გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.11.2018
საქმის ნომერი
330210018002315116
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/5321-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე - შპს ,,ევ----------------“

წარმომადგენელი - ნა-------------–---–ი

 

მოპასუხეები - ლე-------–-–---–ი, რე-------------ა

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ლე-------–-–---–სა და რე-------------ას შპს ,,ევ----------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 2813.36 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1291 აშშ დოლარი, სარგებელი - 882.52 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 639.84 აშშ დოლარი.

 

1.2. ლე-------–-–---–სა და რე-------------ას შპს ,,ევ----------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით - 210.85 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.3. ლე-------–-–---–სა და რე-------------ას შპს ,,ევ----------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაურის - 50 ლარისა და აღნიშნული გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 200 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2015 წლის 12 ნოემბერს შპს ,,ევ----------------“-სა და ლე-------–-–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №1--------- რომლის საფუძველზე 2015 წლის 12 ნოემბერს გაცემული შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ №12--------ით მოსარჩელემ მსესხებელს 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი - 1800 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ლე-------–-–---–ის კუთვნილი ავტომობილი - მერსედეს-ბენც ე 200. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, დამატებით, აგრეთვე უზრუნველყოფილ იქნა რე-------------ას სოლიდარული თავდებობით. თავდებობის ხელშეკრულების მიხედვით, თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა - 7500 აშშ დოლარის ოდენობით.

 

მსესხებელი ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 24 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს 130 აშშ დოლარის ოდენობით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. თუმცა, მსესხებლის მიერ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით გადახდილ იქნა მხოლოდ 10 თვის გადასახადი, ხოლო მე-11 თვეში ნაცვლად 130 აშშ დოლარისა გადახდილ იქნა 21.63 აშშ დოლარი, რაც არასრულად გაიქვითა ოქტომბრის თვის სარგებელში 65 აშშ დოლარში და გადასახდელი დარჩა 43.37 აშშ დოლარი, ხოლო ძირი საერთოდ არ შემცირებულა. ამდენად, დარჩენილი 43.37 აშშ დოლარი და მომდევნო თვეების გადასახადი მსესხებლის მიერ ამ დრომდე არ არის გადახდილი.

 

შესაბამისად, სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხეების დავალიანება შპს „ევ----------------“-ის მიმართ შეადგენს შემდეგს:

სესხი - 1291 აშშ დოლარი;

სარგებელი - 2016 წლის 12 ოქტომბრის დარჩენილი 43.37 აშშ დოლარი და 2016 წლის 12 ნოემბრისა და ყოველი მომდევნო თვის 12 რიცხვისათვის სესხის დარჩენილი ნაწილის 5%, რაც შეადგენს 64.55 აშშ დოლარს. შესაბამისად, ვინაიდან ვადაგადაცილების დღიდან გრაფიკით გათვალისწინებული სესხის ვადის ამოწურვამდე გასულია სრული 13 თვე, დარიცხული სარგებელი შეადგენს 882.52 აშშ დოლარს;

მიუღებელი შემოსავალი - ვინაიდან სესხის ვადის ამოწურვიდან (12.11.2017წ.) სარჩელის წარდგენის დღისათვის (20.02.2018წ.) გასულია სრული სამი თვე და 8 კალენდარული დღე მიუღებელი შემოსავალი შეადგენს - 210.85 აშშ დოლარს;

პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულო დღეზე სესხის 0.1%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 1.29 აშშ დოლარს (პირგასამტეხლო მოსარჩელის მიერ 3-ჯერ არის შემცირებული, ვიდრე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესი მოითხოვს). შესაბამისად, ვინაიდან 2016 წლის ოქტომბრიდან დღემდე გასულია 496 კალენდარული დღე, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს - 639.84 აშშ დოლარს.

 

არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, პრობლემური დეპარტამენტი აქტიურად მუშაობდა საქმეზე, თუმცა ვინაიდან შედეგი არ დადგა, ხელშეკრულებით დადგენილი წესით, 23.02.2017წ. მსესხებელს გაეგზავნა შეტყობინება და მოეთხოვა დაგირავებული ავტომობილის მოგირავნისათვის გადაცემა, თუმცა ვალდებულების შესრულება სარჩელის წარდგენის დრომდე არ მომხდარა.

 

ამას გარდა, გირავნობის საგნის მფლობელობაში გადმოცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით 04.04.2017წ. შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ იქნა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზეც 06.04.2017წ. დაიწყო სააღსრულებო წარმოება - ავტომობილი იძებნებოდა. თუმცა, ავტომობილის მოძიება ვერ მოხერხდა. არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა იგი აღარც არსებობდეს (იყოს დაშლილი ან განადგურებული). სააღსრულებო წარმოების დაწყებისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა შესაბამისი საფასური - 250 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ლე-------–-–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია. ხოლო, მოპასუხე რე-------------ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. თუმცა, შესაგებელში მითითებული არ არის იმ ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე, რის საფუძველზეც იგი არ ცნობს სარჩელს.

 

აღნიშნულის გამო, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და შესაბამისად დამტკიცებულად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 12 ნოემბერს შპს ,, ევ----------------“-სა და ლე-------–-–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №1-------, რომლის საფუძველზე გაცემული - №1------- სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით, ლე-------–-–---–ს თვეში 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, 24 თვის ვადით, გადეცა სესხი - 1800 აშშ დოლარის ოდენობით. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული სარეგებლი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ლე-------–-–---–ის კუთვნილი ავტომობილი - მერსედეს-ბენც E 200.

 

ხელშეკრულების 3.3. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული სესხის 0,3%-ის ოდენობით იმ შემთხვევაში, თუ ვადაგადაცილებული სესხის ოდენობა ნაკლებია 2000 აშშ დოლარზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვადაგადაცილებული სესხის ოდენობა შეადგენს 2000 აშშ დოლარს ან მეტია 2000 აშშ დოლარზე პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება სესხის 0.2%-ის ოდენობით.

 

ხელშეკრულების მე-12 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 12.11.2015წ. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 18-23);

- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ (იხ. ს.ფ. 24);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (იხ. ს.ფ. 25);

 

3.1.2. 2015 წლის 12 ნოემბერს შპს „ევ----------------“-სა და რე-------------ას შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლის საფუძველზეც რე-------------ამ იკისრა ვალდებულება თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მსესხებელს - ლე-------–-–---–ს მის მიერ ძირითადი ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად იმგვარად, რომ მსესხებლის მიერ კრედიტორისათვის ძირითადი ვალის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავდებმა უზრუნველყოს კრედიტორის მიმართ ძირითადი ვალის გადახდის აღნიშნული ვალდებულების შესრულება. თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა - 7500 აშშ დოლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 12.11.2015წ. წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (იხ. ს.ფ. 27);

- 12.11.2015წ. ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ (იხ. ს.ფ. 28-29);

 

3.1.3. ლე-------–-–---–ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და შპს „ევ----------------“-ს შორის 12.11.2015წ. გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებითა და ამავე დღეს გაფორმებული - სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მის მიერ გადახდილ იქნა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული მხოლოდ 10 თვის გადასახადი. რაც შეეხება მე-11 თვის გადასახადს, ნაცვლად გადასახდელი 130 აშშ დოლარისა გადახდილ იქნა მხოლოდ 21.63 აშშ დოლარი. ხოლო, აღნიშნულის შემდგომ მსესხებლის მიერ სესხზე გადახდა აღარ განხორციელებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის დაფარვის გრაფიკი (იხ. ს.ფ. 25);

- წერილობითი შეტყობინება (იხ. ს.ფ. 44);

- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 46);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.4. 2017 წლის 23 თებერვალს შპს „ევ----------------“-ის მიერ მსესხებელს ლე-------–-–---–ს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გირავნობის საგნის, ავტომობილი - მერსედეს-ბენც E200-ის, შპს „ევ----------------“-სათვის გადაცემის მოთხოვნით. შეტყობინება მსესხებელს ჩაბარდა - 2017 წლის 25 თებერვალს, თუმცა უშედეგოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილობითი შეტყობინება და უკუგზავნილი (იხ. ს.ფ. 30-31);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.5. 2017 წლის 04 აპრილს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის საგანზე - მერსედეს-ბენც E 200, გაიცა გირავნობის მოწმობა N0-----. შპს „ევ----------------“-ის მიერ გირავნობის მოწმობის გაცემის სანაცვლოდ გადახდილ იქნა საფასური - 50 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გირავნობის მოწმობა (იხ. ს.ფ. 32);

- საგადახდო დავალება (იხ. ს.ფ. 36);

- ცნობა (იხ. ს.ფ. 46);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.6. 04.04.2017წ. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული N0----- გირავნობის მოწმობის აღსრულების მიზნით, 2016 წლის 27 სექტემბერს შპს „ევ---------------- “-სა და კერძო აღმასრულებელს - ნი------–--–-–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სააღსრულებო მომსახურების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით მომსახურების საფასურად განისაზღვრა - 200 ლარი, რაც გადახდილ იქნა შპს „ევ----------------“-ის მიერ.

 

არსებული მდგომარეობით, დაგირავებული ავტომობილის მოძიება ვერ მოხერხდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 27.09.2016წ. სააღსრულებო მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ. 38-42);

- საგადახდო დავალება (იხ. ს.ფ. 43);

- ცნობა (იხ. ს.ფ. 46);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.7. 2018 წლის 20 თებერვალს შპს „ევ----------------“-ის მიერ გაცემული დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად, 2015 წლის 12 ნოემბერს გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N1--------ის საფუძველზე, 2015 წლის 12 ნოემბერს გაცემული სესხის გადაცემის შესახებ N1------- შეთანხმებიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ 2018 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით ერიცხება შემდეგი დავალიანება: სესხის ძირი თანხა - 1291 აშშ დოლარი, სარგებელი - 882.52 აშშ დოლარი, მიუღებელი შემოსავალი - 210.85 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 639.84 აშშ დოლარი და სააღსრულებო წარმოების ხარჯი - 250 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 47);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა შპს „ევ----------------“-ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 361-ე, 394-ე, მე-400, 408-ე, 411-ე, 417-418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 891-892-ე, 895-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხოლო ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 12 ნოემბერს შპს ,,ევ----------------“-სა და ლე-------–-–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №1-------, რომლის საფუძველზე გაცემული სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით, ლე-------–-–---–ს თვეში 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, 24 თვის ვადით, გადაეცა სესხი - 1800 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული სესხის 0,3%-ის ოდენობით იმ შემთხვევაში, თუ ვადაგადაცილებული სესხის ოდენობა ნაკლებია 2000 აშშ დოლარზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვადაგადაცილებული სესხის ოდენობა შეადგენს 2000 აშშ დოლარს ან მეტია 2000 აშშ დოლარზე, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება სესხის 0.2%-ით. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული სარეგებლი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

ამდენად, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან საკრედიტო ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:

ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას;

 

დადგენილია, ასევე, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და შპს „ევ----------------“-ს შორის 12.11.2015წ. გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებითა და ამავე დღეს გაფორმებული - სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მის მიერ გადახდილ იქნა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული მხოლოდ 10 თვის გადასახადი. რაც შეეხება მე-11 თვის გადასახადს, ნაცვლად გადასახდელი 130 აშშ დოლარისა გადახდილ იქნა მხოლოდ 21.63 აშშ დოლარი. ხოლო, აღნიშნულის შემდგომ მსესხებლის მიერ სესხზე გადახდა აღარ განხორციელებულა.

 

შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 1291 აშშ დოლარისა და ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში დარიცხული სარგებლის - 882.52 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

12.11.2015წ. შპს „ევ----------------“-სა და ლე-------–-–---–ს შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული სესხის 0,3%-ის ოდენობით იმ შემთხვევაში, თუ ვადაგადაცილებული სესხის ოდენობა ნაკლებია 2000 აშშ დოლარზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვადაგადაცილებული სესხის ოდენობა შეადგენს 2000 აშშ დოლარს ან მეტია 2000 აშშ დოლარზე პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება სესხის 0.2%-ის ოდენობით. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

 

ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა და მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 60 აშშ დოლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 639.84 აშშ დოლარისა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლით, კი თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

თავდებობის ხელშეკრულება ცალმხრივია და კრედიტორს მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თავდების მიმართაც. ამიტომ თავდებობის ხელშეკრულებაში თავდები შეიძლება გამოდიოდეს მოვალის როლშიც. მას ძირითად მოვალესთან ერთად ეკისრება პასუხისმგებლობა ამ უკანასკნელის მიერ ნაკისრი ვალდებულებისათვის. თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა, რომ იგი მიიღოს კრედიტორმა და დარწმუნდეს, რომ ამ დოკუმენტში გამოხატული ნება ნამდვილად გამომდინარეობს ხელშეკრულების მხარისაგან. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, ასევე საჭიროა თავდებობის დოკუმენტში თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში თავდებს მოვალესთან ერთად ეკისრება სოლიდარული ვალდებულება და ეს უკანასკნელები წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს 463-ე მუხლის გაგებით. ასეთ დროს კრედიტორს შეუძლია თავისი არჩევანით მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება ერთ-ერთ ან ორივე სოლიდარულ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ყველა შემთხვევაში ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე სოლიდარული მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 12 ნოემბერს შპს „ევ----------------“-სა და რე-------------ას შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლის საფუძველზეც რე-------------ამ იკისრა ვალდებულება თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მსესხებელს - ლე-------–-–---–ს მის მიერ ძირითადი ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად იმგვარად, რომ მსესხებლის მიერ კრედიტორისათვის ძირითადი ვალის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავდებმა უზრუნველყოს კრედიტორის მიმართ ძირითადი ვალის გადახდის აღნიშნული ვალდებულების შესრულება. თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა - 7500 აშშ დოლარის ოდენობით. თავდებობის ხელშეკრულებას წინ უძღვოდა თავდების წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე რე-------------ა (თავდები პირები) ძირითად მსესხებელთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს მოსარჩელის წინაშე და ვალდებულია სოლიდარულად გადაიხადოს შპს „ევ----------------“-ის მიმართ არსებული დავალიანება.

 

6.4. რაც შეეხება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას - მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით - 210.85 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, სასამართლო განმარტავს შემდეგს:

მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით მოთხოვნილი თანხის ოდენობა წარმოადგენს პროცენტს (ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის 5%) ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან (12.11.2017წ.) სარჩელის აღძვრის დღემდე (20.02.2018წ.).

თუმცა, მოსარჩელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ამ მოთხოვნის ფარგლებში, არ არის წარმოდგენილი საკმარისი ფორმით, რომ განისაზღვროს მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მსგავსი შინაარსით უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსის როგორც 403-ე მუხლი, ისე ამავე კოდექსის 411-ე მუხლი. მოთხოვნის აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისადმი შესაბამისობას განსაზღვრას სარჩელის ფაქტობრივი ნაწილი. მოსარჩელე ვალდებულია, სასამართლოს მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომელიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას, რადგან მოთხოვნა არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოცემულია კანონით გათვალისწინებული წინაპირობები. შპს „ევ----------------“-ის სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას სავალდებულო წინაპირობების სახით, რაც შესაძლებლობას მისცემს სასამართლოს შეაფასოს მოთხოვნა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ შპს „ევ----------------“ ცდილობს უფლების დაცვას სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის შინაარსით, მას სავალდებულო წესით უნდა მიეთითებინა ის აუცილებელი წინაპირობები რომლებიც ქმნიან აღნიშნული მუხლის ნორმატიულ შინაარს (მათ შორის შეთანხმება და ა.შ.). ანალოგიური ვითარებაა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლთან მიმართებით. ამის სანაცვლოდ, სარჩელი ამ ნაწილში მხოლოდ მშრალი მოთხოვნის სახით არის დეკლარირებული.

გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომელიც მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას აწესრიგებს, განსაზღვრავს რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (total reparation-ის პრინციპი). ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა, თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ მსესხებელზე გაიცა სარგებლიანი სესხი. მოსარჩელე გარდა დარიცხული სარგებლისა, ასევე მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებას, თუმცა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში მოსარჩელეს არ მიუთითებია კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რითიც უცილობლად დადასტურდებოდა მისი ინტერესი აღნიშნული მოთხოვნის მიმართ და რაც განაპირობებდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტით მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით - 210.85 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე.

 

6.5. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე, ასევე ითხოვს მოპასუხისათვის გირავნობის მოწმობის ასაღებად გაწეული ხარჯის - 50 ლარისა და სააღსრულებო წარმოებისათვის გაწეული ხარჯის - 200 ლარის დაკისრებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, შპს „ევ----------------“-ის განცხადების საფუძველზე, 2017 წლის 04 აპრილს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის საგანზე - მერსედეს-ბენც E 200, გაიცა გირავნობის მოწმობა N0-----. შპს „ევ----------------“-ის მიერ გირავნობის მოწმობის გაცემის სანაცვლოდ გადახდილ იქნა საფასური - 50 ლარის ოდენობით.

 

აღნიშნული გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება. მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა სააღსრულებო წარმოების ხარჯი - 200 ლარის ოდენობით.

 

შპს ,, ევ----------------“-სა და ლე-------–-–---–ს შორის 2015 წლის 12 ნოემბერს გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №1--------ის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მოგირავნისათვის გირავნობის საგნის იძულებითი წესით გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები დაეკისრება მსესხებელს / დამგირავებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხეთათვის გირავნობის მოწმობის ასაღებად გაწეული ხარჯისა და სააღსრულებო წარმოებისათვის გაწეული ხარჯის, ჯამში - 250 ლარის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. მოსარჩელემ იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, რაც უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში შეთანხმებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებებზე ხელისმოწერით მხარეებმა გამოხატეს ნება მათ შორის დავის გადაწყვეტის დროს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე. შესაბამისად, მოსარჩელის შუამდგომლობა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი იმავე სხდომაზე არ განიხილება, მაშინ სასამართლო ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც აცნობებს მხარეებს. მხარეების გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი განხილულ იქნა იმავე სასამართლო სხდომაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები:

მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 231.03

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამდენად, მოპასუხეებს ლე-------–-–---–სა და რე-------------ას მოსარჩელე შპს „ევ----------------“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა - 172.59 ლარის ოდენობით, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად (2233.52 აშშ დოლარი და 250 ლარი), ხოლო დარჩენილი თანხა უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე-364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს ,,ევ----------------“-ის სარჩელი ლე-------–-–---–ისა და რე-------------ას მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხეებს - ლე-------–-–---–სა და რე-------------ას მოსარჩელე შპს ,,ევ----------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 2015 წლის 12 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2 233.52 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1 291 აშშ დოლარი, სარგებელი - 882.52 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 60 აშშ დოლარი, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად.

 

1.2. მოპასუხეებს - ლე-------–-–---–სა და რე-------------ას მოსარჩელე შპს ,,ევ----------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი გირავნობის მოწმობის საფასურის - 50 ლარისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 200 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხეებს - ლე-------–-–---–სა და რე-------------ას მოსარჩელე შპს ,,ევ----------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 172.59 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე