გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.11.2018
საქმის ნომერი
200210017001987028
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/448-17

N 200210017001987028

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 ნოემბერი, 2018 წელი თელავი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი

მოსარჩელე – შპს ,,ო--–--- ფ------ი“ წარმომადგენელი – გ--–--ა ს---------ე მოპასუხე – ლ-- დ---–-----–---–ი დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ლ-- დ---–-----–---–ს მოსარჩელე შპს ო--–--- ფ------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2095 ლარი.

1.2. მოპასუხე ლ-- დ---–-----–---–ს მოსარჩელე შპს ო--–--- ფ------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.

1.3. მოსარჩელე შპს ო--–--- ფ------ის“ სასარგებლოდ, მოპასუხე ლ-- დ---–-----–---–ს დაეკისროს შპს ,,ო--–--- ფ------ის“ მიერ გადახდილი იურიდიული მომსახურების საფასური 100 ლარის, სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, ანაზღაურება.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

მოპასუხეს ლ-- დ---–-----–---–ს 10/10/2016 წ. N1380584 ელექტრონული ხელშეკრულების საფუძველზე, სადაც მან ასევე ელექტრონულად დაადასტურა თანხმობა ხელშეკრულების პირობებზე და მიუთითა მისთვის სასურველი ანგარიში, შპს „ო--–--- ფ------ი“ - ს მიერ დამტკიცდა და გაიცა სესხი შემდეგი ძირითადი პირობებით: სესხის ძირი - 1800.00 ლარი; სესხის ვადა - 123 დღე; პროცენტი (დღიური) – 0.73%; ყოველთვიური შესატანი თანხა - 726.75 ლარი. ჯარიმის განაკვეთი: ყოველდღიური (პირგასამტეხლო) – 2% ყოველ გადაცილებულ დღეზე; ერთჯერადი ჯარიმა ორ ვადაგადაცილებულ დღემდე - 50 ლარი, ოცდაათ დღემდე - 100 ლარი. მოპასუხემ არ შეასრულა აღებული სესხის დაფარვის ვალდებულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ლ-- დ---–-----–---–მა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი სცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს ვინაიდან შპს „ო--–--- ფ------“-თან თანამშრომლობდა 2015 წლის 6 ნოემბრიდან 2016 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ კომპანიას სარგებლის სახით მიღებული აქვს 1497 ლარი და 17 თეთრი. (კერძოდ, 2015 წლის 6 ნოემბრიდან 2016 წლის 06 ოქტომბრის ჩათვლით აღნიშნული კომპანიიდან აითვისა სესხის თანხა ჯამურად 10310 ლარი და დაბრუნებული აქვს 11807,17 ლარი). ბოლო აღებული სესხიდან სესხი N1380584 (1800 ლარი) რასაც ედავება მოსარჩელე, გადახდილი აქვს 729 ლარი 08.11.2016 - ში, 450 ლარი - 09.11.2016. მოსარჩელე თანახმაა გადაიხადოს მხოლოდ დარჩენილი ძირი თანხა 1464.44 ლარი ერთი წლის განმავლობაში. მის კმაყოფაზე იმყოფება მისი ორი არასრულწლოვანი შვილი, რომელთა თვიური გადასახადიც ცეკვა და უცხო ენები შეადგენს - 120 ლარს და აქვს ახლო მხედველობის მაღალი ხარისხის მიოპია, რისთვისაც ატარებს რბილ კონტაქტურ ლინზებს (-12 და -13 დპტრ) და მათ შეძენასა და ყოველთვიურ მოვლაზე თვიურად ეხარჯება 60 ლარი; ასევე ყოველთვიურად იხდის ვითიბი ბანკში სესხს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოპასუხის ლ-- დ---–-----–---–ის ელექტრონული განაცხადის საფუძველზე, სადაც მან ასევე ელექტრონულად დაადასტურა ხელშეკრულების პირობებზე და მიუთითა მისთვის სასურველი ანგარიში, შპს ო--–--- ფ------ი-ს მიერ დამტკიცდა და გაიცა სესხი შემდეგი ძირითადი პირობებით: სესხის ძირი - 1800.00 ლარი, სესხის ვადა 123 დღე, სარგებელი - 724.21 ლარი, ყოველთვიური შესატანი თანხა - 726.75 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ხელშეკრულება განთავსებული შპს ,,ო--–--- ფ------ის“ ვებ.გვერდზე http//moneyman.ge/, აპლიკაცია, საგადასახადო დავალება, საგადასახადო ისტორია (ს.ფ. 16-32);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ხელშეკრულების პირობები განთავსებულია შპს ო--–--- ფ-------ის ვებ გვერდზე. ხელშეკრულების თანახმად სარგებელი შეადგენს 724.21 ლარს. ხელშეკრულების 4.8 და 4.9 ნაწილის თანახმად, პირგასამტეხლოს დარიცხვა ხორციელდება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჩამორჩენილი თანხის 2% და ერთჯერადი ჯარიმა ორ ვადაგადაცილებულ დღემდე-50 ლარი, ოცდაათ დღემდე - 100 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება , რომელიც განთავსებულია შპს ო--–--- ფ------ის ვებ გვერდზე http//moneyman.ge/ (ს.ფ. 16-29);

 

3.2.2. ხელშეკრულების 8.6 მუხლის თანახმად, პირველ რიგში იფარება დარიცხული ჯარიმა, შემდეგ საკომისიო და ბოლოს ძირი თანხა. მოპასუხეს დაფარული აქვს:პირგასამტეხლო - 0.00 ლარი; გადავადების საკომისიო - 0.00 ლარი;საკომისიო % - 374.44 ლარი;ძირი - 335.56 ლარი. გამომდინარე აქედან, ელექტრონული პროგრამული გადათვლის შემდეგ, ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, მოპასუხის დავალიანება დღეის მდგომარეობით შეადგენს 6459.26 ლარს, საიდანაც: სესხის ძირია - 1464.44 ლარი, % (საკომისიო) – 330.77 ლარი, პირგასამტეხლო - 4664.04 ლარი.ჯარიმას შეამცირა 4364.26 ლარით, შესაბამისად მოსარჩელე მხარის მოთხოვნა შეადგენს 2095.21 ლარს, საიდანაც სესხის ძირია 1464.44 ლარი, პროცენტი - 330.77 ლარი, ჯარიმა - 300 ლარი. პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა სესხის ვადაგადაცილების დღიდან 11/12/2016 წ-დან. დავალიანების ცნობის გაცემის თარიღამდე 08/05/2017 წ-მდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება განთავსებული შპს ო--–--- ფ------ის ვებ გვერდზე, საგადასახადო ისტორია: დავალიანების ცნობა (ს.ფ. 16-32)

 

3.3.3. შპს ,,ლეგალ კონსულის“ მიერ შპს ,,ო--–--- ფ------ითვის“ გაწეულ იქნა იურიდიული მომსახურება. მომსახურების საფასური შეადგენს 100.00 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ს.ფ. 40);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ შპს ,,ო--–--- ფ------ის’’ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხე მხარემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დაკისრების ნაწილში რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

2016 წლის 14 ივნისის სესხის ხელშეკრულებით მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე შპს ,,ო--–--- ფ------ი’’, ხოლო მეორეს მხრივ, მოპასუხე მხარე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა სესხი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის. აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს დარიცხული სესხის პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მათ მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და წესით, ჯეროვნად.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ო--–--- ფ------ი’’ უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი თანხის - 1464.44 ლარი და საკომისიო 330.77 ლარი.

 

6.4. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი განაკვეთიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს მხარეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100.00 ლარი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმომადგენლის ხარჯებს სასამართლო აკისრებს გონივრულ ფარგლებში მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. ამდენად მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების მიზნით 73.80 ლარის გადახდა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ლ-- დ---–-----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 07 ლარის გადახდა. მოსარჩელე მხარეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან უნდა დაუბრუნდეს 93 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე,365-ე 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,ო--–--- ფ------ის’’ დაზუსტებული სარჩელი მოპასუხე ლ-- დ---–-----–---–ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1.მოპასუხე ლ-- დ---–-----–---–ს მოსარჩელე შპს ,,ო--–--- ფ------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 1845.17 ლარის გადახდა.

1.2.მოპასუხე ლ-- დ---–-----–---–ს მოსარჩელე ,,ო--–--- ფ------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების მიზნით 73.80ლარის გადახდა.

3. მოპასუხე ლ-- დ---–-----–---–ს მოსარჩელე ,,ო--–--- ფ------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 07 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

4. შპს ,,ო--–--- ფ------ის’’ დაუბრუნდეს 93 ლარი მის მიერ სარჩელზე 2017 წლის 25 მაისს სს ,,თიბისი ბანკში’’ (საგადასახადო დავალება #60), გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 100 ლარიდან, (მიმღების ბანკი/ხაზინა: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, სახაზინო კოდი: 300 853150).

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

7. სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე