გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 150310018002504515
3/27-18
gadawyvetileba
saqarTvelos saxeliT
06 ნოემბერი, 2018 wელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე _ არარატ ესოიან
სხდომის მდივანი _ ეთერ მაღრაძე
მოსარჩელე: შპს „ე-------------------“;
წარმომადგენელი: მ-------------–---, ნ------------------;
მოპასუხე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი: ვრეჟ ბერიკიანი, ხაჩატურ ალექსანიანი;
მოპასუხე: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი: მაგდა ბერიძე;
დავის საგანი: ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის არარად აღიარება, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომაზე
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. არარა აქტად იქნეს აღიარებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 01.03.2016 წლის N1/1-6-- და 22.04.2017 წლის N1/1-1--- ბრძანებები, მოსარჩელის განმარტებით ეს აქტები გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ;
1.2. ბათილად იქნას ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 05.05.2016 წლის N1---/13 წერილი, როგორც ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაზსადენი მილების ხაზობრივი ნაგებობის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ, როგორც კანონსაწინააღმდეგო.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ შესაგებლით სარჩელი მის მიმართ (ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 05.05.2016 წლის N1---/13 წერილის, როგორც ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის, ბათილად ცნობის შესახებ) ცნო, ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზეც მოპასუხე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი აღნიშნულ ნაწილში ცნო.
2.2. მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი (მის მიმართ ნაწილში) არ ცნო. მოპასუხე მხარის განმარტებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 01 მარტის N1/1-6-- ბრძანებით მიემართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო საკუთრებად თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზებისა და ელ. ვერსიის შესაბამისად მითითებული ქონების რეგისტრაციისათვის. შესაბამისად, დანართში მითითებული უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის 23.02.2016 წლის N574/13 წერილით წარმოდგენილი მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო აზომვითი ნახაზების თანახმად, განხორციელდა დაინტერესებაში არსებული ხაზობრივი ნაგებობების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, რომელიც შემდგომში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 22.04.2016 წლის N1-1/1--- ბრძანებით საკუთრების უფლებით გადაეცა ახალქალაქის მუნიციპალიტეტს.
მხარე ასევე აღნიშნავს, რომ არ იკვეთება მოსარჩელე მხარის იურიდიული ინტერესი გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის, ასევე არარად აღიარების მოთხოვნისას. მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზებით მითითებულ უძრავ ქონებაზე - ნაგებობაზე მას გააჩნია საკუთრების უფლება, თუმცა არ დგინდება მოსარჩელის საკუთრების უფლება, სადავო უძრავ ქონებებზე, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი უფლების დამდგენი რაიმე დოკუმენტი ან/და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ აღნიშნულის დასადასტურებლად მიღებული გადაწყვეტილება.
3. დადგენილი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. საქართველოს მთავრობის 2008 წლის N79 დადგენილებით „საქართველოს მთავრობასა და შპს „ე-------------------ს“ ერთობლივი მემორანდუმის თანახმად, შპს „ე-------------------მ“ 2012-2014 წლებში, თავისი ხარჯებით განახორციელა გაზიფიცირების სამუშაოები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ტურცხი, ბარალეთი, ლომატურცხი, აზავრეთი, კოჩიო, ბურნაშეთი, ბეჟანო, ღადოლარი, ვაჩიანის გზატკეცილი, ჩამდურა, ვაჩიანი, ალათუმანი.
შპს „ე-------------------მ“ 2016 წლის 22 იანვარს N128 წერილით მიმართა მუნიციპალიტეტს გაზსადენის მილების ქვეშ არსებული მიწის ფართობების მისთვის უზუფრუქტით გადაცემის მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ე-------------------ს“ მიერ სამუშაოების შესრულების და გაწეული ხარჯების ანგარიშები (ტ.1, ს.ფ. 22-29, ტ. 2, ს.ფ. 2-196);
- მითითებული მემორანდუმი (ტ. 1, ს.ფ. 16-21);
- მითითებული N128 წერილი (ტ. 1, ს.ფ. 120).
3.2. მოსარჩელის განმარტებით, შპს „ე-------------------ს“ მოთხოვნის საფუძველზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 23.02.2016 წელს მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „ე-------------------ს“ მიერ გაზიფიცირებულ სოფლებში გაზსადენი მილების ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთების იჯარით გადაცემის შესახებ.
თუმცა გამოვლინდა, რომ 23.02.2016 წლის N574/13 წერილით მუნიციპალიტეტი ითხოვდა გაზსადენი მილების ქვეშ არსებული ტერიტორიების (ტრასა) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ, რომელიც განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
ამასთან დადგენილია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოთხოვნილი ქონება, განცხადების განხილვის დროს, საჯარო რეესტრში არავის სახელზე არ იყო რეგისტრირებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 23.02.2016 წლის N574/13 წერილი (ტ. 1, ს.ფ. 30, 149-150);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს/კ 63.00.------------------------------------, 63.00.0--- 63.00.0--, 63.00.0-- (ტ. 1, ს.ფ. 36-85);
3.3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 01.03.2016 წლის N1/1-6-- ბრძანების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სახელმწიფო საკუთრებად დაარეგისტრირა ზემოთ ჩამოთვლილ სოფლებში დამონტაჟებულ გაზსადენი მილების ხაზობრივი ნაგებობა, ხოლო 22.04.2016 წლის N1/1-1--- ბრძანებით, საკუთრების უფლებით გადასცა აღნიშნული გაზსადენი მილები ახალქალაქის მუნიციპალიტეტს დამატებითი ქონების სახით.
აღნიშნული N1/1-6-- ბრძანება გამოტანილი იყო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ, ხოლო N1/1-1--- ბრძანება - სააგენტოს თავმჯდომარის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 01.03.2016 წლის N1/1-6-- (ტ. 1, ს.ფ. 95-98, 151-156) და 22.04.2017 წლის N1/1-1--- ბრძანებები (ტ. 1, ს.ფ. 86-89);
- მხარეთა ახსნა განმარტებები.
3.4. ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 05.05.2016 წლის N1---/13 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარუდგინა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 22.04.2016 წლის N1/1-1--- ბრძანება, რის საფუძველზეც გაზსადენი მილების ხაზობრივი ნაგებობა დამატებითი ქონების სახით დარეგისტრირდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 05.05.2016 წლის N1---/13 წერილი (ტ. 1, ს.ფ. 99, 122);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს/კ 63.00.------------------------------------, 63.00.0--- 63.00.0--, 63.00.0-- (ტ. 1, ს.ფ. 36-85);
3.5. ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 28.11.2017 წელს მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გაეუქმებინა 22.04.2016 წლის N1/1-1--- ბრძანება გაზსადენი მილების საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე. რაზედაც 29.11.2017 წელს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უპასუხა, რომ სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს წერილში დასმული საკითხი, ვინაიდან აღნიშნული უძრავი ნივთი (ხაზობრივი ნაგებობები) წარმოადგენს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებას და შესაბამისად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 28.11.2017 წელს 3959/13 წერილი (ტ. 1, ს.ფ. 123-124);
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.11.2017 წლის N5/62542 პასუხი/წერილი (ტ. 1, ს.ფ. 119).
სამოტივაციო ნაწილი
4. სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის და გაანალიზების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 05.05.2016 წლის N1---/13 წერილი, როგორც ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაზსადენი მილების ხაზობრივი ნაგებობის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 01.03.2016 წლის N1-1/6-- და 22.04.2017 წლის N1--- ბრძანებების არარა აქტად აღარების ნაწილში, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები, სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონი, 2012 წლის 17 სექტემბრის №391 საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებს და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგი მოჰყვეს.
მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 01.03.2016 წლის N1/1-6-- და 22.04.2017 წლის N1/1-1--- ბრძანებები პირდაპირ წარმოადგენს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, ხოლო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 05.05.2016 წლის N1---/13 წერილი ითვლება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად, ვინაიდან სამართლებრივი შედეგი აქვს, კერძოდ ამის საფუძველზე გამოტანილია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებები, რომელიც აწესებს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებებს.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ: სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს; ხოლო სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან 1 თვის ვადაში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.
შესაბამისად, დასადგენია მოსარჩელის კანონიერი ინტერესი გასაჩივრებული აქტების მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2008 წლის N79 დადგენილებით „საქართველოს მთავრობასა და შპს „ე-------------------ს“ ერთობლივი მემორანდუმის თანახმად, შპს „ე-------------------მ“ 2012-2014 წლებში, თავისი ხარჯებით განახორციელა გაზიფიცირების სამუშაოები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ტურცხი, ბარალეთი, ლომატურცხი, აზავრეთი, კოჩიო, ბურნაშეთი, ბეჟანო, ღადოლარი, ვაჩიანის გზატკეცილი, ჩამდურა, ვაჩიანი, ალათუმანი. სწორედ აღნიშნულ სოფლების გაზსადენი მილები (ხაზობრივი ნაგებობები) გადაეცა მერიას საკუთრებაში გასაჩივრებული აქტების საფუძველზე. ამასთან, შპს „ე-------------------“ აპირებდა აღნიშნული გაზსადენის მილების (ხაზობრივი ნაგებობების) თავის საკუთრებად გაფორმებას ანუ აპირებდა განეხორციელებინა თავისი სავარაუდო უფლების რეალიზაცია. აღნიშნული მემორანდუმის და შპს „ე-------------------ს“ მიერ გაწეული სამუშაო ხარჯების ანგარიშის მიხედვით შპს „ე-------------------ს“ აქვს სავარაუდო საკუთრების უფლება აღნიშნული სოფლების გაზსადენი მილების მიმართ. უფრო მეტიც, შპს „ე-------------------მ“ 2016 წლის 22 იანვარს #128 წერილით მიმართა მუნიციპალიტეტს გაზსადენი მილების ქვეშ არსებული მიწის ფართობების მისთვის უზუფრუქტით გადაცემის მოთხოვნით. ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 28.11.2017 წელს მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გაეუქმებინა 22.04.2016 წლის N1/1-1--- ბრძანება გაზსადენი მილების საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე.
შესაბამისად, სახეზეა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი გასაჩივრებული აქტების მიმართ.
ამასთან, აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადა არ არის გაშვებული, ხოლო არარად აღიარების შესახებ მოთხოვნაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა.
6.3. აქტის ბათილად ცნობის შესახებ:
6.3.1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ სასარჩელო მოთხოვნაა -ბათილად იქნას ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 05.05.2016 წლის N1---/13 წერილი, როგორც ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაზსადენი მილების ხაზობრივი ნაგებობის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
6.3.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
6.3.3. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ შესაგებლით ცნო სარჩელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 05.05.2016 წლის N1---/13 წერილის, როგორც ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის, ბათილად ცნობის ნაწილში, ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზეც მოპასუხე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი აღნიშნულ ნაწილში ცნო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 05.05.2016 წლის N1---/13 წერილის, როგორც ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის, ბათილად ცნობის ნაწილში, უნდა დაკმაყოფილების.
6.4. აქტების არარად აღიარების შესახებ:
6.4.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტების მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ: გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს არარა აქტად იქნეს აღიარებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 01.03.2016 წლის N1/1-6-- და 22.04.2017 წლის N1/1-1--- ბრძანებები, იმ მოტივით, რომ ეს აქტები გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონის მოთხოვნათა დარღვევით ყოველთვის არ წარმოშობს მისი არარა აქტად ცნობის საფუძველს. როგორც კანონიერი, ისე უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, განსხვავებით არარა ადმინისტრაციული აქტისაგან, მისი გამოცემის მომენტიდან იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს არ წარმოადგენს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შემოწმება. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე, მხოლოდ დასადგენია გარემოება - წარმოადგენს თუ არა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და შესაბამისად, უნდა ჩაითვალოს თუ არა მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არარად.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
6.4.2. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მითითებული ნორმის დარღვევით შესაძლოა შედეგად მივიღოთ უკანონო ან არარა აქტები. არარა აქტების შინაარსის განმარტების კუთხით ყურადსაღებია საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-130-876(კ-05), რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,აქტის არარად აღიარების საფუძვლების დადგენისას კანონმდებელი მიზნად ისახავს ადმინისტრირების კანონიერებისა და პირის სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფას. ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლო წესით აქტის არარად აღიარება, ანუ აქტის არარად აღიარების ერთ-ერთი საფუძვლის დადგენა – დადასტურება იწვევს მძიმე იურიდიულ შედეგს, რადგან მის საფუძველზე განხორციელებული მოქმედებები ასევე მიიჩნევა არალეგიტიმურად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დოქტრინა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესახებ მოიცავს ორ ასპექტს. კერძოდ, თუ რა შემთხვევაშია აქტი კანონიერი ან უკანონო და მეორეს მხრივ, თუ რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლწინააღმდეგობა. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი, ანუ არ არსებობს კანონიერი ნდობა, თუ ა) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება და ბ) ან, როდესაც მისთვის ამ აქტის უკანონობა ცნობილი იყო ან უნდა ცოდნოდა.
ამ პირობებში აქტის არარად აღიარება, რომელიც უკანონობის იმგვარ საფუძვლებს შეიცავს, რომელთა გამოც კანონმდებელი მას იმთავითვე, მიღების მომენტიდანვე აცლის იურიდიულ ძალას, რის გარეშეც იგი ვერ იძენს ისეთი სამართლებრივი აქტის შინაარსს, რომელიც აღსრულებას ექვემდებარება ანუ არ გააჩნია აღსრულების ძალმოსილება, განსხვავებით უკანონო (ბათილი) აქტებისგან, რომლის არამართლზომიერების მიუხედავად დაშვებულია მისგან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების დროის გარკვეული მონაკვეთით შენარჩუნება (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-7 პუნქტი), რამდენადაც კანონმდებელი ადმინისტრაციულ ორგანოს ან სასამართლოს ანიჭებს ამგვარი აქტის მოქმედების შეწყვეტის თარიღის განსაზღვრის უფლებამოსილებას“.
შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებელი ერთმანეთისაგან მიჯნავს უკანონო და არარა აქტებს. უკანონოა ადმინისტრაციული აქტი, რომელიც მიღებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების არასწორად გამოყენების შედეგად. უკანონო აქტი მისი გამოცემიდან იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას, თუმცა შესაძლებელია შემდგომში იგი ბათილად იქნეს ცნობილი, ხოლო რაც შეეხება არარა აქტებს, იგი მართალია ასევე კანონის დარღვევის შედეგია, თუმცა უკანონო აქტებისაგან განსხვავდება იმით, რომ გამოცემისთანავე იურიდიული ძალის არმქონეა და ასეთ სახეს იგი იღებს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სახის დარღვევის ანუ არარად ცნობის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
6.4.3. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განიხილა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოთხოვნა - გაზსადენი მილების ქვეშ არსებული ტერიტორიების (ტრასა) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ (23.02.2016 წლის N574/13 წერილი) და 01.03.2016 წლის N1/1-6-- ბრძანების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სახელმწიფო საკუთრებად მიიღო (საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა) აღნიშნული გაზსადენი მილები (ხაზობრივი ნაგებობა), ხოლო 22.04.2016 წლის N1/1-1--- ბრძანებით, საკუთრების უფლებით გადასცა აღნიშნული გაზსადენი მილები (ხაზობრივი ნაგებობა) ახალქალაქის მუნიციპალიტეტს დამატებითი ქონების სახით.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უფლება არ ჰქონდა სხვისი საკუთრება მიეღო სახელმწიფოს საკუთრებაში და შემდეგ გადაეცა მერიის საკუთრებაში. მოსარჩელემ აღნიშნა სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად - ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ზ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება – საქართველოს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონებით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (ნატურით გადაცემული) ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობისა და ჩუქების გზით გადასული, რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონელი.
თუმცა სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო).
2012 წლის 17 სექტემბრის №391 საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების მე- 2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სააგენტოს მიზნებია: ა) სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; ამავე დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ “და „ქ“ ქვეპუნქტების თანახმად, სააგენტო ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს: ლ) სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს განცხადების განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას ქონების (რომლის მესაკუთრეც ვერ დგინდება) მათ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე; ქ) ქონების, მათ შორის, უმკვიდრო/მიტოვებული უძრავი ქონების, ასევე, სახელმწიფოსათვის გადმოცემული ქონების სახელმწიფოს საკუთრებად მიღებას ან/და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;
შესაბამისად, აღნიშნული ნორმების საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (ახალქალაქის მუნიციპალიტეტის) განცხადება განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო ქონების (რომლის მესაკუთრეც ვერ დგინდება) მის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე; ამასთან, დადგენილია რომ მუნიციპალიტეტის მიერ მოთხოვნილი ქონება, განცხადების განხილვის დროს, საჯარო რეესტრში არავის სახელზე არ იყო რეგისტრირებული. ამასთან, ორგანომ განახორციელა ქონების სახელმწიფოს საკუთრებად მიღების და რეგისტრაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები;
ამასთან, გასაჩივრებული აქტები გამოტანილი იყო კანონისმიერი უფლებამოსილებით აღჭურვილი თანამდებობის პირების მიერ - სააგენტოს თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილის მიერ, რასაც სადავოდ არ ხდის მოსარჩელე მხარე.
ამდენად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო კანონის საფუძველზე უფლებამოსილი იყო მიეღო გასაჩივრებული აქტები. შესაბამისად, აქტების არარად ცნობის საფუძვლად მოსარჩელის აპელირება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, მოკლებულია დასაბუთებას.
6.4.4. შემდეგი სამართლებრივი საფუძველი, რომელსაც სარჩელი ემყარება არის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი, რომელიც გულისხმობს აქტის შესრულების შეუძლებლობას ფაქტობრივი მიზეზის გამო ან მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არ ვრცელდება მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან გასაჩივრებული აქტები ფაქტობრივად აღსრულებულია და არ იწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ყოველ შემთხვევაში სასამართლოში არ არის წარმოდგენილი დასტური ამის შესახებ.
6.4.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სარჩელის - აქტების არარად აღიარების ნაწილში დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდესის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მის მიმართ სარჩელი ცნო, შესაბამისად მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება მოთხოვნას, აქტების არარად აღიარების ნაწილში, არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, შესაბამისად მოსარჩელე მხარის მიერ მოცემულ მოთხოვნასთან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ე-------------------ს“ (ს/ნ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 05.05.2016 წლის N1---/13 წერილი, როგორც ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაზსადენი მილების ხაზობრივი ნაგებობის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ;
1.2. სასარჩელო მოთხოვნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 01.03.2016 წლის N1-1/6-- და 22.04.2017 წლის N1--- ბრძანებების არარა აქტად აღარების ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელეს შპს „ე-------------------ს“ (ს/ნ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზირი №7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. ახალქალაქი მ.მაშტოცის ქ. №110) მეშვეობით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: არარატ ესოიან