გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 14021001600164665
საქმე N2/1675-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21.09.2018 წ. ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი ქეთევან ცერცვაძე
მოსარჩელე შ---–-გ თ----ე
წარმომადგენელი კ--ა კ--–-----–--ე
მოპასუხე შპს ”ი----- 96”
წარმომადგენელი ზ---ა მ-----–---–ი
მესამე პირი ს----–-–-------------ს ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი გ------ი ქ----–----ძე
მესამე პირი ბ-------------------ა ამხანაგობა ”ლ----- 2011”
წარმომადგენელი ნ-----–ი ე------–--ე, კ---ა კ--------ე
დავის საგანი აუცილებელი გზის დათმობა
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1 დადგინდეს შ---–-გ თ----ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან აუცილებელი მისასვლელი გზა შპს ”ი----- 96”-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 14 ივლისის ექსპერტიზის N0------15 დასკვნის დანართ N1-ის მიხედვით.
სარჩელის თანახმად, შ---–-გ თ----ეს საკუთრებაში გააჩნია ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი N9-ში მდებარე საკადასტრო კოდით 66.45.1-.089 რეგისტრირებული 644 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ მიწის ნაკვეთს არ აქვს მისასვლელი გზა. მოსარჩელის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამ ნაკვეთთან მისასვლელი სამანქანე სტანდარტული გზა უნდა მოეწყოს შპს ”ი----- 96”-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი: 66.45.1-.304) ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დანართის მიხედვით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შ--–-ა თ----ის მოთხოვნა არის მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრება და არა ფაქტობრივი გარემოება. მოსარჩელის სახელზე საჯარო რეესტრში 66.45.1-.089 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთის მხრიდან ესაზღვრება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფართი, რომელიც დღეის მდგომარეობით რეგისტრირებული არ არის, ხოლო დასავლეთის მხრიდან - ბ.მ.ა ”ლ----- 2011”-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რომელიც დატვირთულია სერვიტუტით იმდაგვარად, რომ მოსარჩელეს საშუალება აქვს დაამყაროს აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ განცხადებით მიმართული აქვს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსადმი მის სახელზე 66.45.1-.304 საკ. კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში აღნიშნულ მშენებლობას ის ვერ განახორციელებს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1 ბ-------------------ა ამხანაგობა ”ლ----- 2011”-ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ამხანაგობის ტერიტორიაზე სერვიტუტის ამოქმედება მიზანშეუწონელია. ამხანაგობის კორპუსს, რომელშიც 427 ადამიანი ცხოვრობს და მათ შორის 100-მდე ბავშვია, ეზო ფაქტობრივად არ აქვს, რადგან ეზო წარმოადგენს გზას, რომელიც მუდმივად გადატვირთულია ტრანსპორტით. ამხანაგობის მომიჯნავედ არსებობს სახელმწიფო მიწის ნაკვეთი, რომელსაც ამხანაგობის წევრები უკანონოდ ფლობდნენ 1992 წლიდან, თუმცა დღემდე დაკანონებული არ აქვთ. ამხანაგობა მხარს უჭერს სარჩელის დაკმაყოფილებას სარჩელზე თანდართული სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” N0------15 დასკვნის შესაბამისად.
4. მესამე პირის პოზიცია
4.1 ს----–-–-------------ს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა მოპასუხის მიერ შემოთავაზებული აუცილებელი გზის ალტერნატიულ ვარიანტს და შესაძლებლად მიიჩნია მოსარჩელისათვის აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების მოპოვება სარჩელზე თანდართული ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად.
5. ფაქტობრივი გარემოებები
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1.1. შ---–-გ თ----ის (პ/ნ 59001026910) საკუთრებაშია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე: ქ. გორი, ცხინვალის გზ. N9 საკადასტრო კოდი - 66.45.1-.089;
5.1.2. შპს ”ი----- 96”-ის (ს/ნ 217884975) საკუთრებაშია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე: ქ. გორი, ცხინვალის გზ. N9 საკადასტრო კოდი - 66.45.1-.304;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
5.1.3. 2017 02 თებერვალს შპს „ი------96“-მა განცხადებით მიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერს 66.45.1-.304 საკადასტრო კოდით შპს „ი----- - 96“ის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 02.02.2017 წლის განცხადება თანდართული მასალებით;
5.1.6. მოპასუხის განმარტებით იგი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და ს.კ. 66.45.1-.304 მიწის ნაკვეთზე გამზადებული აქვს პროექტი, რომლის შესაბამისად აპირებს მშენებლობას, ხოლო მისი კუთვნილი ტერიტორიის მოსარჩელის მიერ გამოყენების შემთხვევაში იგი გახდება გამოუყენებლი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი 11.09.2018წ);
5.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
5.2.1. სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” N0------15 დასკვნის საფუძველზე შ---–-გ თ----ის კუთვნილ N66.45.1-.089 საკ. კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი გზა შესაძლებელია მოეწყოს ისე, როგორც ეს ამ დასკვნის დანართ N1-ზეა ასახული, რა შემთხვევაშიც მისასვლელი გზა გაივლის N66.45.1-.304 საკ. კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე. სნდაწ 2.07.01-89 მოთხოვნების შესაბამისად მეორეხარისხოვანი გასასვლელისათვის გზის საფარის სიგანე უნდა შეადგენდეს 3.5 მ-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” N0------15 დასკვნა;
5.2.2. დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის N2/0015 დასკვნის თანახმად, შ---–-გ თ----ის (პ/ნ 59001026910) კუთვნილ (საკ/კოდი 66.45.1-.089) დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” მიერ შერჩეული გზის ალტერნატიული გზა შესაძლებელია მოეწყოს დანართი N1-ის მიხედვით, რისი განხორციელების შემთხვევაშიც, შ---–-გ თ----ის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა გაივლის მის ჩრდილოეთით მდებარე (მომიჯნავე) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის მეშვეობითაც დაუკავშირდება სერვიტუტით დატვირთულ გზას, ხოლო მისი საშუალებით ყიფიანის ქუჩას. მისასვლელი გზის სიგრძე სავარაუდოდ იქნება 46.0 მ.
ს.ნ.დაწ.2.07.01-89 მოთხოვნის შესაბამისად მეორე ხარისხოვანი გასასვლელისათვის გზის საფარის სიგანე უნდა შეადგენდეს 3.5 მეტრს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის N2/0015 დასკვნა.
5.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე შ---–-გ თ----ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ 66.45.1-.089) საჯარო გზიდან ერთადერთ მისასვლელ გზას არ წარმოადგენს მოპასუხე შპს „ი----- 96“-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობებით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარს უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნების ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, სჭირდება სათანადო მტკიცება. მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, როგორც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ქ. გორში, ცხინვალის გზატკეცილ N9-ში მდებარე მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან (ს/კ 66.45.1-.089) ერთადერთი მისასვლელი გზა შესაძლებელია დადგინდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის გავლით. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 14.07.2015წ. საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად მოსარჩელე შ---–-გ თ----ის კუთვნილ N66.45.1-.089 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელმა გზამ უნდა გაიაროს მოპასუხის N66.45.1-.304 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, თუმცა აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნაში არ არის მითითებული რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოყენება არის ერთადერთი და უალტერნატივო საშუალება მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთის გამოყენებით საჯარო გზასთან მისასვლელად.
მოპასუხის მიერ საქმეზე წარმოდგენილი დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის დასკვნით კი დგინდება, რომ N66.45.1-.089 საკადასტრო კოდზე დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელად არსებობს ალტერნატიულ გზა, რომელიც შესაძლებელია მოეწყოს ამ დასკვნის დანართი N1-ის შესაბამისად.
სამოტივაციო ნაწილი:
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 180-ე მუხლი, 170-ე მუხლი;
საქართველოს კონსტიტუცია;
8. სამართლებრივი შეფასება
8.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. უფლების მართლზომიერად განხორციელება ნიშნავს სასამართლო დავაში მონაწილე პირთა უფლების თანაზომიერად დაცვას. დავის გადაწყვეტისას სამართლის ნორმათა შეფასებას სასამართლოს მიერ უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ დაირღვეს რომელიმე მხარის კანონით დაცული უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება დაცული და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
აღნიშნული მუხლის დანაწესი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, განკარგოს თავისი ნივთი შეხედულებისამებრ, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, თუმცა ამავე მუხლით დგინდება, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და მესაკუთრის უფლებები – ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, ნივთით ისე, რომ არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა - შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მესაკუთრეს შეიძლება დაეკისროს მისი საკუთრებით სარგებლობის თმენის ვალდებულება.
სწორედ ასეთი თმენის ვალდებულებაა გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად.
დასახელებული ნორმით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში.
სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების მოთხოვნისას დაუშვებელია მხოლოდ მომჩივანი მხარის ინტერესების გათვალისწინებით მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს და დადგინდეს ყველა გონივრული და შესაძლო საშუალება, რომლითაც შესაძლოა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა. აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენისას უნდა შემოწმდეს ყველა მესაკუთრის ინტერესი და მხოლოდ მათი ინტერესების ურთიერთშეჯერების შედეგად უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება.
საქმის მასალებით, კერძოდ მოპასუხის მიერ საქმეზე წარმოდგენილი დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის დასკვნით უდავოდ დადასტურებულია, რომ მოსარჩელის საჯარო გზასთან დასაკავშირებლად არსებობს სხვა ალტერნატიული ვარიანტ, რომლითაც გამოირიცხება მოპასუხის საკუთრების უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლო განმარტავს, რომ მეზობელი მიწის ნაკვეთის გამოყენების უფლება საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად დგება იმ შემთხვევაში, თუ იგი იზოლირებულია საჯარო გზების, ელექტრო, ნავთობის, გაზის ან წყალმომარაგების ქსელისაგან და ასეთი კავშირი მხოლოდ მეზობელი უძრავი ქონების სარგებლობით არის შესაძლებელი, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების საჯარო გზასთან დაკავშირება შესაძლებელია ისე, რომ არ მოხდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობა. ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე არ არის ვალდებული, ითმინოს მოსარჩელის მიერ მისი კუთვნილი უძრავი ქონებით სარგებლობა. ასეთ პირობებში მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს არ წარმოეშობა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული თმენის ვალდებულება.
ამდენად სასამართლო ასკვნის, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით დადგენილი აუცილებელი გზის დადგენის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა, რის გამოც შ---–-გ თ----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ვინაიდან სარჩელს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად. იმავე კოდექსის 53.1-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პროცესის ხარჯებისა და სასამართლოსგარეშე ხარჯების სახით ექსპერტიზისათვის გაწეული ხარჯის 200 ლარისა და წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის სახით 200 ლარის, ჯამში 400 ლარის, გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. შ---–-გ თ----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. შ---–-გ თ----ეს მოპასუხე შპს ”ი----- 96”-ის სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტიზის ჩატარებისთვის გაწეული ხარჯისა და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის გადახდა, სულ - 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე- 4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე