გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/3873-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი
მოსარჩელე - ნ-----------–-----–ი
წარმომადგენელი - ვ-–--–--–-----ი
მოპასუხე - შ---------------“
წარმომადგენელი - რ----------------ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შ---------------“-ს მოსარჩელე - ნ-----------–-----–ის სასარგებლოდ დაეკისროს 4700 აშშ დოლარი.
(მოთხოვნა დაზუსტებულ იქნა 12.10.18წ სასამართლო სხდომაზე).
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლის 13 ივლისს შ---------------“-ის დირექტორ ა-–--------------–--ესა და ნ-----------–-----–ს შორის გაფორმდა საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანიამ აიღო ვალდებულება, დახმარებოდა მოსარჩელეს ამერიკიდან მათსავე მიერ შეთავაზებული ავტომანქანის შეძენაში, ამასთან მისცა გარანტია როგორც ვიზუალურ, ასევე ტექნიკურ მხარეზე, კერძოდ ავტომანქანის ძრავა, სიჩქარეების გადაცემის კოლოფი და სხვა დანარჩენი ნაწილები იქნებოდა გამართულ მდგომარეობაში. მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, რომ გადაიხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას 4700 აშშ დოლარის ოდენობით, რაც მის მიერ გადახდილ იქნა.
ავტომანქანის ჩამოსვლისას აღმოჩნდა, რომ ჰქონდა სხვადასხვა პრობლემები, როგორც ვიზუალური, ასევე ტექნიკური, მათ შორის ძრავა და გადაცემის კოლოფი გამოსული იყო მწყობრიდან. მოსარჩელემ აცნობა აღნიშნულის თაობაზე შუამავალ კომპანიას და განუმარტა, რომ ავტომანქანას არ ჩაიბარებდა და ითხოვდა ავტომანქანის შემოწმებას, ხელშეკრულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მაგრამ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არც კი გამოცხადდა ფ-----------------–ში ავტომანქანის მდგომარეობის სანახავად, რის შემდეგ მოსარჩელე იძულებული გახდა გაეწია ხარჯები და ქ.ფ-------ან ქალაქ თბილისში ავტომანქანა ევაკუატორით ჩამოიყვანა, რათა გაერკვია კომპანიასთან ურთიერთობა, თუმცა უშედეგოდ.
მიუხედავად დაპირებისა, კომპანიამ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, უფრო მეტიც კომპანიის დირექტორმა წაიღო ავტომანქანის გასაღები იმ პირობით, რომ მოაგვარებდა შექმნილ სიტუაციას და დაუბრუნებდა მოსარჩელეს მის მიერ გადახდილ თანხას ან გამოასწორებდა ავტომანქანის მდგომარეობას, თუმცა გასაღები და დოკუმენტაციაც აღარ დაუბრუნებია მოსარჩელისათვის, რის გამოც მოსარჩელე ვერ ახერხებს ავტომანქანის განბაჟებას და ერიცხება საკმაოდ დიდი საურავები.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარის მიერ სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში წარდგენილ იქნა შესაგებელი, თუმცა არაუფლებამოსილი პირის მიერ.
სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება ამავე კოდექსის 2321 მუხლის თანახმად.
ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, უფლებამოსილი პირის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის საფუძველზე, სასამართლომ სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 13 ივლისს შ---------------“-სა და ნ-----------–-----–ის (დამკვეთი) შორის გაფორმდა საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შ---------------“-ის ვალდებულება დახმარებოდა დამკვეთს ამერიკიდან ავტომანქანა D-------------------------------------------- შეძენაში, უზრუნველყო მისი ამერიკიდან ტრანსპორტირება და დამკვეთისათვის მიწოდება, ფ------------------------------–ში.
დამკვეთს ეძლეოდა გარანტია ძრავასა და სიჩქარეების კოლოფზე, ასევე ავტომანქანის ვიზუალურ მდგომარეობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 13 ივლისის საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 14-16);
3.1.2 2013 წლის 13 ივლისს გაფორმებული საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, შუამავლის ანაზღაურება შეადგენდა 200 აშშ დოლარს, ხოლო ავტომანქანის ღირებულება ტრანსპორტირების ჩათვლით 4500 აშშ დოლარს.
მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შუამავლის ანაზღაურება და ავტომანქანის ღირებულება სრულად იქნა გადარიცხული შ---------------“-სათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 13 ივლისის საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 14-16);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმები).
- სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 20-21);
3.1.3. ავტომანქანის ტრანსპორტირება განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, თუმცა ავტომანქანის მიღებისას აღმოჩნდა რომ ძრავა იყო გაუმართავი, რის თაობაზეც მოსარჩელემ აცნობა მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელს - ა-–--------------–--ეს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმები).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-----------–-----–ის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 340-ე, 361-ე, 709-ე, 744-ე, 394 -ე, 410-ე, მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სსკ-ის 319 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი; მათ შორის შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია 2013 წლის 13 ივლისის საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ერთის მხრივ ნ-----------–-----–ს, როგორც „დამკვეთსა“ და მეორეს მხრივ შ-------------“-ს, როგორც „შუამავალს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შუამავალმა აიღო ვალდებულება შეთანხმებული საზღაურის სანაცვლოდ, დამკვეთს დახმარებოდა ამერიკის შეერთებული შტატებში კონკრეტული ავტომანქანის შეძენაში, უზრუნველეყო მისი ტრანსპორტირების ორგანიზება და ავტომანქანის დამკვეთისათვის მიწოდება ფ------------------------------–ში.
ხელშეკრულების თანახმად, ავტომანქანის ღირებულება შეადგენდა 4700აშშ დოლარს, საიდანაც შუამავლისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა იყო 200 აშშ დოლარი, ხოლო ავტმობილის ღირებულება ფ----------------------დე ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით 4500აშშ დოლარი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 340-ე მუხლის თანახმად, შერეული ხელშეკრულებების განმარტებისას მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან. ამასთან, ხელშეკრულების ცალკეული სახის განსაზღვრისას, უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია არა ზოგადი დათქმები, არამედ ის არსებითი უფლებები და მოვალეობები, რომლებსაც მხარეები იძენენ კონკრეტული გარიგების გაფორმებისას.
გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლის თანახმად, საშუამავლო ხელშეკრულებისათვის არ არის დამახასიათებელი მარწმუნებლის რაიმე ვალდებულების აღება საკუთარ თავზე, გარდა იმისა, რომ სწორედ შუამავლის საშუალებით ხდება ხელშეკრულების კონტრაჰენტის მოძიება და მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს შუამავალი გასამრჯელოს, თუ ხელშეკრულება მისი საშუალებით დაიდება; ასევე კონკრეტული საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შინაარსისა და მასში ასახული მხარეთა უფლება-მოვალეობების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შესრულების არსით ყველაზე ახლოს დგას შუამავლობისა და დავალების ხელშეკრულებების შინაარსთან და პრაქტიკულად თავისი არსით წარმოადგენდა შუამავლის მიერ დამკვეთისათვის კონკრეტული მომსახურების გაწევას, რაც მდგომარეობდა დამკვეთის ხარჯით შერჩეული ავტომანქანის შეძენასა და მისი ტრანსპორტირების უზრუნველყოფაში.
6.2. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება კი პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.
დადგენილია რომ 2013 წლის 13 ივლისის საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად შუამავალმა იკისრა პასუხისმგებლობა ავტომანქანის ვიზუალურ მდგომარეობასა და ტექნიკურ მხარეზე, კერძოდ ძრავასა და სიჩქარეთა კოლოფზე ანუ ხელშეკრულებაში კონკრეტულად და ამომწურავად მიეთითა ავტომობილის იმ ტექნიკურ მახასიათებლებზე, რომელთა გაუმართაობაზეც პასუხს აგებდა შუამავალი.
ასევე დადგენილია რომ მოსარჩელემ 2013 წლის 16 ივლისს შ-------------“-ს ანგარიშზე გადარიცხა 3000აშშ დოლარი, ხოლო 2013წლის 16 აგვისტოს 1700აშშ დოლარი. ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მოპასუხემ უზრუნველყო ავტომანქანის საქართველოში ტრანსპორტირება.
მოპასუხე მხარის მიერ შესაგებლის ვადაში წარმოუდგენლობის გამო, ფაქტობრივი გარემოება, რომ დამკვეთის მიერ ფოთის პორტში ავტომანქანის მიღებისას ძრავა აღმოჩნდა გაუმართავი სასამართლომ ასევე დამტკიცებულად მიიჩნია.
6.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე, სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ან ერთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება.
ამრიგად, აღნიშნულ ნორმათა დანაწესის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის შემცირება არ ითვლება სარჩელის შეცვლად და, შესაბამისად, დასაშვებია საქმის სასამართლო განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, მაშინ როცა, სარჩელის საფუძვლისა და საგნის შეცვლა დასაშვებია საქმის წინასწარი განხილვის დასრულებამდე, ხოლო დასრულების შემდეგ დაიშვება მხოლოდ მოპასუხის თანხმობით.
სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს. უზენაესმა სასამართლომ 2009 წლის 6 ივლისის #ას-221-547-09 განჩინებით განმარტა, რომ „მითითებული დანაწესით გათვალისწინებული გარემოებები და ფაქტები ქმნიან სარჩელის საფუძველს და შეადგენენ მტკიცების საგანს. მხარე, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, თვითონვე განსაზღვრავს თუ რომელ კონკრეტულ ფაქტს დაამყაროს თავისი სასარჩელო მოთხოვნა, ამასთან, უფლებამოსილია, თავის სასარჩელო მოთხოვნა დაამყაროს როგორც ერთ, ისე რამდენიმე იურიდიულ ფაქტს, რაც დამოკიდებულია თვით სასარჩელო მოთხოვნაზე. სასარჩელო მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი ხასიათისაა და იგი უნდა დადასტურდეს იურიდიული ფაქტებით, რომლებსაც მატერიალური სამართლის ნორმა გარკვეულ შედეგებს უკავშირებს. სარჩელის საფუძველი იმ ფაქტების ერთობლიობაა, რომლებიც ასაბუთებენ, ფაქტობრივად ამართლებენ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, ამდენად, სარჩელის საფუძვლის შეცვლა იმ ფაქტობრივი გარემოებების შეცვლას ნიშნავს, რომლებსაც მოსარჩელე თავის სარჩელში თავდაპირველად უთითებდა და სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვდა“.
რაც შეეხება სარჩელის საგანს - ესაა მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, ის თუ რა მოქმედების შესრულებას მოითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან.
მოცემულ შემთხვევაში როგორც სარჩელით, ისე სასამართლოებში საქმის განხილვისას, განხილვის მომზადების დამთავრებამდე, მოსარჩელე ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ჯეროვნად 2013 წლის 13 ივლისის საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 402-ე მუხლიებს საფუძველზე წარმოადგენდა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველს 5050აშშ დოლარისა და 152 ლარის ოდენობით.
2018 წლის 16 ოქტომბრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოსარჩელე მხარემ საკუთარ ახსნა-განმარტებაში დააზუსტა (შეამცირა) სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა _ 4700აშშ დოლარამდე და შეცვალა სარჩელის საგანი _ ნაცვლად ზიანის ანაზღაურებისა, მოითხოვა ხელშეკრულებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა, რაც გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან, რომელიც ბლანკეტური შინაარსისაა (შეიცავს დათქმას 405-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობებზე) და აწესებს ქცევის იმგვარ წესს, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
6.4. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი განსაზღვრავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წესს ვალდებულების დარღვევისას და ადგენს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. დასახელებული ნორმა, ამავე კოდექსის 412-ე მუხლთან ერთად ადგენს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს ვალდებულებით ურთიერთობაში და მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას თუკი დადგინდება, რომ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამასთანავე დაზარალებული რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს როგორც ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე მისი ოდენობა
დადგენილია რომ შ---------------“-ის მიერ 2013 წლის 13 ივლისის საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების შედეგად, მოსარჩელეს მიადგა ზიანი, თუმცა სარჩელს თან არ ახლავს ზიანის ოდენობის განმსაზღვრელი კონკრეტული მტკიცებულება, ხოლო მოსარჩელის განმარტებით იგი შეადგენს 4700 აშშ დოლარს, რაც არის ავტომანქანის ტრანსპორტირებისა და შეძენისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი ფასი.
სამოქალაქო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე წინასწარ უარის თქმა დაიშვება, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა შეთანხმებით.
სასამართლოს მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმადაც ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის 2013 წლის 13 ივლისს ხელმოწერილი საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულების პირველი (ხელშეკრულების საგანი) მუხლის მე-2 პუნქტით (მხარეთა უფლება-მოვალეობები) გათვალისწინებულ არსებით პირობაზე, რომელიც შეთანხმებულ იქნა მხარეთა ნების გამოვლენის შედეგად ზიანის ანაზღაურების საკითხის დარეგულირებასთან დაკავშირებით _ „დამკვეთი უფლებამოსილია ავტომობილის მიღებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში მოახდინოს მისი შემოწმება და განაცხადოს ავტომობილის გაუმართაობის შესახებ. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შ------------------ იხსნის ვალდებულებას“ ზიანის ანაზღაურებაზე“ _ და მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების მიუხედავად, ის გარემოება, რომ დამკვეთმა ავტომობილის მიღებიდან 7 დღის ვადაში შუამავალს წარუდგინა პრეტენზია ავტომობილის გაუმართაობის თაობაზე არ დასტურდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნ-----------–-----–ის სასარჩელო მოთხოვნა შ-------------“-ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 360 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის _ 500 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე- 8-ე, 55-ე, 2321, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ-----------–-----–ის სარჩელი შ-------------“-ს მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი