გავიდა მისი მფლობელობიდან. ანუ ანა შალიკიანი არ იყო ის სუბიექტი ვისი წერილობითი თანხმობის შემთხვევაშიც გამომძიებელი უფლებამოსილი იქნებოდა დაეთვალიერებინა ნივთიერ მტკიცებულებანი.

 

საქართველოს სსსკ-ის 126-ე მუხლის თანახმად დათვალიერების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ იქნეს, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და შესაძლებლობის შემთხვევაში შეიფუთოს. შეფუთულ ნივთზე ლუქის გარდა აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, რომლებიც მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებაში. დათვალიერებაში მონაწილე პირს უფლება აქვს, მხარის ყურადღება მიაპყროს ყველაფერს, რამაც, მისი აზრით, შეიძლება ხელი შეუწყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოვლენას. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამომძიებლის მიერ, რაც დაფიქსირებულია 2018 წლის 17 მაისის დათვალიერების ოქმებში ნივთიერი მტკიცებულებანი არ ამოუღია და არც დაულუქავს. დათვალიერების ოქმს მხოლოდ ერთვის გამომძიებლის ოსმან ბაბანლის და მებაჟე-ოფიცერ ანა შალიკიანის ხელმოწერები. საგულისხმოა, რომ დათვალიერებაში ასევე მონაწილეობა არ მიუღია ა--- ნ-------–---–-აც.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი აბის დათვალიერებისას გამომძიებელმა დათვალიერების ოქმში მიუთითა, რომ დათვალიერების ობიექტს წარმოადგენდა მწვანე ფერის სამკუთხედი ფორმის ერთი აბი წარწერით ,,TESLA”, რომელიც მოთავსებული იყო ფაილში. დაკითხვისას მოწმე ანა შალიკიანმა განმარტა, რომ მან ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო ა--- ნ-------–---–ის ჩემოდანში არსებული სპორტული შარვლის ჯიბიდან, რომელიც მოთავსებული იყო ფოლგის ქაღალდში, აღმოჩენის შემდეგ კი ისევე დალუქა როგორც აღმოაჩინა, გადაახვია და ფოლგიანად ჩადო ე.წ. ,,ფაილში“. ფოლგა არ არის გამჭირვალე, შესაბამისად მასში არსებული საგნის ნიშან თვისებების აღწერა შეუძლებელია გამოთავისუფლების გარეშე. შესაბამისად თუ გავიზიარებთ ანა შალიკიანის ჩვენებას, რომ მან აბი გადაახვია ფოლგაში და ჩადო ე.წ. ,,ფაილში, გამომძიებელი ვერ შეძლებდა ფოლგაში შეხვეული აბის შეფერილობის და მასზე არსებული წარწერის წაკითხვას. 2018 წლის 18 მაისს შედგენილი ქიმიური ექსპერტიზის N1195/სქ-1452/ქრ დასკვნის აღწერილობით ნაწილში კი მითითებულია, რომ უფერო, გამჭირვალე პოლიეთელინის პაკეტში აღმოჩნდა მოყვითალო-მომწვანო, სამკუთხა ფორმის ტაბლეტი, წარწერით ,,TESLA” და ვერცხლისფერი ფოლგის ნაჭერი. საგულისხმოა, რომ ფოლგის ნაჭრის თაობაზე არ არის მითითებული არც ანა შალიკიანის მიერ შედგენილ მგზავრისა და ხელბარგის დათვალიერების ოქმში და არც გამომძიებლის მიერ 2018 წლის 17 მაისის ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერების ოქმში. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ 2018 წლის 17 მაისს ნივთიერი მტკიცებულების ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი 1 აბის და 2018 წლის 17 მაისის მგზავრისა და ხელბარგის დათვალიერების ოქმის დათვალიერება ჩატარდა საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით და მას სასამართლო ვერ გაიზიარებს მტკიცებულების დასაშვებობის ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით.

 

სასამართლო ასევე საჭიროდ მიიჩნევს, რომ შეაფასოს გამომძიებლისათვის მიერ ს.გ.პ. ,,წითელი ხიდის" ტერიტორიაზე ნივთიერი მტკიცებულების ნარკოტიკული საშულების და დათვალიერების ოქმის გადაცემის ფაქტი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად გამოძიება – უფლებამოსილი პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობაა, რომლის მიზანია დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვება. შესაბამისად გამომძიებელი ვალდებულია მტკიცებულებანი შეაგროვოს და მოიპოვოს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს სსსკ-ის 119-ე მუხლის თანახმად დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში ამოღება და ჩხრეკა ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოჩენილ და ამოღებულ იქნეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი შეიძლება ამოღებულ იქნეს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ინახება გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან და მისი ძებნა საჭირო არ არის. საქმის მასალების თანახმად ირკვევა, რომ გამომძიებლისათვის ცნობილი იყო, რომ მებაჟე-ოფიცერ ანა შალიკიანთან და ცვლის უფროსის გიორგი ხაბელაშვილის კაბინეტში ინახებოდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბი და მგზავრის ხელბარგისა და ბარგის დათვალიერების ოქმი, რომლიც მნიშვნელოვანი იყო მის წარმოებაში არსებული საქმისათვის, შესაბამისად იგი ვალდებული იყო ჩაეტარებინა საგამოძიებო მოქმედება ამოღება და კანონის მოთხოვნათა წესით დაემაგრებინა აღნიშნული მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეზე.

 

რაც შეეხება 2018 წლის 18 მაისს შედგენილი ქიმიური ექსპერტიზის N1195/სქ-1452/ქრ დასკვნის სასამართლო განმარტავს, რომ თანახმად საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლისა არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეში ა--- ნ-------–---–ის მიმართ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი კანონის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებული და საპროცესო ნორმებით დამაგრებული გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებანი.

 

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).

 

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ ა--- ნ-------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ბრალდებული ა--- ნ-------–---–ი უნდა გამართლდეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშაულების უკანონო შენახვაში, რაც იწვევს მის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, საქართველოში ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონოდ შემოტანაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა--- ნ-------–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

 

ა--- ნ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ა--- ნ-------–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დაბრაზიდან.

 

ა--- ნ-------–---–- უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი აბი განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

მგზავრის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების ოქმი, რომელიც ერთვის სისხლის სამართის საქმეს, შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე