გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/146-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი
მოსარჩელე - ს------------------
წარმომადგენელი - კ---------------–---–---------–--–--------–---–-
მოპასუხე - ა-–---------------------–---–-----------------–-
წარმომადგენელი - ნ-------------–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ა-–---------------------–---–--------------------–---------------------- სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ დავალიანება - 15585.19 აშშ დოლარის ოდენობით;
1.2. მოპასუხეებს ა-–---------------------–---–--------------------–---------------------- სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ დავალიანების ძირ თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე (12755.16 აშშ დოლარი) პირგასამტეხლოს გადახდა დღეში 0.1% -ის (ყოველდღიურად 12.75 აშშ დოლარი) ოდენობით ხელშეკრულების შეწყვეტიდან (28.12.2017) 180 დღის განმავლობაში (26.06.18), სულ 2295.92აშშ დოლარი;
1.3 მოპასუხე ა-–---------------------–---–------------------------ მიმართ არსებული დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ფ--------------–------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N------------ იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით;
1.4 თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების ა-–---------------------–---–---------------------–-- კუთვნილს სხვა ქონებაზე.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: 2014 წლის 21 მარტს ს--------------------------–---------------------–---–- შორის დაიდო N---------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი, რომლის უზრუნველსაყოფად N------------ იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე ნ-------------–-- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ფ--------------–------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N72.13.01.307.
N---------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, 2014 წლის 31 მარტს ს--------------------------–---------------------–---–- შორის გაფორმდა N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 12000 აშშ დოლარის ოდენობით, 1831 დღის ვადით, სარგებლის წლიური 15%-ის გადახდევინებით, 0.5% პირგასამტეხლოს დარიცხვით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2014 წლის 31 მარტის N------------ თავდებობის ხელშეკრულებით, ნინო ხარაულმა მსესხებელთან ერთად, მთელი მოცულობით, სოლიდარულად ივალდებულა N---------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულება თავდებობის ზღვრული თანხის 500000 აშშ დოლარის ფარგლებში.
N---------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების მე-7 მუხლის N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისა და გადახდის გრაფიკის თანახმად, მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი და მასზე დარიცხული პროცენტი. მიუხედავად ბანკის მხრიდან არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხეები არ ასრულებენ ვალდებულებას. სსკ-ის 873-ე მუხლის საფუძველზე 28.12.2017 წელს მოსარჩელის მიერ ვადამდე შეწყვეტილ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და დავალიანება შეადგენს 15585.19 აშშ დოლარს, მათ შორის 9161.57 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 3593.59 აშშ დოლარი - დარიცხული პროცენტი და 2830.03 აშშ დოლარი - პირგასამტეხლო.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა ა-–---------------------–---–---------------------–-- წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მსესხებლის მხრიდან 16 თვის განმავლობაში კეთილსინდისიერად სრულდებოდა ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, იხდიდნენ გრაფიკით გათვალისწინებულ თანხას ყოველთვიურად 295.3 აშშ დოლარის ოდენობით. 2015 წლის დეკემბერში ერთიანად იქნა შეტანილი თანხა 2100 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც მთლიანად სესხის ძირ თანხას უნდა მოკლებოდა, თუმცა ძირითად თანხას ბანკმა გამოაკლო მხოლოდ 956.69 აშშ დოლარი.
მოპასუხეთა განმარტებით, მათი ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიაშია რეგისტრირებული და მატერიალური პირობების გაუარესების გამო, ვერ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებას. შესაბამისად, არაგონივრული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება და ქონების რეალიზაცია კიდევ უფრო გაართულებს მოპასუხის მატერიალურ მდგომარეობას.
სამართლო სხდომაზე მოპასუხე ა-–---------------------–---–- არ გამოცხადებულა, ხოლო ნ---------------–-- სარჩელი ცნო ნაწილობრივ სესხის ძირითადი თანხის _ 4556.03 აშშ დოლარის და პროცენტის 3362.20 აშშ დოლარის ნაწილში, ასევე მოითხოვა მეორე სასარჩელო მოთხოვნით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 21 მარტს ს--------------------------–---------------------–---–- შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მოპასუხესთან 2014 წლის 31 მარტს გაფორმდა N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 12000 აშშ დოლარი, ვადა - 1831 დღე, ყოველწლიური სარგებელი - 15%, ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - დავალიანების 0.5%. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, დადგენილი გრაფიკის შესაბამისად;
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 21 მარტის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #---------------- ხელშეკრულება (ს.ფ. 16-23);
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები; 2014 წლის 31 მარტის საბანკო კრედიტის #2151897-2558473 ხელშეკრულება (ს.ფ 29-41).
