გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/10809 - 18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი თამარ მიქავა
მოსარჩელე - თ-----------ი
წარმომადგენლები - მ-------–---------ა
მოპასუხე - ჯ----–---–---ე
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრი
წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება, არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2-----–-–---------------ს დაბადებული ნ-----–---–---ის საცხოვრებელ ადგილად, მოსარჩელის, თ-----------ის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა;
1.2. მოპასუხე ჯ----–---–---ისათვის არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–---------------ს დაბადებული ნ-----–---–---ის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის დაკისრება, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 13 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;
1.3. მოპასუხე ჯ----–---–---ისათვის, არასრულწლოვან შვილთან, 2-----–-–---------------ს დაბადებულ ნ-----–---–---ესთან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა, ყოველი კვირის სამშაბათი დღის 18:00 საათიდან 21:00 საათამდე და შაბათი დღის 18:00 საათიდან 21:00 საათამდე;
მოსარჩელე თ-----------ი და ჯ----–---–---ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ 2----–-–---------------ს შეეძინათ საერთო შვილი ნ-----–---–---ე. მხარეები განქორწინდნენ 2----–-–------------. განქორწინების შემდეგ, მოპასუხე მოსარჩელეზე ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ემუქრებოდა მას. მოპასუხე გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. მოპასუხის გათავისუფლების შემდეგ, მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობაა. 2----–-–-------------, მოპასუხე ჯ----–---–---ის მიმართ, ძალადობის ფაქტზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით კი, მოძალადე ჯ----–---–---ის მიმართ გამოიცა დამცავი ორდერი 6 თვის ვადით. არასრულწლოვანი ნ-----–---–---ის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, მისი საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს დედის, თ-----------ი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მოპასუხე ჯ----–---–---ე ვალდებულია, ზრუნავდეს და მატერიალურად ეხმარებოდეს არასრულწლოვან შვილს, ნ-----–---–---ეს. ამასთან, მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობის გათვალისწინებით, აუცილებელია, სასამართლოს მიერ განისაზღვროს ბავშვის მამასთან ურთიერთობისათვის დროის კონკრეტული მონაკვეთი, რაც შეესაბამება არასრულწლოვანის ინტერესებს.
სასამართლოს 2018 წლის მთავარ სხდომაზე, მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრის შესახებ.
(სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი ბავშვის, 2----–-–---------------ს დაბადებული ნ-----–---–---ის საცხოვრებელ ადგილად დედის, თ-----------ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ;
2.2. მოპასუხე ჯ----–---–---ე არ ეთანხმება სარჩელს ალიმენტის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. იგი შესაძლებლობის ფარგლებში მატერიალურად ყოველთვის დაეხმარება არასრულწლოვან შვილს;
2.3. მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას მითითებული დროის მონაკვეთით არასრულწლოვან ნ-----–---–---ესთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ;
3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
მესამე პირის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის წარმომადგენელი ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და თანახმაა არასრულწლოვანი ბავშვის, 2----–-–---------------ს დაბადებული ნ-----–---–---ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის, თ-----------ის საცხოვრებელი ადგილი. სოციალური მუშაკის მიერ შეფასდა ბავშვის საცხოვრებელი პირობები. იგი ცხოვრობს დედასთან ერთად და მათი საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია, დაცულია ჰიგიენა და მოწესრიგებულია კომუნალური პირობები. ბავშვის გადმოცემით, მას ოჯახის წევრებთან თბილი და მეგობრული ურთიერთობა აქვს და მათთან თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობს. მოპასუხე მხარე სარჩელს ეთანხმება როგორც ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, ასევე, ბავშვთან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნის ნაწილში. სოციალური სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის, თ-----------ის, საცხოვრებელი ადგილი, ასევე, მოპასუხეს უნდა განესაზღვროს შვილთან ურთიერთობისათვის დროის კონკრეტული მონაკვეთი.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მოსარჩელე თ-----------ი და ჯ----–---–---ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ, თანაცხოვრების პერიოდში, 2-----–-–---------------ს, შეეძინათ შვილი ნ-----–---–---ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 17);
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 07 ნოემბრის სხდომის ოქმი).
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 07 ნოემბრის სხდომის ოქმი).
4.1.2. თ-----------ი და ჯ----–---–---ე განქორწინდნენ 2----–-–-------------. არასრულწლოვანი ნ-----–---–---ე ცხოვრობს დედასთან, თ-----------თან ერთად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 16).
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 07 ნოემბრის სხდომის ოქმი).
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 07 ნოემბრის სხდომის ოქმი).
4.1.3. 2----–-–-------------, ჯ----–---–---ის მიერ, თ-----------ზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, მოძალადე ჯ----–---–---ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 (ოცდაათი) დღით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2----–-–------------- გაცემული შემაკავებელი ორდერი (ს.ფ. 18);
4.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით, თ-----------ის განცხადება, დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, დაკმაყოფილდა. გამოიცა დამცავი ორდერი ჯ----–---–---ის მიმართ, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 06 თვით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება, საქმე N3-------- (ს.ფ. 20-27).
4.1.5. თ-----------ი 2018 წლის 09 მარტიდან, როგორც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, სარგებლობს სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის სტრუქტურული ერთეულის - თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის სერვისებით, გარდა სადღეღამისო საცხოვრისის მომსახურებისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ 2018 წლის 30 მარტს გაცემული ცნობა N------ (ს.ფ. 28).
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. სსიპ სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის დასკვნის მიხედვით, სოციალურმა მუშაკმა განახორციელა ვიზიტი მოსარჩელე თ-----------ის საცხოვრებელ ადგილას. არასრულწლოვანი ნ-----–---–---ე ცხოვრობს დედასთან, ბებიასთან, ბიცოლასთან, ბიძასთან და მცირეწლოვანი ბიძაშვილთან ერთად. საცხოვრებელ ბინაში დაცულია ჰიგიენა, მოწესრიგებულია კომუნალური პირობები. არასრულწლოვანის თქმით, მას ოჯახის წევრებთან დადებითი, მეგობრული ურთიერთობა აქვს და მათთან თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობს. ნ-----–---–---ე ირიცხება ,-–-------------------–----–------------–-- ასაკის შესაბამის სასწავლო საფეხურზე. სწავლის გადასახადს და ბავშვის სხვა საჭიროებებით დაკმაყოფილებას მოსარჩელე თ-----------ი თავად უზრუნველყოფს. არასრულწლოვან ნ-----–---–---ეს სურს მამასთან, ჯ----–---–---ესთან ურთიერთობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის 2018 წლის 20 მაისის დასკვნა N----- (ს.ფ. 85-86).
4.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, თ-----------ს, 2017 წლის 1 იანვრიდან მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 26 სექტემბერს გაცემული მიმართვა N------------ (ს.ფ. 98);
4.2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, ჯ----–---–---ეს 2017 წლის 1 იანვრიდან უფიქსირდება მიღებული შემოსავალი მხოლოდ ხელფასის სახით. კერძოდ, ჯ----–---–---ის შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის თებერვლის თვეში - 200 ლარს, მარტის თვეში - 200 ლარს, აპრილის თვეში - 200 ლარს, მაისის თვეში - 200 ლარს, ივნისის თვეში - 200 ლარს, ივლისის თვეში - 200 ლარს, აგვისტოს თვეში - 200 ლარს, სექტემბრის თვეში - 200 ლარს, ოქტომბრის თვეში - 200 ლარს, ნოემბრის თვეში - 200 ლარს და დეკემბრის თვეში - 295.24 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 26 სექტემბერს გაცემული მიმართვა N------------, დანართი (ს.ფ. 98-101);
4.2.4. მოპასუხე მხარე გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. ჯ----–---–---ემ სატელეფონო საუბრისას უარი განაცხადა სოციალურ მუშაკთან შეხვედრაზე და განმარტა, რომ საჭიროდ არ მიიჩნევდა სოციალური მომსახურების ჩართულობას მისი საცხოვრებელი გარემო-პირობების შეფასების პროცესში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის 2018 წლის 20 მაისის დასკვნა N----- (ს.ფ. 85-86).
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 07 ნოემბრის სხდომის ოქმი).
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 07 ნოემბრის სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას, არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის და მოპასუხისათვის შვილთან ურთიერთობის წესის დადგენის შესახებ, რაც წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს;
5.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, ვინაიდან, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილების რეალური მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა, ალიმენტის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1201-ე, 1202-ე, 1205-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლებით.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. მოსარჩელე თ-----------მა მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–---------------ს დაბადებული ნ-----–---–---ის საცხოვრებელ ადგილად, დედის, თ-----------ის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება - მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში, მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად: 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა 2-----–-–---------------ს დაბადებული ნ-----–---–---ის საცხოვრებელ ადგილად, მოსარჩელის, თ-----------ის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. ასევე, მოითხოვა, მოპასუხე ჯ----–---–---ისათვის, არასრულწლოვან შვილთან, 2-----–-–---------------ს დაბადებულ ნ-----–---–---ესთან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა, ყოველი კვირის სამშაბათი დღის 18:00 საათიდან 21:00 საათამდე და შაბათი დღის 18:00 საათიდან 21:00 საათამდე.
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით სახელმწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კანონი პატივს სცემს მშობლის უფლებას, ურთიერთობა იქონიოს შვილებთან, მაგრამ აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს.
მშობელს უფლება აქვს ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს. სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.
მხარეები, თ-----------ი და ჯ----–---–---ე 2----–-–------------- განქორწინდნენ. სსიპ სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის დასკვნის მიხედვით, სოციალურმა მუშაკმა განახორციელა ვიზიტი მოსარჩელე თ-----------ის საცხოვრებელ ადგილას. არასრულწლოვანი ნ-----–---–---ე ცხოვრობს დედასთან, ბებიასთან, ბიცოლასთან, ბიძასთან და მცირეწლოვანი ბიძაშვილთან ერთად. საცხოვრებელ ბინაში დაცულია ჰიგიენა, მოწესრიგებულია კომუნალური პირობები. არასრულწლოვანის თქმით, მას ოჯახის წევრებთან დადებითი, მეგობრული ურთიერთობა აქვს და მათთან თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობს. ნ-----–---–---ე ირიცხება ,-–-------------------–----–------------–-- ასაკის შესაბამის სასწავლო საფეხურზე. ამდენად, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბავშვი იზრდება მისთვის სასურველ, კეთილსაიმედო, უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში.
მოპასუხე ჯ----–---–---ემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის და მოპასუხისათვის შვილთან ურთიერთობის წესის დადგენის შესახებ, საქმის მომზადების სტადიაზე. სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, იცხოვროს მშვიდ, კეთილსაიმედო და მისი განვითარებისათვის უსაფრთხო გარემოში. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა არ გულისხმობს მეორე მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ამდენად, სარჩელი, არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და შვილთან ურთიერთობის წესის დადგენის შესახებ მოთხოვნის ნაწილში, უნდა დაკმაყოფილდეს.
7.2. მოსარჩელე თ-----------მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2----–-–---------------ს დაბადებული ნ-----–---–---ე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი ნ-----–---–---ე ცხოვრობს დედასთან - თ-----------თან და ძირითადად იმყოფება მის რჩენა-კმაყოფაზე. არასრულწლოვანთა აღზრდა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანთათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისთვის აუცილებელ ხარჯს.
დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ნ-----–---–---ე ცხოვრობს დედასთან თ-----------თან და ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს მისი რჩენა-აღზრდისათვის ნორმალური პირობების შექმნას. საქმის მასალებით, ნ-----–---–---ე ირიცხება ,-–-------------------–----–------------–-- ასაკის შესაბამის სასწავლო საფეხურზე. მოსარჩელე მხარე არ არის დასაქმებული. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მონაცემებით, მას 2017 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, ჯ----–---–---ეს 2017 წლის 1 იანვრიდან უფიქსირდება მიღებული შემოსავალი მხოლოდ ხელფასის სახით. კერძოდ, ჯ----–---–---ის შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის თებერვლის თვეში - 200 ლარს, მარტის თვეში - 200 ლარს, აპრილის თვეში - 200 ლარს, მაისის თვეში - 200 ლარს, ივნისის თვეში - 200 ლარს, ივლისის თვეში - 200 ლარს, აგვისტოს თვეში - 200 ლარს, სექტემბრის თვეში - 200 ლარს, ოქტომბრის თვეში - 200 ლარს, ნოემბრის თვეში - 200 ლარს და დეკემბრის თვეში - 295.24 ლარს.
ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული სტაბილური შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. ამასთან, მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა არ ამცირებს არასრულწლოვანის მოთხოვნილებებს. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვთა საუკეთესო ინტერესები. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა ბავშვის რჩენისა და აღზრდისათის უნდა იქნეს დადგენილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 100 (ასი) ლარი.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამავე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან ასევე მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. მოპასუხე მხარემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა ბავშვის საცხოვრებელი ადგილისა და შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნის ნაწილში, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის მიხედვით, იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ვალდებულებისაგან. ხოლო ალიმენტის შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, მოპასუხე ჯ----–---–---ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364, 369-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. არასრულწლოვანი ნ-----–---–---ის (დაბადებული 2----–-–---------------ს, პირადი №-----------) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის, თ-----------ის (პირადი №-----------) საცხოვრებელი ადგილი.
3. ჯ----–---–---ეს (პირადი №-----------) დაეკისროს ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის, ნ-----–---–---ის (დაბადებული 2----–-–---------------ს, პირადი №-----------) სასარგებლოდ, თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 13 აპრილიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
4. ჯ----–---–---ეს (პირადი №-----------) განესაზღვროს არასრულწლოვან შვილთან ნ-----–---–---ესთან (დაბადებული 2----–-–---------------ს, პირადი №-----------) ურთიერთობა ყოველი კვირის სამშაბათი დღე 18:00 საათიდან 21:00 საათამდე და შაბათი დღე 18:00 საათიდან 21:00 საათამდე.
5. მოპასუხე ჯ----–---–---ეს (პირადი №-----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა