გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2018
საქმის ნომერი
330210017002207031
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/34482-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 ოქტომბერი, 2018 წ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი

მოსარჩელე - 1 - მა----–-----------------

2 - მი----------–---–ი

წარმომადგენელი - ეკ-----------------–---–ი

მოპასუხე - 1 - კა-------–---–ი

წარმომადგენელი - სა---–------–---–ი

2 - ნი-----------------ი

წარმომადგენელი - ლა–---------–---–ი

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–-------------- ქონების აღწერა-დაყადაღების აქტით მოსარჩელეების კუთვნილი მოძრავი ნივთები: 1) მაცივარი SAMSUNG - თეთრი ფერის, ორ კამერიანი; 2) ტელევიზორი SAMSUNG - შავი ფერის, თხევადკრისტალური; 3) პორტატული კომპიუტერი ASUS - შავი ფერის, მოდელი X----- 4) სარეცხი მანქანა LG - თეთრი ფერის, 5 კგ; 5) ტელევიზორი SAMSUNG - შავი ფერის, ვერცხლისფერი ჩარჩოთი, ძველი თაობის.

 

მოსარჩელეების წარმომადგენლის განმარტებით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია სააღსრულებო საქმე N---------- სადაც კრედიტორია ნი-----------------ი, ხოლო მოვალე კა-------–---–ი. აღსრულება მიმდინარეობს გორის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 09 ივნისს გაცემული N------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლის თანახმადაც კა-------–---–ს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკირსა ალიმენტის გადახდა, 2015 წლის 20 თებერვლიდან ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, 2----–-–-------------- ყადაღა დაედო მოსარჩელის კუთვნილ მოძრავ ნივთებს, ვინაიდან მოპასუხე - მოვალე კა-------–---–ი რეგისტრირებული იყო მოსარჩელის მისამართზე. ყადაღადადებული ნივთები შეძენილია მოსარჩელეთა მიერ და არასდროს ყოფილა მოვალის საკუთრება. მოპასუხე სამუშაოდ იმყოფებოდა საბერძნეთის რესპუბლიკაში, ხოლო სამუშაოდ წასვლამდე კი ცხოვრობდა ქირით და მხოლოდ ფაქტობრივად იყო რეგისტრირებული მოსარჩელთა კუთვნილი ბინის მისამართზე. ყადაღის აქტით გათვალისწინებული ნივთებიდან, პორტატული კომპიუტერი მოსარჩელე მი----------–---–მა შეიძინა განვადებით, სარეცხი მანქანა, თეხევადკრისტალური ტელევიზორი და მაცივარი მეორადი სახით ასევე შეძენილ იქნა თანამშრომლისაგან, ხოლო სამსუნგის ფირმის ძველი თაობის ტელევიზორი კი შეძენილ იქნა მოსარჩელე მა----–-----------------ს მიერ ბაზრობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, არასწორად მოხდა ნივთების აღწერა-დაყადაღება და შესაბამისად, უნდა მოხდეს მათი ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხე კა-------–---–ის წარმომადგენელმა სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო.

 

2.2. მოპასუხე ნი-----------------იმ და მისმა წარმომადგენელმა სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 09 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნი-----------------ის შეგებებული სარჩელი კა-------–---–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კა-------–---–ს არასრულწლოვანი შვილის 2----–-–------------–- დაბადებული ელ--------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი თვეში 150 ლარის ოდენობით 2015 წლის 20 თებერვლიდან პირის სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე.

 

(მტკიცებულება: სააღსრულებო ფურცელი, განჩინება, ტომი II, ს.ფ. 22, 86-89)

 

3.2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–-------------- ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის თანახმად, კრედიტორ ნი-----------------ის სასარგებლოდ, მოვალე კა-------–---–ის მიმართ არსებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, ყადაღა დაედო შემდეგ მოძრავ ნივთებს: 1) მაცივარი SAMSUNG - თეთრი ფერის, ორ კამერიანი; 2) ტელევიზორი SAMSUNG - შავი ფერის, თხევადკრისტალური; 3) პორტატული კომპიუტერი ASUS - შავი ფერის, მოდელი X----- 4) სარეცხი მანქანა LG - თეთრი ფერის, 5 კგ; 5) ტელევიზორი SAMSUNG - შავი ფერის, ვერცხლისფერი ჩარჩოთი, ძველი თაობის.

 

(მტკიცებულება: ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი, ტომი II, ს.ფ. 21)

 

3.2.3. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, და----–--------------–------------------------–------------------------------- საკადასტრო კოდით N--.19.2--0-----.--.--- სადაც განხორციელდა ნივთების აღწერა-დაყადაღება, რეგისტრირებულია მა----–-----------------ს საკუთრებად.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტომი II, ს.ფ. 31)

 

3.2.4. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოქალაქე კა-------–---–ი მოხსნილ იქნა რეგისტრაციიდან, მისამართი: თბილისი, I--------------------–-----------------------------

 

(მტკიცებულება: გადაწყვეტილება, ტომი II, ს.ფ. 27-28)

 

3.2.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2----–-–----------------- გაცემული ინფორმაციის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ N--------- საქმეზე, 2----–-–-------------- განხორციელდა ქ. თბილისში, მე--------------------–-----------------------------ში განთავსებული მოძრავი ნივთების აღწერა-დაყადაღება. დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე იძულებით აუქციონი დანიშნული არ არის.

 

(მტკიცებულება: თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2----–-–----------------- გაცემული ინფორმაცია, ტომი II, ს.ფ. 36)

 

3.2.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2----–-–------------------ გაცემული ინფორმაციის მიხედვით, სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია გორის რაიონული სასამართლოს მიერ 2016 წლის 09 ივნისს გაცემული N------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის ფარგლებშიც, კა-------–---–ს 2018 წლის 14 სექტემბრამდე პერიოდის გათვალისწინებით უნდა გადაეხადა 43 თვის ალიმენტი 6 450 ლარის ოდენობით, რომელსაც დაემატა აღსრულების საფასური 451.50 ლარის ოდენობით და საერთო ჯამში მოვალის გადასახდელი თანხა შეადგენს 6 901.50 ლარს. აღნიშნული თანხიდან გადახდილია 325.09 ლარი, საიდანაც 21.27 ლარი წარმოადგენს აღსრულების საფასურს, ხოლო 303.82 ლარი გადაერიცხა კრედიტორს. გადაუხდელი დავალიანება საერთო ჯამში შეადგენს 6 576.41 ლარს, საიდანაც 430.23 ლარი შეადგენს აღსრულების საფასურს, ხოლო 6 146.18 ლარი წარმოადგენს გადაუხდელი ალიმენტის დავალიანებას.

 

(მტკიცებულება: თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2----–-–------------------ გაცემული ინფორმაცია, ტომი II, ს.ფ. 117)

 

3.2.7. საქმეში წარმოდგენილი შ----------------- მიერ გაცემული საგარანტიო საბუთითა და 2----–-–------------------- გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მი----------–---–ის მიერ შეძენილ იქნა პორტატული კომპიუტერი ASUS-ის ფირმის, მოდელი - X----.

 

(მტკიცებულება: საგარანტიო ფურცელი, საკრედიტო ხელშეკრულება, ტომი II, ს.ფ. 23-26)

 

3.2.8. სასამართლო სხდომაზე მოწმე თე-------------–-–---–-ა დაადასტურა, რომ მოსარჩელე მი----------–---–მა მისგან შეიძინა სარეცხი მანქანა, ორკამერიანი მაცივარი და ტელევიზორი, 2010-2011 წლებში. ხოლო მოწმე ან------–---–მა კი განმარტა, რომ მოსარჩელე მა----–----------------მა მასთან ერთად ლილოს ბაზრობაზე შეიძინა ტელევიზორი.

 

(მტკიცებულება: მოწმეთა ჩვენება - 2018 წლის 03 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ტომი II, ს.ფ. 122-147)

 

3.2.9. საქმეში წარმოდგენილი უძრავი ქონების ამონაწერით, სადაც მოხდა ქონების აღწერა-დაყადაღება, საგარანტიო საბუთით, საკრედიტო ხელშეკრულებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დაყადაღებული სადავო მოძრავი ნივთები წარმოადგენს მა----–-----------------სა და მი----------–---–ის საკუთრებას.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საგარანტიო საბუთი, საკრედიტო ხელშეკრულება, 2018 წლის 03 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ტომი II, ს.ფ. 31, 23-26, 122-147))

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექის 158-ე, 186-ე მუხლები;

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, მე-40 მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმით, საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს.

 

სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია ნამდვილი უფლების არსებობა და ამ უფლების საფუძველზე შემძენისათვის ნივთის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა. მესაკუთრედ ყოფნის თაობაზე პრეზუმფცია კი გულისხმობს კანონისმიერ ვარაუდს, რომ ნივთის მფლობელი, მფლობელობის წარმოშობის მომენტიდან ნივთის მესაკუთრეა და საკუთრების უფლებას ახორციელებს მფლობელობის პერიოდში. ამდენად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მფლობელი იმავდროულად მესაკუთრეა.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის - ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების - აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების თაობაზე იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად. ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე აღძრული მოთხოვნისას, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს საკუთრების უფლება ყადაღადადებულ ქონებაზე, მოპასუხეს კი ეკისრება მოსარჩელის საკუთრების უფლების გაქარწყლების ვალდებულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეულ გარემოებათა შესაბამისად დადგენილია, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს მა----–-----------------სა და მი----------–---–ის საკუთრებას და მათი მოთხოვნა, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე სამართლებრივად დასაბუთებულია. სადავო მოძრავ ნივთებზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების საწინააღმდეგო მტკიცებულება კი მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მა----–-----------------სა და მი----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს (მოვალეს) უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მა----–-----------------სა და მი----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–-------------- ქონების აღწერა-დაყადაღების აქტით მოსარჩელეების კუთვნილი მოძრავი ნივთები: 1) მაცივარი SAMSUNG - თეთრი ფერის, ორ კამერიანი; 2) ტელევიზორი SAMSUNG - შავი ფერის, თხევადკრისტალური; 3) პორტატული კომპიუტერი ASUS - შავი ფერის, მოდელი X----- 4) სარეცხი მანქანა LG - თეთრი ფერის, 5 კგ; 5) ტელევიზორი SAMSUNG - შავი ფერის, ვერცხლისფერი ჩარჩოთი, ძველი თაობის.

 

2. დაეკისროს მოპასუხე კა-------–---–ს (მოვალეს) მოსარჩელეების სასარგებლოდ მათ მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი