გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210018002542430
N 2/669-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14.11.2018 წ. ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე
მოსარჩელე: ზ----- ლ----------,წარმომადგენელი: მ---- დ---------ე,მოპასუხე: სსიპ ქონების ეროვნული სააგენტო,წარმომადგენელი: მ-------- კ-------ე,დავის საგანი: ქონების უმკვიდროდ ცნობა, მესაკუთრედ აღიარება,აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. პ--–---- ს---------ს სახელზე პრივატიზებული უძრავი ქონების, მდებარე თ--------–-ს რაიონის სოფელ ჭ-------–ი ცნობილ იქნას უმკვიდროდ.
1.2. პ--–---- ს---------ს სახელზე პრივატიზებული უძრავი ქონება, მდებარე თ--------–-ს რაიონის სოფელ ჭ-------–ი, უსასყიდლოდ გადაეცეს საკუთრებაში ზ----- ლ----------ს.
მოსარჩელის პოზიცია
სადავო საცხოვრებელი სადგომი, მდებარე თ--------–-ს რაიონის სოფელ ჭ-------–ი, წარმოადგენდა ეკლარის კარიერსამმართველოს საკუთრებას, რომლესაც ფლობდა და მასში ცხოვრობდა პ--–---- საფონოვა. 1993 წლის 30 ნოემბერს მან საკუთრებაში მიიღო აღნიშნული საცხოვრებელი ბინა პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე. მოსარჩელე არის ლტოლვილი გალის რაიონიდან. საცხოვრებლად ჩამოვიდა თერჯოლაში და 1000 აშშ დოლარის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომი შეიძინა საფონოვასაგან, მაგრამ ნოტარიალური წესით მისი გაფორმება არ მომხდარა. მის შემდეგ ზ----- ლ----------ს ოჯახი ცხოვრობს საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე, რომელიც მიღებული აქვს პ--–---- ს---------საგან. იხდის კომუნალურ გადასახადებს. სახლს გაუკეთა კაპიტალური რემონტი.
მოსარჩელის მითითებით პ--–---- საფონოვა იყო მარტოხელა, იგი გარდაიცვალა 1993 წლის 29 დეკემბერს და დაკრძალულია სოფელ ჭ-------–ი. მას შვილი არ ჰყავდა, არც ახლო ნათესავი, ასევე არ ჰყავს მემკვიდრეები. მისი დანაშთი სამკვიდრო ქონების თაობაზე დღემდე არავის მიუმართავს ნოტარიუსისათვის და არც ზ----- ლ----------სათვის არ განუცხადებია პრეტენზია საცხოვრებელი სადგომის მფლობელობისათვის, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის, რომლის საცხოვრებელი ფართია 104.53 კვ.მ., ხოლო დამხმარე ნაგებობის ფართია 8.66 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია 1207 კვ.მ. უმკვიდროდ ცნობას და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების სააგენტომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, ქონების უმკვიდროდ ცნობისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. მოსარჩელე ზ----- ლ---------- არ წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლე პირს.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით მოსარჩელე არ წარმოადგენს ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით ,,მოსარგებლედ“ მიჩნეულ პირს, ვინაიდან მტკიცებულებებით არ დასტურდება მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის ხელშეკრულების არსებობა საცხოვრებელ სადგომთან დაკავშირებით; საქმეს არ ერთვის კომუნალური მომსახურების ქვითრები, არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია ამავე მისამართზე რეგისტრირებული პირების შესაძლო პრეტენზიის შესახებ დავის საგანთან დაკავშირებით; არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია პ--–---- ს---------ს კანონისმიერი, ასევე ანდერძისმიერი მემკვიდრეების შესახებ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 1993 წლის 30 ნოემბერს პ--–---- რ-----ის ასულ ს---------სა და ეკლარის კარიერსამმართველოს წარმომადგენელს შორის დაიდო პრივატიზაციის ხელშეკრულება და პ--–---- ს---------ს საკუთრებაში გადაეცა ეკლარის კარიერსამმართველოს კუთვნილი საცხოვრებელი ბინა ორი ოთახი ფართით 24 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- პრივატიზაციის ხელშეკრულება;
- მხარეთა განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. პ--–---- ს--------- გარდაიცვალა 1993 წლის 29 დეკემბერს და დაკრძალულია თ--------–-ს რაიონის სოფელ ჭ-------ის სასაფლაოზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- გარდაცვალების მოწმობა
- მოსარჩელის განმარტება;
- მოწმეთა ჩვენებები.
3.2.2. 1993 წლის 30 ნოემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ პ--–--ა ს---------მ საკუთრებაში მიღებული ოროთახიანი ბინა 1000 აშშ დოლარად დაუთმო ზ----- ლ----------ს, რომელიც არის ლტოლვილი გალის რაიონიდან. პ--–---- ს--------- გადავიდა საცხოვრებლად თავის ახლობლებთან. ზ----- ლ---------- კი მის შემდეგ აგრძელებს ცხოვრებას ამ საცხოვრებელ სადგომში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
_ მოსარჩელის განმარტება;
_ მოწმეთა ჩვენებები.
3.2.3 უძრავი ქონება მდებარე თ--------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ-------–ი ამჟამად შედგება საცხოვრებელი ფართის 104.53 კვ.მ. დამხმარე ნაგებობის ფართის 8.66 კვ.მ. და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 1207 კვ.მეტრისაგან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
_ ექსპერტიზის დასკვნა;
_ მოსარჩელის განმარტება;
3.2.4 ზ----- ლ---------- ფიზიკურად რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობს თ--------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ-------–ი. ზ----- ლ----------ს მოსარგებლობის უფლება უძრავ ნივთზე მდებარე: თ--------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ-------–ი დასტურდება სადაო საცხოვრებელ სადგომზე მოწმეთა ჩვენებებით, საცხოვრებელი სადგომის ფლობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
_ მერის წარმომადგენლის მ/შ მიერ გაცემული ცნობა;
_ მოსარჩელის განმარტება;
_ მოწმეთა ჩვენებები.
3.2.5. ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 1993 წლის 29 დეკემბერს გარდაცვლილი პ--–---- ს---------ს სამკვიდრო ქონების თაობაზე. საჯარო რეესტრში და ტექნიკური აღრიცხვის არქივში პ--–---- ს---------ს მიმართ უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
_ ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან;
_ გადაწყვეტილება რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ;
_ მოსარჩელის განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზ----- ლ----------ს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
”საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების” შესახებ საქართველოს კანონი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე და 1343-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად აღნიშნული კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. გარდა ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ან საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობისა.
სასამართლო განმარტავს, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სპეციალურ მოწესრიგებას მოითხოვს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე წარმოშობილი ურთიერთობა. ამდენად, მხოლოდ ზემოაღნიშნული კანონი განსაზღვრავს იმ ფაქტობრივ გარემოებათა წრეს, რომლის არსებობის შემთხვევაში იარსებებს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობა.
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია, მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი).
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ყველა აღნიშნული პირობა სახეზეა და ზ----- ლ---------- უფლებამოსილია აღძრას სარჩელი აღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე.
6.2. ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციით, კომუნალური გადასახადების გადახდით ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდით.
მოცემულ შემთხვევაში მოწმეების თ---------- ლ------ს, ო----- კ------ის და დ----- ჭ------–-–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ პ--–---- ს---------მ პრივატიზაციით საკუთრებაში მიიღო ეკლარის კარიერსამმართველოდან ორი ოთახი და პრივატიზაციით მიღებული საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის უფლება დაუთმო ზ----- ლ----------ს გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდის სანაცვლოდ. კერძოდ აღნიშნული საცხოვრებელი სადგომის სანაცვლოდ მიიღო 1000 აშშ დოლარი. ზ----- ლ---------- ფაქტიურად დაეუფლა აღნიშნულ საცხოვრებელ სადგომს და ოჯახთან ერთად დღემდე ფლობს მას.
ზ----- ლ---------- წარმოადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე პ--–---- ს---------ს მიერ პრივატიზებული უძრავი ქონების, თ--------–-ს მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭ-------–ი მდებარე საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს. ზ----- ლ----------ს სადაო საცხოვრებელ სადგომზე სარგებლობის უფლება მოპოვებული აქვს სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე. აღნიშნული კი დასტურდება სადგომის ფაქტობრივი ფლობით, მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებული ფაქტით, რომ მოსარჩელემ გარკვეული ოდენობის საფასური გადაუხადა მესაკუთრეს. ამდენად ზ----- ლ----------ს სადაო საცხოვრებელ სადგომზე სარგებლობის უფლება მოპოვებული აქვს სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის გარიგების საფუძველზე და წარმოადგენს აღნიშნული კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი პუნქტით კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულ ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
ამავე კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თუ არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე.
მოცემულ შემთხვევაში, დადასტურდა მოსარჩელის მოსარგებლეობის სტატუსი, ასვე სახეზეა უმკვიდრო ქონება.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ 1993 წლის 30 ნოემბერს პ--–---- რ-----ის ასულ ს---------სა და ეკლარის კარიერსამმართველოს წარმომადგენელს შორის დაიდო პრივატიზაციის ხელშეკრულება და პ--–---- ს---------ს საკუთრებაში გადაეცა ეკლარის კარიერსამმართველოს კუთვნილი საცხოვრებელი ბინა ორი ოთახი ფართით 24 კვ.მ.
პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გახდა პ--–---- ს---------, რომელიც გარდაიცვალა 1993 წლის 29 დეკემბერს და პ--–---- ს---------ს გარდაცვალების შემდეგ აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს სამკვიდრო ქონებას. მას კანონისმიერი ან ანდერძისმიერი მემკვიდრეები არ დარჩენია. ს.ს.ი.პ. ,,საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ ინფორმაციით დადგენილია, რომ 1993 წლის 29 დეკემბერს გარდაცვლილი პ--–---- ს---------ს სამკვიდრო ქონების თაობაზე ჩანაწერი ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში რეგისტრირებული არ არის.
მოწმეების თ---------- ლ------ს, ო----- კ------ის, დ----- ჭ------–-–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ პ--–---- ს--------- იყო მარტოხელა და კანონისმიერი მემკვიდრე არ ჰყავდა. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, პ--–---- ს---------ს სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისთვის არც ანდერძისმიერ და არც კანონისმიერ მემკვიდრეს არ მიუმართავს.
ამდენად პ--–---- ს---------სათვის პრივატიზაციის ხელშეკრულებით საკუთრების უფლებით გადაცემული უძრავი ქონება ფაქტობრივი ფლობით მემკვიდრეებს არ მიუღიათ და არც სამკვიდრო მოწმობის გასაცემად მიუმართავთ, შესაბამისად არსებობს საფუძველი პ--–---- ს---------სათვის პრივატიზაციის ხელშეკრულებით გადაცემული უძრავი ქონება, თ--------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ-------–ი მდებარე საცხოვრებელი სადგომი ორი ოთახი ფართით 24 კვ.მ. ცნობილ იქნას უმკვიდროდ.
6.4. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ: მოსარჩელე იყოს მოსარგებლე; საცხოვრებელი სადგომი შედიოდეს სამკვიდრო მასაში; მესაკუთრე იყოს გარდაცვლილი; არ უნდა არსებობდეს მემკვიდრე, რომელმაც სამკვიდრო მიიღო.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული. თავდაპირველი მესაკუთრე პ--–---- ს--------- გარდაცვლილია; პ--–---- ს---------ს სამკვიდრო ქონება არავის მიუღია.
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.
გამომდინარე აღნიშნულიდან, ზ----- ლ----------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ვინაიდან პრივატიზაციის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ პ--–---- ს---------ს პრივატიზაციის ხელშეკრულებით საკუთრებაში გადაეცა ორი ოთახი 24 კვ.მ. ფართი, რომელზეც სარგებლობის უფლება 1000 აშშ დოლარის სანაცვლოდ დაუთმო ზ----- ლ----------ს, და არა 104.53 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, დამხმარე ნაგებობა ფართით 8.66 კვ.მ. და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1207 კვ.მეტრი.
შესაბამისად მოსარჩელის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის მხოლოდ ორი ოთახი ფართით 24 კვ.მ. ცნობილი უნდა იქნას უმკვიდროდ და უსასყიდლოდ საკუთრებაში უნდა გადაეცეს ზ----- ლ----------ს.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე ზ----- ლ---------- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე.
მოპასუხე სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
ასეთ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. ზ----- ლ----------ს (პ/ნ 6----------) სარჩელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1 თ--------–-ს სახელმწიფო სანოტარო კანტორის ნოტარიუსის მიერ 1993 წლის 30 ნოემბერს დამოწმებული ხელშეკრულების თანახმად ეკლარის კარიერსამმართველოსაგან პ--–---- რ-----ის ასული ს---------სათვის (გარდაცვალების თარიღია 1993 წლის 29 დეკემბერი), გადაცემული უძრავი ქონება - თ--------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ-------ის ტერიტორიაზე მდებარე ორ ოთახიანი საცხოვრებელი ბინა საცხოვრებელი ფართით 24 კვ.მ. ცნობილ იქნას უმკვიდრო ქონებად.
1.2. უმკვიდროდ ცნობილი უძრავი ქონება, - თ--------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ-------ის ტერიტორიაზე მდებარე ორ ოთახიანი საცხოვრებელი ბინა, საცხოვრებელი ფართით 24 კვ.მ. - უსასყიდლო საკუთრებაში გადაეცეს საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს ზ----- ლ----------ს (პ/ნ 6----------).
2. მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელენე ოსაძე