3.1.2 N---------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ს------------------------------------–- შორის 2014 წლის 21 მარტს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N------------. ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა ნ-------------–-- საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქ თბილისი, ფ--------------–------------, ს/კ: 72.13.01.307.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 21 მარტის იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 24-28);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 54-55).
3.1.3. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ბანკსა და ნ-------------–- შორის 2014 წლის 21 მარტს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N------------. თავდებმა ნინო ხარაულმა სოლიდარულად და სრულად იკისრა პასუხისმგებლობა ს------------------- წინაშე ა-–---------------------–---–-ს ვალდებულებების შესრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 500 000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდების განცხადება; თავდებობის ხელშეკრულება N------------ (ს.ფ. 42-45);
3.1.4. ა-–---------------------–---–-ს მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მას 2015 წლის 10 დეკემბრის შემდეგ არ განუხორციელებია თანხის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 46-47);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.6. ს------------------- მხრიდან მოპასუხეები გაფრთხილებულ იქნენ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ; ბანკის მიერ 2017 წლის 28 დეკემბერს ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებას:
- გაფრთხილების წერილები; ჩაბარების დასტური (ს.ფ. 49-52).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, მოპასუხეთა დავალიანება სესხის ძირითადი თანხის ნაწილში შეადგენს 9161.57 აშშ დოლარს, ხოლო დარიცხული საპროცენტო სარგებლის ნაწილში 3593.59აშშ დოლარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ ვინაიდან ს----------------- 14.11.2017 წლის გაფრთხილების წერილებში მოპასუხეთა ვადაგადაცილებული დავალიანების ძირითად თანხად მითითებულ იქნა 4556.03 აშშ დოლარი, ხოლო სარგებელის ოდენობად - 3362.20 აშშ დოლარი, შესაბამისად კრედიტორის წინაშე მოპასუხეთა არსებული დავალიანება სესხის ძირი თანხისა და დარიცხული სარგებლის ნაწილში შეადგენს 7918.23 (4556.03+3362.2) აშშ დოლარს და არა იმ თანხას, რომელსაც წინამდებარე სარჩელით ითხოვს ბანკი მოპასუხეებისაგან.
სადავო გარემოების დადგენის თვალსაზრისით, სასამართლო მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთის მქონე მოპასუხე მხარის მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის კონკრეტული მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა კრედიტორის სასარგებლოდ თანხის გადახდა, გარდა იმ შენატანებისა რომლებიც განხორციელებულია 2015 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით და რაც დეტალურადაა ასახულია ბანკის მიერ წარმოდგენილ გადახდების ისტორიაში. შესაბამისად, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების _ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დაფარვის გრაფიკის, მსესხებლის პირადი ანგარიშიდან ამონაწერის, ბანკის 2017 წლის 28 დეკემბრის ცნობისა და გაფრთხილების წერილების _ ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის ა-–---------------------–---–-ს შეუსრულებელი ვალდებულება ბანკის წინაშე შეადგენს 9161.57 აშშ დოლარს - სესხის ძირითადი თანხის ნაწილში და 3593.59 აშშ დოლარს - დარიცხული პროცენტის სახით.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 46-47);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 40-41).
- ს----------------- 2017 წლის 28 დეკემბრის ცნობა (ს.ფ. 48)
- სს „თიბისი ბანკის“ 14.11.17წ გაფრთხილების წერილები N2145/40 და N2146/40 (ს.ფ51-52)
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ არსებობს სს ,,თიბისი ბანკის’’ მიერ აღძრული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-868-ე, 873-ე, 891-895-ე, 286-ე, 301-ე, მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ვალდებულების საფუძველს კი წარმოადგენს 2014 წლის 21 მარტს ს--------------------------–---------------------–---–- შორის დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მოპასუხესთან 2014 წლის 31 მარტს გაფორმდა N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის სამართლებრივი რეგულირებაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 867-ე და 868-ე მუხლებში. კერძოდ:
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
2014 წლის 31 მარტს ს--------------------------–---------------------–---–- შორის გაფორმებული N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, ალექსანდრე თოთოსაშვილზე გაიცა სესხი 12000 აშშ დოლარის ოდენობით, 1831 დღის ვადით, სარგებლის წლიური 15%-ის გადახდის პირობით. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული დაფარვის გრაფიკის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებით აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
დადგენილია, რომ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორსა და ნ-------------–- შორის 2014 წლის 21 მარტს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N------------, რომლის საფუძველზეც თავდებმა ნინო ხარაულმა სოლიდარულად და სრულად იკისრა პასუხისმგებლობა ს------------------- წინაშე ა-–---------------------–---–-ს ვალდებულებების შესრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 500 000 აშშ დოლარი.
6.2. სკ-ის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დავის ფარგლებში, დადგენილია ა-–---------------------–---–-ს მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი (სკ-ის 361-ე, 400-ე მუხლები), რის თაობაზეც ეს უკანასკნელი თავდებთან ერთად ბანკის მიერ გაფრთხილებულ იქნა წერილობით და მიეცა ვალდებულების შესასრულებლად დამატებით ვადა, თუმცა უშედეგოდ, რაც წარმოადგენს კრედიტორის მიერ საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტისა და მოვალისა და თავდები პირისათვის ძირითადი თანხისა და ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ნ-------------–-- წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ - სესხის ძირითადი თანხის - 4556.03 აშშ დოლარისა და პროცენტის - 3362.20 აშშ დოლარის ნაწილში, რაც ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის უპირობოდ დაკმაყოფილების საფუძველია.
საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის პოზიცია და დადგენილად მიიჩნია სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის შეადგენს სესხის ძირ თანხას - 9161.57 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო დარიცხულ პროცენტი - 3593.59აშშ დოლარს.
შესაბამისად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთათვის სესხის ძირი თანხისა და საპროცენტო სარგებლის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს: ა-–---------------------–---–- და ნ-------------–- ს----------------- სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხა 9161.57აშშ დოლარისა და საპროცენტის სარგებლის 3593.59 აშშ დოლარის გადახდა.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო მიუთითებს რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
განსახილველ შემთხვევაში, N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.10 პუნქტის საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევისას, მსესხებელს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კრედიტის დავალიანების თანხის 0,5%-ის ოდენობით. თუმცა განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას ხელშეკრულების შეწყვეტამდე შემცირებული სახით- 2830.03აშშ დოლარის ოდენობით, რაც სასამართლოს შეფასებით პირგასამტეხლოს თანაზომიერი და გონივრული ოდენობაა.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ძირ თანხასა და დარიცხულ პროცენტზე (12755.16) პირგასამტეხლოს გადახდა დღეში 0.1% -ის (ყოველდღიურად 12.75 აშშ დოლარი) ოდენობით _ 2017 წლის 28 დეკემბრიდან (ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი) 180 დღის განმავლობაში (26.06.2018), რაც ჯამში შეადგენს 2295.92 ლარს, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის’’ ანაზღაურების უზრუნველყოფა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს რომ კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - დავალიანების ძირ თანხისა და დარიცხულ პროცენტის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, როგორც არაგონივრული უნდა შემცირდეს და მისი, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციის, მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხასიათის, ვალდებულების დარღვევაში მხარის ბრალეულობის ხარისხისა და მოპასუხეთა სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით იგი უნდა განისაზღვროს დავალიანების მხოლოდ ძირითადი თანხის - 9161.57აშშ დოლარის 0,05%-ის ოდენობით (4.58აშშ) დოლარი, ხელშეკრულების შეწყვეტიდან - 2017 წლის 28 დეკემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს 180 დღისა, რაც ჯამში შეადგენს 824.4აშშ დოლარს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით. ამავე კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია რომ N---------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ-------------–-- საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: ქალაქი თბილისი, ფ--------------–------------, ს/კ N------------;
N---------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 9.3 პუნქტით განსაზღვრული იქნა რომ იმ შემთხვევაში თუ ამ ხელშეკულების ან/და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ან/და დაგრავებული ქონების (უზრუნველყოფის ობიექტების) რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება ამ ხელშეკრულების ან/და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე წარმოშობილი ყველა ვალდებულების მთლიანად შესასრულებლად, კლიენტის ვალდებულებები ჩაითვლება შესრულებულად მხოლოდ იპოთეკისა და გირავნობის საგნების რეალიზაციით მიღებული თანხების ტოლი ოდენობით, რაც ნიშნავს იმას, რომ კლიენტი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს თანხა, რომელიც ტოლი იქნება სხვაობისა კლიენტის ვალდებულებების საერთო მოცულობასა და იპოთეკის, გირავნობის საგნის რეალიზაციის მიღებული თანხების ჯამურ ოდენობას შორის. იგივე წესი გავრცელდება ნებისმიერ დანახარჯზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას იპოთეკის ან/და გირავნობის საგნების ან კლიენტის კუთვნილი სხვა აქტივ(ებ)ის რეალიზაციის პროცესში. ამავე ხელშეკრულებოს 9.6 პუნქტის თანახმად, ბანკის მოთხოვნების დაკმაყოფილების/კლიენტის ვალდებულებების შესრულების მიზნით ბანკს უფლება აქვს მოითხოვოს აღსრულების მიქცევა კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (კლიენტის კუთვნილ ნებისმიერ ნივთსა და არამატაერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, მათ შორის ქონებაზე, რომელსაც მოვალე შეიძენს ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ), მიუხედავად იმისა უზრუნველყოფილია, თუ არა კლიენტის ვალდებულება (ბანკის მოთხოვნა) სანივთო უფლებით (იპოთეკით, გირავნობით). ანალოგიური შინაარსის შემცველია, ნ-------------–-ა და ს---------------- შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების 7.2 და 7.5 პუნქტები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეთა მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ნებაყოფლობით გადაუხდელობის გამო, მოსარჩელეს, სხვა კრედიტორებთან შედარებით, აქვს უპირატესი უფლება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული კონკრეტული ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გადახდევინება უნდა მიქცეს, მოპასუხეთა ნებისმიერი ქონებაზე. ამდენად, მოთხოვნის ამ ნაწილში ბანკის სასარჩელო მოთხოვნა ასევე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე ურს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ს------------------- მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 1388.07 ლარის ოდენობით, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამასთან, მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი. აღნიშნულის გათვალისწინებით: ს------------------ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ ცნობის პროპორციულად - 307.33 ლარის ოდენობით; მოპასუხეს ს------------------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 966.48 ლარის ანაზღაურება სასამართლო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად; სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ოდენობა უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გაღებულ იქნა ხარჯი საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისთვის - 15 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დავალების ასლით (ს.ფ. 53). შესაბამისად აღნისნული ხარჯი უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს------------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. ა-–---------------------–---–- და ნინო ხარაულს ს-------------------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანება 15585.19 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 9161.57 აშშ დოლარი, პროცენტი - 3593.59.56 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 2830.03 აშშ დოლარი.
1.2. ა-–---------------------–---–- და ნ-------------–- ს-------------------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს გადახდა დავალიანების ძირითად თანხაზე (9161.57აშს დოლარზე) ყოველდღიური 0.05%-ის (4.58 აშშ დოლარის) ოდენობით 2017 წლის 28 დეკემბრიდან, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 180 დღისა.
1.3. თავდები ნ-------------–-- პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობაა 500 000 აშშ დოლარი.
1.4. დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს ნ-------------–-- საკუთრებაში არსებული და ს------------------- სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: ქალაქი თბილისი, ფ--------------–------------, ს/კ N------------;
1.5. იმ შემთხვევაში, თუ ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას, აღსრულება განხორციელდეს - ა-–---------------------–---–-სა და ნ-------------–-- საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებიდან.
2. ა-–---------------------–---–- და ნ-------------–- მოსარჩელე ს------------------- სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის - 966.48 ლარის ანაზღაურება;
3. მოსარჩელე სს ,,თიბისი ბანკს” (-------------- დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 307.33 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია 2017 წლის 29 დეკემბერს შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი T-------- სახაზინო კოდი 3---------- (საგადასახადო დავალება N2).
4. ა-–---------------------–---–- და ნ-------------–- მოსარჩელე ს------------------- სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ, მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების ამონაწერის განახლების საფასური - 15 ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი