გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.11.2018
საქმის ნომერი
330310018002676605
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6450-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ მეშველიანი

სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური

 

მოსარჩელე - უშ-----------–--ე

 

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 5 სექტემბრის №---------- გადაწყვეტილება;

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უშ-----------–--ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ სადავო გადაწყვეტილება მომზადებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხის მიერ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის განაჩენით, უშ-----------–--ეს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა 2013 წლის 23 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე ჩათვლით - 3 დღე.

 

2015 წლის 4 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, პრობაციის პირობების დარღვევისთვის, გაუქმდა პირობითი მსჯავრი და უშ-----------–--ეს მოსახდელად განესაზღვრა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის განაჩენით დანიშნული 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა 2013 წლის 23 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით - 3 დღე.

 

2016 წლის 4 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, 2015 წლის 4 ნოემბრის განჩინება დარჩა უცვლელი.

 

ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი უშ-----------–--ე, 2013 წლის 21 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ. ახალციხეში ფარულად დაეუფლა თაყაიშვილის ქ. №1-ში მცხოვრებ ანტონ თათოშვილის კუთვნილ „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანის „ვარტას“ ფირმის აკუმულატორს, რითაც მას მიაყენა 380 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. იმავე დღეს, ქ. ახალციხეში ფარულად დაეუფლა თ------–---–-ს ქ. №41/10-ში მცხოვრები თ-----------------ძის კუთვნილ „---------“ მარკის „ისტას'' ფირმის აკუმულატორს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 125 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 5 სექტემბრის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 12-15).

 

3.2. უშ-----------–--ისთვის დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 28 ნოემბრიდან, სასჯელის მოხდა დასრულდება 2019 წლის 25 ნოემბერს. სასჯელის ფაქტობრივად მოხდის საშეღავათო ვადა - 2/3 - შესრულდა 2018 წლის 25 ივლისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებებს:

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 5 სექტემბრის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 12-15);

- უშ-----------–--ის პირადი საქმე.

 

3.3. უშ-----------–--ეს მსჯავრდებულის რისკების შეფასების გუნდმა განუსაზღვრა საშუალო რისკი და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით განესაზღვრა ნახევრად ღია ტიპის №-- თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსება. უშ-----------–--ე N-- პენიტენციურ დაწესებულებაში შეყვანილ იქნა 2016 წლის 29 აგვისტოს, თბილისის N18 სამკურნალო დაწესებულებიდან, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 14 სექტემბრის N----- ბრძანების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებებს:

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 5 სექტემბრის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 12-15);

- უშ-----------–--ის პირადი საქმე.

 

3.4. დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივმა საბჭომ 2018 წლის 5 სექტემბერს, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა შუამდგომლობა უშ-----------–--ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე. საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, მის მიმართ გამოყენებული წახალისების ღონისძიება და მისი დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ უშ-----------–--ე ნასამართლევია, ასევე იმ ფაქტზე, რომ ჩადენილია სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ და იგივე ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; პრობაციის პირობების დარღვევისათვის, გაუქმდა მის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი; მსჯავრდებულის ქცევამ სასჯელის მოხდის პერიოდში გამოიწვია დისციპლინური ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. საბჭოს 2018 წლის 5 სექტემბრის №---------- გადაწყვეტილებით, შუამდგომლობა უშ-----------–--ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ, მოცემულ ეტაპზე, არ დააკმაყოფილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 5 სექტემბრის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 12-15).

 

3.5. დადგენილია, რომ უშ-----------–--ე წარსულში ნასამართლევია, კერძოდ, 2009 წლის 23 იანვარს, მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მიესაჯა 8 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. განთავისუფლდა 2013 წლის 14 თებერვალს, ამინისტიით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებებს:

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 5 სექტემბრის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 12-15);

- უშ-----------–--ის პირადი საქმე.

 

3.6. უშ-----------–--ე წახალისებულია ერთხელ, 2017 წლის 31 აგვისტოს (დირექტორის N287 ბრძანებით მიეცა დამატებითი ხანგრძლივი პაემანი). ამჟამად, დაწესებულებაში არ არღვევს დაწესებულების დღის განრიგსა და სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს. ადმინისტრაციის მოსამსახურეების მიმართ არის ნორმალურ დამოკიდებულებაში.

 

უშ-----------–--ეს აღიარებული აქვს დანაშაული და ნანობს ჩადენილ ქმედებას. აქვს ასერტული ქცევა. მსჯავრდებული ინტერვიუს მიმართ იჩენს ინტერესს, ორიენტირებულია შედეგებზე. აქვს სურვილი დაუბრუნდეს ოჯახს, სადაც სამი შვილი ელოდება. გაიხსენა ფიზიკური ტრავმის შესახებაც, როდესაც კიბიდან ჩამოვარდა და ზედა კიდურის მოტეხილობა მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით, იმკურნალა. სასჯელის მოხდის პერიოდში გამაძლიერებელ ფაქტორად მიიჩნევს ოჯახურ მხარდაჭერას.

 

მსჯავრდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობა ნორმალურია. ფსიქოლოგიური გასაუბრების პროცესში არ ავლენს რისკ-ფაქტორებს. არ ვლინდება ემოციური აგრესია. მგრძნობიარეა ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო. განმარტა, რომ იმკურნალა შესაბამის დაწესებულებაში და ამჟამად თავს უკეთ გრძნობს.

 

დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, უშ-----------–--ეს სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებებს:

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 5 სექტემბრის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 12-15);

- უშ-----------–--ის პირადი საქმე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უშ-----------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულება’’

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 5 სექტემბრის №---------- გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, პატიმრობის კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივმა საბჭომ პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, იმსჯელა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით. საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, მის მიმართ გამოყენებული წახალისების ღონისძიება და მისი დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ უშ-----------–--ე ნასამართლევია, ასევე იმ ფაქტზე, რომ ჩადენილია სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ და იგივე ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; პრობაციის პირობების დარღვევისათვის, გაუქმდა მის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი; მსჯავრდებულის ქცევამ სასჯელის მოხდის პერიოდში გამოიწვია დისციპლინური ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. აქედან გამომდინარე, საბჭოს 2018 წლის 5 სექტემბრის №---------- გადაწყვეტილებით, შუამდგომლობა უშ-----------–--ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ, მოცემულ ეტაპზე, არ დააკმაყოფილა.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 271 მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით ან 43-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის შედეგად სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ძალაში დატოვოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ; ბ) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა; გ) ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო უფლებამოსილია მსჯავრდებული შეაფასოს პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების შესაბამისად − სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში. პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილი კი ადგენს, რომ შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი, და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების წესი და პირობები უფრო დეტალურად რეგლამენტირებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპიური დებულებით. დებულების მე-13 მუხლი განსაზღვრავს კრიტერიუმებს, რომელთა შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა. კერძოდ, მითითებული მუხლის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

 

სასამართლო იზიარებს საბჭოს პოზიციას მსჯავრდებულის ნასამართლობის საკითხთან მიმართებაში, თუმცა მიიჩნევს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, სასჯელის მიზნის მიღწევადობასა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხებს. სასამართლო განმარტავს, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ყველა ზემოაღნიშნული კრიტერიუმის გამოკვლევას, ამ კრიტერიუმების ურთიერთშეპირისპირებასა და მათი პრიორიტეტების დადგენას.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანსა და პრინციპებს. სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებაზე, რომელიც ადგენს, რომ თუ პირს სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა, იგი შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.

 

პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, დესოციალიზებული პიროვნების ხელახალ სოციალიზაციას, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია კავშირშია ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან, ანუ თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც. სასამართლოს მოსაზრებით, თითოეული კრიტერიუმის შეფასებისას, პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანია საბოლოოდ დადგინდეს, სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის საფუძველზე, გამოსწორებულია თუ არა მსჯავრდებული და მისი გამოსწორებისათვის საჭირო არის თუ არა დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა, ანუ მიღწეულ იქნა თუ არა სასჯელის მიზანი მისი რესოციალიზაციის კუთხით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებული წახალისებულია, კერძოდ, 2017 წლის 31 აგვისტოს, დირექტორის N287 ბრძანებით მიეცა დამატებითი ხანგრძლივი პაემანი. ამჟამად, დაწესებულებაში არ არღვევს დაწესებულების დღის განრიგსა და სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს. ადმინისტრაციის მოსამსახურეების მიმართ არის ნორმალურ დამოკიდებულებაში.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს დახასიათებასა და გადაწყვეტილებაში აღნიშნულ მსჯავრდებულთან დაკავშირებულ რისკ-ფაქტორებსა (მიდრეკილება ემოციური აგრესიისკნ, ანტისოციალური ქცევის ტენდენცია, ფსიქოლოგიური მოწყვლადობა და ა.შ) და დამცავ ფაქტორებს (მაგ: ქცევის შეცვლის მოტივაცია სოციალური მხარდაჭერა და ა.შ), რომლის თანახმად, მსჯავრდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობა ნორმალურია. ფსიქოლოგიური გასაუბრების პროცესში არ ავლენს რისკ-ფაქტორებს. არ ვლინდება ემოციური აგრესია. მგრძნობიარეა ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო. განმარტა, რომ იმკურნალა შესაბამის დაწესებულებაში და ამჟამად თავს უკეთ გრძნობს. რაც შეეხება დამცავ ფაქტორებს, მსჯავრდებული ინტერვიუს მიმართ იჩენს ინტერესს, ორიენტირებულია შედეგებზე. აქვს სურვილი დაუბრუნდეს ოჯახს, სადაც სამი შვილი ელოდება. გაიხსენა ფიზიკური ტრავმის შესახებაც, როდესაც კიბიდან ჩამოვარდა და ზედა კიდურის მოტეხილობა მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით, იმკურნალა. სასჯელის მოხდის პერიოდში გამაძლიერებელ ფაქტორად მიიჩნევს ოჯახურ მხარდაჭერას. ყურადსაღებია უშ-----------–--ის დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან, მას აღიარებული აქვს დანაშაული და ნანობს ჩადენილ ქმედებას. აქვს ასერტული ქცევა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული, სასამართლოს მოსაზრებით, იძლევა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ მსჯავრდებულს გათავისუფლების შემდეგ სურს საზოგადოებასთან რეინტეგრაცია, მის მიმართ მიღწეულია სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ქმნის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საფუძველს.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე საკანონმდებლო აქტის 33-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 5 სექტემბრის №---------- გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, უშ-----------–--ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ'' ქვეპუნქტის, ხოლო მოპასუხე, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ელი, მე-12, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. უშ-----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 5 სექტემბრის №---------- გადაწყვეტილება;

 

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივ საბჭოს დაევალოს, კანონით დადგენილ ვადაში, უშ-----------–--ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწფო ბაჟის გადახდისაგან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე თამარ მეშველიანი