განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ოქტომბერი, 2018წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ---- ვ--------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - რ----- ბ-------- ძე ბ----- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1-----–--ს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ქ-----------–-- შ-------- კორპუსი #--- ბინა #--
ადვოკატი - ხ----- ხ------–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1.1999 წლიდან ე-–---ა ც-----ა და რ----- ბ----- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2017 წლის ნოემბრიდან - 2018 წლის 12 ივლისის ჩათვლით, რ----- ბ----- ე-–---ა ც-----ას მიმართ სისტემატურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამაც ე-–---ა ც-----ას ტანჯვა გამოიწვია.
1.2.2018 წლის 12 ივლისს, დილის საათებში, თ---–--–-- ქ-----------–-- შ--------, კორპუსი #--- ბინა #---ში რ----- ბ-----მ ე-–---ა ც-----ას დაუწყო ლანძღვა - გინება, ხელებით ცემა. აღნიშნული ძალადობის მოგერიება ე-–---ა ც-----ამ ვეღარ შეძლო, რ----- ბ-----მ მას ჩაარტყა მუშტი თავში. ძალადობის შედეგად ე-–---ა ც-----ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი
2.1.2018 წლის 12 ივლისს, 10:13 საათზე ,,112“- დან პოლიციაში შევიდა შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის შესახებ. შეტყობინება ერთდროულად, მყისიერი რეაგირების მიზნით ხელმისაწვდომი გახდა როგორც საპატრულო პოლიციისთვის, ასევე ი-------------ის პოლიციის სამმართველოსთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გავიდნენ ი-------------ის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები და პატრულ ინსპექტორები.
2.2. შეტყობინების ინიციატორი იყო დაზარალებული ე-–---ა ც-----ა.
2.3. შსს ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მოწმე ე-–----- გ-------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2018 წლის 12 ივლისს, იმყოფებოდა სამსახურში, სამორიგეო ნაწილში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით 3-4 წუთში გ--- ა-–----–---–თან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე ქ-----------–-- შ--------, კორპუსი #--- ბინა #---ში. ე-–----- გ-------–---–ს და გ--- ა-–----–---–ს რ----- ბ-----ს სახლიდან ესმოდათ მამაკაცის გინების ხმა, მათ კარი გაუღო დაზარალებულმა ე-–---ა ც-----ამ, რომელიც იყო აღელვებული. დაზარალებულმა პოლიციელებს განუცხადა, რომ მეუღლე აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მსხვერპლის მითითებით ბინაში დააკავეს ბრალდებული რ----- ბ-----.
2.4. შსს ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის გ--- ა-–----–---–ის ჩვენებით, პოლიციის განყოფილებაში ოჯახური კონფლიქტის თემაზე შესული შეტყობინებიდან დაახლოებით 3-4 წუთში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ე-–----- გ-------–---–თან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე ქ-----------–-- შ--------, კორპუსი #--- ბინა #---ში. სანამ კარზე დააკაკუნებდნენ, სახლიდან ესმოდათ მამაკაცის გინების ხმა. სახლის კარი გაუღოთ დაზარალებულმა ე-–---ა ც-----ამ, რომელიც იყო აღელვებული. დაზარალებულმა განუცხადათ, რომ მეუღლე აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ძალადობდა მასზე. დაზარალებულის მითითებით ბინაში დააკავეს ბრალდებული რ----- ბ-----.
2.5. მოწმეების ე-–----- გ-------–---–ის და გ--- ა-–----–---–ის ჩვენებით, შემთხვევის ადგილზე მათი მისვლიდან მცირე დროში გამოცხადდნენ პატრულ ინსპექტორები.
2.6. პატრულ ინსპექტორის - მოწმე კ--- გ-----–--ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2018 წლის 12 ივლისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მიიღო შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის შესახებ. მეწყვილესთან გ--–- მ-------–---–თან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, ქ-----------–-- შ--------, კორპუსი #--- ბინა #---ში, სადაც დახვნენ პოლიციის თანამშრომლები, ე-–---ა ც-----ა და ბრალდებული რ----- ბ-----. დაზარალებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ მეუღლე რ----- ბ----- ფიზიკურად ძალადობდა მასზე. დაზარალებული იყო აღელვებული. მოწმის ჩვენებით დაზარალებულის აღელვება დაკავშირებული იყო ოჯახურ კონფლიქტთან.
2.7. პატრულ ინსპექტორის - მოწმე გ--–- მ-------–---–ის ჩვენებით დადგინდა, 2018 წლის 12 ივლისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მიიღო შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის შესახებ. მეწყვილესთან კ--- გ-----–--ესთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, ქ-----------–-- შ--------, კორპუსი #--- ბინა #---ში, სადაც დახვნენ პოლიციის თანამშრომლები, ე-–---ა ც-----ა და ბრალდებული რ----- ბ-----. ოჯახში იყო დაძაბული ვითარება, ე-–---ა ც-----ამ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მიუთითა მეუღლეზე რ----- ბ-----ზე, რომელიც მისი გადმოცემით ფიზიკურად ძალადობდა მასზე. დაზარალებული იყო აღელვებული. პატრულ-ინსპექტორებმა შეადგინეს რეაგირების ოქმი და ვინაიდან საგამოძიებო მოქმედებებს უკვე ადგილზე მყოფი პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები ახორციელებდნენ, მათ დატოვეს შემთხვევის ადგილი.
2.8. დაკავების ოქმის მიხედვით, რ----- ბ-----ს დაკავება მოხდა ოჯახური ძალადობის ფაქტზე, დანაშაულის ჩადენისთანავე მსხვერპლის სახლში: ქ-----------–-- შ--------, კორპუსი #--- ბინა #---ში. დაკავების ოქმს ხელი მოაწერა დაკავებულმა პირმა და მას არ გაუპროტესტებია დაკავების ფაქტობრივი საფუძველი - ოჯახში ძალადობა.
2.9. გამოძიების ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - ,,112-დან“ გამოთხოვილი იქნა შეტყობინების აუდიო ჩანაწერი, რომელიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე. აუდიო ჩანაწერის მიხედვით 2018 წლის 12 ივლისს, 10:12 საათზე ,,112-ში“ დარეკა მოქალაქე ე-–---ა ც-----ამ და ოპერატორს განუცხადა, რომ პოლიციის დახმარება სჭირდება ქ-----------–-- შ--------, კორპუსი #--- ბინა #---ში. ოპერატორი შეტყობინების ინიციატორს აზუსტებინებს მისამართს და ეკითხება, კერძოდ თუ რა ხდება, ქალბატონი პასუხობს, რომ მეუღლე იქცევა ძალიან ცუდად, სამსახურში ვერ მიდის, ვერ შედის ვანაში.
2.10. ,,112-დან“ გამოთხოვილი აუდიო ჩანაწერი გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის მონაწილეობით. ე-–---ა ც-----ამ დაადასტურა, რომ ნამდვილად მან დარეკა ,,112-ში“ პოლიციის გამოძახების მიზნით, ასევე დაადასტურა აუდიო ჩანაწერში არსებული სატელეფონო კომუნიკაციის შინაარსის სისწორე მასსა და ,,112-ის“ ოპერატორს შორის.
2.11. გამოკვლეული აუდიო ჩანაწერის და მოწმე პოლიციელების ჩვენებების ანალიზი ცხადყოფს, რომ მსხვერპლი იყო უკიდურეს მდგომარეობაში, ოჯახში მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ აუცილებელი გახდა პოლიციის ჩართვა. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის დანაშაულისათვის დამახასიათებელია ლატენტურობა, ეს დანაშაული ძირითადად დახურულ - ოჯახურ სივრცეში ხდება, სხვა პირების თანდასწრების გარეშე. ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა არ გაუარესდება და სამართალდამცავების ჩართულობა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვის ერთადერთი გზა აღმოჩნდება. სწორედ იდენტურია განსახილველი შემთხვევაც. 2018 წლის 12 ივლისს, ძალადობა განხორციელდა დახურულ სივრცეში - ოჯახში, სადაც მსხვერპლის და მოძალადის გარდა სხვა არავინ იმყოფებოდა, ე-–---ა ც-----ა საკუთარი უმწეობიდან გამომდინარე იძულებული გახდა დახმარება პოლიციისთვის ეთხოვა და აქედან გამომდინარე დარეკა ,,112-ში“.
2.12. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის ზეპირ ჩვენებასთან ერთად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნდა ე-–---ა ც-----ას 12.07.2018 წ. გამოკითხვის ოქმი. გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2018 წლის 11 ივლისს, ე-–---ა ც-----ას და რ----- ბ-----ს არასრულწლოვანი შვილი ნ---- ბ----- სახლში დაბრუნდა გვიან ღამით, რაც გახდა რ----- ბ-----ს გაბრაზების და ოჯახში კონფლიქტის მიზეზი. რ----- ბ-----მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ე-–---ა ც-----ას და შვილს ნ---- ბ-----ს. ოჯახში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე დედა-შვილი იძულებული გახდა ღამე სხვაგან გაეთენებინათ. მეორე დილით, 12 ივლისს, ე-–---ა ც-----ა დაბრუნდა სახლში, რადგან სამსახურში წასასვლელად უნდა მომზადებულიყო, ამ დროს მეუღლემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამონარიდი დაზარალებულის გამოკითხვის ოქმიდან ,,...რ-----ი შემოვარდა სამზარეულოში, არაადეკვატური სახით, აგრესიული და დამიწყო ლანძღვა-გინება, მუშტების რტყმა, რა დროსაც მე ვცდილობდი დარტყმების თავიდან აცილებას. რ-----ის მოქნეული მუშტები მხვდებოდა ხელის გულებზე. შემდეგ მე ვეღარ გავუწიე წინააღმდეგობა და რ-----იმ ჩამარტყა მუშტი ერთხელ თავში, შემდეგ მომკიდა ხელი და გამათრია გარეთ, მემუქრებოდა, რომ თუ არ წახვალ მოგკლავო, ყელს გამოგჭრიო... დავრეკე პოლიციაში... შევედი სახლში და რ-----იმ ისევ დამიწყო ლანძღვა-გინება და ყვირილი, ამ დროს მოვიდა პოლიცია,... ფიზიკური შეურაცხყოფით განვიცადე ტკივილი“.
2.13. დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაცია და რეალური ფაქტების დამახინჯებით შეეცადა სხვა სურათის წარმოჩენას. დაზარალებულის ზეპირი ჩვენების მიხედვით, 2018 წლის 11 ივლისს, არასრულწლოვანი შვილი ნ---- ბ----- გვიან ღამით დაბრუნდა სახლში რაც გახდა მამა-შვილს შორის უთანხმოების მიზეზი, რ----- ბ-----მ უყვირა ბავშვს. ე-–---ა ც-----ა გამოესარჩლა ნ---- ბ-----ს და სიტყვიერად შეეკამათა რ----- ბ-----ს, რასაც მოჰყვა მეუღლეებს შორის კონფლიქტი. კონფლიქტის ნიადაგზე ე-–---ა ც-----ამ მიიღო გადაწყვეტილება შვილთან ერთად ღამე სხვაგან გაეთენებინა. იგი სახლის ფორმაში, ისე რომ პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონიც კი არ აუღია, ღამით დარჩა რ----- ბ-----ს მშობლების სახლში. მეორე დილით, 12 ივლისს, ე-–---ა ბ----- დაბრუნდა სახლში, თუმცა მეუღლემ კარი არ გაუღო, მისი ვარაუდით, რ----- ბ----- სახლში არ იყო, ან ეძინა ან შესაძლოა განზრახ არ უღებდა კარს, ამის გამო დარეკა ,,112-ში“ და ითხოვა პოლიციის დახმარება. დაზარალებულის ზეპირი ჩვენება, ისევე როგორც მისი დაბნეული ქცევა და ხშირ შემთხვევაში პასუხებზე თავის არიდება ობიექტური დამკვირველისთვის ქმნიდა აშკარა და მკაფიო სურათს, რომ მსხვერპლი იყო დათრგუნული, უმწეო და შეშინებული, რაც პირდაპირ უკავშირდება ოჯახურ ძალადობას. არადამაჯერებელია დაზარალებულის არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ მას გამომძიებლისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ე-–---ა ც-----ას გამოკითხვის ოქმის ბოლოს შესრულებულ ტექსტზე ,,ოქმი დაბეჭდილია ჩემი სიტყვიერი კარნახით, წავიკითხე სწორია და ვაწერ ხელს. ე-–---ა ც-----ა 12.07.2018“. დაზარალებული ე-–---ა ც-----ა ზეპირი ჩვენებით შეეცადა გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაციის უარყოფას რ----- ბ-----ს სასარგებლოდ, მისი მოტივაცია შეეცვალა გამოძიებაში მიცემული მამხილებელი ინფორმაცია იყო აშკარა და მკაფიო. მისი არგუმენტები იყო უკიდურესად არადამაჯერებელი, დაზარალებულმა ზეპირ ჩვენებაში განაცხადა, რომ გამოკითხვის დროს იყო აღელვებული, განერვიულებული, რის გამოც გაუაზრებლად მოაწერა ხელი გამოკითხვის ოქმს. იგივე კითხვაზე სხვა კონტექსტში მან ვერ ახსნა, გამოკითხვის ოქმზე, რომლის შინაარსაც არ ეთანხმებოდა ხელმოწერის მიზეზი. აქვე საყურადღებოა, რომ გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაციის სისწორესთან მიმართებაში ე-–---ა ც-----ა ზოგ შემთხვევაში აცხადებდა, რომ მსგავსი შინაარსის ინფორმაცია გამომძიებლისთვის არ მიუწოდებია, ზოგ შემთხვევაში განმარტავდა, რომ არ ახსოვს რა ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებელს, ასევე სასამართლომ დაზარალებულისგან მოისმინა პასუხები, რომლის თანახმად გამოკითხვის ოქმის შინაარსის გარკვეულ ეპიზოდებს ეთანხმებოდა. დაზარალებულის პასუხები ერთი და იგივე გარემოებასთან მიმართებაში იყო იმდენად განსხვავებული და არათანმიმდევრული, რომ შეიქმნა საფუძველი ზეპირი ჩვენების არასარწმუნოობაზე. ე-–---ა ც-----ას ზეპირი ჩვენების არაგულწრფელობას მოწმობს ორი გარემოება: 1. ე-–---ა ც-----ას განმარტებით, იგი გამოკითხვის დროს იყო ძლიერ აღელვებული, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას ჰქონდა აღელვების საფუძველი და ეს იყო მისი როგორც მსხვერპლის განცდა, რაც გამომდინარეობდა ოჯახში ძალადობიდან. 2. დაზარალებული ე-–---ა ც-----ა არის პროფესიით იურისტი, მისი კვალიფიკაციის პირობებში სასამართლო ობიექტურად გამორიცხავს იმის დაშვებას, რომ იურისტმა პირმა გამოკითხვის ოქმს ხელი ისე მოაწერა, რომ არ წაიკითხა მასში ასახული ინფორმაცია, უფრო მეტიც, სასამართლოს შეფასებით როგორც იურისტს გააზრებული და გათვითცნობიერებული ჰქონდა, რომ დოკუმენტის შინაარსის დამოწმება გულისხმობდა მასში არსებული ჩანაწერის ნამდვილობას და სიზუსტეს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ზეპირობის პრინციპზე, რაც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, ამ ვითარებაშია შესაძლებელი მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო, როგორც ობიექტური დამკვირვებელი დარწმუნდა, რომ დაზარალებულის სასამართლოზე მიცემული ჩვენება არ იყო სარწმუნო და დამაჯერებელი. მისი მხრიდან ჩვენების შეცვლა სწორედ დანაშაულის ლატენტურობით შეიძლება აიხსნას.
2.14. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი თ----- გ------–--ე, რომელმაც გამოძიებაში უშუალოდ გამოკითხა დაზარალებული ე-–---ა ც-----ა. მოწმის ჩვენებით, გამოკითხვა წარიმართა საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, ე-–---ა ც-----ას განემარტა, რომ მას ჰქონდა უფლება არ მიეცა ინფორმაცია ახლო ნათესავის წინააღმდეგ, თუმცა მან განაცხადა თანხმობა გამოკითხვაზე. ე-–---ა ც-----ამ გამომძიებელს დაუდასტურა, რომ 2018 წლის 12 ივლისს, მეუღლემ რ----- ბ-----მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ე-–---ა ც-----ა ინფორმაციას გასცემდა თავისუფალი თხრობის ფორმით, გამოკითხვის დასრულების შემდეგ წაიკითხა გამოკითხვის ოქმი და ხელმოწერით დაადასტურა ოქმში ასახული ინფორმაციის სისწორე. ამ ნაწილში ნიშანდობლივია დაზარალებულის დადასტურება, - გამომძიებელმა ის გააფრთხილა წაეკითხა გამოკითხვის ოქმი და ამის შემდეგ მოეწერა ხელი.
2.15. სასამართლომ პოლიციელების და გამომძიებლის თ----- გ------–--ის ზეპირი ჩვენებებით, ასევე ,,112-ის“ ჩანაწერით და დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დადასტურებულად მიიჩნია 2018 წლის 12 ივლისს, რ----- ბ-----ს მიერ ოჯახში ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა
2.16. მოწმე კ--- გ-----–--ის ჩვენებით, მსხვერპლმა ე-–---ა ც-----ამ შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციას განუმარტა, რომ მეუღლე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.
2.17. სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მსხვერპლის მხრიდან ინფორმაცია შემთხვევის ადგილზე ასევე მიიღო პატრულ ინსპექტორმა გ--–- მ-------–---–მა.
2.18. დეტექტივის გ--- ა-–----–---–ის ჩვენებით, ე-–---ა ც-----ამ ბრალდებულის დაკავებამდე, პოლიციელებს განუცხადა, რომ ფიზიკურ შეურაცხყოფასთან ერთად, მეუღლის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. სიტყვიერი შეურაცხყოფა და გინება გ--- ა-–----–---–მა სახლში შესვლამდეც გაიგონა. კართან მას ესმოდა გინების ხმა, სახლში შესვლის დროს დაინახა და მოისმინა, თუ როგორ აგინებდა რ----- ბ----- მეუღლეს. გინება შეწყვიტა მას შემდეგ, რაც სახლში პოლიციელები დაინახა.
2.19. უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მოწმე ე-–----- გ-------–---–ის ჩვენებით, დაზარალებულმა ე-–---ა ც-----ამ შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიცელებს განუცხადა, რომ მეუღლე გარდა ფიზიკური ძალადობისა, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.
2.20. დაზარალებულ ე-–---ა ც-----ას გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ მეუღლე რ----- ბ----- 2017 წლის ნოემბრიდან - 2018 წლის 12 ივლისის ჩათვლით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც იგი იტანჯებოდა. სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი ჰქონდა 2017 წლის 20 ნოემბერს, 2017 წლის 1 დეკემბერს, 2018 წლის 4 ივლისს, 2018 წლის 11 და 12 ივლისს, ეს თარიღები დაზარალებულს გამორჩეულად ახსოვს ძალადობის სისტემატურობიდან გამომდინარე. ამონარიდი დაზარალებულის გამოკითხვის ოქმიდან - 2017 წლის 20 ნოემბერი, ოჯახური კონფლიქტის დროს ,,...რ-----ი გახდა აგრესიული, დამიწყო ლანძღვა-გინება. სიტყვიერი შეურაცხყოფით განვიცადე ტანჯვა“. 2017 წლის 1 დეკემბერი, ოჯახური კონფლიქტის დროს ,,... რ-----იმ ისევ დაგვიწყო საჭმლის დაყვედრება. შემდეგ გახდა აგრესიული, მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. სიტყვიერი შეურაცხყოფით მე განვიცადე ტანჯვა“. 2018 წლის 4 ივლისი, ოჯახური კონფლიქტის დროს ,,... რ-----იმ დაიწყო ჩხუბი. გახდა აგრესიული, დაიწყო ლანძღვა-გინება. რ-----იმ დამიწყო ისევ ჩხუბი, ლანძღვა-გინება..., ...სიტყვიერი შეურაცხყოფით მე განვიცადე ტანჯვა“. 2018 წლის 11 ივლისი, ოჯახური კონფლიქტის დროს ,,...რ-----იმ მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამიწყო მიზეზების ძებნა, გამოვარდა ოთახიდან, მლანძავდა-მაგინებდა..., ...რ-----ი ღრიალებდა და მლანძღავდა უკანასკნელი სიტყვებით, რაც კი შეიძლება კაცმა ქალს უთხრას“. 2018 წლის 12 ივლისი, ოჯახური კონფლიქტის დროს ,,...რ-----ი შემოვარდა სამზარეულოში, არაადეკვატური სახით, აგრესიული და დამიწყო ლანძღვა-გინება. სიტყვიერი შეურაცხყოფით მე განვიცაჰდე ტანჯვა“.
2.21. დაზარალებული ე-–---ა ც-----ა ზეპირ ჩვენებაში ხშირად იყენებდა სიტყვა კონფლიქტს, თუმცა ამავე დროს განმარტავდა, რომ კოფლიქტში კამათს და ყვირილს გულისხმობდა და არა სიტყვიერ შეურაცხყოფას, გარდა ამისა, ეპიზოდურად ეთანხმებოდა გამოკითხვის ოქმში მითითებულ იმ ინფორმაციას რომელიც შეეხებოდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამ შემთხვევაშიც, მსგავსად ფიზიკური ძალადობის ეპიზოდისა, დაზარალებული იყო არათანმიმდევრული და არადამაჯერებელი, რაც ხაზს უსვამდა მის მოტივაციას შიშის ან შეცოდების გამო, არ ემხილა რ----- ბ----- ოჯახურ ძალადობაში.
2.22. რ----- ბ-----ს მამამ - მოწმემ ბ------ ბ-----მ ჩვენებაში დაადასტურა, რომ 2018 წლის 11 ივლისს რ----- ბ-----ს ოჯახში ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს, რის გამოც ბრალდებულის ცოლ-შვილმა ღამე მასთან გაათენა.
2.23. მტკიცებულებების და მოვლენების ერთიანი ანალიზი ცხადყოფს, რომ ოჯახში ადგილი ჰქონდა სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამაც მსხვერპლის ტანჯვა გამოიწვია.
2.24. ბრალდებულმა რ----- ბ-----მ ჩვენებაში უარყო ფიზიკური და სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ჩადენის ფაქტები და განმარტა, 2018 წლის 11 ივლისს, არასრულწლოვანი შვილი ნ---- ბ----- სახლში გვიან ღამით დაბრუნდა, რამაც გამოიწვია მისი გაღიაზიანება. დაგვიანების გამო შენიშვნა მისცა შვილს, რასაც მოჰყვა სიტყვიერი შელაპარაკება შვილთან და მეუღლესთან ე-–---ა ც-----ასთან, ამის შემდეგ ცოლ-შვილი ღამის გასათენებლად წავიდნენ რ----- ბ-----ს მშობლების სახლში. მეორე დილით, რ----- ბ-----ს ეძინა, რის გამოც ვერ გაიგონა ე-–---ა ბ-----ს მიერ კარზე კაკუნის ხმა. ე-–---ა ც-----ა იძულებული გახდა დაერეკა პოლიციაში კარის გაღების მიზნით.
2.25. ბრალდებულის ჩვენება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, რის გამოც გაზიარებული არ იქნა. სისტემატური შეურაცხყოფის და ფიზიკური ძალადობის მატერიალური ფაქტი დადასტურდა მსხვერპლის ე-–---ა ც-----ას გამოკითხვის ოქმით, რომე ლიც სასამართლომ სრულად გაიზიარა, ასევე დადასტურდა ,,112-ის“ აუდიო ჩანაწერით, რომლის მიხედვით მეუღლის ცუდი საქციელის გამო, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე სასამართლოს შეფასებით ოჯახურ ძალადობას გულისხმობდა, მსხვერპლმა პოლიციის დახმარება ითხოვა. ცხადია, ,,112-ში“ დარეკვის მიზანი კარის გაღება არ იყო და ცუდ საქციელში არ მოიაზრებოდა ის გარემოება, რომ რ----- ბ-----ს ეძინა და არ ესმოდა კარზე კაკუნის ხმა, ან საერთოდ სახლში არ იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში შეტყობინების ინიციატორი მოითხოვდა არა პოლიციის, არამედ სამაშველო სამსახურის დახმარებას. ოჯახურ ძალადობას ადასტურებს პოლიციელების ზეპირი ჩვენებები, რომლებსაც დანაშაულებრივ ფაქტთან ჰქონდათ მყისიერი შემხებლობა (შეტყობინებიდან 3-4 წუთი გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე), პოლიციელებმა დეტალურად გადმოსცეს დაზარალებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობა, ე-–----- გ-------–---–ი და გ--- ა-–----–---–ი უთითებენ, რომ ოჯახში კონფლიქტი მათი მისვლის დროს ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, შემთხვევის ადგილიდან გამოდიოდა რ----- ბ-----ს გინების და ჩხუბის ხმა. მათ უშუალოდ ნახეს აღელვებული და განერვიულებული ე-–---ა ც-----ა, რომელმაც დარეკა 112-ში და ითხოვა პოლიციის დახმარება. პატრულ ინსპექტორებმა კ--- გ-----–--ემ და გ--–- მ-------–---–მა დაადასტურეს, რომ მსხვერპლი ოჯახში მომხდარი ძალადობის გამო იყო აღელვებული, გარდა ამისა, ოჯახში იყო დაძაბული ვითარება. თავად ე-–---ა ც-----აც არ უარყოფს რომ ოჯახური კონფლიქტის გამო იყო აღელვებული და განერვიულებული.
2.26. სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარი არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ არ უნდა მოხდეს დაზარალებულ ე-–---ა ც-----ას მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაცის - გამოკითხვის ოქმის გამოყენება ბრალდებულის საწინააღმდეგოდ. ფაქტია, რომ მსხვერპლმა მართლმსაჯულებას ორი განსხვავებული ვერსია მიაწოდა, გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით ის კატეგორიულად და თანმიმდევრულად აცხადებდა, რომ რ----- ბ----- სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც განიცდიდა ტანჯვას, 2018 წლის 12 ივლისს კი ფიზიკურად იძალადა, შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო სასამართლოში ამ ფაქტების უარყოფით და ჩვენების შეცვლით შეეცადა მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანას. დაზარალებულმა, მოძალადის გამართლების სურვილით, გამოძიებაში მიცემულ ჩვენებასთან მიმართებაში რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი ვერსია განავითარა, ერთი მხრივ განაცხადა, რომ ოჯახში ადგილი ჰქონდა კონფლიქტს, რის გამოც იყო აღელვებული და განერვიულებული, მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებელმა უთხრა, რომ უნდა წაეკითხა გამოკითხვის ოქმი და მხოლოდ ამის შემდეგ მოეწერა ხელი, არ წაიკითხა და ისე მოაწერა ხელი, მეორე მხრივ განაცხადა, რომ არ ახსოვს რა ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებელს გამოკითხვის დროს, ხოლო ბოლო ვერსიით იგი ეპიზოდურად ეთანხმება გამოკითხვის ოქმის შინაარს. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ოჯახში ძალადობა ლატენტურ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება, ამ დანაშაულისათვის მოძალადის შიშის ან შეცოდების გამო დამახასიათებელია სასამართლოში ფაქტების დამახინჯება და ჩვენების შეცვლა მოძალადის სასარგებლოდ. ასევე, სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დაზარალებულები, რომლებიც გამოძიებაში ცხელ კვალზე გაცილებით მეტ ინფორმაციას გასცემენ ძალადობასთან დაკავშირებით, დროთა განმავლობაში ეგუებიან მომხდარ ძალადობას და სხვადასხვა ხერხით (საკუთარი ნებით, თუ ბრალდებულის ან ოჯახის ჩარევით) ცდილობენ ბრალდებულებს აარიდონ ან შეუმსუბუქონ პასუხისმგებლობა, მსგავსია განსახილველი შემთხვევაც. სასამართლომ შეაფასა დაზარალებულის მიერ გამოძიებაში და სასამართლოში მიცემული ჩვენებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სასამართლოში მიცემული ჩვენება არ შეესაბამება სინამდვილეს და მსხვერპლი მოტივირებულია ფაქტების დამალვით. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე, წარმოადგენს დაშვებულ მტკიცებულებას, შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია იგი შეაფასოს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პოლიციაში შეტყობინების ავტორი იყო თავად მსხვერპლი ( ,,112“ აუდიო ჩანაწერი), ასევე სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ,,112-ში“ შეტყობინება შევიდა 10:12 საათზე, ხოლო მსხვერპლი გამოიკითხა 11:20 საათიდან 12:55 საათამდე დროის ინტერვალში. ბრალდებულიც ადასტურებს, რომ პოლიციის განყოფილებაში მიყვანის დროს, მან შენიშნა მისი მეუღლე, რომელსაც გამომძიებელი კითხავდა. დაკავების ოქმის მიხედვით რ----- ბ----- პოლიციის განყოფილებაში მიყვანილი იქნა 11:30 საათზე, აქედან შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ დაზარალებული გამოიკითხა ცხელ კვალზე, დროის ეს მცირე მონაკვეთი, სასამართლოს გონივრულად აფიქრებინებს, რომ მსხვერპლს ობიექტურად არ ჰქონდა შესაძლებლობა ფაქტების დამახინჯების ან გაზვიადების.
2.27. დაცვის მხარის არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ მოწმე პოლიციელები არიან ირიბი მოწმეები და მათი ჩვენებები მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული,- სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #№1------ გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამორიცხა, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. ასეთი გამონაკლისის დაშვება, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს. მოცემულ საქმეში სახეზეა ის საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც მსხვერპლმა შეცვალა ჩვენება მოძალადის ,,გადარჩენის“ მიზნით და განსახილველი საქმე ლატენტური კატეგორიისაა. სასამართლო ირიბი ჩვენების გამოყენების დროს აფასებს, თუ რა ვითარებაში და გარემოებაში იქნა მიღებული ინფორმაცია, ვინ არის ინფორმაციის მიწოდების წყარო და ეს წყარო რამდენად იყო დაინტერესებული სწორი ინფორმაცია გაეცა, ასევე ირიბი ჩვენების ავტორი, რამდენად არის გულწრფელი და დამაჯერებელი. განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ მოწმე პოლიციელებმა დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მიიღეს ძალადობის ჩადენიდან დროის უმოკლეს პერიოდში, შემთხვევის ადგილზე, უშუალოდ მსხვერპლისგან, რომელსაც დროის სიმცირიდან გამომდინარე ინტელექტუალური თვალსაზრისით არ ჰქონდა ფაქტების დამახინჯების შესაძლებლობა, ამავე დროს ინფორმაციის მიმწოდებელი პირი ე-–---ა ც-----ა არ იყო დაინტერესებული ცრუდ ემხილა ოჯახის წევრი - მეუღლე რ----- ბ-----, ხოლო რაც შეეხება თავად მოწმეთა სანდოობას, საქმის მასალებით არაფერი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმე პოლიციელები იყვნენ დაინტერსებული ცრუდ ემხილათ ბრალდებული რ----- ბ-----.
ბ)მოწმე პოლიციელების ჩვენებები საქმის გარკვეულ, რელევანტურ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას. მართალია, ისინი უშუალოდ არ არიან ძალადობის თვითმხილველი მოწმეები, თუმცა ხსენებულმა პირებმა შემთხვევიდან დროის მცირე მონაკვეთში ნახეს დაზარალებული, რომელიც იყო აღელვებული, ტიროდა და აცხადებდა, რომ რ----- ბ----- ფიზიკურად ძალადობდა მასზე და სისტემაურად აყენებდა შეურაცხყოფას. დასახელებული მოწმეების ჩვენებებით, დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა გამოწვეული იყო ძალადობრივი ფაქტით, ე-–---ა ც-----ას ფსიქოლოგიურად ეტყობოდა, რომ იყო ძალადობის მსხვერპლი, ამდენად, მათი ჩვენებები მსხვერპლის ემოციურ მდგომარეობასთან მიმართებაში, რაც ახასიათებს ძალადობას, არის პირდაპირი ინფორმაცია, აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად ირიბ ჩვენებებად მათი განხილვა არ არის მართებული.
2.28.სასამართლომ შეაფასა ზემოთგანხილული მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ ბრალდებული - რ----- ბ----- სისტემატურად აყენებდა შეურაცხუოფას მეუღლეს ე-–---ა ც-----ას და 2018 წლის 12 ივლისს მასზე ფიზიკურად იძალადა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მ--- მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა, რ----- ბ-----ს მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენა.
3.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს ან/და ტანჯვას. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა ძალადობის მატერიალური ფაქტი, 2018 წლის 12 ივლისს რ----- ბ-----მ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ე-–---ა ც-----ას. ოჯახში ძალადობა გამოიხატებოდა არა მხოლოდ ფიზიკურ შეურაცხყოფაში, არამედ სიტყვიერ შეურაცხყოფაშიც, რასაც ჰქონდა არაერთჯერადი - სისტემატური ხასიათი. სისხლის სამართლის თეორიაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად სისტემატურობის შესაფასებლად საჭიროა სახეზე იყოს შეურაცხყოფის მინიმუმ სამი ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია შეურაცხყოფის 5 ეპიზოდი, 2017 წლის 20 ნოემბერი, 2017 წლის 1 დეკემბერი, 2018 წლის 4 ივლისი, 2018 წლის 11 და 12 ივლისი, აქედან ბოლო სამი განხორციელებულია დროის მცირე ინტერვალში. საყურადღებოა, რომ მსხვერპლში არ იყო განელებული სისტემატური შეურაცხყოფის შედეგად გამოწვეული ემოციური ფონი, რის გამოც 2018 წლის 11 ივლისს, იგი იძულებული გახდა არასრულწლოვან შვილთან ერთად სხვაგან გაეთენებინა ღამე. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სისტემატური შეურაცხყოფა წარმოადგენს ერთიანი განზრახვით ჩადენილ რამდენიმე ქმედებას, შესაბამისად, არ არის სავალდებულო ცალკეულ ქმედებასთან მიმართებაში მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა, მთავარი და არსებითია მტკიცებულებების ერთობლიობით სისტემატურობის ჯაჭვის დადგენა. ე-–---ა ც-----ა, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის აშკარა მსხვერპლია, გარდა გამოკითხვის ოქმისა და მოწმე პოლიციელების ზეპირი ჩვენებებისა, დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ ,,112-ში“ შეტყობინების ავტორი იყო თავად მსხვერპლი, რომელმაც გამოსავალი პოლიციის დახმარებაში იპოვა, ფსიქოლოგიური ძალადობის კვალი ნათლად გამოჩნდა დაზარალებულის ვერბალურ და არავერბალურ ქცევებში, დაკითხვის დროს იგი იყო უკიდურესად აფორიაქებული და დაბნეული. სწორედ ფსიქოლოგიური ძალადობის კვალზე მიუთითებს მსხვერპლის ინტელექტუალური განწყობა ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზე, მან უარი განაცხადა როგორც ექსპერტიზის ჩატარებაზე ასევე დაზარალებულად ცნობის დადგენილებაზე ხელის მოწერაზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით - მსხვერპლის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ფიზიკური ძალადობის ეპიზოდში დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო სისტემატური შეურაცხყოფის დროს ტანჯვა. ამასთან, დადგენილია, რომ ბრალდებულმა ძალადობა განახორციელა პირის მიმართ (მეუღლე), რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება ბრალდებულის ოჯახის წევრებად.
3.4. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია’’ აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3.5. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა რ----- ბ-----მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მანვე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. რ----- ბ-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. იმის მხედველობაში მიღებით, რომ რ----- ბ-----მ ჩაიდინა როგორც ფიზიკური ძალადობა ასევე სისტემატური შეურაცხყოფა, სასჯელის საკმარისობის, პროპორციულობის და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა. სასამართლოს შეფასებით კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა მსჯავრდებულმა მომავალში აღარ ჩაიდინოს იდენტური დანაშაული, მოახდინოს მისი ქმედებების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება. სასამართლოს შეფასებით, დანიშნულმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში რ----- ბ-----ს სათანადო ქცევას, რათა მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობიდან გამომდინარე (მეუღლეები) მომავალშიც არ გაგრძელდეს ე-–---ა ც-----ას მიმართ ძალადობა და მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, 2 ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ----- ბ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
2. რ----- ბ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთამ (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) შთანთქოს თანაბარი სასჯელი და რ----- ბ-----ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით რ----- ბ-----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 12 ივლისიდან.
5.ნივთიერი მტკიცებულება:
2 ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
7. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა