გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/7492-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი: ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე - შპს „ჯ-----------ი“
წარმომადგენელი - ომარ ჩანტლაძე
მოპასუხე - შპს „ს--------ა“
წარმომადგენელი - დავით ჩახტაური
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 შპს „ს--------ა“-ს შპს „ჯ-----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღა-ურება 9 365 ლარის ოდენობით;
1.2 შპს „ს--------ა“-ს შპს „ჯ-----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 285 ლარის ოდენობით და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 1 000 ლარის ოდენობით.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2015 წლის 16 სექტემბერს შპს „ს--------ამ“ სარჩელითა და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს „ჯ-----------ი“-ს მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე. სარჩელის უზრუნველ-ყოფის განცხადებით შპს „ს--------ამ“ მოითხოვა ყადაღის დადება შპს „ჯ-----------ი“-ს კუთვნილ უძრავ ქონებაზე მდებარე: თბილისი, ბ--–--–---–ის ქუჩა N128, საკადასტრო კოდით N01.13.01.004.117.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 სექტემბრის 2/18573-15 განჩინებით შპს „ს--------ა“-ს განცხადება სარჩელის უზრუნ-ველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, შპს „ჯ-----------ს“ აეკრძალა კუთვნილი უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ბ--–--–---–ის ქუჩა N128 გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
აღნიშნული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით შპს „ჯ-----------ს“ მიადგა მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობის ზარალი. კერძოდ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ პლასტმასის სადნობი მოწყობი-ლობების შესყიდვის მიზნით 2015 წლის 25 სექტემბერს გამოცხადებულ SPA 150026084 ელექტრონულ ტენდერში, რომლითაც შესყიდულ უნდა ყოფილიყო 71 186 ლარის ღირებულების საქონელი გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ჯ-----------ი“.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 2015 წლის 16 ნოემბრის 8435/1 წერილით ტენდერში გამარჯვებულ შპს „ჯ-----------ს“ ეცნობა, რომ სატენდერო კომისიამ მოახდინა მისი დისკვალიფიკაცია მხოლოდ იმის გამო, რომ თბილისში, ა. ბ--–--–---–ის ქუჩა N132 მდებარე შპს „ჯ-----------ი“-ს უძრავ ქონებაზე დაფიქსირებული იყო აკრძალვა.
მოსარჩელის განმარტებით, შპს „ჯ-----------მა“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ პლასტმასის სადნობი მოწყობილობების შესყიდვის მიზნით 2015 წლის 25 სექტემბერს გამოცხადებულ SPA 150026084 ელექტრონული ტენდერიდან დისკვალიფიკაციის შედეგად განიცადა სულ ცოტა 9 365 ლარის ოდენობის ზარალი. შპს „ჯ-----------ი“-ს დირექტორის და მთავარი ბუღალტერის მიერ გაანგარიშებული 2018 წლის 02 თებერვლის ცნობის თანახმად.
ამდენად, ხელოვნურად და უსაფუძვლოდ შექმნილი პრობლემების გამო შპს „ჯ-----------მა“ ვერ მიიღო მონაწილეობა ვერც შემდგომ გამოცხადებულ ტენდერებში 2015 წლის 16 ნოემბრიდან 2017 წლის 04 დეკემბრამდე პერიოდში, რის გამოც მან განიცადა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზარალი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს--------ა“-ს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ როგორც წარმოდგენილი შესაგებელით ისე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ პლასტმასის სადნობი მოწყობილობების შესყიდვის მიზნით 2015 წლის 25 სექტემბერს გამოცხადებულ SPA150026084 ელექტრონულ ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 1.1.1 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტით მოთხოვნილი იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ცნობა იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ ყველა ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ. მას შემდეგ რაც 2015 წლის 17 სექტემბერს N2/18573-15 განჩინებით შპს „ს--------ა“-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა, 2015 წლის 25 სექტემბრიდან 2015 წლის 6 ნოემბრამდე შპს „ჯ-----------ს“ შეეძლო მიემართა სასამართლოსათვის განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლისათვის, კერძოდ, მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე არსებული ყადაღის შეცვლა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანით რისი წინააღმდეგიც შპს „ს--------ა“ არ იქნებოდა და რაც მათ მიერ არ განხორციელებულა. ამის ნაცვლად, შპს „ჯ-----------მა“ შეგნებულად დამალა ინფორმაცია მის კუთვნილ ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე ყადაღის არსებობის შესახებ და სატენდერო კომისიაში წარადგინა არასრული ინფორმაცია, კერძოდ, ცნობა ერთ კონკრეტულ ქონებაზე, რომელზეც არ ფიქსირდებოდა სამართლებრივი შეზღუდვა, რადგან მათთვის წინასწარ ცნობილი იყო, რომ სრული ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში მოხდებოდა დისკვალიფიკაცია. ასეც მოხდა შპს „ჯ-----------ი“-ს მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის გადამოწმებისას აღმოჩენილ იქნა დარღვევა და მოხდა მისი დისკვალიფიკაცია.
ამდენად, მოპასუხის განმარტებით, ტენდერის გამოცხადების დღიდან შპს „ჯ-----------მა“ უმოქმედობით და შემდგომში განხორციელებული არამართებული ქმედებებით ხელი შეუწყო ზემოაღნიშნული გარემოებების დადგომას რითაც მოხდა მისი ტენდერიდან დისკვალიფიკაცია. ამასთან გაურკვეველია, თუ საიდან გამოთვალა მოსარჩელე მხარემ ზიანის ოდენობა, მხოლოდ დირექტორისა და ბუღალტერის მიერ გაცემული ცნობით ამის გაანგარიშება და მისი დაკავშირება ტენდერის პირობებთან შეუძლებელია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ს--------ა“-ს განცხა-დება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მოპასუხე შპს „ჯ-----------ს“ აეკრძალა კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, ბ--–--–---–ის ქუჩა N128, დაზუსტებული ფართობი: 2 000 კვ.მ, საკადასტრო კოდი:01.13.01.004.117 გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება (ს.ფ. 36-39);
3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „ს--------ა“-ს სარჩელი შპს „ჯ-----------ი“-ს მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა 2015 წლის 17 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება (ს.ფ. 40-49)
3.1.3. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის 2015 წლის 20 იანვრის N02 ბრძანებით შექმნილი სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N5-ის თანახმად სატენდერო ტოკუმენტაციის 1.1.1 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტით მოთხოვნილი იყო ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ, ხოლო პრეტენდენტმა სისტემაში ატვირთა ცნობა საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ქონებაზე, როდესაც მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ შპს „ჯ-----------ი“-ს უძრავ ქონებებზე ფიქსირდება ყადაღა/აკრძალვა, აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ქვეპუნქტის საფუძველზე, სატენდერო კომისიამ მოახდინა შპს „ჯ-----------ი“-ს დისკვალიფიკაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის 2015 წლის 20 იანვრის N02 ბრძანებით შექმნილი სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N5 (ს.ფ. 50 - 51)
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „ჯ-----------ი“-ს მიერ ვერ იქნა დადასტურებული სარჩელის უზრუნ-ველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად ზიანის არსებობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული თუ რა თანხაზე იქნა გამოცხადებული ტენდერი; კონკრეტულად რისი და რა ოდენობით და რა ფასად შესყიდვა სურდა ტენდერის გამომცხადებელს.
სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელში დასახელებული გარემოებების მტკიცების ტვირთი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად ეკისრება მოსარჩელეს. შპს „ჯ-----------მა“ ვერ დაადასტურა მიყენებული ზიანის არსებობა, ოდენობა და მისი საფუძვლიანობა, მით უფრო იმ პირობებში როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მცდელობის არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლომ განიხილა შპს „ჯ-----------ი“-ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლი;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის დანაწესით, თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.
აღნიშნული მუხლის მიზნებისათვის მნიშნელოვანია განიმარტოს, რომ თუ მოსარჩელეს უარი ეთქვა უზრუნველყოფილ სარჩელზე, ან გაუქმდა ჯერ არაღძრული სარჩელის უზრუნველყოფა იმის გამო, რომ პირმა არ აღძრა სარჩელი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში, ან მას უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მაშინ მოსარჩელემ უნდა აუნაზღაუროს ზიანი მოპასუხეს, თუ იგი ამას მოითხოვს. სარჩელის უზრუნველყოფით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოპასუხემ უნდა მიმართოს სასამართლოს სარჩელით. მასვე ეკისრება დამდგარი ზიანის და მისი ოდენობის დამტკიცების ტვირთი. ფაქტიურად, მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა - ესაა იმ სარჩელის უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება აღძრას მოპასუხემ მოსარჩელის წინააღმდეგ, რომლის სარჩელის უზრუნველყოფის გამო მას მიადგა ზიანი. თუ მოპასუხე არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას, ან მოითხოვს, მაგრამ ვერ დაამტკიცებს ზიანის ფაქტს და მის ოდენობას, რის გამოც სასამართლო უარს ეტყვის მას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მაშინ თავდაპირველ მოსარჩელეს დაუბრუნდება ის თანხა (ფასიანი ქაღალდები), რაც მან შეიტანა უზრუნველყოფის გარანტიის სახით, ან გაუქმდება საკრედიტო დაწესებულების თავდებობა, თუ ასეთი იყო დაშვებული.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილ იქნა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (საქმე N2/18573-15), რომელზეც გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და კომპანიას აეკრძალა კუთვნილი უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ბ--–--–---–ის ქუჩა N128 გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობამ ხელი შეუშალა კომპანიის საქმიანობას, კერძოდ, დაბრკოლდა ტენდერში გამარჯვება. თუმცა დადგენილია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დაედასტურებინა როგორც ზიანის არსებობა, ასევე მისი ოდენობა.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას სარჩელზე გადახდილი სახელწიფო ბაჟი არ ექვემდებარება მოპასუხის მიერ ანაზღაურებას.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებუ-ლებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ არსებობს იურიდიული მომსახურების სახით გაწეული ხარჯის დაკისრების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ჯ-----------ი“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დააბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე