გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/240-5-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - მ----------------------------ი
წარმომადგენელი - ე----------------ე, ზ-----------------ა
მოპასუხე - ჰ---------------–---------------------სი
წარმომადგენელი - ლ---------------------ე
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბეს სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე ჰ---------------–---------------------სის მ----------------------------ი სასარგებლოდ 9 500 აშშ დოლარის ექვივალენტი 24510 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2018 წლის 23 ივნისს მოსარჩელეს და მოპასუხე ჰ---------------–---------------------სის შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე მ გაყიდა, ხოლო მოსარჩელემ იყიდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თბ--–--ი, დ-----------–------–- 133, კ------------–-------- 11, ბინა 9 ფართით 35.70 კვ.მ და ანტრესოლი ფართით 5.90 კვ.მ.
ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 49 000 აშშ დოლარის ექვივალენტად ლარში. აღნიშნული თანხიდან, მყიდველს ბეს სახით უნდა გადაეხადა 10 000 აშშ ექვივალენტი ლარში 2018 წლის 23 ივნისისათვის, ხოლო დარჩენილი 39 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში უნდა გადაეხადა 40 დღის განმავლობაი, რის შემდეგადაც უძრავი ქონება გადაფორმდებოდა მყიდველზე.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ ბეს მიმცემი დაარღვევდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, დაეკისრება 500 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა, ხოლო დანარჩენ თანხას უკან დააბრუნებდა გამყიდველი. მოსარჩელემ აღნიშნული ბეს თანხა მოპასუხეს გადაუხადა ხელშეკრულებით დათქმულ დროს, რის შემდეგაც 2018 წლის 25 ივნისს, მოპასუხემ აღნიშნული ხელშეკრულება შესაბამისი ვალდებულებით დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში.
მოსარჩელის განმარტებით, მად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ შეძლო უძრავი ქონების დარჩენილი ღირებულების გადახდა, რის შემდეგადაც მან მოპასუხეს მოსთხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბეს თანხიდან - 10 000 აშშ დოლარიდან 9 500 აშშ დოლარის უკან დაბრუნება. მოპასუხემ უარი განაცხადა აღნიშნული თანხის დაბრუნებაზე და მიუთითა, რომ თანხას დააბრუნებდა აღნიშნული უძრავი ქონების გაყიდვის შემდეგ.
2.მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხე ჰ---------------–---------------------სმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ბეს სახით 10 000 აშშ დოლარი. მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მოპასუხე სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე უფლებამოსილია უარი განაცხადოს გადაცემული თანხის უკან დაბრუნებაზე.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 23 ივნისს მ----------------------------ის და ჰ---------------–---------------------სის შორის დაიდო სანოტარო წესით დამოწმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულენა ბეს ხელშეკრულების დადების ფაქტის გათვალიწინებით.
აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ იყიდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე თბ--–--ი, გა------ი დ-----------–------–- N133, ქალაქი თბ--–--ი, ქუჩა კ------------–-----, ფართი, სართული N1, ბინა N- ფართით 35.70 კვ.მ და ანტრესოლი ფართით -5.90 კვ.მ (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 0------------------------
ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 49 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში. აღნიშნული თანხიდან მყიდველი ბეს სახით იხდის 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში 23.06.2018-ისთვის, ხოლო დარჩენილ თანხას იხდის 40 დღის განმავლობაში. გამყიდველი გასაღებს გადასცემს მყიდველს მოცემული ხელშეკრულების დარეგისტრირებისთანავე 20 დღის შემდეგ. სრული თანხის გადახდის შემდგომ ხდება უძრავი ნივთის გადაფომება თუ მყიდველი არ გადაიხდის სრულ თანხას დათქმულ დროს, უძრავი ნივთი რჩება გამყიდველის საკუთრებაში.
ამავე ხელშეკრულების თანახმად, თუ ბეს მიმცემი დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას დაეკისრება 500 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენს უკან დააბრუნებს გამყიდველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.23-30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. მხარეებმა 2018 წლის 23 ივნისს ხელშეკრულება დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.32-33);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2018 წლის 23 ივნისს ხელშეკრულების საფუძველზე და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხდა 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2018 წლის 23 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელეზე არ გადასულა უძრავ ქონებაზე მდებარე თბ--–--ი, გა------ი დ-----------–------–- N133, ქალაქი თბ--–--ი, ქუჩა კ------------–-----, ფართი, სართული N1, ბინა N- ფართით 35.70 კვ.მ და ანტრესოლი ფართით - 5.90 კვ.მ (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 01.1--0-.0--.0--.0-.0--) არსებული საკუთრების უფლება. აღნიშნული უძრავი ქონება დღემდე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოპასუხე ჰ---------------–---------------------სის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.30-33);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2018 წლის 23 ივნისის ხელშეკრულება დარღვეულია მოსარჩელის მიერ, კერძოდ მან ვერ შეასრულა ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარჩენილი თანხის - 39 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის ვალდებულება დათქმულ ვადაში. მოსარჩელის მიერ შესასრულებელი ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხე გავიდა აღნიშნული ხელშეკრულებიდან და დაიბრუნა უძრავი ქონება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესუალურ სტანდარტს და ზოგადი წესის თანახმად, თითოეულ მხარეს ევალება მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება, თუმცა, ამავე ნორმის მე-3 ნაწილი ყურადღებას ამახვილებს რიგი გარემოებების სათანადო, განკუთვნადი მტკიცებულებებით დადასტურების აუცილებლობაზე. ამგვარი სათანადო მტკიცებულებების სახეს კი, როგორც წესი, მატერიალური კანონმდებლობა განსაზღვრავს.
მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.
განსახილველ შემთხვევაში მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი დარჩენილი თანხის გადახდის ვალდებულება, დათქმულ დროში, შესაბამისად, მოსარჩელე თავადვე მიუთითებს, რომ ხელშეკრულება დარღვეულია მის მიერ. ამასთანავე, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელემ არ შეასრულა თანხის გადახდის ვალდებულება, მოპასუხემ მოსთხოვა მას ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიღებულის - გადაცემული უძრავი ქონების გასაღების უკან დაბრუნება და უძრავი ქონების დატოვება (იხ. მოპასუხის წარმომადგენლის საპაექრო სიტყვა, 2018 წლის 07 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:28:34-14:30:28). ამასთან, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევის შემდეგ, მოპასუხემ დაიბრუნა კუთვნილი უძრავი ქონება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა მ----------------------------ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 52-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 352-ე, 361-ე, 400-ე, 421-ე-423-ე, 477-ე, 508-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
განსახილველ შემთხვევაში არ არის სადავო, რომ მხარეებმა ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლების გადასვლა გამყიდველიდან მყიდველზე დაუკავშირეს ღირებულების გადახდას, ხოლო მყიდველის ამ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გამოიყენეს ვალდებულებით-სამართლებრივი უზრუნველყოფის საშუალება - ბე. არც ის არის სადავო, რომ მხარემ, რომელსაც უნდა შეეძინა უძრავი ქონება, არ გადაიხდა მისი სრული ღირებულება და გამყიდველის მოთხოვნით უკან დააბრუნა ნივთი. მხარეთა შორის სადავოა მხოლოდ ამ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გადახდილი თანხა 10000 აშშ დოლარი სრულად უნდა ჩაითვალოს თუ არა ბეს თანხად, ვინაიდან სწორედ ამ საკითხს უკავშირდება შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომა - თანხის სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნება.
იმისათვის, რომ ერთი მხარის მიერ მეორე მხარისათვის გადაცემული ფულადი თანხა მივიჩნიოთ ბედ, აუცილებელია, რომ აღნიშნული სამართალურთიერთობა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: 1. ბე შეიძლება იყოს მხოლოდ ფულადი თანხა, ანუ ფულის განსაზღვრული რაოდენობა, 2. ბეს საშუალებით შეიძლება მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების უზრუნველყოფა. ბე გადაიცემა გადასახდელი თანხის ანგარიშში, ამიტომ იგი ჩაითვლება მისი საშუალებით უზრუნველყოფილი ვალდებულების შესრულებისას. თავად ბე არ წარმოადგენს ძირითადი ვალდებულების შესრულებას. თუ მოვალემ დაიწყო ძირითადი ვალდებულების შესრულება თუნდაც არაჯეროვნად, ბე ხდება შესრულების ნაწილი და აქედან გამომდინარე, უნდა ჩაითვალოს ნაწილობრივ გადახდად. ბეს გადაცემა ხდება ხელშეკრულების დადების დასადასტურებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 422-ე მუხლის თანახმად, ბე ჩაითვლება ვალდებულებით გათვალისწინებული გადასახდელის ანგარიშში, ხოლო თუ არ ჩაითვლება, - ხელშეკრულების შესრულების შემდეგ იგი უკან უნდა დაბრუნდეს. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის თანახმად კი თუ ბეს მიმცემი ბრალეულად დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, ბე რჩება მის მიმღებს. ამასთან, ბე ჩაითვლება ზიანის ანაზღაურების ანგარიშში.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების თანახმად, თუ ბეს მიმცემი დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას დაეკისრება 500 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენს უკან დააბრუნებს გამყიდველი. ხელშეკრულების ამ ჩანაწერზე დაყრდნობით სასამართლო ასკვნის, რომ მხარეებმა ბეს ოდენობა განსაზღვრეს 500 აშშ დოლარით, ხოლო 9500 აშშ დოალრი არის ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილი. ამის საწინააღმდეგო განმარტება არც ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს და არც მოპასუხის ახსნა-განმარტებებიდან.
2018 წლის 23 ივნისის ხელშკერულების საფუძველზე მიღებული 9500 აშშ დოლარის უკან დაბრუნების საკითხი კი უნდა გადაწყდეს ხელშკერულებიდან გასვლის სამართლებრივი კონსტრუქციის შესაბამისად. კერძოდ, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლზე, რომელიც ადგენს ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობებს. კერძოდ, დასახელებული მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და არ გადაიხადა შეთანხმებული ღირებულება სრულად, თუმცა ნასყიდობის საგანი გადაცემული ჰქონდა პირდაპირ მფლობელობაში. ისიც დადგენილია, რომ სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე მოითხოვა მოპასუხემ საცხოვრებელ ბინაზე მფლობელობის შეწყვეტა და გასაღების უკან დაბრუნება, რაც შესრულდა კიდევაც.
მხარეთა დასახელებული ქმედებები საკმარის საფუძველს იძლევა იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ მოსარჩელის (მყიდველის) მიერ ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხე (გამყიდველი) გავიდა ხელშეკრულებიდან და გადაცემული ნივთიც მას დაუბრუნდა, თუმცა, თავის მხრივ უკან არ დაუბრუნებია ამავე ხელშეკრულებით მიღებული სიკეთე - ანუ 9500 აშშ დოლარი (მსგავსი მსჯელობა განვითარებულია სუსგ-ს 21.03.2018 წლის გადაწყვეტილებაში N875-817-2017).
სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან გამყიდველმა ნასყიდობის საგანი დაიბრუნა, იგი ვალდებულია მყიდველს დაუბრუნოს ნასყიდობის საფასურის ნაწილი - 9 500 აშშ დოლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 735 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 50 ლარი (ს.ფ. 35-38). ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
8. საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია. აღნიშნულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით კი მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არ არსებობს 2018 წლის 15 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ----------------------------ის სარჩელი მოპასუხე ჰ---------------–---------------------სის მიმართ დაკმაყოფილდეს:
1.1. ჰ---------------–---------------------სის მოსარჩელე მ----------------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 9 500 აშშ დოლარის ექვივალენტი 24510 ლარის გადახდა;
2. ჰ---------------–---------------------სის მოსარჩელე მ----------------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 735 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება;
3. ძალაში დარჩეს საქმეზე 2018 წლის 15 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია