გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.11.2018
საქმის ნომერი
330210018002616111
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
05.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/25980 - 18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი ანდრო კუკავა

 

მოსარჩელე - გ------–--ე

წარმომადგენელი - თ-----------–--–---–ი

მოპასუხე - ი----------ე

წარმომადგენელი - თ----------------ე

დავის საგანი - განქორწინება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

გ------–--ეს და ი----------ეს შორის 1991 წლის 26 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა (აქტის ჩანაწერი N----);

 

გ------–--ე და ი----------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1991 წლის 26 ოქტომბრიდან. მათ ჰყავთ საერთო სრულწლოვანი შვილები. მხარეები დიდი ხანია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია. მხარეთა, გ------–--ეს და ი----------ის ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. მათ შორის ვერ მოხდა შეთანხმება, ერთობლივი განცხადებით მიემართათ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის, ქორწინების შესაწყვეტად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნას. იგი წინააღმდეგია მოსარჩელე გ------–--ესთან შეწყდეს ქორწინება. მოპასუხის მოსაზრებით, მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შესაძლებელია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. გ------–--ე და ი----------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1991 წლის 26 ოქტომბრიდან;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის მიერ 2018 წლის 24 ივლისს გაცემული ქორწინების მოწმობა N-----------, აქტის ჩანაწერი N---- (ს.ფ. 14).

 

3.1.2. მხარეები, გ------–--ე და ი----------ე რამდენიმე წელია არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მათ ჰყავთ საერთო სრულწლოვანი შვილები;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 05 ნოემბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 05 ნოემბრის სხდომის ოქმი).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. გ------–--ის და ი----------ის ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. ქორწინება ატარებს ფორმალურ ხასიათს. სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას მხარეთა შერიგების ვარაუდი არ გამოიკვეთა. მხარეთა განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შესარიგებელი ვადის განსაზღვრა შედეგს ვერ გამოიღებდა. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოპასუხე მხარეს სურს მოსარჩელესთან ოჯახის შენარჩუნება, გ------–--ემ სასამართლო სხდომაზე ისევ დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ და კატეგორიული უარი განაცხადა ოჯახის შენარჩუნებასა და მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრებაზე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, ვინაიდან, არ გამოიკვეთა მხარეთა ორმხრივი ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით, სარჩელი, ქორწინების შეწყვეტის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, 1106-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

მოსარჩელე გ------–--ე და ი----------ე დაქორწინდნენ 1991 წლის 26 ოქტომბერს. მათ ჰყავთ საერთო სრულწლოვანი შვილები.

 

დადგენილია, რომ მხარეები, გ------–--ე და ი----------ე არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოსარჩელე მხარეს სურს შეწყდეს მოპასუხე ი----------ესთან რეგისტრირებული ქორწინება. მოსარჩელეს არ სურს იმყოფებოდეს მოპასუხესთან ქორწინებაში. მოსარჩელის მოსაზრებით, მათ შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია.

 

ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხის განმარტებას, მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობის თაობაზე, დაადასტურებდა. მხარეები რამდენიმე წელია ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ქორწინება მათ შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია. მართალია, მოპასუხე მიუთითებს მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობის შენარჩუნების შესაძლებლობაზე, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მოსარჩელის ნება, სურვილი მოპასუხე ი----------ესთან ოჯახის შენარჩუნებისა. სამოქალაქო კანონმდებლობა განამტკიცებს მხარის თავისუფალ ნებას ქორწინებაში ყოფნისა თუ ამ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე. მხოლოდ მოპასუხე მხარის სურვილი არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისა, რომ გ------–--ე და ი----------ე ერთ ოჯახად განიხილებოდნენ. აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარე ი----------ეს მეუღლედ აღარ აღიქვამს, არ უშვებს მასთან ოჯახის აღდგენის შესაძლებლობას და კატეგორიული წინააღმდეგია საოჯახო მეურნეობის მასთან ერთად გაძღოლისა. აღსანიშნავია ის პერიოდიც, რა დროის განმავლობაშიც მხარეთა შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ შესარიგებელი ვადის მიცემა მხარეთათვის, შედეგს ვერ გამოიღებდა. განსაქორწინებელი მეუღლეების შესარიგებელი ვადის მიცემა სასამართლოს მოვალეობაა და ვადის განსაზღვრის მიზანშეწონილობა უნდა დადგინდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. ამასთან, მოცემულ საქმეზე არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი განქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, რა შემთხვევაშიც, დაუშვებელია მეუღლეთა ქორწინების შეწყვეტა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. საქორწინო ურთიერთობის ერთ - ერთ მხარეს, მოსარჩელეს, არ აქვს ოჯახის შენარჩუნების სურვილი და მხოლოდ მოპასუხის სურვილი, მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობაში ყოფნისა, არ არის საკმარისი ოჯახის შესანარჩუნებლად. არ იკვეთება მოსარჩელის ნება მოპასუხე ი----------ესთან ერთ ოჯახად ცხოვრებისა.

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1” (პარიზი, 1952 წლის 20 მარტი) მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძოსამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, დაქორწინების დროს, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ ბავშვების ინტერესებისათვის აუცილებელი ღონისძიებანი.

 

1966 წლის 16 დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად, 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------–--ის სარჩელი, განქორწინების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმის გათვალისწინებით, რომ გ------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა გადახდეს მოპასუხე ი----------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე- 8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. გ------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. შეწყდეს ქორწინება გ------–--ესა (დაბადებული: 1969 წლის 06 აპრილს, პირადი N-----------) და ი----------ეს (დაბადებული: 1973 წლის 15 ოქტომბერს, პირადი N-----------) შორის, რეგისტრირებული 1991 წლის 26 ოქტომბერს, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, აქტის ჩანაწერი N----.

 

3. ი----------ეს (პირადი N-----------), მოსარჩელე გ------–--ის (პირადი N-----------) სასარგებლოდ დაეკისროს, გ--------------–-–---–ის (პირადი N01007012215) მიერ სარჩელზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა