გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.11.2018
საქმის ნომერი
160210018002593407
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160210018002593407

#2/744-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05.11.2018 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე

მოსარჩელე - თინ------------ე

მოსარჩელის წარმომადგენელი - მარ-----------–აძე

მოპასუხე - გე-–---------ი

არასრულწლოვანის წარმომადგენელი - ს-------–---–--------------------------------------–----------------–------------–---

წარმომადგენელი - ზვ-------------ი

დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

თინ------------ე ითხოვს გე-–---------ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას, კერძოდ მოპასუხე გე-–---------ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილის თე----------ის მიმართ და მოსარჩელეს მიეცეს უფლება ბავშვის მამის თანხმობის გარეშე გაიყვანოს ბავშვი საზღვარგარეთ.

 

მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

 

თინ------------ე 2017 წლის 20 ივლისიდან განქორწინებულია მოპასუხე გე-–---------თან. თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 7 აგვისტოს მხარეებს შეეძინათ ქალიშვილი თე----------ი. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით მხარეები განქორწინდნენ და მოპასუხეს ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის 300 ლარის გადახდა შვილის სასარგებლოდ. იმავე გადაწყვეტილებით გე-–---------ს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მამის თანხმობის გარეშე შვილისათვის პასპორტის აღებისა და წელიწადში ერთხელ ორი კვირის ვადით შვილის იტალიაში წაყვანის უფლების ნაწილში. მოპასუხე გე-–---------ი არ იღებს მონაწილეობას შვილის რჩენა - აღზრდაში, დღეის მდგომარეობით შვილის სარჩენად მას ეკისრება დავალიანება 4 200 ლარის ოდენობით. არასრულწლოვანი თე----------ი ცხოვრობს მოსარჩელე თ. სვანიძის მშობლების სახლში. თ--------- მუშაობს იტალიაში ოჯახის დამხმარედ და არასრულწლოვანი შვილების სარჩენად ყოველთვიურად უგზავნის დედას რო-----------–-–---–ს თანხას. ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, თ---------ს წელიწადში მხოლოდ ორი კვირით აქვს ბავშვის იტალიაში წაყვანის უფლება. ბავშვი ითხოვს დედასთან ყოფნას, მათი ვიდეო ჩართვა სრულდება ბავშვის ტირილით. თინ------------ის დედა ასაკშია და ხშირად ავადმყოფობს. მოსარჩელის მოსაზრებით ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე ნორმალური რჩენა-აღზრდისა და განათლებისათვის უმჯობესია ბავშვი იზრდებოდეს დედის გვერდით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის მშობლის უფლების შეზღუდვას 2--- წლის 7 აგვისტოს დაბადებული თე----------ის მიმართ, რათა თე----------ს ჰქონდეს უფლება მამის თანხმობის გარეშე აიღოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რათა შეუზღუდავი ვადით ჰქონდეს სწავლისა და ცხოვრების უფლება იტალიაში, გერმანიაში და საფრანგეთში.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე გე-–---------მა სასამართლოში შესაგებელი არ წარმოადგინა. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ თინ------------ეს ნამდვილად აქვს უნარი, რომ მიხედოს შვილს, არის კარგი დედა, წინააღმდეგი არ არის, რომ გარკვეული პერიოდი წაიყვანოს ბავშვი, თუმცა არ ეთანხმება ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანას მუდმივად, ვინაიდან მას სამუდამოდ მოესპობა შესაძლებლობა იქონიოს ურთიერთობა ბავშვთან. გე-–---------ს მცდელობა ჰქონდა, რომ ენახა არასრულწლოვანი შვილი, თუმცა არ მისცეს უფლება, მათ გამოიძახეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები, შესაბამისად მას შემდეგ აღარ მიუკითხავს მას ბავშვისთვის. დაახლოებით ორი წელია, რაც მოპასუხეს არ უნახავს შვილი და არ მიუკითხავს მისთვის. მხარეებს შორის ურთიერთობა დაძაბა მოსარჩელის დედამ, თუმცა მას ცუდი ურთიერთობა ახლაც არ აქვს თინ------------ესთან. მისთვის ცნობილია თინ------------ის ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის მისამართის შესახებ იტალიაში. მოპასუხის მოსაზრებით, ვინაიდან იმდენი საშულება აქვს თინ------------ეს, რომ აქ შეუძლია შეინახოს შვილი იტალიიდან, აუცილებელი გარემოება არ არსებობს, რომ მან წაიყვანოს შვილი საზღვარგარეთ.

 

2.2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა ზვ-------------მა განმარტა, რომ თინ------------ეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს 9 წლის გოგონა, ხოლო მეორე ქორწინებიდან 5 წლის თე----------ი. მას სურს შვილების იტალიაში წაყვანა, რათა ისინი იზრდებოდნენ მასთან. ზრუნავდეს საკუთარ შვილებზე და შეუქმნას მათ კარგი მომავალი. ბავშვი იმყოფება ბებიასთან ბოლნისში. თინ------------ეს ბავშვებთან ურთიერთობა აქვს მესენჯერის საშუალებით. ყოველი მათი საუბარი სრულდება ტირილით. ბავშვებს ძალიან ენატრებათ დედა და განიცდიან უდედობას, ითხოვენ მასთან ყოფნას. თინ------------ე არის კომუნიკაბელური ადამიანი, კარგად აქვს განვითარებული მშობლის უნარ-ჩვევები, სარგებლობს კარგი ავტორიტეტით მეზობლებსა და ახლობლებში. თინათინ მდივანი ცხოვრობს ბებიასთან, იზრდება უსაფრთხო გარემოში, დაცულია მისი პირადი ჰიგიენა, აცვია სეზონის შესაბამისად. დაცულია ძალადობისაგან. ბავშვს ურთიერთობა არ აქვს მამასთან და მის ოჯახთან. მოპასუხე გე-–---------ი ცხოვრობს ოჯახთან, არის უმუშევარი. მას დაკისრებული აქვს ალიმენტი, რომელსაც მისივე განმარტებით უმუშევრობის გამო ვერ იხდის. მართალია როგორც გე-–---------ი აცხადებს მას სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს ბავშვის აღზრდაში, თუმცა ბავშვი ჯერ არ უნახავს ინციდენტის გამო. გე-–---------ი წინააღმდეგია მშობლის უფლების შეზღუდვის და თე----------ის საზღვარგარეთ გაყვანის, ვინაიდან, მისი მოსაზრებით იგი სამუდამოდ დაკარგავს მას და აღარ ექნება მისი ნახვის საშუალება. სასამართლო პროცესზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა ზვ-------------მა განმარტა, რომ ვერ დაეთანხმება მოსარჩელეს, რომ წაიყვანოს არასრულწლოვანი შვილი საზღვარგარეთ სამუდამოდ, ვინაიდან მამას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ნახოს შვილი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 7 აგვისტოს შეეძინათ შვილი თე----------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

- დაბადების მოწმობა (ს. ფ. 16)

 

3.1.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით მხარეები განქორწინდნენ და მოპასუხეს ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა შვილის სასარგებლოდ. იმავე გადაწყვეტილებით გე-–---------ს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მამის თანხმობის გარეშე არასრულწლოვანი შვილისათვის პასპორტის აღებისა და წელიწადში ერთხელ ორი კვირის ვადით არასრულწლოვანი შვილის იტალიაში წაყვანის უფლების ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ, სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.3. მოპასუხე გე-–---------ი არ იღებს მონაწილეობას შვილის რჩენა - აღზრდაში, დღეის მდგომარეობით არასრულწლოვანი შვილის სარჩენად მას ეკისრება საალიმენტო დავალიანება 4200 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)

-სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების დასკვნა (ს.ფ. 43-44)

- აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს # A 17090489-009/006 22.06.2018 წლის მიმართვა (ს.ფ. 17)

 

3.1.4. ამჟამად თე----------ი ცხოვრობს ბებიასთან, თინ------------ის დედასთან - რო-----------–-–---–თან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)

-სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების დასკვნა (ს.ფ. 43-44)

 

3.1.5. თინ------------ე მუშაობს იტალიაში ოჯახის დამხმარედ და შვილის სარჩენად ყოველთვიურად უგზავნის დედას რო-----------–-–---–ს ფულად თანხას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)

-სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების დასკვნა (ს.ფ. 43-44)

 

3.1.6 სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების დასკვნის თანახმად, მხარეები განქორწინდნენ 2017 წლის 20 ივლისს, მათ ჰყავთ შვილი - თე----------ი. თინ------------ე განქორწინების მიზეზად ასახელებს მეუღლის ოჯახისადმი გულგრილობას, მისი გამომუშავებული თანხის გაფლანგვას და ხშირ კამათს. იგი იძულებული გახდა წასულიყო საზღვარგარეთ, სამუშაოდ, კერძოდ იტალიაში. იტალიაში თინ------------ე მუშაობს ოჯახში ხელშეკრულებით, უვლის 2 მოხუცს. აქვს ყოველთვიური შემოსავალი 1000 ევრო. ცხოვრობს კერძო სახლში, რომელიც ეკუთვნის მოხუცების შვილს, სადაც უფლება აქვს იყოს, მანამ სანამ იმუშავებს მათთან. საცხოვრებელ სახლში ყველანაირი პირობაა ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის. თინ------------ეს ჰყავს 9 წლის გოგონა, პირველი ქორწინებიდან. მისივე გადმოცემით, მას უნდა შვილების იტალიაში წაყვანა, რათა ისინი იმყოფებოდნენ და იზრდებოდნენ მასთან, ზრუნავდეს საკუთარ შვილებზე და შეუქმნას კარგი მომავალი. ბავშვები იმყოფებიან ბოლნისში, ბებიასთან - რო----------–-–---–თან. თინ------------ეს მათთან ურთიერთობა აქვს მესენჯერის საშუალებით. ყოველი ვიდეო ჩართვა სრულდება უმცრორი გოგონას - თ---- ტირილით. ბავშვებს ძალიან ენატრებათ და განიცდიან უდედობას, ითხოვენ მასთან ყოფნას.

 

თინ------------ე არის კომუნიკაბელური ადამიანი, კარგად აქვს განვიტარებული მშობლის უნარ-ჩვევები, არის მზრუნველი და მოსიყვარულე დედა.კარგი ავტორიტეტით სარგებლობს ახლობლებსა და მეზობლებში.

 

ბავშვი - თე----------ი არის 4 წლის. ცხოვრობს და იზრდება უსაფრთხო გარემოში ბებიასთან, რადგან დედას ვერ გაჰყავს საზღვარზე. საცხოვრებელში დამაკმაყოფილებელი პირობებია. თ--- სამედიცინო აღრიცხვაზეა ბოლნისში, პირველადი ჯანდაცვის ცენტრში. ჩატარებული აქვს ყველა ასაკის პროფილაქტიკური აცრა. ბავშვი არის პრაქტიკულად ჯანმრთელი, იკვებება ნუტრიციული საკვებით, დაცულია მისი პირადი ჰიგიენა, აცვია სეზონის შესაბამისად. თ---- გონებრივი განვითარება ასაკის შესაბამისია. დაცულია ძალადობისაგან. ბავშვს ურთიერთობა მამასთან და მის ოჯახთან არ აქვს.

 

გე-–---------ი არის 37 წლის, ცხოვრობს ოჯახთან, კერძო სახლში. მეზობლები, მეგობრები და ნათესავები დადებითად საუბრობენ მასზე. გელა ამჟამად უმუშევარია. მას დაკისრებული აქვს შვილის მიმართ ალიმენტი, რომელსაც ჯერ-ჯერობით ვერ იხდის. საუბარში აღნიშნავს, რომ მას სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს შვილის აღზრდაში და ჰქონდეს მასთან ურთიერთობა, თუმცა დიდი ხანია ბავშვი არ უნახავს. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია თე----------ს ჰქონდეს ორივე მშობელთან ურთიერთობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების დასკვნა (ს.ფ. 43-44)

 

3.2. მხარეებს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ თინ------------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა „ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციით“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე; 1200-ე, 1205-ე მუხლებით; ,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კანონმდებლობაში, ისევე, როგორც საერთაშორისო აქტებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვის ინტერესების დაცვას, როგორც არასრულწლოვანი პირისა, რომელსაც თავისი განვითარების, მათ შორის ფიზიკური განვითარების მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია თავისი უფლებების სრულყოფილად რეალიზაცია. ამასთან, ბავშვზე ზრუნვის უფლება და შესაბამისი ვალდებულება უპირველეს ყოვლისა ენიჭება მის მშობლებს.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.

 

კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

ხოლო მე-5 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.

მშობლების უფლება/ვალდებულება იზრუნონ შვილებზე და მათ განვითარებაზე ასახულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსშიც, კერძოდ, 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

ამასთანავე აღიარებული პრინციპია, რომ ორივე მშობელი ბავშვის მიმართ თანაბარი უფლებით სარგებლობს და არცერთ მათგანს არ შეიძლება რაიმე უპირატესობა მიენიჭოს. ეს უფლება მშობლებს უნარჩუნდებათ მაშინაც, თუ ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მათ ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ ნებისმიერი საკითხი, რაც დაკავშირებულია ბავშვის აღზრდასთან, სწავლასთან, განვითარებასთან, დასვენებასთან, მკურნალობასთან და ა. შ. ამასთან, ეს უფლება შეუზღუდავი არ არის. შესაძლოა, მშობლებმა ვერ შეძლონ თანხმობის მიღწევა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მოსაზრებების გამო. ასეთი შემთხვევისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული გაურკვეველი და გამოუვალი მდგომარეობა, საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია ენიჭება სასამართლოს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

საგულისხმოა, რომ საზოგადოდ აღიარებული მოსაზრების მიუხედავად, რომ მშობლებს ყოველთვის შვილის საუკეთესო ინტერესები ამოძრავებთ, არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი ან ორივე მშობლის მიერ თავისი უფლების გამოყენება ზიანის მომტანი იყოს ბავშვისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

მოცემულ შემთხვევაში, თინ------------ე ითხოვს მოპასუხისათვის მშობლის უფლების შეზღუდვას იმ ფარგლებში, რომ მას მიეცეს უფლება წაიყვანოს ბავშვი მამის თანხმობის გარეშე საზღვარგარეთ, იტალიაში და ბავშვს მიეცეს სწავლისა და ცხოვრების უფლება იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში.

 

,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუშვებელია საქართველოდან 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის დროებითი გასვლა მისი კანონიერი წარმომადგენლის უნებართვოდ და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლების გარეშე. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მშობლები ვერ შეთანხდნენ შვილის საქართველოდან გასვლის საკითხზე, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ.

 

მოთხოვნების არსიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიზანია საქართველოდან შვილის გაყვანა იტალიაში, გერმანიაში და საფრანგეთში სწავლისა და ცხოვრების უფლებით. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, რაც მიანიშნებს სადავო საკითხთან დაკავშირებით მოპასუხის ნაკლებად დაინტერესებას (შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ მოპასუხეს არ წარმოუდგენია განმარტება), სასამართლო სხდომაზე მან წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელიც არის მოსარჩელის პოზიციის საწინააღმდეგო. მოპასუხე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფიელბაზე უარის თქმას, ბავშვის სამუდამოდ დაკარგვის ფაქტორზე მითითებით. ამდენად, არსებითი საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს, არის ის, თუ რამდენად შეესაბამება ბავშვის ინტერესებს მისი საზღვარგარეთ, კერძოდ იტალიაში გაყვანა სწავლისა და ცხოვრების უფლებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თე----------ი ცხოვრობს მოსარჩელის მშობელთან, რომლიც ასაკშია და ხშირად ავადმყოფობს, თავად მოსარჩელე კი ვერ ახერხებს ჩამოსვლას საქართველოში, რის გამოც ბავშვი მოკლებულია დედას და ამასთანავე მამის მზრუნველობას, ვინაიდან მამას არ უნახავს შვილი დაახლოებით ორი წელია.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე არ იღებს მონაწილეობას შვილის რჩენა-აღზრდაში, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ საკითხზე არსებობს ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, მას არც წინა დავასთან და არც მოცემულ დავასთან დაკავშირებით არ გამოუხატავს ინტერესი დავის მიმართ, არ წარმოუდგენია სასამართლოში შესაგებელი საკუთარი პოზიციის დასაცავად, გარდა ამისა არასრულწლოვანის მოსანახულებლად არ განუხორციელებია რაიმე მოქმედება და იმ შემთხვევაში თუ შვილთან მიმართებით მას მიაჩნდა თავისი უფლება და შესაბამისად ბავშვის უფლება დარღვეულად, არ უცდია დარღვეული უფლების აღდგენა შვილთან მიმართებით.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, სასამართლოს უჩნდება რწმენა, რომ მოპასუხის არგუმენტი შვილის ნახვის შესაძლებლობის მოსპობის შესახებ, რეალური არ არის. სასამართლო მიესალმება მოპასუხის სურვილს, მოინახულოს შვილი, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მამა არ ნახულობს შვილს, ბავშვის დედა კი არ იმყოფება საქართველოში, მოსარჩელეს მეორე შვილი მიჰყავს საზღვარგარეთ, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვისთვის მისი უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით უმჯობესი იქნება, თუ ბავშვი დროის უდიდეს ნაწილს დედასთან და დასთან გაატარებს. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვს მამასთან ურთიერთობა არ აქვს, აღნიშნული გარემოება კიდევ უფრო ზრდის დედის მნიშვნელობას ბავშვისათვის, ხანგრძლივი დაშორებები დედასთან კი შეიძლება უარყოფითად აისახოს მასზე.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თინ------------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გე-–---------ს უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, შვილის თე----------ის (დაბ. 07.08.2--- წელს, პ/ნ 0----------) მიმართ, კერძოდ, დედას თინ------------ეს მიეცეს უფლება, ბავშვის მამის, გე-–---------ის თანხმობის გარეშე, გაიყვანოს თე----------ი საზღვარგარეთ, კერძოდ იტალიაში, ბავშვის საქართველოში დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის სრულწლოვანებამდე ან გარემოების სხვაგვარად შეცვლამდე.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნას (მშობლის უფლების შეზღუდვა, ბავშვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა მამის თანხმობის გარეშე), ვინაიდან აღნიშნულ დავაზე არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, სასამართლოს განჩინებით ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში თინ------------ის სარჩელი მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.

 

რაც შეეხება ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებაზე, რომლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები სასამართლოს მიერ გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თინ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. გე-–---------ს (პირადი N1----------) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, შვილის თე----------ის (დაბ. 07.08.2--- წელს, პ/ნ 0----------) მიმართ, კერძოდ, დედას თინ------------ეს (პირადი N 1---------0) მიეცეს უფლება, ბავშვის მამის, გე-–---------ის თანხმობის გარეშე, გაიყვანოს თე----------ი საზღვარგარეთ, კერძოდ იტალიაში, ბავშვის საქართველოში დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის სრულწლოვანებამდე ან გარემოების სხვაგვარად შეცვლამდე.

 

3. მოპასუხე გე-–---------ს მოსარჩელე თინ------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 50 (ორმოცდაათი) ლარის და საადვოკატო მომსახურების თანხის 500 ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე